ორთუბნის ციციშვილების აბანო

ორთუბნის ციციშვილების აბანო

ორთუბნის ციციშვილების აბანო (მძოვრეთის ციციშვილების აბანო) შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთუბანში მდებარეობს. იგი XVII საუკუნით თარიღდება. აბანო აღმოსავლური ტიპისაა და გვიანი შუა საუკუნეების ამ ტიპის ნაგებობათადან ერთ-ერთი კარგად შემონახული ნიმუშია. ძეგლი ყურადღებას იქცევს მასშტაბით, მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტა ამ პერიოდის აღმოსავლური აბანოებისთვის სახასიათოა. შენობა ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. ნაგებობა ნაწილობრივ მიწაშია ჩამჯდარი. შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა მოწყობილი. აბანო სამი ნაწილისგან შედგება: გასახდელი, აბაზანა და საცეცხლური. გასახდელი ოთახი სწორკუთხაა და გადახურულია გუმბათით, რომელშიც ერდოა დატანებული. სწორკუთხედიდან გუმბათის წრეზე გადასვლა ისრული ტრომპების ერთი მწკრივით ხორციელდება. კედლები დეკორირებულია შეისრული თაღებით. ოთახის ცენტრში საშადრევნე აუზია. გასახდელი გრძელ ტალანში გადის რომლის კიდეებში მცირე ზომის წაგრძელებული ოთახებია. ტალანის შუაში სააბაზანოსთან დამაკავშირებელი კარია. სააბაზანო დარბაზს ოთხივე მხრიდან გარშემოსავლელი ეკვრის. ოთახს აგურის კალორიფერებზე დაყრდნობილი იატაკი ჰქონდა, რომელიც ამჟამად ჩაქცეულია. ოთხივე კედელი შეისრული ყრუ თაღითაა დანაწევრებული. ჩრდილოეთისა და დასავლეთის ღრმაა, ამ თაღებში საბანაო აუზებია მოწყობილი. აუზები სწორკუთხაა და ჩასასვლელი კიბეები აქვს. ჩრდილოეთის აუზის კედელში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, რომელიც დარბაზის ჩრდილოეთით მდებარე საცეცხლურ ოთახში გადის. სააბაზანოს გადახურვა გასახდელი ოთახის მსგავსია. აბანო ცხელი და ცივი წყლით თიხის მილებით მარაგდებოდა. ორთუბნის ციციშვილების აბანო გვიანი შუა საუკუნეების ქართული საერო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საყურადღებო ძეგლია.

© ფოტოების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით გიორგი კვარაცხელიას.

 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტომი 5. 1990. თბილისი. 

 

რესურსები ინტერნეტში:

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *