წუღრუღაშენი

წუღრუღაშენი

წუღრუღაშენის წმინდა გიორგის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბოლნისის სიონიდან დაახლოებით 2 კმ-ში მდებარეობს. იგი XIII საუკუნით თარიღდება და ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი და საყურადღებო ნიმუშია. წუღრუღაშენის ეკლესია ბეთანიაქვათახევის ტიპის ძეგლთა ჯგუფს მიეკუთვნება, თუმცა ის უფრო მცირე ზომისაა და გუმბათის ყელიც მეტად მაღალი პროპორციისა აქვს. ამ ტაძრებში (ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი…) საბოლოოდ შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური ფორმები – გეგმა დამოკლდა და კვადრატს მიუახლოვდა, გაქრა პატრონიკეები, შენობის კორპუსი რამდენადმე დადაბლდა, გუმბათის ყელი კი უფრო აზიდული გახდადა ა.შ. წუღრუღაშენის ეკლესია ყურადღებას იქცევს კოხტა პროპორციებით, მკვეთრად აზიდული გუმბათის ყელითა და ულამაზესი მორთულობით. ჩუქურთმათა ნაწილი (მაგალითად გუმბათის მორთულობა) დიდი ოსტატობითაა შესრულებული, ნაწილს კი უფრო მშრალია, მხატვრულობა აკლია. ტაძრის ფასადებზე გვხვდება სამი წარწერა, აქედან ერთი (დასავლეთის კარის თავზე მდებარე) დაუსრულებელია, ორი კი იდენტური შინაარსისაა (ამ ორიდან ერთი დასავლეთის კარის გვერდით მდებარეობს, მეორე კი – სამხრეთის კარის თავზე). სამხრეთის წარწერა დასავლეთისაზე დიდი ოსტატობითაა შესრულებული. როგორც ჩანს ტაძრის მორთულობაზე სხვადასხვა ოსტატი მუშაობდა. დასავლეთის წარწერა შემდეგნაირად იკითხება: “ქ. სახელითა ღმრთისაჲთა და მეოხებითა წმინდისა ღმრთისა მშობელისაჲთა, ძლიერებითა, წმიდისა გიორგის ხუთშაბათის ჯვარისაჲთა, მეფისასა შინა დიდისა გიორგი მეფეთა მეფისასა მიწამან მეფობისა მათისამან, არსენის ძემან ჰასან, დავიწყე შენებაჲ ტაძარსა გუნბადს, მამულსა ჩემსა, უწყებითა გამოცხადებითა ამისვე მთავარმოწამისა მიერ, სადიდებლად ღმრთისა”. სამხრეთის წარწერა ძალიან დაზიანებულია, მაგრამ რაკი იგი დასავლეთის ტექსტის თითქმის იდენტურია, ამიტომ, პირველის დახმარებით შესაძლებელი გახდა მისი აღდგენა: “ქ.შეწ[ევნითა ღმერთისაჲთა და წმინდ]ისა [ღმერთ]ის მშობლისაჲთა, ძ[ლიერებითა წმიდისა გიორგის ხუთშათის ჯ]უარისაჲთა მეფო[ბასა შინა დიდისა გიორგის]სა მიწამან მეფობისა მათუსამან, არსენის ძემან ჰ[ასან, დავიწუე შენებაჲ] ტაძრისა [გუნაბადს, უწყებითა და გამ]ოცხადებითა მისვე მთავარ მოწამისა მიერ — სა[დიდებლად და სალ]ოცველად ღმრთივ გჳრგჳნოსანთა მეფეთა მეფისა [გიორგისა]… …სა მადლითა და კაცთმოყვარებითა იესუ ქრისტესითა, რომლისა არს [დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ]”. აღნიშნული ტექსტებიდან ჩანს, რომ იგი აუგია ვინმე ჰასან არსენის ძეს მეფეთ მეფე გიორგი მეფობის დროს. წარწერებში არ რაიმე ზუსტი დამათარიღებელი ცნობა, ასევე ტაძრის შესახებ ადრეულ ისტორიულ წყაროებში არავითარი ცნობა არ გვხვდება. სტილისტური ანალიზის საფუძველზე წუღრუღაშენის ეკლესია XIII საუკუნით დათარიღდა, ამიტომაც სავარაუდოა, რომ ტექსტში ნახსენები მეფე გიორგი ლაშა-გიორგი უნდა იყოს. გვიან პერიოდში ვახუშტი ბატონიშვილი იხსენიებს წუღრუღაშენს, როგორც მონასტერს: “პირისპირ ამ ეკლესიისა (ბოლნისის სიონი) არის მონასტერი წუღრუღაშენისა, გუმბათიანი, მშვენივრად ნაშენი მშვენიერს ადგილას და აწ უქმ არს“. თუკი აქ ნამდვილად იყო მონასტერი, XVIII საუკუნეში ის უკვე გაუქმებული ყოფილა, როდის და რატომ გაუქმდა ამაზე ცნობილი არაფერია. ამის შემდეგ XIX საუკუნის შუა წლებამდე ტაძარზე კვლავ არაფერი ისმის. 1853 წელს ი.ბართოლომეიმ გადაიღო წარწერები, რომლებიც გამოსცა მ.ბროსემ ფრანგული თარგმანითა და კომენტარებით. წუღრუღაშენის ეკლესიამ ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში სათანადო ადგილი გიორგი ჩუბინაშვილის წყალობით დაიკავა. მან თავის კვლევაში – „ქართული არქიტექტურის გზები“ საკმაო ადგილი დაუთმო ძეგლს, ამის შემდგომ უკვე წუღრუღაშენი მრავალგზის იხსენიება სხვადასხვა გამოცემებში.

 

არქიტექტურა

წუღრუღაშენის ეკლესია გეგმით ჩახაზული ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ნაგებობაა. აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძი სამხრეთ-ჩრდილოეთისაზე გრძელია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული საკურთხევლის აფსიდია. საკურთხევლის ორივე მხარეს ორსართულიანი, სწორკუთხა სათავსებია, რომელთა პირველ სართულზე სადიაკვნე და სამკვეთლოა. დასავლეთის მკლავი გვერდის ნავებთან ერთი თაღითაა გახსნილი. ტაძრის ინტერიერი ძალიან ვიწროა. მაღალი გუმბათის ყელის სიღრმე და დაბალი განათება კიდევ უფრო ამძაფრებს სიმჭიდროვის შეგრძნებას. ინტერიერი ნაწილობრივ მოხატული ყოფილა, შემორჩენილია მხირე ნაშთები. მოხატულობა მხოლოდ ნაგებობის ქვედა ნაწილში ყოფილა, გუმბათში კი მოხატულობის ნაცვლად რელიეფური ჯვრის გამოსახულებაა. ეკლესიას ჩრდილოეთიდან მინაშენი აქვს, რომელიც მოგვიანებით უნდა იყოს მიდგმული, იგი სავარაუდოდ საგვარეულო საძვალეა. ეკვდერი წაგრძელებული სწორკუთხედია აღმოსავლეთით აფსიდით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს და გადახურულია ცილინდრული კამარით. მინაშენი (კარიბჭე ან ეკვდერი) ყოფილა სამხრეთითაც, თუმცა ის ამჟამად დანგრეულია. ტაძარი გარედან თლილი კვადრებითაა მოპირკეთებული. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: დასავლეთიდან, სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან. საყურადღებოა ფასადების მორთულობა. დასავლეთ ფასადზე შეწყვილებული სარკმლებისა და ჯვრის კომპოზიცია გვხვდება. ჩუქურთმებითაა შემკული სარკმლები და შესასვლელები. მორთულობით განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს გამორჩეულად მაღალი გუმბათის ყელი, რომლის მთელი ზედაპირი სხვადასხვანაირი დეკორითაა დაფარული.

 

 

იხილეთ ჩახაზული ჯვრის ტიპის ტაძრები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *