ზემო ნიქოზის ღვთაების სამონასტრო კომპლექსი

ზემო ნიქოზის ღვთაების სამონასტრო კომპლექსი

ზემო ნიქოზის ღვთაების სამონასტრო კომპლექსი შიდა ქართლშიგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში მდებარეობს. კომპლექსი მოცავს სამ სხვადასხვა პერიოდის ნაგებობას, ესენია: ღვთაების ეკლესია, სამრეკლო და საეპისკოპოსო სასახლე. ანსამბლის მთავარი ნაგებობა გუმბათოვანი ტაძარია. პირვანდელი ეკლესია, რომელიც სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენდა, V საუკუნით თარიღდება, თუმცა იგი მოგვიანებით, XIV-XV საუკუნეებში, გუმბათოვან ეკლესიად გადაუკეთებიათ. V საუკუნის ტაძრისგან შემორჩენილია აფსიდი, პასტოფორიუმები და კბილანა ლავგარდანის ფრაგმენტები. ზემო ნიქოზის ეკლესია ვახტანგ გორგასალმა ააგებინა წარმართული სალოცავის ადგილზე, სადაც დაკრძალული იყო სპარსელებისაგან წამებული რაჟდენი (ვახტანგ გორგასლის მეუღლის აღმზრდელი). ჯუანშერის თხზულება – “ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა” გვამცნობს: “აღაშენა ეკლესია ნიქოზისა საგზებელსა თანა ცეცხლისასა და დასუა ეპისკოპოსი, სადა-იგი ეფლა გუამ წმიდისა რაჟდენისა, რომელი იწამა სპარსთა მიერ წყობისა ვახტანგისისა. ესე რაჟდენ იყო მამამძუძე ვახტანგის ცოლისა, რომელი იგი პირველ მოეყვანა სპარსთა მეფისა ასული, და მოიქცა იგი ქრისტიანედ და იქმნა იგი დიდად მორწმუნე; და იყო იგი ბრძოლასა მას შინა ძლიერ. შეიპყრეს იგი სპარსთა და აიძულებდეს, რათამცა უარეყო ქრისტე, ხოლო მან წმიდამან აღირჩია წარუვალი იგი დიდება და იწამა ქრისტესათვის”. ეკლესიის ფასადებზე ფასადებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ასომთავრული, ნუსხური და მხედრული წარწერები. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, V საუკუნის ასომთავრული წარწერაა: “წ(მიდა)ო ს(ა)მ(ება)ო, ზ(აქა)რ(ი)ა პ(ი)რ(ვე)ლ ეპ(ის)კ(ოპოს)ი შ(ეიწყალ)ე”, სამხრეთ ფასადზე კი X საუკუნის დაზიანებული წარწერა გვხვდება: “[ამენ]. [მ(ი)ქ(აე)ლ] ეპისკ(ო)პ(ო)ზმ(ა)ნ აღვ(ა)შ(ე)ნე წ(მიდა)ჲ ეკლ(ე)ს(ია)ჲ”. გვიანი გადაკეთების შედეგად ტაძრის პირვანდელი სახე დარღვეულია. ნაგებობას დაბალი გუმბათი ადგას და მისი პროპორციები ნაკლებად ჰარმონიულია. ფასადები ერთიანია, დაუნაწევრებელი, რაც დაბალ გუმბათთან ერთად საკმაოდ ტლანქ მასებს ქმნის. ტაძარი მოკლებულია ერთიან დეკორატიულ სისტემას, ფასადებზე მიმოფანტულია სხვადასხვა პერიოდის რელიეფები, ძირითად მხატვრულ ეფექტს პოლიქრომულობა ქმნის. ძეგლის მთლიანობაში უხეშად იჭრება ასევე XIX საუკუნეში გაფართოებული სწორკუთხა სარკმლები. როგორც ჩანს, პირვანდელ ბაზილიკას ლაკონური, თუმცა გააზრებული საფასადო გადაწყვეტა უნდა ჰქონოდა, რაზეც ლავგარდნის ფრაგმენტები და აღმოსვლეთის სარკმლის სათაური მეტყველებს. ყურადღებას იქცევს დასავლეთ ფასადზე ჩართული განვითარებული შუა საუკუნეების კანკელის ფრაგმენტები, რომელიც მდიდრულად მოჩუქურთმებული, შესანიშნავი ნიმუში უნდა ყოფილიყო. ნიქოზის ღვთაების ეკლესია საინტერესოა, როგორც ისტორიული თვალსაზრისით, ასევე როგორც რეტროსპექტიული ნიმუში, სადაც შეგვიძლია გავაანალიზოთ სხვადასხვა ეპოქის ტენდენციები. აღსანიშნავი ძეგლია საეპისკოპოსო სასახლეც, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას შესასვლელის დეკორით იქცევს – შესასვლელი გაფორმებულია ერთმანეთზე გადაბმული პატარა თაღებისგან შექმნილი თაღით, მსგავსი დეკორი გვხვდება კალაურის კომპლექსის სატრაპეზოში. უნიკალურია ღვთაების კომპლექსის XVI-XVII საუკუნეების სამრეკლო, რომლის II სართული გადახურულია ოთხფერდა, ოთხი რომბული ფორმით შექმნილი, ლორფინის სახურავით, ოთხივე ფასადი ფრონტონით სრულდება – ამგვარად გადაწყვეტილი სამრეკლო საქართველოში სხვაგან არ გვხვდება. ზემო ნიქოზის ღვთაების სამონასტრო კომპლექსი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია, სადაც საინტერესო ხუროთმოძღვრულ გადაწყვეტებსა და სხვადასხვა ეპოქებს შეგვიძლია გავადევნოთ თვალი. ღვთაების კომპლექსთან ახლოს შეგიძლიათ მოინახულოთ ზემო ნიქოზის მთავარანგელოზის ეკლესია. სოფელი ზემო ნიქოზი საოკუპაციო საზღვართან მდებარეობს და აქ მოსახვედრად აუცილებლად უნდა იქონიოთ პირადობის მოწმობა.

 

ძეგლის აღწერა

ზემო ნიქოზის ღვთაების სამონასტრო კომპლექსი მოიცავს რამდენიმე ნაგებობას, ესენია: ღვთაების ეკლესია, სამრეკლო, საეპისკოპოსო სასახლე. ზემო ნიქოზის ღვთაების ტაძარი V საუკუნით დათარიღებული სამნავიანი ბაზილიკაა, რომელიც XIV-XV საუკუნეებში გუმბათოვან ეკლესიად გადაკეთდა. ინტერიერში მკაფიოდ ჩანს პირვანდელი ფორმები, მისგან შემორჩენილია აფსიდი, სამკვეთლო და სადიაკვნე, ნალისებრი კბილანა ლავგარდანის ფრაგმენტები. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს – დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით (ამჟამად ამოქოლილია). ნაგებობაში ხაზგასმულია სიგრძივი ღერძი. ტაძრის თავდაპირველი ბაზილიკური გეგმარებიდან გამომდინარე, გუმბათი ნაგებობის დასავლეთ ნაწილშია, ტრადიციულად ქართულ ტაძრებში გუმბათი ნაგებობის ცენტრში ან აღმოსავლეთ ნაწილშია აღმართული. აღმოსავლეთის მკლავი აფსიდალურია. საკურთხეველი ორი საფეხურითაა შემაღლებული. საკურთხევლის აფსიდის ორივე მხარეს სწორკუთხა პასტოფორიუმია. სამკვეთლო და სადიაკვნე გადახურულია კამარით, შესასვლელი დასავლეთიდან აქვთ. საკურთხევლის აფსიდსა და პასტოფორიუმებში თითო სარკმელია გაჭრილი, თითო სარკმელია ეკლესიის დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშიც. გუმბათი ოთხ ბურჯს ეყრდნობა. გუმბათქვეშა თაღებს შეისრული მოხაზულობა აქვს. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრების საშუალებით ხორციელდება. გუმბათის ყელში რვა სარკმელია გაჭრილი. იატაკი ნატეხი ქვითა და აგურითაა მოგებული. ინტერიერი მოგვიანებით შეულესავთ. ფასადები უხვად არ არის დეკორირებული. აღმოსავლეთის სარკმლისგან გადაკეთების შემდეგ თაღები და რელიეფური ჯვარია შემორჩენილი, სარკმელს პატარა თაღებით მიღებული კბილანა სათაური ამკობს. ჩრდილოეთის სარკმელს ლილვოვანი მოჩარჩოება აქვს, ლილვების ბაზისები და კაპიტელები მოჩუქურთმებულია. სარკმლის თავზე სამი კოპია მოთავსებული. დასავლეთის სარკმლის თავზე მოჩუქურთმებული კოპი და ძველი კანკელის ჩუქურთმიანი ფრაგმენტებია ჩასმული. შესასვლელებს წნული ორნამენტით შემკული მოჩარჩოება აქვს. საინტერესოა შესასვლელების გადაწყვეტა, თაღის არეში ჩარჩო წინაა გადმოწეული და საფეხურს ქმნის. გუმბათის სარკმლებს დეკორატიული თაღედი ევლება. კედლებზე გვხვდება რამდენიმე რელიეფური ჯვარი. ფასადებს წრეთარგისა და ლილვისგან შექმნილი ლავგარდანი ასრულებს, აღმოსავლეთ ნაწილში ჩართულია ძველი კბილანა ლავგარდნის ფრაგმენტები. კედლები მოპერანგებულია მოყვითალო, მოღვინისფრო რუხი ფერის სუფთად თლილი ქვით.

გალავნის ჩრდილოეთ-დასავლეთ კუთხეში ორსართულიანი სამრეკლო დგას. იგი XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. პირველი სართული ორ მხარეს თაღებით გახსნილ კარიბჭეს წარმოადგენს. დასავლეთის კედელზე ჯვრის სამი გამოსახულებაა. ფასადებზე რამდენიმე ასომთავრული წარწერაა, რომლებშიც იხსენიებიან სამრეკლოს მაშენებელი კალატოზები – მარკოზ და მახარობელ მემარნიშვილები, გიორგი გურიტიშვილი. მეორე სართული ზარებისთვის განკუთვნილი ფანჩატურია, რომელიც ოთხივე მხარეს ორ-ორი შეისრული თაღითაა გახსნილი. სართულებს ხის კიბე აკავშირებდა. სამრეკლო გადახურულია ოთხფერდა, რომბისებრი ფორმებით შექმნილი, ლორფინის სახურავით. ოთხივე ფასადი ფრონტონით სრულდება, რომელთა კეხზეც ქვის ცხვრის თავის გამოსახულებებია მოთავსებული.

საეპისკოპოსო სასახლე გალავნის გარეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთით დგას. იგი X-XI საუკუნეებით თარიღდება, გადაკეთებულია XVIII-XIX საუკუნეებში. სასახლე გეგმით სწორკუთხა, ორსართულიანი ნაგებობაა, რომელიც ნაშენია რიყის ქვით და აგურით. შესასვლელი ორია – ჩრდილოეთითა (მთავარი) და დასავლეთით. პირველი სართულის სამხრეთ კედელში მოზრდილი სარკმელი და დიდი ბუხარია. ბუხრის ცენტრში პატარა ნიშია, სარკმლის გვერდით – ოთხკუთხა ნიში. ნიშთან, კედელში, დიდი ზომის კერამიკული მილებია დატანებული. დასავლეთ კედელში ორი სარკმელი და ტრაპეციული ღრმა ნიშია, რომელიც მეორე სართულზე გრძელდება. იქვე ახლოს ოთხკუთხა ნიშიც არის. ჩრდილოეთ კედელში, კარის ორივე მხარეს, თითო ნიშია. მეორე სართულზე, სამხრეთ კედელში,  ბუხარია, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებში კი ნიშები და სარკმლები. ჩრდილოეთის შესასვლელი გარედან დიდ თაღშია მოქცეული, რომელიც დაბალ კოლონებზე გადაყვანილ კბილანა თაღს წარმოადგენს. სასახლის დასავლეთ კედელს გოდოლი აკრავს.

 

 

იხილეთ სამნავიანი ბაზილიკები ⇒ 

იხილეთ ჩახაზული ჯვრის ტიპის ეკლესიები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *