მცხეთის “ანტიოქია”

მცხეთის "ანტიოქია" (სტეფანე პირველმოწამის ეკლესია)

მცხეთის “ანტიოქია” მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ქალქ მცხეთაში მდებარეობს. ტაძარი IV-V საუკუნეებშია აგებული და მოიცავს გვიანი პერიოდის ფენებსაც. ანტიოქია ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ძეგლია საქართველოში. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოჩნდა, რომ ამ ეკლესიის სამხრეთით, ანტიკურ პერიოდში, მდებარეობდა მცხეთის ერთ-ერთი კარიბჭე, ე. წ. “არაგვისკარი”. სწორედ ამ საფორთიკაციო სისტემაში იქნა ჩართული ანტიოქიის ეკლესია. V საუკუნეში არჩილ მეფემ (მირიან მეფის შვილთაშვილი და ვახტანგ გორგასლის ბაბუა) კარიბჭე გააუქმა და ანტიოქიის ეკლესიას სამხრეთიდან მიაშენა სტეფანწმინდის ტაძარი, რომელმაც კარიბჭე და ანტიოქიის თაღებით გახსნილი კედელი გადაფარა. “ქართლის ცხოვრება” მოგვითხრობს: “მაშინ არჩილ მეფემან აღაშენა ეკლესია სტეფანწმინდისა მცხეთას, კართა ზედა არაგვისათა, სადა იყვნენ კოშკნი მტკიცენი საბრძოლონი, რომელნი მასვე აღეშენნეს”. დღესდღეობით სტეფანწმინდის ტაძარი დანგრეულია, მისგან შემორჩენილია მხოლოდ ანტიოქიასთან მომიჯნავე ჩრდილოეთის კედელი, ანტიკური კარიბჭისა და სტეფანწმინდის ეკლესიის ნაშთები მიწის დონეზე იკითხება. ანტიოქიის ეკლესიის ზღურბლში ჩატანებული იყო ქვა ბერძნულენოვანი სამშენებლო წარწერით, რომელშიც იხსენიებიან წარჩინებული არქიტექტორი აქილევსი, ხუროთმოძღვარი და მხატვართუხუცესი ავრელიოს აქილიოსი და წარწერის ამომჭრელი არსფაკორესი, დღესდღეობით წარწერიანი ფილა მცხეთის არქეოლოგიურ მუზეუმშია დაცული. რომელ მშენებლობას ეხება აღნიშნული წარწერა უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ინტიოქიის მშენებლობას უნდა უკავშირდებოდეს. VIII საუკუნეში, მურვან ყრუს შემოსევებისას, ტაძარი გადაუწვავთ, მოგვიანებით კი საფუძვლიანად შეუკეთებიათ. XV საუკუნეში ტაძრის პერანგი თითქმის სრულად შეუცვლიათ, მეცნიერთა ვარაუდით ამავე პერიოდს უნდა მიეკუთვნებოდეს კარიბჭე, კარიბჭეზე დაშენებული კოშკი კი უფრო გვიანდელი უნდა იყოს. ანტიოქიის პირვანდელი ნაგებობა მცირე ზომის, სამხრეთიდან ორთაღედით გახსნილ ეკლესიას წარმოადგენდა, რომელიც აღმოსავლეთით, გარედან მრავალწახნაგა, ნახევარწრიული აფსიდით სრულდებოდა. ამჟამად აფსიდი სწორკუთხედშია მოქცეული. ტაძარი ე.წ. “ღია ეკლესიების” ჯგუფს მიეკუთვნება, ამ ტიპის ნაგებობები ადრექრისტიანულ პერიოდში გვხვდება (ჭერემის კვადრატი, ნეკრესის მცირე ეკლესია და ა.შ.), თუმცა მისი თაღებით გახსნილი კედელი არჩილის მიშენებულმა სტეფანწმინდის ეკლესიამ ამოავსო და თაღები მხოლოდ ინტერიერში იკითხება. შესასვლელი ერთია – დასავლეთიდან. აფსიდში სარკმელია გაჭრილი, სარკმლის ორივე მხარეს მცირე ზომის ნიშია მოწყობილი. კიდევ ერთი, უფრო გვიანდელი, სარკმელი ჩრდილოეთ კედელშია გაჭრილი. აფსიდის სამხრეთის მხრის ძირში და ჩრდილოეთის სარკმლის წირთხლში გვიანდელი ორნამენტიანი ფრაგმენტებია ჩასმული. კიდევ ორი ორნამენტული ფრაგმენტი კარიბჭეში დევს. აფსიდის ჩრდილოეთ მხართან კანკელის ფრაგმენტია შემორჩენილი. შენობა გადახურულია ცილინდრული კამარით. კამარის საბჯენი თაღი სამხრეთით კონსოლს ეყრდნობა, ჩრდილოეთით – პილასტრს, რომელიც შეწყვილებული გრეხილი ლილვებისგან შედგება. სატრიუმფო თაღი ნალისებრია და ჩრდილოეთით აფსიდის მხარში ჩასმულ პროფილირებულ კაპიტელზეა დაყრდნობილი, სამხრეთით კი – კონსოლზე. სამხრეთი კედლის ნალისებრი ორმაგი თაღი ოთხკუთხა ბურჯს ეყრდნობა. ინტერში კედლები შელესილია, XX ს-ში ნაწილობრივ მოიხატა. ნაგებობა ერთსაფეხურიან ცოკოლზე დგას. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელი პროფილირებულია. ფასადები სადაა, თლილი ქვის პერანგი XV საუკუნეშია გაკეთებული, იმავე პერიოდს მიეკუთვნება წრეთარგისა და ლილვისგან შედგენილი ლავგარდანი. ეკლესიას დასავლეთით გეგმაში კვადრატული მოხაზულობის ორსართულიანი კარიბჭე აქვს მიშენებული. კარიბჭე ჩრდილოეთით ორმაგი თაღითაა გახსნილი, რომელიც ჯვრული გეგმის ბურჯს ეყრდნობა. კედლები შიგნიდან შელესილია, კამარა მოხატულია (მოხატულობა შესრულებულია XX ს-ში). ფასადები ორმაგლილვიანი ლავგარდნით სრულდება. კარიბჭის მეორე სართულისგან მხოლოდ სათოფურებიანი კედლების მცირე ნაწილია შემორჩენილი. წმ. სტეფანეს ეკლესია ნაგები იყო აგურისა და ქვის შერეული წყობით. როგორც ჩანს, იგი შვერილაფსიდიან დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენდა. მცხეთის “ანტიოქია” ქართული კულტურის ერთ-ერთი საინტერესო და საყურადღებო ძეგლია თავისი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობით.

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *