ზემო ნიქოზის მთავარანგელოზის ეკლესია

ზემო ნიქოზის მთავარანგელოზის ეკლესია

ზემო ნიქოზის მთავარანგელოზის ეკლესია შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში მდებარეობს. იგი X საუკუნით თარიღდება. წარწერის თანახმად, ეკლესია მიქაელ ეპისკოპოსს აუგია: “ქ. ს(ა)ხ(ე)ლ(ი)თა ღ(მრთისაჲთ)ა მე მ(ი)ქ(აე)ლ ნ(ი)ქ(ო)[ზ](ე)ლ [ე]ბჲსსკ(ოპო)ზმ(ა)ნ აღვ(ა)შ(ე)ნე წ(მიდა)ჲ ეკლ(ე)ს(ია)ჲ რ(ომე) არს სახლი ღ(მრთი)ს(ა)ჲ და ბჭჱ ცათაჲ საყოფელი წ(მიდი)სა ღ(მრ)თ(ი)სმშ(ო)ბელის(ა)ჲ და წ(მიდა)თა მთ(ა)ვ(ა)რ(ა)ნგ(ე)ლ(ო)ზთ(ა)ჲ ს(ა)ლ(ო)ც(ველა)დ ს(უ)ლისა ჩ(ე)მისათ(ჳ)ს“. კიდევ ერთი წარწერა გვხვდება გუმბათზე, ლომის ორ გამოსახულებას შორის: “ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალ)ე იოვ(ა)ნე დ(ი)სწ(უ)ლი მ(ი)ქ(აე)ლ ებ(ის)კ(ოპო)ზ(ისა)ჲ“. ზემო ნიქოზის მთავარანგელოზის ეკლესია ქართული კულტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუშია. ტაძარი დახვეწილი, ჰარმონიული პროპორციებით ხასიათდება, ინტერი დინამიურია. ნაგებობას გააჩნია გააზრებული, დასრულებული მხატვრული სახე. ეკლესიის მხატვრულ-არქიტექტურულ გადაწყვეტაში ჩანს ტაო-კლარჯეთის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ნიშნები, როგორიცაა მაგ.: ნიჟარისებურად დამუშავებული აფრა-ტრომპები, გუმბათის სარკმლებზე გადავლებული გრეხილი ლილვების პილასტრებზე გადაყვანილი თაღედი, იმპოსტების ინდივიდუალური დამუშავებით, სეგმენტმოკვეთილი კონცენტრული წრეებისგან შედგენილი ორნამენტული მოტივი და ა.შ. ფასადები უხვად დეკორირებული არ არის, თუმცა მორთულობა ელეგანტური და ოსტატურად შესრულებულია. შენობას მხატვრულობას სძენს პოლიქრომულობაც. ტაძრის რელიეფებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ჩრდილოეთ ფასადზე გამოსახული წმ. გიორგის უნიკალური კომპოზიცია, რომელიც, მიუხედავად სქემატურობისა, ძალიან დინამიურია. აღნიშნულ რელიეფზე გველეშაპი ჰაერშია გაკლაკნილი, ტრადიციული სცენებისგან განსხვავებით, აქვე ჩანს მთვარე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მთვარის კულტისა და წმ. გიორგის კულტის შერწყმასთან. ზემო ნიქოზის წმ. გიორგის რელიეფი გარკვეულ საერთოს პოულობს ფავნისის წმინდა გიორგის ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე მოთავსებულ გველეშაპისა და მთვარის გამოსახულებასთან. ტაძრის ჩრდილოეთის შესასვლელის არქიტრავზე შემორჩენილია ასომთავრული წარწერა: “ქრისტე, სახელითა ღმრთისაითა, მე მიქაელ ნიქოზელ ებისკოპოზმან აღვაშენე წმიდაი ეკლესიაი, რომელ არს სახელი ღმრთისაი და ბჭეი ცათაი, საყოფელი წმიდისა ღმრთისმშობელისაი და წმიდათა მთავარანგელოზთაი სალოცველად სულისა ჩემისათვის”. კიდევ ორი წარწერაა შემორჩენილი გუმბათზე, რომელთაგან ერთი ძალიან დაზიანებულია, მეორე კი შემდეგნაირად იკითხება: “ქრისტე შეიწყალე იოვანე დისწული მიქაელ ებისკოპოზისაჲ”. მთავარანგელოზის ეკლესიასთან ახლოს შეგიძლიათ მოინახულოთ ღვთაების ეკლესიის კომპლექსი. ზემო ნიქოზი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს და აქ მოსახვედრად აუცილებლად თან უნდა გქონდეთ პირადობის მოწმობა.

 

ძეგლის აღწერა

ზემო ნიქოზის მთავარანგელოზის ეკლესია მომცრო ზომის, კუპელჰალეს ტიპის ნაგებობას წარმოადგენს. შესასვლელი სამია – სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით, სამხრეთისა და ჩრდილოეთის შსასვლელები გარედან არქიტრავულია, შიგნიდან – თაღოვანი, დასავლეთის შესასვლელი თაღოვანია. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდით სრულდება. აფსიდის ორივე მხარეს აფსიდალური მომცრო უბეა მოწყობილი. შიდა სივრცეს ართულებს პილონები და მათზე გადაყვანილი თაღები. გუმბათი გრძივი კედლების ორ წყვილ პილონს ეყრდნობა. გუმბათის ყელი მაღალია, მისი სიმაღლე შენობის ქვედა კორპუსის სიმაღლეს უტოლდება. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრა-ტრომპებით ხორციელდება. ეკლესია შვიდი სარკმლით ნათდება, ოთხი სარკმელი გუმბათის ყელშია გაჭრილი, თითო კი – აღმოსავლეთის აფსიდებში. ძლიერად შვერილ პილონები და მათ შორის წარმოქმნილი ღრმა უბეები შენობის შიდა სივრცეს დინამიურობას სძენს. პილონებზე აყრდნობილი პილასტრები სადად დეკორირებული იმპოსტებით სრულდება, რომლებიც მორთულია წვრილი ხაზებითა და პატარა თაღების მწკრივით. თაღების მწკრივითაა შემკული სატრიუმფო თაღიც. აფრებში მოთავსებულ დეკორატიულ ტრომპებს ნიჟარისებრი გადაწყვეტა აქვს, დიდ ტრომპებთან მოთავსებულია ასევე მცირე ზომის სადა ტრომპები. ეკლესიის სამივე შესასვლელის წინ ღია კარიბჭე ყოფილა მოწყობილი, რომელთაგან მხოლოდ კრონშტეინები და მოჩუქურთმებული კაპიტელებისა და ბაზისების მქონე ცილინდრული პილასტრებია შემორჩენილი. ტაძრის კორპუსი თითქმის მოურთველია, მთავარი აქცენტი გუმბათზეა გადატანილი. გუმბათი დეკორატიული თაღედითაა მორთული, რომელიც შეწყვილებული გრეხილი ლილვების პილასტრებს ეყრდნობა. პილასტრების იმპოსტები სხვადასხვაგვარადაა მორთული, გვხვდება გეომეტრიული და ზოომორფული მოტივები, ერთ-ერთ იმპოსტზე ორი მშენებელია გამოსახული. ფასადების სხვადასხვა პერიოდის ფრაგმენტებისგან შედგენილი ლავგარდანი ასრულებს. ეკლესია ნაგებია რუხი, ღვინისფერი და მოყვითალო ფერის სუფთად თლილი კვადრებით.

 

 

იხილეთ კუპელჰალეს ტიპის ტაძრები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *