საროს არქიტექტურული კომპლექსი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროში მდებარეობს. იგი მრავალფენიანი ძეგლია, უძველესი ფენა რკინის ხანით თარიღდება. კომპლექსი მოიცავს წინარექრისტიანულ, მშრალი წყობით ნაგებ ციხე-კომპლექსს, რომელიც სხვადასხვა პერიოდშია განახლებული და VII-VIII საუკუნეების დარბაზულ ეკლესიას. საროს არქიტექტურული კომპლექსი თავისი კულტურული ღირებულებით საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი ნიმუშია. ათასწლეულების ციხე დღესაც უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს თავისი მასშტაბითა და სამშენებლო წყობით. ასევე საინტერესო ნიმუშია მთავარანგელოზის ეკლესიაც, რომელიც ყურადღებას იქცევს ელეგანტური მხატვრულ-კომპოზიციური გადაწყვეტით.
საროს ციკლოპური ციხე
საროს ციკლოპური ციხე კლდოვანი მთის ფლატეზეა განლაგებული. იგი მოიცავს წინარექრისტიანულ და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებს. ციხე ნაგებია დიდი ზომის ვულკანური ქვების მშრალი წყობით, XII საუკუნეში აღდგენისას გამოუყენებიათ დუღაბიც. კედლების სიგანე 1.5 მეტრიდან 3 მეტრამდე მერყეობს. ყურადღებას იქცევს დიდი ზომის დამუშავებული ქვების გამოყენება და წყობის სიმეტრიულობა, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტის ყორღანული კულტურის სამარხი კამერების სამშენებლო ტექნიკასთან ამჟღავნებს საერთოს. კომპლექსი სამი ნაწილისგან შედგება – ქვედა ციხე, შუა ციხე და ზედა ციხე. ქვედა ციხე სოფლის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ფლატის კიდეში მდებარეობს. იგი მშრალი წყობით ნაგები გრძელი კედლის სახითაა შემორჩენილი რომელშიც არქიტრავული კარია გაჭრილი. აქვე გვხვდება დარანიც, რომელიც დღესდღეობით მიწითაა ამოვსებული. შუა ციხე მთავარანგელოზის ეკლესიასთანაა განლაგებული. შუა ციხე ორი სხვადასხვა ზომის სათავსოს და სხვა ნაგებობათა ცალეკულ ნაშთებს მოიცავს. დარანი აქაც გვხვდება, რომელიც, გარდა მცირე ნაწილისა, ასევე მიწითაა ამოვსებული. ზედა ციხე უფრო ჩრდილოეთით მდებარეობს და ძირითადად XII საუკუნის კოშკის სახითაა შემორჩენილი. კოშკთან გვხვდება ქვა ასომთავრული წარწერით: “ქრისტე, ადიდენ ძლიერი და უძლეველი მეფეთა მეფე დემეტრე, რომელმან რეხი მამულობით გვიბოძა. მას ჟამსა ესე ციხე ავაგეთ. მე დგაჩე დავწერენ გ…გს˜ნ და მაჭას მამული”. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ადრე ბრინჯაოს მტკვარ-არაქსული კულტურის, გვიანი ბრინჯაოს ხანისა და შუასაუკუნეების კერამიკის ნატეხები. საროს ციკლოპური ციხის სამხრეთით შემორჩენილია ძველი ნამოსახლარების ყორე-კედლები და ნაგებობათა ნაშთები.
საროს მთავარანგელოზის ეკლესია
საროს მთავარანგელოზის ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, სამხრეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის მინაშენებით. ნაგებობა სახეცვლილია XIX საუკუნეში. იგი VII-VIII საუკუნეებით თარიღდება. ეკლესიის დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომელიც ბემითაა დაგრძელებული. გრძივი კედლები ორი წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული, რომლებზეც კამარის საბჯენი თაღები უნდა ყოფილიყო გადაყვანილი, თუმცა XIX საუკუნის აღდგენისას ცილინდრული კამარა თაღების გარეშე აღუდგენიათ. ინტერიერი შელესილია. ჩრდილო-არმოსავლეთის სათავსი ეკლესიასთან შედარებით, ბევრად მოკლეა და სამკვეთლოს ფუნქციას ასრულებს, იგი უშუალოდ უკავშირდება საკურთხეველს. დარბაზი სამხრეთის ეკვდერს ორთაღედით უკავშირდება. ეკვდერი ვიწრო და გრძელი სათავსოა, რომელიც სამხრეთით წრიულ სვეტზე დაყრდნობილი ორი თაღით იყო გახსნილი, თაღები მოგვიანებით ამოუშენებიათ. სვეტს მასიური, დეკორატიულად შემკული კაპიტელი ასრულებს. ეგვტერის სწორკუთხა საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. საკურთხევლის წინ, სამხრეთის კედელზე ქვის სანათლავია მიდგმული. ეკლესიას დასავლეთიდან ნართექსი ეკვრის, რომელიც დარბაზს თავდაპირველად კარით უკავშირდებოდა. მოგვიანებით კარის ნაცვლად დიდი თაღი გაუკეთებიათ. მინაშენებს ერთკალთა გადახურვები აქვთ. საინტერესოა ნართექსის გადახურვა, იგი კუთხით არ ერწყმის სამხრეთის ეკვდერის სახურავს, როგორც უმრავლეს შემთხვევაში გვხვდება, არამედ მთელს სიგანეზე თანაბრად, კუთხის წაქვეთის გარეშე გრძელდება. ნართექსს მოგვიანების სამრეკლოს ფანჩატური დააშენეს. ტაძრის ფასადები თითქმის სრულიად სადაა. ეკლესია შეთეთრებულია კირხსნარით, თუმცა წყობის ხასიათი ნათლად იკითხება. შენობის კუთხეები თლილი ქვიშაქვის კვადრებითაა ამოყვანილი, კედლის სიბრტყეები კი – ერთი ზომის პირმოსწორებული ვულკანური ბაზალტის რეგულარული წყობით. ძირითად მხატვრულ ეფექტს კომპოზიცია, მოცულობათა ურთიერთობა კედლის წყობა ქმნის. ნაგებობის ერთ-ერთი საინტერესო კომპოზივიური თავისებურებაა, აბრისის განსხვავებულობა აღმოსავლეთის და დასავლეთის მხრიდან, აღმოსავლეთით ეკლესიას სამნავიანი ბაზილიკის მოხაზულობა აქვს, თუმცა ჩრდილოეთის მინაშენის სიმოკლის გამო დასავლეთიდან კომპოზიცია და მოხაზულობა სრულიად იცვლება. მთავარი აქცენტი სამხრეთის ორთაღედი იყო, რომელიც ამოშენების მიუხედავად, მაინც ინარჩუნებს მხატვრულ მნიშვნელობას. თლილი ქვით ამოყვანილ თაღებს ბურთულების უწყვეტი ჯაჭვი მიჰყვება. დასავლეთ თაღში სარკმელია დატოვებული, რომელსაც ბურთულების ჯაჭვით დეკორირებული, ჰორიზონტალურგადანაკეცებიანი, თაღოვანი თავსართი ამკობს, რომელიც თავდაპირველად ტაძრის სხვა სარკმლის მორთულობა უნდა ყოფილიყო. ნარტექსს დასავლეთიდან სწორკუთხა შესასვლელი აქვს, რომლის არქიტრავის ზემოთ ჰორიზონტალურგადანაკეცებიანი თაღოვანი თავსართია. თავსართის ზედაპირი დაბალი კვეთის ლილვებითა და წნული ორნამენტის კომბინაციითაა მორთული. თავსართით შემოფარგლული ნაწილი, ძირითად სიბრტყესთან შედარებით, შეღრმავებულია და ლუნეტისფერი არე იქმნება. ეკლესიას ვიწრო, თაღოვანი სარკმლები ჰქონდა, რომლებიც XIX საუკუნეში გაუგანიერებიათ და დიდ სწორკუთხა სარკმლებად უქცევიათ, რაც დიდად ვნებს ძეგლის მხატვრულ მთლიანობას. დასავლეთ ფასადზე შემორჩენილია თაღოვანი სარკმლის ჰორიზონტალურგადანაკეცებიანი სათაური. ფრონტონის არეში რელიეფური ჯვრის გამოსახულებაა მოთავსებული. ეკლესიის ეზოში დეკორირებული თავსართია, რომელიც აღმოსავლეთ სარკმლისა უნდა ყოფილიყო.
ავტორი: თამთა დოლიძე.
გამოყენებული ლიტერატურა:
- გ. ბოჭორიძე – მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში. 1992. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
- გ. მარსაგიშვილი – საროს მთავარანგელოზთა ეკლესია. ახალციხის და ტაო-კლარჯეთის ეპარქია (რედ. ვალერი ასათიანი). 2013. თბილისი.
- დ. ნარიმანიშვილი – საქართველოს ციკლოპური სიმაგრეები. 2019. თბილისი. (მიჰყევით ბმულს).
რესურსები ინტერნეტში:
- საროს კომპლექსი. ძეგლის ბიბლიოგრაფია. nplg.gov.ge ⇒
- საროს (რეხის) ციხე. memkvidreoba.gov.ge ⇒
- საროს ციხე. ka.wikipedia.org ⇒
- საროს მთავარანგელოზთა ეკლესია. ka.wikipedia.org ⇒
- ჯავახეთის ძველი სიმაგრეები. dzeglebi.ge ⇒
- საროს ციხე. georgiantravelguide.com ⇒