ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელის აღმოსავლეთით, კლდეში ნაკვეთ ციხე-ქალაქ უფლისციხის მოპირდაპირე მხარეს, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ანტიკურ ხანაში იგი უფლისციხის სასოფლო-სამეურნეო გარეუბანი იყო.
ქვახვრელის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი ქვიშაქვის კლდეშია გამოკვეთილი. კომპლექსში შედის კლდის სიღრმეში ნაკვეთი ეკლესია, კორიდორები, სადგომები, ასევე სამრეკლო, რომელიც გამოქვაბულის შესასვლელის თავზეა, თუმცა იგი მოგვიანებითაა მიშენებული ნატეხი ქვით. სამრეკლო უკავშირდება ბნელ კორიდორს (სიგრძე 19 მ. სიგანე 2 მ. სიმაღლე 2,5 მ.) ეს კორიდორი ძირითადია, იგი მიემართება ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, მის გარდა კიდევ ორი კორიდორია გამოქვაბულში. ძირითადი კორიდორის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი შესასვლელიდან შესაძლებელია მოვხვდეთ კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიაში.
კვირაცხოვლის სახელობის გამოქვაბულში ნაკვეთი ეკლესია სიმაღლით 7,6 მ-ია. საკურთხეველი კანკელით ყოფილა გამოყოფილი, რომელიც კლდეში ნაკვეთი მცირე ნაწილებია შემორჩენილი. ამჟამად აღდგენილია.
XVIII საუკუნეში სოფელ ქვახვრელის მიდამოებში დაიწყო სომხური მოსახლეობის მიგრაცია, რასაც მოწმობს გამოქვაბულის კედლებზე ამოკვეთილი სომხური ნიშნები. ეს წარწერები პალეოგრაფიული ნიშნებით XVIII საუკუნეს მიეკუთვნება