სავანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

სავანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

სავანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეში მდებარეობს. იგი XI საუკუნით, 1046 წლით, თარიღდება. სავანის ეკლესია ხასიათდება დახვეწილი, აზიდული, მსუბუქი პროპორციებით, მშენებლობის ტექნიკის დიდი ოსტატობით, საინტერესო მხატვრული გადაწყვეტით და მაღალი ოსტატობით შესრულებული ჩუქურთმებით. ის თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ თავისი პერიოდის ერთ-ერთ პირველხარისხოვან ძეგლად, რომელიც ეხმიანება ეპოქის ტენდენციებს. ტაძრის რელიეფებს ახასიათებს დასრულებულობა, სიცხადე, გარინდულობა, ცალკეულ ნაწილთა ჰარმონია, ყველა ხაზი და ფორმა გარკვეულია, აქ არ არის ექსპრესია, მოძრაობა, მაგრამ არის სრული ჰარმონია, სიმშვიდე და სიმსუბუქე. ნაგებობის დეკორატიული კომპოზიციები სრულიად მომწიფებულია, არ არის არავითარი უწესრიგობა და არეულობა. მიუხედავად იმისა, რომ ოსტატი თმობს ამ პერიოდისთვის სახასიათო ცხოველხატულობას და მეტ სიმკაცრეს იჩენს, თანადროულ ძეგლებთან შედარებით, ის აღწევს საოცარ ჰაეროვნებას, შესრულებაში ჩანს სილაღე და მოქნილობა, აქ არ არის სიმშრალე, პირიქით, ცოცხალობა იგრძნობა. აღსანიშნავია სამხრეთის პორტალი, შესასვლელის ღიობის გარშემო დიდი სიბრტყეა ჩუქურთმებით დაფარული ორმაგი არშიით, რაც ქართულ ხუროთმოძღვრებაში საკმაოდ იშვიათია. საყურადღებოა ასევე ნატიფი ჩუქურთმით შემკული საფადო ჯვარი, დიდი საფასადო ჯვრები ქართულ ბაზილიკებში XIII საუკუნემდე იშვიათად გვხვდება. ტაძარში შემორჩენილია XI საუკუნის თაბაშირის მოჩუქურთმებული კანკელი, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამახინჯებული XIX საუკუნეში. სრულად შემორჩენილია კანკელის ზედა ნაწილი, რომელიც გადაღებილია, ქვედა ნაწილი სრულიად სახეცვლილია, მისი ძველი მოჩუქურთმებული ბარიერებისგან მხოლოდ მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. სავანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეების ერთ-ერთი გამორჩეული და მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე ძეგლია. ისტორიულ წყაროებში სავანის ეკლესიასთან დაკავშირებით არაფერია ცნობილი, თუმცა ტაძრის ლაპიდარული წარწერები გარკვეულ ცნობებს გვაწვდის მისი აშენების, ქტიტორების და ხუროთმოძღვრის შესახებ. ეკლესიის სამხრეთის შესასვლელის ტიმპანის წარწერა შემდეგნაირად იკითხება: “სახელითა ღმრთისაითა მე, გიორგი ერისთავთ ერისთავმან, ავაშენე ესე წმინდაი ეკლესიაი სავანისაი სალოცველად სულისა ცოდვილისა ჩემისა და ძმისა ჩემისა “ხ” ერისთავისა და მშობელთა ჩემთათვის გულზვიადისათვის და მარიამისთვის და შვილისა ჩუენისა გოლიათისათვის და დედისა მისისათვის. წმინდაო გიორგი, მეოხ ეყავ წინაშე ღმრთისა. ამენ იყავნ. ქორონიკონი იყო 266 (266+780=1046 წ), აეშენა მეფობასა ბაგრატ კურაპალატისასა”. 1968 წელს ნალესობისგან გაიწმინდა ქორეთის ეკლესიის მანამდე უცნობი წარწერა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ამ ორი ტაძრის ქტიტორები ერთი ფეოდალური სახლის წარმომადგენლები არიან, ასევე გაიშიფრა “ხ” ერისთავის სახელი – ხურსი: “სამებაო წმიდაო შეიწყალე და ადიდე მარიამ დეოფალი და შვილნი მისნი გიორგი და ხურსი. ესე ბალავარი დაიდვა ქრონიკონსა 220-სა (1000წ)”. როგორც ჩანს, 1000 წელს ქორეთის ეკლესია აუგია მარიამ დედოფალს, 1046 წელს კი სავანის ეკლესია აუშენებია მარიამ დედოფლის შვილს, გიორგი ერისთავთ-ერისთავს. ამ ფეოდალურ სახლზე წყაროებში არაფერია ცნობილი. “ქართლის ცხოვრების” მიხედვით ხურსი ერისთავი დაიღუპა შირიმნთან ბრძოლაში 1021 წელს, რატი ბაღვაშთან ერთად: “მოიკლნეს მუნ დიდნი ერისთავნი; რატი, ძე ლიპარიტისი და ხურსი”. არსებობს ვარაუდი, რომ “ქართლის ცხოვრებაში” მოხსენიებული ხურსი იგივე პიროვნება შეიძლება იყოს, ვინც ზემოაღნიშნულ წარწერებში. სავანის ეკლესიის დასავლეთის შესასვლელის ტიმპანში იხსენიება ტაძრის ხუროთმოძღვარი ჰარაბა: “სახელითა ღმრთისაითა, მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობლისაითა, წმიდისა გიორგისითა, დამაყენა მე, სულითა საწყალობელი ჰარაბაი აღსაშენებლად წმიდისა ამის საყდრისა, ადიდენ ღმერთმან გიორგი ერისთავთ ერისთავი, სალოცველად სულისა მათისათვის და მშობელთა მათთათვის და გოლიათისათვის და დედისა მათისათვის”. საინტერესო წარწერა გვხვდება ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე: “სახელითა ღმრთისაითა, მე, ერისთავთ-ერისთავმან გიორგი, დაუწერე და მივეც ამის ეკლესიისა ნახევარი სავანისა სოფელსა. თანადამიდგეს, ოდეს შენებაი დავიწყეთ, მუშაობითა, ფასითა და ყოვლითა ფერითა. ღმერთმან უბედნიერენ უკუნისამდე. ვინ უქციოს, ჰრისხავს-მცა ღმერთი და წმიდაი გიორგი”. როგორც ჩანს, გიორგი ერისთავთ ერისთავს ტაძრის აგებაში სოფელი დაეხმარა და გიორგიმ სანახევროდ სოფელს გადასცა ეკლესია. შეწირულობის ფაქტს ადასტურებს ტაძრის კიდევ ერთი წარწერა, რომელიც მოთავსებულია სამხრეთის ფასადის მეორე და მესამე სარკმლებს შორის: “ქ. წმიდაო გიორგი, შეიწყალე საურმაგ ძე აქონისა და განუსვენე სულთა მშობელთა მისთასა. ამის ეკლესიისა გებასა შეწირა აკაზმულობაი ერთი მძიმე, გოლიათის სულისათვის. ვინ წაიკითხოთ, ლოცვასა მოიხსენეთ, ამენ გვეყავნ ჩუენ”.

 

არქიტექტურა

სავანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დარბაზულ ეკლესიას წარმოადგენს სამხრეთის მინაშენით. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს – სამხრეთითა და დასავლეთითორივე შესასვლელი არქიტრავულია და შიგნიდანაც და გარედანაც თაღშია მოქცეული. დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. საკურთხეველი, დარბაზის იატაკთან შედარებით, ორი საფეხურითაა შემაღლებული და კანკელითაა გამოყოფილი. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, თითო მაღალი, გეგმაში ნახევარწრიული ნიშია. ნიშების სიღრმეში მცირე თახჩებია. ჩრდილოეთ ნიშში პატარა ქვის ტრაპეზია, სამხრეთისაში კი მრგვალი სარკმელია გაჭრილი, რომელიც სამხრეთის მინაშენში გადის. ინტერიერი ექვსი სარკმლით ნათდება – ერთი სარკმელი აღმოსავლეთ კედელშია გაჭრილი, ერთი – დასავლეთის კედელში, ოთხი კი – სამხრეთ კედელში. გრძივი კედლები ორი წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრითაა დანაწევრებული. პილასტრების ქვედა საფეხურზე დეკორატიული თაღებია გადაყვანილი, წინა საფეხურზე კი დარბაზის ცილინდრული კამარის საყრდენი თაღები. პილასტრები სადა, დახრილი სიბრტყისა და თაროსგან შედგენილი იმპოსტებით სრულდება. ასეთივე იმპოსტებითაა დასრულებული აფსიდის ორსაფეხურიანი მხრები. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში, აფსიდის კუთხესთან, გეგმაში სწორკუთხა, თაღოვანი ნიშია მოწყობილი. ინტერიერი სავარაუდოდ მოხატული არ უნდა ყოფილიყო, რადგან გასულ ათწლეულებში კარგად იკითხებოდა თლილი ქვის წყობა, ამჟამად ინტერიერი შელესილია. ეკლესიის მინაშენის ცენტრალური ნაწილი კარიბჭეს წარმოადგენს, რომელიც დიდი თაღითაა სამხრეთიდან გახსნილი. კარიბჭე გვერდითა დახურულ ნაწილებს ფართო, თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება. კარიბჭეს ფრონტონი აქვს და ორკალთა სახურავითაა გადახურული, გვერდითა ნაწილებს კი ერთკალთა გადახურვა აქვს. მინაშენი ტაძარზე უფრო გვიანდელია, თუმცა ისიც XI საუკუნეში უნდა იყოს აგებული. მინაშენის დიდი ნაწილი მოგვიანებითაა აღდგენილი და მისი სამშენებლო ხარისხი დიდად ჩამოუვარდება ეკლესიისას. ტაძრის ფასადები უხვადაა დეკორირებული მდიდრული ჩუქურთბებით, გვხვდება, როგორც გეომეტრიული, ასევე მცენარეული მოტივები. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადები ორმაგი გრეხილი ლილვებისგან შექმნილი სამთაღედებითაა დანაწევრებული. თაღების ლილვოვან პილასტრებს ჩუქურთმებით შემკული ბაზისები და იმპოსტები აქვთ. სარკმლებსა და პორტალებს განიერი, მოჩუქურთმებული საპირეები აქვთ, სარკმლებს ასევე მოჩუქურთმებული, ჰორიზონტალურგადანაკეცებიანი სათაურები ამკობს. სამხრეთის შესასვლელის ტიმპანში წრეში მოთავსებული ე.წ. განედლებული ჯვარია გამოსახული, წრეს ოთხი დიდი ფრთა ეკვრის. პორტალების შიდა ჩარჩო შესრულების მხრივ ძალიან განსხვავდება დანარჩენი ნაწილისგან და სავარაუდოდ გვიან შუა საუკუნეებს უნდა მიეკუთვნებოდეს. დასავლეთის შესასვლელის ტიმპანის დეკორი მიემსგავსება სამხრეთისას, თუმცა აქ კომპოზიცია გამარტივებულია, ამოღებული ჯვარი და ფრთები პირდაპირ ცენტრში მოთავსებულ ღერძს ებმის. აღმოსავლეთის სარკმლის ქვემოთ, ჩარჩოს კუთხეებთან, თითო მედალიონია მოთავსებული. ცენტრალურ თაღში, სარკმლის ზევით მოჩუქურთმებული საფასადო ჯვარია, თაღის ზემოთ კი, ფრონტონის არეში, ვარდულია. დასავლეთ ფასადის ფრონტონის არეში ლომის რელიეფური გამოსახულებაა. ფასადებს მცენარეული მოტივის ჩუქურთმით შემკული ლავგარდანი ასრულებს, რომელიც გრეხილი ლილვითა და დახრილი სიბრტყითაა შედგენილი. კარიბჭის მორთულობის ხასიათი განსხვავდება ტაძრის მორთულობისგან, აქ არ არის დასრულებულობა და სიმშვიდე, მეტი ცხოველხატულობა და ექსპრესიაა. მინაშენის სრული მხატვრული სახის წარმოდგენა დღესდღეობით რთულია. კარიბჭის ბურჯები ლილვების კონებითაა დეკორირებული, რომლებსაც მოჩუქურთმებული ბაზისები და იმპოსტები ამკობს. მინაშენის ფასადის დასავლეთ ნაწილში გვხვდება მსხვილი პილასტრი, რომელშიც სარკმელია გაჭრილი და იმგვარადვეა დეკორირებული, როგორც კარიბჭის ბურჯები. კარიბჭეს ცრემლოვანი მოტივით შემკული ლილვისა და მოჩუქურთმებული წრეთარგისგან შექმნილი ლავგარდანი აქვს. ეკლესია მოპირკეთებულია სუფთად თლილი, მოყვითალო ფერის, კირქვის კვადრებით. ეკლესიის ეზოს ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ძველი, ორსართულიანი ნაგებობის ნანგრევია. ორივე სართული კამაროვანია. ქვედა სართულზე გამოყენებულია ცუდად გათლილი დიდი ზომის ქვები, ზედა სართულზე კი – თლილი ქვა. ეკლესიის დასავლეთით XIX საუკუნის სამრეკლო დგას. ტაძარს გალავანი ჰქონია შემოვლებული, თუმცა მისგან მხოლოდ მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი.

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *