ფოლადაურის ეკლესია

ფოლადაურის ეკლესია

ფოლადაურის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფოლადაურთან მდებარეობს, ბერდიკის ციხესთან ახლოს, მის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ძეგლი მიეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით შებრტყელებული აფსიდით. შესასვლელი ერთია – სამხრეთიდან, არქიტრავული. აფსიდში ორი სწორკუთხა ნიშია მოწყობილი. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია მხრებით. სატრიუმფო თაღი პროფილირებულ იმპოსტებს ეყრდნობა. დარბაზი სამი სარკმლით ნათდება, თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი აღმოსავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში. სარკმლები ინტერიერისკენ ფართოვდება, სამხრეთის სარკმელი ფართოვდება მხოლოდ დასავლეთ მხარეს. დარბაზი გადახურულია სხმული კამარით. ფასადები სრულიად სადაა, ერთადერთ მხატვრულ აქცენტს აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარკმლების ერთიან ფირუზისფერ ქვაში გამოჭრილი თაღები წარმოადგენს. ნაგებობა დამჯდარი, ცოტა ტლანქი, პროპორციებით ხასიათდება. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის ზედაპირმოსწორებული ქვებით დუღაბზე, წყობის რეგულარობა დაცული არ არის. ფასადები ბათქაშით ყოფილა მოსწორებული, კედლები შელესილია ინტერიერშიც. ტაძარს არ აქვს სახურავი, კედლები ნაწილობრივ ჩამოშლილია, სახურავზე ამოსულია მცენარეულობა, სარკმლიდან დანახულ კამარის მცირე მონაკვეთზე დაყრდობით, საფიქრებელია, რომ წვიმისას შენობაში წყალი ჩაედინება. ეკლესია დაკეტილია და სამწუხაროდ, ინტერიერის ამჟამინდელი მდგომარეობის დათვალიერება ვერ მოხერხდა. ეკლესიასთან ქვებია, რომლებზეც შეიმჩნევა საგანგებოდ დამუშავების კვალი. ტაძართან, მის სამხრეთ-დასავლეთით, გატეხილი საფლავის ქვაა, რომელზეც წრეში ჩასმული ტოლმკლავა ჯვარია გამოსახული. 

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *