თბილისის “ლურჯი მონასტერი”

თბილისის "ლურჯი მონასტერი"

თბილისის “ლურჯი მონასტერი” ქალაქ თბილისში, ლეო ქიაჩელის ქუჩის №25-ში მდებარეობს. იგი XII საუკუნის II ნახევრით თარიღდება. “ლურჯი მონასტერი” უფრო ადრეული ეკლესიის ადგილასაა აშენებული. ეს სახელწოდება ტაძარს გუმბათის ლურჯი შორენკეცით მოპირკეთების გამო შეერქვა, თუმცა დღესდღეობით იგი თუნუქითაა გადახურული. სამხრეთის შესასვლელის ტიმპანზე დაცული ცხრასტრიქონიანი წარწერის თანახმად, ეკლესია ქართლის ყოფილ მთავარეპისკოპოს ბასილს აუგია თავისთვის და თავისი ძმისთვის, ერისთავთ-ერისთავის, ქართლის ამირთა-ამირის აბულასანისათვის საგვარეულო საძვალედ. ლურჯი მონასტერი თავდაპირველად გუმბათოვანი ეკლესია იყო, რომელიც გეგმარებით ბეთანია-ქვათახევის ჯგუფის ძეგლებს უახლოვდებოდა. XVI საუკუნეში მონასტერი სპარსელებმა დაანგრიეს. XVII ს-ში შენობა უგუმბათოდ აღადგინეს, როგორც ბაზილიკა, ტაძრის ინტერიერს ამჟამადაც სამნავიანი ბაზილიკის გადაწყვეტა აქვს. XVIII საუკუნეში იგი გაბაშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. XIX ს-ის დასაწყისში ეკლესია დენთის საწყობად გამოიყენებოდა. 1873 წელს არქიტექტორ ალექსანდრ ჩიჟოვის პროექტით ტაძარი შეაკეთეს და ახალი, ქართული არქიტექტურისთვის შეუსაბამო ფორმის გუმბათი დააშენეს. საბჭოთა პერიოდში, 1950-იან წლებში, ეკლესიის შენობაში სამხერხაო იყო მოწყობილი, მოგვიანებით – მედიცინის ისტორიის მუზეუმი. 1990 წელს ღმრთისმსახურება კვლავ აღდგა, ხოლო გუმბათის ხახვისებრი გადახურვა კონუსური გადახურვით შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ლურჯი მონასტერი მრავალგზისაა გადაკეთებული და ძალიან დამახინჯებულია მისი მხატვრული სახე და მთლიანობა, იგი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს და ყურადღებას იქცევს ინდივიდუალური თავისებურებებით. ძალიან საინტერესოა ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილის გადაწყვეტა – საკურთხევლის აფსიდი მცირედით, დაახლოებით მეოთხედითაა შვერილი, აფსიდის შვერილზე სამი სარკმელია განლაგებული, რომელთაგან ცენტრალური სარკმელი განაპირა სარკმლების ქვევითაა მოცემული (ტრადიციულად შუა სარკმელი პირიქით, განაპირა სარკმლებს ზემოთ მდებარეობს). აღმოსავლეთ ნაწილის კომპოზიცია, სარკმლების მდიდრულად მოჩუქურთმებული საპირეები, სამხრეთის ტიმპანი და საპერანგე წყობა რიგების ჰორიზონტალური დაცვით და ქვების შესანიშნავი მორგებით, მთლიანობაში გამორჩეულ მხატვრულ სახეს ქმნის.

 

ძეგლის აღწერა

თბილისის “ლურჯი მონასტერი” ჩახაზული ჯვრის ტიპის გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. შესასვლელი ორია – დასავლეთითა და სამხრეთით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული, მცირედით შვერილი აფსიდია. საკურთხევლის წინ ღრმა ბემაა. აფსიდის კონქიდან ბემის კამარამდე საკმაოდ მაღალი არქიტექტურული შუბლია. საკურთხევლის ორივე მხარეს სწორკუთხა პასტოფორიუმია. საკურთხევლისა და პასტოფორიუმების თავზე მეორე სართულია მოწყობილი. პასტოფორიუმების თავზე არსებული სივრცეები ინტერიერში დასავლეთისკენ სარკმლებით იხსნება. გუმბათი ბემის კუთხეებსა და დასავლეთის ორ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. ბურჯები ფუძიდან გარკვეულ სიმაღლემდე ოქტაგონალურია, ზევით კი სწორკუთხა. XVII საუკუნეში ეკლესია აღუდგენიათ, როგორც სამნავიანი ბაზილიკა, ამიტომაც ინტერიერში განივი მკლავები აღარ იკითხება, სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნაწილები მთელს სიგრძეზე დასავლეთ-აღმოსავლეთ მიმართულების ნახევარცილინდრული კამარებითაა გადახურული, სამნავიანი ბაზილიკების გვერდითი ნავების მსგავსად. გრძივი კედლები პილასტრებითაა დანაწევრებული, რომლებზეც კამარების საყრდენი ნახევართაღებია გადაყვანილი. XIX საუკუნეში ეკლესია კვლავ გუმბათოვან ნაგებობად გადააკეთეს, თუმცა ინტერიერის გადაწყვეტა არ შეცვლილა. გვიანდელი ფრონტონები ძალიან განიერია, ამძიმებს ტაძრის პროპორციებს და ამავდროულად შეიძლება ითქვას, რომ ისინი სრულიად ფორმალისტური ხასიათისაა, რადგან ინტერიერთან შესაბამისობაში არ არის. ფრონტონებში, კამარების ზევით, თავისუფალი არეებია, რომლებიც თითო თაღოვანი სარკმლით ნათდება. საკურთხეველი სამი თაღოვანი სარკმლით ნათდება, პასტოფორიუმები აღმოსავლეთის თითო სარკმლით. საკურთხევლისა და სამხრეთის პასტოფორიუმის სარკმლების გარდა ყველა სარკმელი გვიანდელია და დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მხარეს განათების წყაროთა თავდაპირველ განლაგებაზე ინფორმაცია არ მოიპოვება. ამჟამად დარბაზს ანათებს ორი დასავლეთის, სამი სამხრეთისა და ორი ჩრდილოეთის სარკმელი. გუმბათი დაბალია და რვასარკმლიანი, იგი ტაძრის მთლიან პროპორციებთან შედარებით ძალიან პატარა ჩანს. პირვანდელი ნაგებობისგან ყველაზე უკეთ აღმოსავლეთ ნაწილია შემორჩენილი, ტაძრის მნიშვნელოვანი ნაწილი კი გვიან შუა საუკუნეებსა და XIX ს-ში აგურითაა აღდგენილი. საპერანგე წყობის რიგები ძირითადად მთელს სიგრძეზე ერთი სიმაღლისაა და ფსევდო იზოდომს უახლოვდება, რაც შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებაში შედარებით იშვიათია. მორთულობა მხოლოდ სამხრეთის ტიმპანსა და აღმოსავლეთის სარკმლებზეა შემორჩენილი. სარკმლებს განიერი, მდიდრულად მოჩუქურთმებული საპირეები აქვს, რომლებიც შედგება გრეხილ ლილვებს შორის მოქცეული მცენარეული ორნამენტებისაგან და ორმაგლილვოვანი გარე ჩარჩოსგან. გარე ჩარჩოების პილასტრები მოჩუქურთმებული ბაზისებითა და იმპოსტებითაა შემკული, მათზე კი გადაყვანილია, ცრემლოვანი ორნამენტით შემკული, თაღები. მცენარეული ორნამენტი ყველა სარკმელს განსხვავებული აქვს. სამხრეთის ტიმპანზე ორღარიანი ლენტით წნული გოლგოთის ჯვარია გამოსახული. ფილის ძირითად ნაწილს სამშენებლო ასომთავრული წარწერა იკავებს, რომელიც სწორკუთხედში ექცევა. წარწერის სწორკუთხედსა და ტიმპანის თაღს შორის არეებს მცენარეული ორნამენტები ავსებს. ფილის თაღოვან ნაწილს ერთღარიანი ლენტისგან წნული ორნამენტი აჩარჩოებს. ტიმპანის ქვედა ნაწილს წარწერა გასდევდა, რომლისგანაც დღედღეობით დასავლეთ ნაწილის რამდენიმე ასოა შემორჩენილი. გუმბათის თაღოვანი სარკმლები მოქცეულია სიბრტყის შეწევით მიღებულ სწორკუთხა ჩარჩოებში. ფასადებს აგურის საფეხუროვანი ლავგარდანი ასრულებს, ლავგარდნებს ქვემოთ კბილანა ზოლურებია. საკურთხევლის სერილისა და გუმბათის ზოლურების კბილანებს სწორკუთხა ბოლოებები აქვს, ეკლესიის ძირითადი კორპუსისას კი – სამკუთხა. ნაგებობა გადახურულია თუნუქით.

 

 

იხილეთ ჩახაზული ჯვრის ტიპის ტაძრები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში:

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *