სანავარდოს ღვთისმშობლის ეკლესია კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოში მდებარეობს, სოფლის დასაწყისში, გზასთან ახლოს. ძეგლი სავარაუდოდ ადრეულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ოდნავ ნალისებრი აფსიდით და სამხრეთის მინაშენით. აფსიდალურია მინაშენიც. ტაძარი აზიდული პროპორციებით ხასიათდება. მთავარი დარბაზიცა და მინაშენიც გადახურულია კამარით. თაღებს ზევითკენ შევიწროვებული, კვერცხისებრი მოხაზულობა აქვთ. დარბაზი ნათდება სამი სარკმლით, რომლებიც აღმოსავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთის კედლებშია გაჭრილი. ინტერიერი შელესილია. ფასადები სრულიად მოურთველია. ნაგებობა გარედანაც შელესილი ყოფილა, თუმცა დღესდღეობით მხოლოდ ნაწილობრივ არის ნალესობა შემორჩენილი. ფასადებს აგურის ხერხისებრი, საფეხუროვანი ლავგარდანი ასრულებს. შესასვლელი ორია, ორივე სწორკუთხა – დასავლეთითა და სამხრეთით. მინაშენსაც ორი შესასვლელი აქვს – დასავლეთითა და სამხრეთით, ორივე თაღოვანია. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე, გამოყენებულია აგურიც. ეკლესიის კამარაში გაჩენილია დიდი ბზარი და აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას.
ფოტოებისთვის მადლობას ვუხდით იმედა აფციაურს.