ზედაზნის მონასტერი

ზედაზნის მონასტერი

ზედაზნის მონასტერი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ საგურამოსთან ახლოს მდებარეობს. სახელწოდება ზედაზენი კერპის – ზადენის სახელიდან მომდინარეობს, რომელიც ზედაზნის მთაზე მდგარა. ისტორიული ცნობებით, აქ ჯერ კიდევ II საუკუნის დასწყისში მდგარა ციხე-სიმაგრე, თუმცა იგი არ შემორჩენილა. ზედაზენზე მონასტერი VI საუკუნეში დაარსა ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა – იოანე ზედაზნელმა: “და გამოვიდა მიერ და აღვიდა მთასა მას მაღალსა, რომელსა ჰრქვან ზედაზენ, სადა-იგი აწ მონასტერი მისი აღშენებული არს”. იოანე ზედაზნელმა თავისი მოწაფეები ქართლსა და კახეთში გაგზავნა სამოღვაწეოდ, თვითონ კი ერთ-ერთ მოწაფესთან ერთად ზედაზენზე დარჩენილა. იგი 573 წელს გარდაიცვალა. “ცხოვრებაი იოანე ზედაზნელისაი” მოგვითხრობს, რომ იოანეს ანდერძის თანახმად ის ზედაზენზე უნდა დაეკრძალათ. მოწაფეებმა ანდერძი უარყვეს და იოანე მისი მოწაფის – თათას მონასტერში დაკრძალეს: “წარმოიხუნეს ნაწილნი ბერისანი, დასხნეს მონასტერსა თათაისსა, მოწაფისა მისისასა, და შექმნეს ლუსკუმაი პატიოსანი და მუნ შინა დაჰკრძალნეს წმიდანი იგი ხორცნი ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანესნი”. იმ ადგილას, სადაც მისი ნეშტი იყო დაკრძალული მიწისძვრები დაწყებულა, ეს ნიშნად მიიჩნიეს, ის ზედაზენზე გადმოასვენეს, ამის შემდეგ კი ეკლესია ააგეს: “დიდითა პატივითა აღიყვანეს ადგილსავე თვისსა და მითვე ლუსკუმითა დაასუენნეს ნაწილნი მისნი. და შემდგომად მისსა აღაშენეს ეკლესიაი”. VIII საუკუნეში კათალიკოსმა კლემენტოსმა აქ სამნავიანი ბაზილიკა ააგო და იოანეს ეგვტერი მასში ჩართო, როგორც ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავის შემადგენელი ნაწილი. ამის შემდეგ ძეგლმა სხვადასხვა დროს ცვლილებები განიცადა. IX საუკუნეში, წინამძღვარ გაბრიელის დროს, ბაზილიკას კარიბჭე მიადგეს, სხვადასხვა დროს მიმდინარეობდა მონასტრის განახლება და განვრცობა. ზედაზნის ციხე და მონასტერი XI საუკუნემდე კახეთის სამეფოს მისადგომებს იცავდა. 1101 წელს დავით აღმაშენებელმა გაანადგურა ზედაზნის ციხეში თავშეფარებული თურქ-სელჩუკთა და კახეთის მეფის კვირიკეს ლაშქარი. მან ციხე თავის თანამებრძოლს – ნიანია ბაკურიანს უბოძა. 1479 წლიდან ზედაზნის მონასტერში ზედგენიძე-გურამიშვილების საგვარეულო საძვალე იყო. 1705 წელს აქ სამონასტრო ცხოვრება დროებით შეწყდა. XVIII საუკუნეში აიგო სამრეკლო და ბერის საცხოვრებელი სენაკი, XIX საუკუნეში კი, ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის წინამძღვრობის დროს, სამონასტრო ცხოვრება კვლავ განახლდა. ამ პერიოდში ეკლესია რკინის სახურავით გადახურეს, დასავლეთის კედელში შესასვლელი გაჭრეს, მოაწყვეს საკურთხევლიდან სამკვეთლოში გასასვლელი და სხვა. XIX საუკუნეშივე ზედაზნის მონასტერში მოღვაწე ერთ-ერთი ქართველ მწიგნობრის – მიქაელ წინამძღვრის ინიციატივით დაიწერა იოანე ზედანელის ცხოვრების მეტაფრასული რედაქცია. XX საუკუნეში მონასტერი გაუდაბურდა. დღესდღეობით მონასტერი მოქმედია. ზედაზნის ეკლესიაში შემორჩენილი იყო X-XI საუკუნის კანკელის ფრაგმენტები, რომელიც საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. 1956 წელს გამოვლინდა ასევე VII საუკუნის რელიეფური ფილა, რომელიც იოანე ზედაზნელის ლუსკუმას ამკობს. რელიეფზე გამოსახულნი არიან ისტორიული პირები, რომელთა მოღვაწეობა ზედაზნის მონასტრის საწყის პერიოდს განეკუთნება, ივარაუდება, რომ პირველი ფიგურა იოანე ზედაზნელისა უნდა იყოს.

 

არქიტექტურა

ზედაზნის მონასტერი მოიცავს იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას, ციხე-გალავანსა და კლდეში ნაკვეთ სენაკებს. ნათლისმცემლის ეკლესია სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. ტაძრის გეგმა თითქმის კვადრატულია. შესასვლელი ორია – სამხრეთითა და დასავლეთით, დასავლეთის შესასვლელი XIX საუკუნეშია გაჭრილი. ნავები ერთმანეთისგან ბურჯების ორი წყვილითა და მათზე გადაყვანილი თაღებითაა გამოყოფილი. შუა ნავი, გვერდითა ნავებთან შედარებით, ვიწრო და მაღალია. იგი ნახევარწრიული ღრმა აფსიდით სრულდება. აფსიდის კედელს დასაჯდომი გასდევს, შუაში საწინამძღვრო მაღალდასაჯდომელია გაკეთებული. საკურთხეველში სარკმელია გაჭრილი. ორი სარკმელია გაჭრილი ასევე სამხრეთის კედელში. ნავი გადახურულია ცილინდრული კამარით. კამარა ბურჯების პილასტრებზე გადაყვანილ სამჯენ თაღებს ეყრდნობა. ჩრდილოეთის ნავის აღმოსავლეთ ნაწილი დარბაზული ეკლესიაა, რომელშიც იოანე ზედაზნელია დასაფლავებული. ეს ეკლესია ნაგებია ქვიშაქვითა და შირიმის თლილი კვადრებით. იგი ე.წ. ღია ეკლესიების ტიპის ნაგებობა ყოფილა. ეკვდერის საკურთხეველი ოთხი საფეხურითაა ამაღლებული. აფსიდში სარკმელია გაჭრილი. ჩრდილოეთ ნავის დასავლეთ მონაკვეთის ცენტრში წყლის აუზია. ნავის ჩრდილოეთ კედელი გარედან ორი სწორკუთხა კონტრფორსითაა გამაგრებული. სამხრეთის ნავის აღმოსავლეთ ნაწილში სწორკუთხა გეგმის მქონე დამხმარე სათავსია, რომელსაც სამკვეთლოსა და სადიაკვნეს ფუნქცია აქვს. აღმოსავლეთით ერთი სარკმელი აქვს. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია XVII საუკუნის ფრესკების ძალიან დაზიანებული ფრაგმენტები. მოხატულობა მონუმენტური ხასიათით, მკაცრი ნახატით და ნათელი კოლორიტით (თბილი მოწითალო-აგურისფერი და ოქროსფერი ოქრა) ხასიათდება. ეკლესიის ფასადები სრულიად სადაა, მხოლოდ აღმოსავლეთ ფასადზე გვხვდება მცირე ზომის რელიეფური ჯვრების გამოსახულებები. ტაძარი ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, გამოყენებულია ასევე აგური და შირიმი. ეკლესიას ჩრდილოეთიდან ორსართულიანი კარიბჭე-სამრეკლო ეკვრის. პირველი სართული კარიბჭეა, რომელიც აღმოსავლეთითა და სამხრეთით დიდი თაღებითაა გახსნილი. თარები არქივოლტებითაა გამოყოფილი. კარიბჭეზე დადგმულია XVIII საუკუნის, აგურით ნაგები, რვაწახნაგა, ოთხ მხარეს დიდი თაღოვანი სარკმლებით გახსნილი სამრეკლოს ფანჩატური. სამრეკლოს სარკმლების თაღები საყრდენებზე განიერია და თაღის ქუსლებთან თაროები წარმოიქმნება. თაღოვანი სარკმლები სწორკუთხა, სიბრტყის შეწევით მიღებულ ჩარჩოებშია ჩასმული. სამრეკლოს ხერხულად დაწყობილი აგურის ლავგარდანი აქვს.

ციხე-გალავანი ეკლესიას სამი მხრიდან ევლება. იგი ძირითადად XVII საუკუნით თარიღდება, ზოგიერთი ნაწილი კი განვითარებულ ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება. გალავნის შესასვლელი ეკლეესიის ჩრდილო-დასავლეთ მხარესაა, იგი კოშკითა და ბურჯითაა გამოყოფილი. შესასვლელის დასავლეთ წირთხლში კვადრია ჩასმული XV საუკუნის მხედრული წარწერით (წარწერა დაზიანებულია). შესასვლელთან მდგარ კოშკს გეგმით უსწორო წრის ფორმა აქვს. მასიური პირველი სართული ბურჯის მსგავსია. კოშკში შესასვლელი მეორე სართულზეა. გალავნის ჩრდილო-დასავლეთის კუთხეში მდგარი კოშკი გეგმით უსწორი მართკუთხედია. კარი და კოშკის იატაკი მიწის დონიდან შემაღლებულია. გალავნის დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლებთან, საძირკვლის დონეზე, შემორჩენილია ნაგებობათა ნაშთები. გარედან გალავანი გამაგრებულია ნახევარწრიული კონტრფორსებით. გალავნის აღმოსავლეთით ციტადელის ნანგრევებია. ციტადელში შესასვლელი დასავლეთიდანაა. შიდა ეზოში ჩანს ნაგებობათა კვალი.

ნათლისმცემლის ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ციცაბო მთის ფერდში, გამოკვეთილია სენაკები. ქვაბულებთან მისვლა ვიწრო ბილიკებით შეიძლება. სენაკის საფასადო კედლის ქვედა ნაწილი ნაგებია რიყის ქვით, ზედა – აგურით. სამხრეთ კედელში შესასვლელი და სარკმელია გაჭრილი. ჭერი უსწორმასწოროა. სენაკის აღმოსავლეთ ნაწილში XIX საუკუნის აგურით ნაგები ბუხარია, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კი – კედლის მაგიდისმაგვარი შვერილი. სენაკის აღმოსავლეთით, მთის ფერდში 2,5-3,0 სიღრმის სასურსატე ორმოა, რომლის კედლები აგურითაა ამოშენებული. ორმოს დასავლეთით 10 მეტრზე მცირე ზომის დაბალჭერიანი სენაკია გამოკვეთილი, რომელსაც შესასვლელი სამხრეთიდან აქვს.

 

 

იხილეთ სამნავიანი ბაზილიკები ⇒ 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *