ნაგარევის (ჭიშურის) თაღოვანი ხიდი

ნაგარევის (ჭიშურის) თაღოვანი ხიდი

ნაგარევის (ჭიშურის) თაღოვანი ხიდი იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევთან ახლოს მდებარეობს, მდინარე ჭიშურაზე. ხიდის ბურჯზე ჩასმულია თაღით დეკორირებული წარწერიანი ქვა, რომელიც გვამცნობს, რომ იგი აგებულია 1667 წელს, გელათელი ეპისკოპოსის გედეონ ლორთქიფანიძის მიერ. ქვაზე ორი წარწერაა, ერთი შესრულებულია ასომთავრულით, მეორე კი – მხედრულით, ტექსტები შემდეგნაირად იკითხება: “ღმერთო აცხოვნე გენათელი გედეონ და ვინცა შენდობა ბრძანოთ თქვენცა შეგინდოს ღმერთმან, ამინ”, “ქ. ბრძანებითა ღვთისათა აღვაგე ხიდი ესე მე გენათელმა ლორთქიფანიძემ გედეონ, სულისა ჩემისა საოხად. ქორონიკონსა ტნვ (1667 წ)”. ნაგარევის (ჭიშურის) ხიდი გვიანი შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია, რადგან აქ აშკარად ჩანს განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხიდთმშენებლობის ტრადიციის გაგრძელება (მალების მოხაზულობა, კუზიანი პროფილი, საშენი მასალა) და არა ამ პერიოდის ხიდებისთვის დამახასიათებელი აღმოსავლური გავლენა. ხიდი ორმალიანია და ერთი დიდი, ნახევარწრიული, ოდნავ შეისრული თაღისა და მცირე ნახევარწრიული თაღისგან შედგება. მცირე მალში წყალი მხოლოდ წყალდიდობისას გაედინება. შუა, მართკუთხა გეგმის მქონე ბურჯს დინების მხარეს სამკუთხა წყალამრიდი აქვს. ხიდს კუზიანი პროფილი აქვს, კუზის ყველაზე მაღალი წერტილი დიდი მალის სიმეტრიის ღერძზეა და არა მთლიანი ნაგებობის ცენტრალურ ღერძზე, შესაბამისად იგი ასიმეტრიული ნაგებობაა. განაპირა ბურჯებს შორის მანძილი 8,1 მეტრია, სავალი ნაწილის სიგანე – 3,8 მეტრი კამარის სისქე კლიტეში – 0,8 მეტრი. ხიდი ნაგებია მოზრდილი ზომის, ადგილობრივი, უხეშად თლილი კირქვით.

 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *