გარეჯის ქოლაგირის კომპლექსი

გარეჯის ქოლაგირის კომპლექსი კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში. იგი XI-XII საუკუნეებით თარიღდება. მონასტერი კონგლომერატშია (დანალექი ქანი, რომელიც თიხით და კირით შეკავშირებული კენჭებისა და ქვებისგან შედგება) გამოკვეთილი, რომელიც ადვილად შლადია, სწორედ ამან გამოიწვია მისი ნგრევაც. ქოლაგირმა ჩვენამდე ძალიან დაზიანებული სახით მოაღწია, შემორჩენილია მხოლოდ მისი დასავლეთ ნაწილი. ეს შესანიშნავი ძეგლი დღითიდღე ნადგურდება, 1998 წლის ექსპედიციის მასალებში აღწერილი ბევრი დეტალი დღეს უკვე აღარ ჩანს. კომპლექსი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მაღალმხატვრული, ოსტატურად შესრულებული მოხატულობით. რელიგიურ სიუჟეტებთან ერთად ქოლაგირში გვხვდება საერო პირთა გამოსახულებები წარწერებით, რაც კიდევ უფრო ზრდის მის მიმართ ინტერესს. მონასტრის თავდაპირველი სახელწოდება უცნობია, ტოპონიმი – ქოლაგირი ბოლნისშიც გვხვდება, მეცნიერთა ნაწილის ვარაუდით ეს სახელი აზერბაიჯანულიდან შეიძლება იყოს შემოსული და ძნელად მისადგომობას აღნიშნავდეს. გარეჯის ქოლაგირის კომპლექსი, მთლიანად დავით გარეჯის მონასტერთან ერთად, ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია და აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას.

 

არქიტექტურა და მოხატულობა

გარეჯის ქოლაგირის კომპლექსისგან დღესდღეობით მხოლოდ რამდენიმე ქვაბია ნაწილობრივ შემორჩენილი, რომლებიც სავარაუდოდ ერთმანეთთან გასასვლელებით იყო დაკავშირებული. მონასტრის მთავარ ტაძარს ჩრდილოეთითა და სამხრეთით მცირე ზომის ეკვდერები ჰქონია. ეკვდერები და მთავარი დარბაზი ერთმანეთს თაღოვანი ღიობებით უკავშირდებოდა. ტაძრის დარბაზსა და ეკვდერებს ძირზე ერთსაფეხურიანი ხარისხი შემოუყვება. დარბაზში გამოსახული იყო ნათლისღება, უფლის იერუსალიმში შესვლა, ჯვარცმა, ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა, ამაღლება, ღვთისმშობლის მიძინება. დღესდღეობით ფრესკების მცირე ნაწილი გაირჩევა. ჩრდილოეთის ეკვდერის კამარაზე ქრისტეს ამაღლების სცენა ყოფილა, ოთხი ანგელოზით, თუმცა ამჟამად მხოლოდ ორი ანგელოზის ფიგურაა შემორჩენილი. კედლებზე სასულიერო და საერო პირთა გამოსახულებებია მოცემული. ყოველ ფიგურას ასომთავრული წარწერა ახლდა, რომელთაგან დღეს მხოლოდ ნაწილი იკითხება ფრაგმენტულად. ერთ-ერთ განმარტებით წარწერაში ნახსენებია დემეტრე მეფე და მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის ტიტული. ამ წარწერების გათვალისწინებით ზ. სხირტლაძე თვლის, რომ ეკვდერში XII საუკუნის მეორე ნახევრის მოღვაწეები არიან წარმოდგენილი, კონკრეტულად კი დემეტრე პირველის გაზრდილი ვარდან კოლონკელიძე, ანტონ გნოლისთავისძე, რომელიც თანამდებობის წართმევის შემდეგ გარეჯის მონასტერში დასახლდა, ასევე ვარდან კოლონკელიძის ოჯახის წევრები და კახეთის საერისთავოს გამგებელთა – მახატლისძეთა ოჯახის წევრები. სამხრეთის ეკვდერი ძალიან მცირე ზომის ყოფილა. მოხატულობა ძალიან დაზიანებულია, გაირჩევა ანგელოზთა დასი, თითქმის გამქრალია, თუმცა მაინც შეიმჩნევა ტახტზე მჯდომი ქრისტეს, იოანე ნათლისმცემლისა და ღვთისმშობლის გამოსახულებები, როგორც ჩანს აქ განკითხვის დღის სცენა უნდა ყოფილიყო გამოსახული. ქოლაგირის მოხატულობა XII-XIII საუკუნეებით თარიღდება.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *