საღოლაშენის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია

საღოლაშენის ღვთისმშობლის ეკლესია

საღოლაშენის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენში მდებარეობს. იგი განვითარებული შუა საუკუნეებით თარიღდება და გადაკეთებულია XIX საუკუნეში. ადრეულ პერიოდს მიეკუთვნება ეკლესიის გეგმა და კედლების ქვედა ნაწილები, რომლებიც ნაგებია ნაწილობრივ დამუშავებული, პირმოსწორებული მოზრდილი ლოდებით. შეკეთებისას საშენ მასალად გამოყენებულია აგური, ნატეხი ქვა და რიყის ქვა. ტაძარი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს სამხრეთის მინაშენითა და დასავლეთით მიშენებული სამრეკლო-კარიბჭით. შესასვლელი ორია – სამხრეთითა და დასავლეთით. დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურითაა შემაღლებული. აფსიდის კონქის სამხრეთ ნაწილში ერთი სარეზონატორო ქვევრია დატანებული. საკურთხევლის წინ სოლეაა, რომლის ცენტრში ამბიონია. გრძივი კედლები დანაწევრებულია ორსაფეხურიანი პილასტრებით, ზედა საფეხურზე გადაყვანილია კამარის საბჯენი თაღები, ქვედა საფეხურზე კი – კედლების დამანაწევრებელი დეკორატიული თაღები. კამარის საბჯენ თაღებსა და კამარას შეისრული მოხაზულობა აქვს. ტაძრის დასავლეთ ნაწილში ხის პატრონიკეა მოწყობილი. ეკლესია სამი სარკმლით ნათდება, ერთი სარკმელი აფსიდშია გაჭრილი, ორი კი – სამხრეთ კედელში. სამხრეთის მინაშენი ტაძრის თანადროულია. გალერეა გადახურულია ცილინდრული კამარით. მინაშენის დასავლეთ ნაწილი ორსართულიანია და ორფერდა სახურავითაა გადახურული, ამ ნაწილში პატრონიკეზე ასასვლელი კიბეა მოთავსებული. ორსართულიანი სათავსი ეკლესიას თაღოვანი ღიობით უკავშირდება, ის თაღოვანი ღიობით უკავშირდება პატრონიკესაც. გალერეას სამხრეთით სწორკუთხა შესასვლელი აქვს, შესასვლელის ჩარჩო XIX საუკუნისაა. კარიბჭე-სამრეკლო XIX საუკუნით თარიღდება. მისი პირველი სართული დახურულია და ფართო სწორკუთხა სარკმლებით ნათდება, გადახურულია შეკრული კამარით. კარიბჭეს სამხრეთით სწორკუთხა შესასვლელი აქვს. შესასვლელის თავზე, ნახევარწრიულ ტიმპანის არეში, რელიეფური გოლგოთის ჯვარია მოთავსებული სამშენებლო მხედრული წარწერით. კერიბჭის მეორე სართულზე ზარებისთვის განკუთვნილი ფანჩატურია, რომელიც ოთხივე მხარეს თაღითაა გახსნილი. ეკლესიის ფასადები სამსაფეხურიანი აგურის ლავგარდნით სრულდება. საროლაშენის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკელსიაში დაცული იყო ოქრომჭედლობის ნიმუში – საღოლაშენის ლორფინები (XI ს-ის დასაწყისი), რომლებიც ამჟამად მუზეუმში ინახება.

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტომი V. 1990. თბილისი. 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *