იკორთის მთავარანგელოზის ეკლესია (იკორთა)

იკორთის მთავარანგელოზის ეკლესია (იკორთა) შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ იკორთის განაპირას მდებარეობს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იგი ოკუპირებულია და ცხინვალის რეგიონის ფარგლებშია მოქცეული. ტაძარი XII საუკუნით თარიღდება. იკორთის ეკლესია ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და შესანიშნავი ნიმუშია. ის არის პირველი ძეგლი ქართლის ეკლესიების ჯგუფისა, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე შეიქმნა და რომლებშიც საბოლოოდ შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური სახე (ბეთანია, ქვათახევი, წუღრუღაშენი, ფიტარეთი). ტაძარი ყურადღებას იქცევს აზიდული პროპორციებით, მწყობრი შიდა ფორმებით და ცხოველხატული, ოსტატურად შესრულებული, მაღალმახატვრული მორთულობით. ეკლესიის აგების თარიღი, 1172 წელი, აღნიშნული ყოფილა დასავლეთ ფასადის წარწერაში, რომელიც დღეს აღარ არსებობს. ეს წარწერა მარი ბროსემ და თევდორე ჟორდანიამ წაიკითხეს და აღწერეს სხვადასხვა დროს. როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, მონასტერი და მთლიანად ეს მხარე გვიანი საუკუნეებიდან ქსნის ერისთავებს ეკუთვნოდათ. იკორთის ტაძართან შემორჩენილია ერისთავთა ციხე-დარბაზი, რომელიც ციტადელისა და გალავნისაგან შედგებოდა. ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანის – “ძეგლი ერისთავთა” მიხედვით, XIV საუკუნეში ეკლესია დაზიანებული ყოფილა და იოანე ქსნის ერისთავს აღუდგენია. ტაძრის კიდევ ერთი წარწერის თანახმად, XVII საუკუნეში აქ დიდი აღმშენებლობითი სამუშაოები ჩაუტარებია იასე ქსნის ერისთავს, რომელსაც სამონასტრო ნაგებობებით გაუმდიდრებია ანსამბლი. ამ ნაგებობებათაგან დღემდე არც ერთს მოუღწევია. იკორთა გვიან საუკუნეებში ერისთავთა საძვალეს წარმოადგენდა, აქ არიან დაკრძალული კახეთის აჯანყების მეთაურები, შალვა და ელიზბარ ერისთავები და ბიძინა ჩოლოყაშვილი, რომლებიც წამებით მოკლეს ირანში. იკორთის მთავარანგელოზის ეკლესიას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში. ექვთიმე თაყაიშვილი იკორთის შესახებ წერს: “ასეთი მშვენიერი ნაგებობა თამარის დროისა, ჩვენ მეტი არა გვაქვს, რა შესანიშნავი დეკორი აქვს? მისი ტოლებია ბეთანიაც, კაბენი, მაგრამ მასთან ვერც ერთი ვერ მოვა. დეკორი თითქოს XI საუკუნის ძეგლებს უფრო ჩამოგავს, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდნენ ასე მრავაფეროვანი დეკორი, სამთავისიც კი ვერ შეედრება ამ მხრივ იკორთას. იკორთა უნიკუმია და ასეთი ძეგლები განსაკუთრებით კარგად უნდა შევინახოთ”.

 

არქიტექტურა

იკორთის მთავარანგელოზის ეკლესია ჩახაზული ჯვრის ტიპის ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის შვერილებსა და დასავლეთის ცალკე მდგომ ბურჯებს. საკურთხევლის ორივე მხარეს პასტოფორიუმებია, პასტოფორიუმების თავზე კი სამალავები. სადიაკვნე და სამკვეთლო დარბაზის მხარე ღიაა. დასავლეთით მეორე სართულზე პატრონიკეა მოწყობილი. ტაძარს თორმეტი და ჯვრის მკლავებში განლაგებული სარკმლები ანათებს. ინტერიერი მოხატული ყოფილა, თუმცა დღესდღეობით ფრესკები მცირე ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი. შიდა ფორმები მწყობრია, ხაზები ჰარმონიულად მისდევს ერთმანეთს. კომპოზიცია ისეა გააზრებული, რომ ყველა დეტალი გუმბათისკენ მიისწრაფვის. ეკლესიის დასავლეთის კარიბჭე უფრო გვიანი პერიოდისაა, კედელზე დარჩენილი ფრაგმენტების მიხედვით ჩანს, რომ თავდაპირველად იგი უფრო მცირე ზომის და კოხტა იყო. დიდი ზომის კარიბჭე ნაწილობრივ არღვევს პროპორციათა ჰარმონიულობას და ამძიმებს ნაგებობას. ფასადების მორთულობის ძირითად ელემენტს თაღოვანი სისტემა წარმოადგენს. თითოეულ მხარეს საერთო ნიშებთან ერთად ინდივიდუალობაც ახასიათებს. გუმბათის სარკმლებს ფართო ორნამენტული არშია შემოუყვება და უწყვეტი თაღედითაა მოჩარჩოებული. აღმოსავლეთ ფასადზე გვხვდება სამთავისისეული დეკორი (თაღედი, ნიშები და ცენტრში ერთ ღერძზე განლაგებული რომბები, სარკმელი და ჯვარი), თუმნა შესამჩნევია ინდივიდუალური დეკორატიული მოტივები. დასავლეთის ფასადის მორთულობის მთავარ ელემენტს პარალელურად მოთავსებული ორი მდიდრულად შემკული სარკმელი წარმოადგენს. ზოგადად ფასადები დინამიური და ცხოველხატულია. იკორთის ტაძარი ძალიან მდიდარია ჩუქურთმით. კედლებზე განლაგებული ჩუქურთმემი მთლიანობაშია დიდ დეკორატიულ ფორმებთან.

 

ფოტო მასალის წყარო: “ძველი ქართული ხუროთმოძღვრება” – ვ. ბერიძე, “Материалы по археологии Кавказа” – პრასკოვია უვაროვა

 

 

იხილეთ ჩახაზული ჯვრის ტიპის ტაძრები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *