თბილისის მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი

თბილისის მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი

თბილისის მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი ქალაქ თბილისში, მეტეხის აღმართის N1-ში მდებარეობს. ძეგლი XIII საუკუნით თარიღდება. გადმოცემის თანახმად, ისტორიულ ისანში, მეტეხის ტაძრის ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ V საუკუნეში აუგია ვახტანგ გორგასალს ეკლესია და ციხე-სიმაგრე. ტაძრის არქიტექტურის გათვალისწინებით, იგი XIII საუკუნეზე უფრო ადრეული ტაძრის ადგილას, იმავე გეგმით უნდა იყოს აგებული. მეტეხი თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი ძეგლია. შენობის არქიტექტურა გამორჩეულია თავისი პერიოდის ძეგლთაგან, რაც ამ ტაძარს უნიკალურ ნიმუშად აქცევს. ეკლესიის გუმბათი ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა (XIII საუკუნის ტაძრებში გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის ორ ბურჯს ეყრდნობა), ამ დროისთვის უჩვეულოა ასევე სამი შვერილი აფსიდი, გეგმარების ეს თავისებურებები უფრო ადრეული ტაძრის გეგმის გამეორებით უნდა იყოს განპირობებული. არატრადიციულია აგრეთვე გრძელი აღმოსავლეთის მკლავი და ცენტრიდან დასავლეთით აღმართული გუმბათი, მსგავსი გადაწყვეტა ერთეული ნიმუშების სახით გვხვდება. მეტეხის ტაძარში ჩნდება არაკონსტრუქციული საფასადო ნიშები, ამ პერიოდამდე ისინი მხოლოდ აღმოსავლეთ ფასადზე, აფსიდებს შორის მონაკვეთებში გამოიყენებოდა და დეკორატიულ ფუნქციასთან ერთად კედელს ზედმეტი მასებისგან ათავისუფლებდა, აქ კი მხოლოდ დეკორატიული დატვირთვა აქვს. ასეთი შემთხვევა გვხვდება ერთაწმინდაში, სადაც გარდა აღნმოსავლეთის ნიშებისა, ერთი საფასადო ნიშა ჩრდილოეთის კედელშიც არის. ერთაწმინდის ტაძართან მეტეხი, გარდა დეკორატიული ნიშებისა, საერთოს პოულობს ასევე, ფასადის მთელ პერიმეტრზე შემოვლებული განივი ზოლურით, რაც ქართულ ხუროთმოძღვრებაში ძალიან იშვიათია, მხოლოდ მეტეხის ფასადებს ორი სოლურა ანაწევრებს, ერთაწმინდისას კი – ერთი. საინტერესოა ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადის გადაწყვეტა, შუა აფსიდზე განლაგებულია სამთავისისებული ერთ ღერძზე აგებული რომბების, სარკმლისა და ჯვრის სამი კომპოზიცია, გვერდითა კომპოზიციები რომბების გარეშეა. ამ პერიოდის ძეგლთათვის უჩვეულოა ტაძრის კორპუსის აზიდული პროპორციებიც, რაც მეტეხს ახასიათებს. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია სხვადასხვა დროს აღდგენილია და დამახინჯებულია პირვანდელი სახე, იგი XIII საუკუნის ერთ-ერთი უნიკალური და საინტერესო ნიმუშია. 

გადმოცემისა და XVIII-XIX საუკუნეების ავტორთა თანახმად, მეტეხის ეკლესიასთან, ვახტანგ მეფის დროიდან როსტომ მეფის დრომდე საქართველოს მეფეთა სასახლე იყო. ერთი ვერსიით, აქედანვე მომდინარეობს ეკლესიის სახელიც, რომელიც ძველქართულად ნიშნავს – “არემარე სასახლის ირგვლივ”. ნ. ჩუბინაშვილის აზრით, სიტყვა “მეტეხი” ბერძნული “მეტოქისაგან” მომდინარეობს. ზ. ჭუმბურიძისა და ი. მაისურაძის ვერსიით, “მეტეხი” მტვრევადს ნიშნავს, ნაწარმოებია სიტყვისგან – “ტეხა” და ტოპონიმის წარმოშობას ადგილის გეოლოგიური ნიშან-თვისებებს უკავშირებენ. გადმოცემით, მეტეხის ტაძარშია დაკრძალულია წმ. შუშანიკ წამებულის ნეშტი. ასევე მეტეხის კლდე უნდა ყოფილიყო აბოს წამების ადგილი, რომელიც თბილისის მფარველი წმინდანია. 

მეტეხის შესახებ მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის თამარის ისტორიკოსი ბასილი. ქართველთა ლაშქრის შამქორის ბრძოლაში გაგზავნის შემდეგ მეფე ფეხშიშველი მოსულა მეტეხის ტაძარში სალოცავად. მემატიანე მოგვითხრობს, რომ თამარმა მამის გარდაცვალების ამბავი გაიგო “ქალაქსა შინა ტფილისსა, საჯდომსა მათსა ციხესა ისანს”. ამ ორი ცნობის მიხედვით, როგორც ჩანს, XII საუკუნეში “მეტეხის” ამჟამინდელი ეკლესიის ადგილას უკვე არსებობდა ტაძარი, რომელიც სამეფო ციხე-დარბაზთან იდგა და ნამდვილად კარის ეკლესია უნდა ყოფილიყო. 1235 წელს, მონღოლების შემოსევისას განადგურდა მეტეხის ტაძარიცა და სასახლეც. სასახლე XIII საუკუნის შუა წლებში აღუდგენიათ, ეკლესია კი მეფე დემეტრე II-მ აღადგინა 1278-1289 წლებში, მას აქ მონასტერიც დაუარსებია. მეტეხი მონასტრად იხსენიება XVI საუკუნეშიც. გარკვეული პერიოდის განმავლობაში აქ მოღვაწეობდა ცნობილი რელიგიური და პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი და პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნის ერთ-ერთი გამომცემელი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (ნიკიფორე ირბახი). XVII საუკუნის II ნახევარში მეტეხის ტაძარი მიტოვებული და დაზიანებული ყოფილა. ვახტანგ V შაჰნავაზმა ტაძარი აღადგინა, თუმცა თოფისწამლის საწყობად აქცია. როსტომ მეფეს ეკლესიის ტერიტორია ძლიერი ციტადელით გაუმაგრებია. XVIII საუკუნის I ნახევარში მეტეხის ციხეში ჯერ თურქთა, შემდეგ კი სპარსთა გარნიზონი იდგა. 1690-იან წლებში ერეკლე I-მა, ნაზარალი-ხანმა მეტეხის ციხე და ეკლესია სპარსელებს გადასცა. 1748 წელს ერეკლე II-მ მეტეხი ბრძოლით მოიპოვა და აღადგინა მისი სამხრეთი კედლის დიდი ნაწილი და გუმბათი, რასაც ტაძრის აღმოსავლეთის კედელზე შემორჩენილი წარწერაც ადასტურებს:
“ქ. მეფემ ირაკლიმ ეს ციხე მტერსა წაართო მალადო.
აიღო ჯვარი ქრისტესი წინ მიიმძღუარა ფარადო.
დაიხსნა ეკლესიანი, ახლა აქუს საყდრის კარადო.
ღთის მოყვარესა ხელმწიფეს ასე სჭირს ამას გვარადო”.
1795 წელს ტაძარი კვლავ დაზიანდა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას. 1798-1800 წლებში იგი გიორგი XII–მ შეაკეთა. XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის მთავრობამ ეკლესია სამხედრო ბარაკად გადააკეთა. 1819 წელს ციტადელი დაშალეს და მის ნაცვლად სატუსაღო ააშენეს. ეკლესია კვლავ შეუკეთებიათ XIX საუკუნის შუა პერიოდში. ცნობილია, რომ ლავრენტი ბერიას მეტეხის ტაძრის დანგრევა ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა მას დიდი წინააღმდეგობა გაუწია ქართულმა ინტელიგენციამ, მხატვარი დიმიტრი შევარდნაძის მეთაურობით. ბერიამ დიმიტრი შევარდნაძეს მუზეუმისათვის ეკლესიის მცირე ზომის რეპლიკის შექმნა შესთავაზა, რაზეც მხატვრისგან უარი მიიღო. იგი წინააღმდეგობის გაწევისთვის დააპატიმრეს და მოგვიანებით სიკვდილით დასაჯეს. ნაგებობის გადარჩენა მაინც მოხერხდა. ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით 1967 წელს დაიდგა ელგუჯა ამაშუკელის შექმნილი ვახტანგ გორგასლის ძეგლი. თბილისის მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი ამჟამად მოქმედია. 

 

ძეგლის აღწერა

თბილისის მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი ორი ტერასისაგან შექმნილ მოედანზე დგას. ეკლესია ზედა ტერასაზეა, სამხრეთით და აღმოსავლეთით მისი იატაკი ეზოს დონეს უსწორდება. ტაძარი ჩახაზული ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ნაგებობაა. შესასვლელი ორია – დასავლეთითა და ჩრდილოეთით. აღმოსავლეთის მკლავი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, დანარჩენი სამი მკლავი კი სწორკუთხაა. ჩრდილოეთის, სამხრეთისა და დასავლეთის გუმბათქვეშა მკლავები ერთნაირი სიღრმისაა. აღმოსავლეთის მკლავის აფსიდის ბემა ერთვის და უფრო გრძელია. ამის გამო გუმბათი ნაგებობის ცენტრიდან მცირედით დასავლეთითაა აღმართული, როგორც წესი, გუმბათი ცენტრში ან მცირეთი აღმოსავლეთით მდებარეობს. საკურთხევლის ორივე მხარეს მცირე ზომის აფსიდალური, შვერილი პასტოფორიუმია. პასტოფორიუმების თავზე იგივე ზომისა და ფორმის სათავსებია. გუმბათი ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრებით ხორციელდება. გუმბათქვეშა ბურჯებს ჯვრის მოყვანილობის გეგმა აქვთ, ბურჯების, გუმბათქვეშა კვადრატისკენ მიმართულ, მიმართულ მკლავებს ნახევარწრიული მოხაზულობა აქვთ. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის კუთხის ნაწილები ორსართულიანია. ინტერიერი ვიწრო და მაღალი სარკმლებით ნათდებოდა, გვიანდელი სარკმლები ბევრად განიერია. ეკლესიას ჩრდილოეთიდან კარიბჭე ეკვრის. ფასადები მოპირკეთებულია თლილი ქვით, გვიან შუა საუკუნეებში აღდგენილი ნაწილი აგურისაა. ძეგლის ფასადები ახლებური დეკორატიული სისტემით არის დამუშავებული: კედლები დანაწევრებულია ჰორიზონტული სარტყლებით, ასეთი გადაწყვეტა გვხვდება ერთაწმინდის ტაძარშიც. ამ დეკორატიულმა სისტემამ ადგილი ვერ დაიმკვიდრა. აღმოსავლეთის ფასადი სამი ნახევარწრიული აფსიდისაგან შედგება, შუა აფსიდი გვერდის აფსიდებზე უფრო დიდია. შუა აფსიდში სამი სარკმელია გაჭრილი, რომლებიც დეკორატიულ კომპოზიციაშია ჩართული – ცენტრში ერთ ღერძზე განლაგებული რომბების, სარკმელი და საფასადო ჯვარია, აფსიდის განაპირა ნაწილებში იგივე კომპოზიციებია, მხოლოდ რომბების გარეშე. აღნიშნული კომპოზიცია მთლიანად ჩუქურთმებითაა შემკული. დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლებში ორ-ორი, გეგმაში სამკუთხა ფორმის, მცირე სიღრმის თაღოვანი ნიშაა. ასეთივე წყვილი ნიშა უნდა ყოფილიყო სამხრეთის კედელშიც, თუმცა ეს მხარე თითქმის მთლიანად გვიანდელია. სამხრეთის ფასადის დასავლეთ ნაწილი ნახევარწრიული კონტრფორსითაა გამაგრებული. ეკლესიის სარკმლებს მოჩუქურთმებული საპირეები ჰქონდა შემოვლებული, მორთულობა ნაწილობრივაა შემორჩენილი. კარიბჭე სამი მხრით თაღებითაა გახსნილი. გადახურულია ვარსკვლავისებური კამარით, რომელიც ჩუქურთმებითაა შემკული. მოჩუქურთმებულია ასევე თაღები და ეკლესიაში შესასვლელი პორტალი. ტაძარი საუკუნეთა განმავლობაში რამდენჯერმე აღადგინეს და შეაკეთეს. XIII საუკუნის ნაგებობისაგან შემორჩა მხოლოდ აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი კედლები კამარების დონემდე, დასავლეთი კედლის ქვემო ნაწილი და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთი ნაწილი.
გუმბათქვეშა ბურჯები, დასავლეთის პატრონიკე, კამარები, გუმბათის ყელი XVI-XVII საუკუნეებშია აგურით აღდგენილი. სამხრეთი კედლის ნაწილი XVIII საუკუნეში უნდა იყოს აღდგენილი. შეიმჩნევა XIX საუკუნის შეკეთების კვალიც.

 

 

იხილეთ ჩახაზული ჯვრის ტიპის ტაძრები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

რესურსები ინტერნეტში:

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *