მერაბ ციციშვილის საძვალე

მერაბ ციციშვილის საძვალე

მერაბ ციციშვილის საძვალე შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში მდებარეობს, სამწევრისის წმ. გიორგის ეკლესიის გვერდით. იგი XVI საუკუნის II ნახევრით თარიღდება. საძვალე ამ ადგილის მფლობელისთვის – მერაბ ციციშვილისათვის ააგეს მისმა მეუღლემ და შვილმა. 1940 წელს ნაგებობა მიწისძვრამ დააზიანა, ამჟამად რესტავრირებულია. ინტერიერი უახლოეს წარსულში შეულესავთ და იატაკზე ახალი ფილები მოუგიათ, შესაბამისად დაკარგულია პირვანდელი სახე. შენობა ძირითადად კვადრატული აგურითაა ნაგები, გამოყენებულია ასევე ნატეხი და რიყის ქვა. შესასვლელი დასავლეთიდანაა, ნახევარწრიულთაღოვანი. დარბაზი სამი სარკმლით ნათდება, თითო სარკმელია გაჭრილი აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებში. ფასადები დეკორირებულია აგურთ გამოყვანილი ელემენტებითა და კერამიკული შორენკეცებით. შორენკეცები გამოყენებულია ინტერიერშიც – აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებზე. გვხვდება, როგორც ორნამენტული, ასევე სიუჟეტური შორენკეცები. სიუჟეტური შორენკეცებით მხოლოდ საკურთხეველია შემკული, რომლებზეც წმინდანთა ფიგურებია გამოსახული. ყოველი დეკორატიული ფილა განსხვავებულადაა დეკორირებული. ფასადებს სამსაფეხურიანი აგურის ლავგარდანი ასრულებს. შენობა გადახურულია აგურის ორფერდა სახურავით.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *