შინდისის ციხე-გალავანი

შინდისის ციხე-გალავანი

შინდისის ციხე-გალავანი შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მდებარეობს. იგი XVIII საუკუნით თარიღდება. ციხეს გეგმაში მართკუთხა მოხაზულობა აქვს და რიყის ქვითაა ნაგები, გამოყენებულია აგურიც. დასავლეთით ფართო, თაღოვანი შესასვლელია მოწყობილი. გალავნის ოთხივე კუთხეში ცილინდრული კოშკები დგას. ნაგებობა დაზიანებულია. გალავანი ორიარუსიანია, ქვედა იარუსი ყრუა, ზედას კი ხის საბრძოლო ბილიკი გასდევდა. მეორე იარუსი ორმაგი სათოფურებითაა აღჭურვილი. გალავანსა და კოშკებს ნახევარწრიული ქონგურები ასრულებს. კოშკები სამსართულიანი ყოფილა. თითქმის სრულად შემორჩენილია სამხრეთ-აღმოსავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის კოშკები. სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკის პირველი სართულის კედლები ყრუა, მეორე და მესამე სართულებს ეზოს მხრიდან შესასვლელები აქვს. მეორე და მესამე სართულების კედლებში ცალმაგი და ორმაგი სათოფურებია მოწყობილი. სართული აგურის სფერული კამარითაა გადახურული. სართულები ერთმანეთს კედელში დატანილი კიბით უკავშირდებოდა. შესასვლელები ჩრდილო-დასავლეთის კოშკშიც მეორე და მესამე სართულებზეა გაჭრილი. პირველი სართულის კარის პირდაპირ ბუხარია, გვერდებზე კი – სათოფურებიანი ნიშები. კედლებში ორი პატარა სარკმელია. კოშკის მეორე სართულზე ბუხარი და სარკმლები პირველი სართულის მსგავსადაა განლაგებული. კედლებში მოწყობილია ცალმაგი და შეწყვილებული სათოფურები და ოთხი სალოდე. სამხრეთ-დასავლეთის კოშკი ორი სართულის დონეზეა შემორჩენილი და დანარჩენი კოშკების მსგავსი არქიტექტურული გადაწყვეტა აქვს. ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკი თითქმის მთლიანად დანგრეულია და შემორჩენილი პირველი სართული მიწით არის ამოვსებული.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *