ბერდიკის (ფოლადაურის) ციხე

ბერდიკის (ფოლადაურის) ციხე

ბერდიკის (ფოლადაურის) ციხე ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფოლადაურთან ახლოს მდებარეობს, მდინარე ბოლნისისწყლის (ფოლადაური) მარჯვენა მხარეს, მაღალი მთის კლდოვან წვერზე. იგი ფოლადაურის ხეობით მიმავალ უმოკლეს გზას აკონტროლებდა, რომელიც „მგლისკარის“ უღელტეხილით ლორეში გადადიოდა. დევი ბერძენიშვილი ციხეს XI-XII საუკუნეებით ათარიღებს, პარმენ ზაქარაია კი მიიჩნევს, რომ განვითარებულ შუა საუკუნეებს არ უნდა მიეკუთვნებოდეს, თუმცა XVI საუკუნეზე გვიან არ უნდა იყოს აგებული. ციხეს სახელი ისტორიული სოფლის – ბერდიკის მიხედვით. ბერდიკი წერილობით წყაროებში პირველად XVII საუკუნეში იხსენიება, მაგრამ ციხესთან დაკავშირებული ცნობები არ გვხვდება. ნაგებობას ეტყობა მრავალი ბრძოლისა და შეკეთებების კვალი. ბერდიკის (ფოლადაურის) ციხე ძალიან რთულად მისადგომ ადგილასაა აგებული, ვახუშტი ბაგრატიონი მის შესახებ წერს: “ციხე ბერდიკისა მაღალსა კლდესა ზედა, ფრიად მაგარი”. მაღალ კლდეზე აღმართული ციხე-სიმაგრე ორგანულად ერწყმის რელიეფს და ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.

 

ძეგლის აღწერა

ბერდიკის (ფოლადაურის) ციხე ორი ნაწილისგან შედგება – ციტადელისა და ქვედა ციხისგან. ქვედა ციხე ციტადელს ზომით დაახლოებით სამჯერ აღემატება. შენობის გეგმა კლდის ფორმებითაა ნაკარნახევი და რელიეფს ეთანხმება. ზედა ციხე ოთხი კოშკისა თუ კოშკური მონაკვეთისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს კიბეებითა და კარებით უკავშირდება. ციხეს შესასვლელი დასავლეთ ბოლოში უნდა ჰქონოდა. გალავანს მრგვალი კონტრფორსები აქვს. პირველი, ყველაზე მაღლა მდებარე კოშკისგან მხოლოდ ჩრდილოეთ კედლის ნაწილია შემორჩენილი. მეორე კოშკი გეგმით ვიწრო და წაგრძელებულია. მისგან სამი სართულია გადარჩენილი ნაწილობრივ. პირველი სართული სრულადაა შემორჩენილი.  მას მომიჯნავე კოშკებთან დამაკავშირებელი ორი კარი აქვს. აღმოსავლეთის კართან სწორკუთხა ნიშებია. სართულის ქვეშ სათავსია, რომელიც ჭირნახულის საწყობი ან დილეგი უნდა ყოფილიყო. სართულზე ორი მოზრდილი სარკმელია გაჭრილი. ამ და სხვა კოშკებსაც აქვთ ამბრაზურები. მესამე კოშკი დანარჩენებზე დიდი და რთულია და ეს უნდა ყოფილიყო მთავარი კოშკიც. მისგან ნაწილობრივ შემორჩენილია ხუთი სართული, თუმცა, ჩანს, მეექვსე სართულიც უნდა ჰქონოდა. პირველ სართულს დამხმარე დანიშნულება ჰქონდა, მის ქვეშაც გრძელი კამაროვანი დამხმარე სათავსია. მეორე სართულზე მეოთხე კოშკთან დამაკავშირებელი კარია გაჭრილი. ამ სართულზე მეორე კოშკიდან ვიწრო კიბე ჩამოდის. მესამე სართულის შემორჩენილ კედლებზე არავითარი ელემენტები არ არის. მეოთხე სართულის აღმოსავლეთ გედელში ორი კარია, ერთი მეოთხე კოშკს უკავშირდება, მეორე კი პატარა სათავსს. მეხუთე სართული ბანი უნდა ყოფილიყო. მის ჩრდილო-დასავლეთ კედელში საპირფარეშოა მოწყობილი, რომელიც გარეთ შვერილად გადის. მეოთხე კოშკი ყველაზე უკეთაა მოღწეული, გადარჩენილია ოთხი სართული. პირველ სართულზე მესამე კოშკთან დამაკავშირებელი კარია. პირველ და მეორე სართულებზე გაჭრილია სარკმლები. მესამე კოშკთან დამაკავშირებელი კარია მეორე სართულზეც. კიდევ ერთი კარი ჩრდილო-აღმოსავლეთით კონტრფორსის თავზე მოწყობილ პატარა სათავსს უკავშირდება. ქვედა ციხე ციტადელის აღმოსავლეთითაა განლაგებული. მან ძალიან დაზიანებული სახით მოაღწია. გალავნის შემორჩენილი ფრაგმენტებიდან ჩანს, რომ ორიარუსიანი იყო. კოშკებისგან ორ-ორი სართულია დარჩენილი, რომელთაგან ერთი ყრუა, მეორეზე კი ციტადელის მსგავსი სარკმლებია გაჭრილი. ციხე ნაგებია ადგილობრივი კლდის ფლეთილი ქვით დუღაბზე.

 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *