საკირის ციხე-დარბაზი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ საკირესთან მდებარეობს, მაღალი, კლდოვანი მთის წვერზე. კომპლექსი განვითარებული შუა საუკუნეებით თარიღდება. ციხე-სიმაგრეს სტრატეგიულად მოხერხებული მდებარეობა აქვს, აქედან შესანიშნავად მოჩანს სოფელი და მისი მიმდებარე ტერიტორიები. ციხე სამ დონეზეა განლაგებული, ყველაზე დაბალია სამხრეთის მხარე, ჩრდილოეთ დონე უფრო მაღალია, მესამე დონე კი მთის წვერზეა. ქვედა ორ დონეს გალავანი აქვს შემოვლებული, მესამე დონეზე კი კვადრატული კოშკი-ციტადელია აღმართული. გალავნის დასავლეთ და ციტადელის სამკხრეთ კედლებს შორის ჩაშენებულია ციხის ეკლესია. ტაძარი, ისევე, როგორც თავად ციხე, ძალიან დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. ეკლესიის კამარა ჩაქცეულია, ინტერიერშია ჩაყრილი ნაგებობის ნაშალი ქვები და სივრცე ნახევრად ამოვსებულია. ტაძარი უაფსიდოა, სწორკუთხა საკურთხევლით. იგი მოპირკეთებული ყოფილა სუფთად თლილი ღვინისფერი ბაზალტის კვადრებით. ციხე-დარბაზი ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვით და გამოირჩევა წყობის სილამაზით. სიმაგრის მიმდებარე ტერიტორიები გვიანი შუასაუკუნეების ნამოსახლარს უჭირავს, რომელიც 6000 კვ.მ. ფართობზე ვრცელდება. ციხის აღმოსავლეთით, ფერდობთან, გვხვდება ძალიან დიდი ზომის დაუმუშავებელი ქვის მაგიდა. საკირის ციხე დარბაზის სამხრეთით, თითქმის მთის ძირას მდებარეობს ადრეული შუა საუკუნეების ეკლესია – “მიწის საყდარი”, რომელიც ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.