მოქცევის ციხე (სლესის ციხე)

მოქცევის ციხე (სლესის ციხე) სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ქვაბისხევსა და აწყურს შორის, გზის პირას, მტკვის მარჯვენა ნაპირზე, ველიდან ამოზრდილ ცალკე მდგომ გორაკზე. იგი ადრეული შუა საუკუნეებით (IV-IX სს) თარიღდება. ციხე-სიმაგრე ბუნებრივად საკმაოდ დაცულ ადგილასაა აგებული და ასევე აქედან კარგად კონტროლდება მტკვრის დინება ორთავე მიმართულებით, რაც მის სტრატეგიულობას განაპირობებს. შესაძლოა სლესის ციხე და ნასოფლარი სლესა „სლესართა“ გვარის მფლობელობაში ყოფილიყო, ეს გვარი მოხსენიებულია სამცხე-საათაბაგოს კათალიკოსის სამწყსოს თავადებში: “ბუმბულისძენი მათითა სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა ავალიშვილთა და სლესართა აქვს”. სიმაგრე კლდესთან არის შეზრდილი და შორიდან ერთ მთლიან მასივად აღიქმება. ციხე თითქმის ყველა მხრიდან მიუვალია. იგი გეგმაში სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ წაგრძელებულ თავისუფალი ფორმის მართკუთხედს წარმოადგენს, რომლის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი ოვალურადაა მომრგვალებული. ციხის გალავნის კედლები, რელიეფის მიხედვით, სხვადასხვა სიმაღლისაა. გალავნის კედლები კედლიდან მცირედით გარეთ გამოწეული ნახევარწრიული კონტრფორსებითაა გამაგრებული. კომპლექსის შიდა ეზო 3 ბაქნისგან შედგება. ყველაზე დაბალ სამხრეთის ბაქანზე სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთებია, მეორე ბაქანზე, პატარა დარბაზული ეკლესიის ნანგრევებია. ზედა ბაქანზე კი კუთხეებმომრგვალებული მაღალი კოშკია აღმართული. კოშკი ოთხი სართულის დონეზეა შემორჩენილი. ციხის ქვედა ბაქნიდან სამხრეთით ცალკე მდგომი ოთხსართულიანი ზურგიანი კოშკია აღმართული. ციხესა და კოშკს შორის არსებულ ჩახრამულ ფერდობს აღმოსავლეთის მხრიდან კედელი აქვს შემოვლებული. ციხეს ადრეფეოდალური ხანის სიმაგრეებისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს, მას ჯერ არ აქვს სათოფურები. ციხის გალავანში შესასვლელი სამხრეთის მხრიდანაა, შესასვლელთან შემორჩენილია ქვის საფეხურებიანი კიბის ნაშთი. მოქცევის ციხე (სლესის ციხე) ნაგებია ნატეხი, თითქმის თანაბარი ზომის, კარგად ჩაწყობილი ქვებით. ნაგებობა საკმაოდ დაზიანებულია, მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები, ასევე განგრეულია ღიობები და თითქმის მთლიანად დანგრეულია ციხის შიდა ნაგებობები. მოქცევის ციხესთან ახლოს შეგიძლიათ მოინახულოთ მოქცევის ეკლესია.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *