ქოზიფას მამათა მონასტერი (გუგომის კომპლექსი)

ქოზიფას მამათა მონასტერი (გუგომის კომპლექსი, ტყემლოვანის კომპლექსი) შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტყემლოვანიდან დაახლოებით 3 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. კომპლექსი რამდენიმე ეკლესიისა და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებისგან შედგება, რომლებიც მოიცავენ პერიოდს VIII საუკუნიდან XVI საუკუნემდე. ეკლესიები ერთმანეთს მჭიდროდაა მიდგმული და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროსაა აგებული, ერთიან კომპლექსს, მთლიან კომპოზიციას ქმნიან. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს II და III ეკლესიები. II ეკლესია VIII-IX საუკუნეებით თარიღდება და შემორჩენილი აქვს პატარა თაღებისგან შექმნილი დაკბილული ლავგარდანი, რომელიც სახასიათოა ამ პერიოდისათვის. III ეკლესია XIII საუკუნით თარიღდება და შემორჩენილი აქვს მოჩუქურთმებული ლავგარდნის ნაწილი და აღმოსავლეთ ფასადის მორთულობა. იგი დამჯდარი პტოპორციებით ხასიათდება. საფასადო მორთულობას წარმოადგენს ერთ სიგრძეზე განლაგებული ორნამენტირებული სარკმელი, ჯვარი და დიდი კოპი. XIII საუკუნის ტიპურად მსგავს კომპოზიციებში დამკვიდრებული დიდი საფასადო ჯვარი ქოზიფაში ზომით მნიშვნელოვნად შემცირებულია, თუმცა აქცენტირებულია ფირუზისფერით. ისე ჩანს, თითქოს ჯვარი და კოპი სარკმლის მორთულობის ნაწილია. ეს კომპოზიცია საინტერესოა თავისი ინდივიდუალური გადაწყვეტით. ფასადზე არ გვხვდება სიბრტყობრივი დანაწევრება და წინა პერიოდებისთვის დამახასიათებელი დინამიკის ადგილს ერთიანი სიბრტყის სიხალვათე იკავებს. 80-90-იანი წლების აღწერების მიხედვით, ინტერიერში შემორჩენილი ყოფილა XIII საუკუნის მოხატულობა, რომლისგანაც დღეს უმცირესი ფრაგმენტებია დარჩენილი. ქოზიფას მონასტრის შესახებ ისტორიული ცნობები თითქმის არ მოიპოვება. მას იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში – “აღწერა სამეფოსა საქართველოსა”: „აბუხალოს დასავლით გარდავალს გზა გუჯარეთს. ამ გზის დასავლით და ქოზიფას ზეით არს კლდე ფრიად შუენიერი, ყვითელი და ბრწყინვალე, ვითარცა ოქრო და მის ქუეით არს მონასტერი ქოზიფას, უგუნბათო, კეთილნაშენი, აწ უქმი“. XX საუკუნეში ეს ძეგლი გუგომის კომპლექსის სახელით იყო ცნობილი. ცნობილია, რომ ქოზიფას მონასტერში მამათა ცხოვრება XVII საუკუნემდე გაგრძელდა, შემდეგ კი მტრის შემოსევების გამო არსებობა შეწყვიტა. კომპლექსი განსაკუთრებულად დაზიანდა XX საუკუნის ბოლოს, დღესდღეობით ის აღდგენილია (გეგმაში მცირედი ცვლილებით, დაკარგულია ერთი, VIII-IX საუკუნეების, ეკლესია და მის ადგილს გალერეა იკავებს). ქოზიფას მამათა მონასტერი (გუგომის კომპლექსი) მთლიანი კომპოზიციითა და ცალკეულ ტაძართა თავისებურებებით ქართული კულტურის ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ნიმუშია.

 

არქიტექტურა

ქოზიფას მონასტერი. გეგმა

ქოზიფას მამათა მონასტერი (გუგომის კომპლექსი, ტყემლოვანის კომპლექსი) რამდენიმე ნაგებობას მოიცავს. ხუთ ერთმანეთზე (დღეისათვის შემორჩენილია ოთხი) მიდგმულ დარბაზულ ეკლესიას გალავანი ჰქონდა შემოვლებული, რომელშიც ბერების სადგომები და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებიც იყო მოქცეული. გალავნის შიგნით გამოვლინდა შუა საუკუნეების წყლის მილები და ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც ამჟამად ღვთისმშობლის ტაძართან, გალერეაშია გამოფენილი.

პირველი ეკლესია კომპლექსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში იდგა. იგი VIII-IX საუკუნეებით თარიღდებობა.  ამჟამად ნაგებობა აღარ არსებობს. ეკლესიას სწორკუთხა საკურთხეველი ჰქონდა. კონქის რკალზე გადასვლა ტრომპებით ხორციელდებოდა. ნათდებობა ორი, აღმოსავლეთისა და სამხრეთის, სარკმლით. ინტერიერი შელესილი ყოფილა. ფასადებს პატარა თაღებისგან შექმნილი ლავგარდანი ასრულებდა (II ეკლესიის მსგავსად). შესასვლელი სამხრეთიდან იყო. ეკლესია ნაგები იყო უხეშად დამუშავებული ნატეხი ქვით.

მეორე ეკლესიაც კომპლექსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დგას და ისიც VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. ეკლესიას სწორკუთხა საკურთხეველი აქვს. საკურთხეველს არ აქვს კონქი, მთელი ნაგებობა ნახევარწრიული კამარითაა გადახურული. შესასვლელი ერთია, დასავლეთიდან. შესასვლელი არქიტრავულია. ფასადები სადაა და პატარა თაღებისგან შექმნილი ლავგარდნით სრულდება. პირვანდელი ლავგარდანი შემოჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ ფასადის ჩრდილოეთ ფერდზე. ეკლესია ნაგებია ნაწილობრივ დამუშავებული ნატეხი ქვით.

მესამე ეკლესია – ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში დგას და ანსამბლის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს. იგი XIII საუკუნით თარიღდება. ეკლესია დარბაზულია, აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით და ჩრდილოეთისა და სამხრეთის მინაშენებით. საკურთხევლის კედელს ერთსაფეხურიანი ჩამოსაჯდომი გასდევს. აღმოსავლეთ სარკმლის გვერდებზე მცირე ზომის ოთკუთხა ნიშებია. საკურთხევლის წინ განახლებული კანკელია, თუმცა თავიდან აქ მოჩუქურთმებული ქვის კანკელი მდგარა, რომლის ორი ფილა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება. გრძივი კედლები ორსაფეხურიანი პილასტრებითაა დანაწევრებული, რომლებსაც კამარის საბჯენი და დეკორატიული თაღები ეყრდნობა. ინტერიერი შელესილია, XIII საუკუნის მოხატულობის ძალიან მცირე ფრაგმენტები შემორჩენილია საკურთხეველში. XX საუკუნის მეორე ნახევრისთვის მოხატულობა ჯერ კიდევ საკმაოდ კარგად ყოფილა შემონახული, თუმცა შემდეგ მონასტერმა მნიშვნელოვანი დაზიანება განიცადა. ფრესკები ხასიათდებოდა ნათელი კოლორიტით, მოქნილი ხაზებითა და გამომსახველი სახეებით. ეკლესია ოთხი თაღოვანი სარკმლით ნათდება. ჩრდილოეთ მინაშენში მოხვედრა მხოლოდ მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი თაღოვანი კარითაა შესაძლებელი. ეკლესიის სამხრეთით კარიბჭე და მის გვერდებზე ცალფერდასახურავიანი ნაგებობები იყო. ეს მინაშენები პირველ, მეორე და მესამე ეკლესიებს შორის არსებულ სივრცეს ავსებდა. დღესდღეობით კარიბჭე გაზრდილია მინაშენის დასავლეთ ნაწილის ხარჯზე და ორი თაღით გახსნილ გალერეადაა ქცეული. ეკლესიას ორი შესასვლელი ჰქონია – სამხრეთითა და დასავლეთით. დასავლეთის შესასვლელი გვიან შუა საუკუნეებში გაუქმნა, როცა ღვთისმშობლის ეკლესიას დასავლეთიდან მეოთხე ეკლესია მიაშენეს. გარდა აღმოსავლეთისა ყველა ფასადი სადაა. აღმოსავლეთ ფასადი სუფთად თლილი ღვინისფერი ქვითაა მოპირკეთებული. ცენტრალურ ღერძზე განლაგებულია შეწყვილებულ ლილვებზე დაყრდნობილი სარკმელი, ჯვარი და კოპი. სარკმელს მოჩუქურთმებული საპირე აქვს. მოჩუქურთმებული ყოფილა ჯვარიც, რომელიც ფირუზისფერი ქვითაა აქცენტირებული. ჯვრის ზედაპირი დღესდღეობით ძალიან დაზიანებული და მორთულობა აღარ აქვს შემორჩენილი. ორნამენტირებულია დიდი ზომის კოპიც, რომელიც კომპოზიციას ასრულებს. ფასადებს გრეხილი ლილვისა და მოჩუქურთმებული წრეთარგისგან შექმნილი ლავგარდანი შემოუყვება (შემორჩენილია ნაწილობრივ). ეკლესიის ძირითადი ნაწილი ნაგებია პირგათლილი ნატეხი ქვით.

მეოთხე ეკლესია კომპლექსის დასავლეთ ნაწილში დგას და თითქმის მთლიანად ფარავს ღვთისმშობლის ეკლესიის დასავლეთ ფასადს. იგი XV-XVI საუკუნეებით თარიღდება. ნაგებობის აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. დარბაზის კამარა პილასტრებზე გადაყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობა. დასავლეთით ეკლესიის ერთადერთი, სწორკუთხა, შესასვლელია. შესასვლელის თავზე სარკმელია. ტაძარს ჩრდილოეთით ორი მინაშენი აქვს. პირველი უშუალოდ ეკლესიის კედელზეა მიდგმული და თაღოვანი გასასვლელით უკავშირდება მთავარ დარბაზს. იგი დამხმარე სათავსს წარმოადგენს. მინაშენი გადახურულია ნახევარწრიული კამარით. მინაშენს ჩრდილოეთით უფრო მცირე ზომის სათავსი აქვს მიშენებული. ეკლესიის ფასადები სადაა და წრეთარგისა და ლილვისგან შექმნილი ლავგარდნით სრულდება. ტაძარი ნაგებია პირგათლილი ნატეხი ქვით.

მეხუთე ეკლესია კომპლექსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დგას. იგი XV-XVI საუკუნეებით თარიღდება. ნაგებობა აღმოსავლეთით ნახევარწიული აფსიდით სრულდება. სარკმლები დასავლეთისა, აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლებშია გაჭრილი. ინტერიერი მოხატული ყოფილა. ეკლესიას ერთადერთი, სწორკუთხა, შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. სამხრეთ ფასადზე ჩართულია მცირე ზომის დეკორატიული თაღები, რომლებიც სავარაუდოდ სარკმლების სათაურები უნდა ყოფილიყო და ერთი ორნამენტული ფილა, რომელიც ასევე სხვა ადგილიდან უნდა იყოს გადმოტანილი. დასავლეთის სარკმლის თავზე რელიეფური ჯვარია (ახალი), სამხრეთის სარკმლის თავზე წმ. გიორგის რელიეფი (ახალი). ფასადებს წრეთარგისა და ლილვისგან შედგენილი ლავგარდანი შემოუყვება. ეკლესია ნაგებია პირგათლილი ნატეხი ქვით.

ეკლესიების სამხრეთით, დაფერდებაზე საძვალეში შესასვლელია, რომელიც მიწის ქვეშ საკმაოდ ღრმად არის შეჭრილი. საძვალე გადახურულია ნახევარწრიული კამარით. იგი პირველი ეკლესიის ქვეშ იქნებოდა განთავსებული, თუმცა ეს ეკლესია დღეს საძირკვლის დონეზეც არ ჩანს.

კომპლექსისათვის XIII საუკუნის ბოლო ათეულ წლებში გალავანი შემოუვლიათ. ნაგებობის აღმოსავლეთის ფართო შესასვლელს ასომთავრულ წარწერიანი თაღი ჰქონია. წარწერა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება. იგი დაზიანებული სახითაა შემორჩენილი და ძნელად იკითხება, მაგრამ შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით მასში ლაპარაკია კომპლექსის მთავარი ტაძრის აშენაბასა და შემკობაზე.

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *