პეტრას ციხე (ციხისძირის ციხე) აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მდებარეობს. ციხე-ქალაქი მოიცავს ციტადელს, სასახლეს, ეკლესიებს, აბანოებს და სხვა ნაგებობათა ნაშთებს. ციხის ამჟამად არსებულ ნაგებობათა უადრესი ფენა VI საუკუნით თარიღდება, თუმცა შეინიშნება უფრო ადრეული ფენის კვალიც. ძეგლზე განირჩევა ასევე განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების ფენებიც. ციხე-სიმაგრის შესახებ ქართულ საისტორიო წყაროებში ცნობები არ მოიპოვება, გვაქვს ბიზანტიელ ისტორიკოსთა ცნობები, რომლებიც ძირითადად VI საუკუნის შუა ხანების ამბებს შეეხება. პროკოპი კესარიელი პეტრას ციხის შესახებ წერს: “პეტრა ზღვისპირა ქალაქია კოლხეთში, ეგრეთწოდებულ ევქსინის პონტოსთან. ის უმნიშვნელო იყო წინათ, ხოლო იუსტინიანე მეფემ გარეზღუდისა და სხვა მინაშენების საშუალებით გაამაგრა და ყოველმხრივ გაამშვენიერა კიდეც”. აღნიშნული ცნობიდან ისე ჩანს, რომ იუსტინიანეს ეპოქამდე (VI ს.) აქ მცირე პუნქტი, სავარაუდოდ სიმაგრე უნდა ყოფილიყო, რომელიც იუსტინიანეს ბრძანებით იოანე სტრატეგოსმა ქალაქად აქცია. წყაროების მიხედვით, იოანე სტრატეგოსს დაურწმუნებია მეფე ლაზიკაში აეშენებინა ქალაქი პეტრა, თავის რეზიდენციად გაუხდია და ლაზებს ძარცვავდა: “მანვე დააჯერა მეფე იუსტინიანე ლაზების ქვეყანაში ზღვისპირა ქალაქი აეშენებინა, სახელად პეტრა. იქ იჯდა ის, ვითარცა აკროპოლისში, და სძარცვავდა ლაზთა ქონებას”. პეტრა სამხედრო და ეკონომიკური კუთხით ძალიან მნიშვნელოვან ქალაქს წარმოადგენდა, ასევე ის იყო ერთ-ერთი საეპისკოპოსო ცენტრი. პეტრას ციხის სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, მისი კონტროლით დაინტერესებული იყო, როგორც ბიზანტია, ასევე სპარსეთი. პეტრას ციხისთვის ბრძოლა ათ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. წერილობით წყაროებში აღწერილია პეტრას ციხესთან გამართული ბრძოლები. XVIII საუკუნეში ციხისძირი ოსმალებმა დაიპყრეს. იგი 1878 წელს საქართველოს დაუბრუნდა ბერლინის ტრაქტატით. XIX საუკუნეში ციხე დააზიანა ბათუმის ნავსადგურის მშენებლობისთვის მთის ძირში გამართულმა კარიერმა, აფეთქების შედეგად მისი დასავლეთ კედლები დაინგრა. XIX საუკუნის ბოლოს სამხრეთ ბორცვზე მდებარე კოშკი აგარაკის მშენებლობისას ააფეთქეს. XX საუკუნის 30-იან წლებში ლიმონარიუმის მშენებლობისას ბორცვის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფერდობებზე კულტურული ფენები განადგურდა და ნაწილობრივ ციხის კედლებიც დაზიანდა.
პეტრას ციხე შუა საუკუნეების საქართველოს იმ იშვიათ ნაგებობათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა თანადროული აღწერილობაა შემორჩენილი, ამიტომაც გაგაცნობთ პროკოპი კესარიელისეული აღწერილობის ცოტათი ვრცელ ტესტსაც: “ქალაქი პეტრა მიუვალია ჯერ ერთი ზღვის მხრით, შერე ციცაბო კლდეებით, რომელიც იქ ყოველმხრით არის აღმართული. აქიდან არის რომ მას ეს სახელწოდება ხვდა წილად. ერთი შესავალი აქვს მას დაბლობში. ისიც არც თუ ისე ფართე: ვინაიდან მის ორივე მხარეს არაჩვეულებრივი კლდეებია დაკიდებული. რადგან იმათ, რომელთაც, ქალაქი პირველად ააშენეს, წინასწარ განსჭვრიტეს, რომ ზღუდის ეს ნაწილი არ ყოფილიყო ადვილი იერიშებისათვის, გრძელი კედლები გააკეთეს აქ დიდ მანძილზე მისავალის თვითეული კლდის გასწვრივ და ამ კედლების ორივე მხარეს ორი კოშკი ააგეს, ხოლოდ ჩვეულებრივი წესით კი არა, არამედ სხვანაირად. შენობის შუაში იმათ არსად არ დასტოვეს ცარიელი ადგილი, არამედ მთელი ეს კოშკები მიწიდან დაწყებული უმაღლეს წვერამდე უდიდესი, ერთმანერთთან გადახლართული ქვებისაგან ააშენეს, რათა რაც შეიძლება ნაკლებ მოსახერხებელი ყოფილიყო მათი შერყევა კრიოთი ან სხვა მანქანით”.
ძეგლის აღწერა
პეტრას ციხე (ციხისძირის ციხე) განლაგებული იყო ორ ბორცვზე. კომპლექსი მოიცავს ციტადელს, სასახლეს, ეკლესიებს, აბანოებს და სხვა ნაგებობათა ნაშთებს. ციხეს, გარდა გალავნისა, ბუნებრივი რელიეფიც იცავდა, იგი მიუვალ ციხედ ითვლებოდა. ციხის კედლების ადრეული ფენა, სამნავიანი ეკლესია, აბანო (X-XIV საუკუნეებში აბანო მარნად გადაკეთდა) და ცისტერნა VI საუკუნით თარიღდება, დარბაზული ეკლესია (XVIII-XIX საუკუნეებში გადაკეთდა და სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენებოდა) და მის ჩრდილოეთით შემორჩენილი სამეურნეო სათავსის ნაშთები განვითარებულ შუა საუკუნეებს (X-XIV სს.) მიეკუთვნება, XVIII-XIX საუკუნეებით თარიღდება ჩრდილოეთ ბორცვზე შემორჩენილი სასიმაგრო კედლების დიდი ნაწილი. ჩრდილოეთ ბორცვზე განლაგებულია ციტადელი, რომელიც სამხრეთ ბორცვზე მდებარე კოშკს ორმაგი კედლით უკავშირდებოდა. გალავანი მთის რელიეფს მისდევს. ორმაგი კედლიდან დასავლეთისა მთავარი კედელია, აღმოსავლეთ კედელი კი ძირითადი კედლის მხარეს აღჭურვილია კონტრფორსებით. ძირითადი კედლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კარიბჭეა, რომელსაც დასავლეთის მხრიდან სწორკუთხა კოშკი იცავს. ციხეს გააჩნია, როგორც სწორკუთხა, ასევე წრიული გეგმის მქონე კოშკები. შიდა ციხეს 1,2 მეტრის სიგანის კარიბჭე აქვს, რომელიც აგურის თაღით ყოფილა გადახურული. ციტადელის ცენტრალურ ნაწილში სამნავიანი ბაზილიკა მდებარეობს, რომლის ადგილას მოგვიანებით დარბაზული ეკლესია აიგო, ეკლესიიდან სამხრეთ-დასავლეთით ცისტერნას ვხვდებით, ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით კი მდებარეობს აბანო.
პეტრას ციხის მთავარი ტაძარი (ციხისძირის სამნავიანი ბაზილიკა) სამნავიან ნაგებობას წარმოადგენს. მთავარი ნავი აღმოსავლეთით ნალისებრი, ექსტერიერში ხუთწახნაგა, შვერილი აფსიდით. ნავები ერთმანეთისგან გამოყოფილი იყო ხუთი წყვილი ბურჯით. მთავარი ნავი, გვერდითებთან შედარებით, ბევრად განიერია. ეკლესიას დასავლეთიდან სამნაწილიანი ნართექსი ეკვრის. ტაძარი ნაგებია დაუმუშავებელი ქვით დუღაბზე. აფსიდი გარედან მოპირკეთებულია თანაბარი ზომის თლილი ქვით. ბაზილიკა დგას უფრო ადრეული პერიოდის ნაგებობის ნაშთებზე.
სამნავიანი ტაძრის ნანგრევებზე X-XIV საუკუნეებში დარბაზული ეკლესია დაუშენებიათ. შესასვლელი ორია – სამხრეთითა და დასავლეთით, სამხრეთის შესასვლელი მოგვიანებით ამოუშენებიათ. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდით სრულდება. გრძივი კედლები ერთი წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული. როგორც ჩანს, დარბაზი გადახურული იყო ცილინდრული კამარით, აფსიდი კი – კონქით. ეკლესიის ინტერიერი მოხატული ყოფილა, მხატვრობის ფრაგმენტები გამოჩნდა ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. ტაძარი ნაგებია დაუმუშავებელი ქვით კირხსნარზე.
ცისტერნა ვიწრო და წაგრძელებულ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც ორი განივი ტიხრით სამ ნაწილად იყოფა. კედლები 1 მეტრის სისქისაა. ნაგებობა შიგნიდან შელესილია კრხსნარით. მკვლევართა მოსაზრებით, შენობა პროდუქტების შესნახი ხარო ან ხორცის დასამარილებელი ცისტერნა უნდა ყოფილიყო.
აბანო ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. იგი წაგრძელებული, სწორკუთხა ნაგებობაა და ანფილადურად განლაგებული ხუთი განყოფილებისგან შედგება: გასახდელ-მოსაცდელი, ცივი, თბილი და ცხელი წყლის და საქვაბე განყოფილებები. ფიქრობენ, რომ საქვაბე და გასახდელის განყოფილებები ხის მსუბუქი კონსტრუქციებით იყო გადახურული, დანარჩენი კი – კამარებით. აბანოს წინ მოწყობილი პორტიკისგან ბოძებისა და კონტრფორსების ნაშთებია შემორჩენილი. მოგვიანებით აბანოს ადგილას მარანი იყო მოწყობილი.
ავტორი: თამთა დოლიძე.
გამოყენებული ლიტერატურა:
- გ. აბრამიშვილი, პ. ზაქარაია, ი. ციციშვილი – ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია. 2000. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
- გეორგიკა: ტომი II. 1965. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
- ნ. ინაიშვილი – ციხისძირის ახ.წ. I-VI სს. არქეოლოგიური ძეგლები. 1993. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
- ა. ინაიშვილი – პეტრას საეპისკოპოსო და ციხისძირის გათხრების შედეგები. ჯვარი ვაზისა N2. 1985. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
რესურსები ინტერნეტში:
- პეტრას ციხე. ძეგლის ბიბლიოგრაფია. nplg.gov.ge ⇒
- პეტრა-ციხისძირის კომპლექსი. memkvidreoba.gov.ge ⇒
- პეტრა-ციხისძირი. saunje.ge ⇒
- პეტრას ციხე. ka.wikipedia.org ⇒