რევაზაშენის ეკლესია

რევაზაშენის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ მამულასთან ახლოს მდებარეობს, ნასოფლარ რევაზაშენის ტერიტორიაზე. იგი VII-IX საუკუნეების ძეგლია. როგორც ჩანს, ტაძარი აღდგენილია. ეკლესია სამნავიან ნაგებობას წარმოადგენს. სამივე ნავი აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდით სრულდება. ნავები ერთმანეთისგან ძლიერ ბურჯებზე დაყრდნობილი თაღებითაა გამოყოფილი. ბურჯები სადა კაპიტელებით სრულდება. ჩრდილოეთის ნავის დასავლეთის თაღი ამჟამად ამოშენებულია. კამარები პილასტრებზე და კრონშტეინებზე გადასულ თაღებს ეყრდნობა. ეკლესიას ექვსი სარკმელი აქვს, თითოეულ ნავს ორი სარკმელი – აღმოსავლეთითა და დასავლეთით. მთავარი ნავის დასავლეთის სარკმელი აცენტრულია, რაც შესაძლოა მოგვიანო აღდგენის შედეგი იყოს. შესასვლელი ერთია – სამხრეთიდან. ბალავრის ქვა ახალია. სამხრეთის ფასადზე დიდი ზომის ბალავრის ქვა დომინირებს. გვერდითა ნავები მთავარ ნავთან შედარებით მცირედით დაბალია. ნაგებობას საკმაოდ მასიური პროპორციები აქვს. ტაძარი სრულიად სადაა, არანაირი მორთულობა არ ამკობს. ფასადებს სადა ლავგარდანი ასრულებს. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის, უხეშად დამუშავებული ქვებით. ტაძარი ძალიან ლამაზ ადგილასაა აგებული, აქედან შესანიშნავი ხედები იშლება. რევაზაშენის ეკლესიასთან ახლოს, ნასოფლარის ტერიტორიაზე, შეგიძლიათ მონახულოთ XI საუკუნის ტაძარი.

 

 

იხილეთ სამნავიანი ბაზილიკები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *