კასპის მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მდებარეობს. იგი XIII საუკუნით თარიღდება. სატაძრო კომპლექსი ღვთისმშობლის ტაძარს, გალავანს, კოშკებსა და სამრეკლოს მოიცავს. ნაგებობები რამდენჯერმეა შეკეთებული. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში აღადგინეს მეტეხის ტაძრის გუმბათი, კამარები, კედლების ზედა მონაკვეთები და ორნამენტიანი სამკაულები. ტაძრის თავისებურებას Read more →
ალავერდის სამონასტრო კომპლექსი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალავერდთან მდებარეობს, ალაზნის ველზე. მონასტერი აქ ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა, იოანე ზედაზნელის მოწაფემ – იოსებ ალავერდელმა დააარსა VI საუკუნეში. XI საუკუნეში კი კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი ააგო (ეკლესიის სიმაღლე 50 მ-ს აღემატება). ვახუშტი ბაგრატიონი ალავერდის შესახებ წერს: “ალაზნის დასავლეთით არს ალავერდი, კახეთის მთის კალთის ველსა ზედა, დიდშენი, ზღუდე-პალატებიანი, გუმბათიანი, რომელმან მოიგო სახელი ალონის გამო, რომელ არს ალონგუერდი” – მისი აზრით, სახელი ალონგუერდი დროთა განმავლობაში გარდაიქმნა ალავერდად. უკიდეგანო ალაზნის ველზე აღმართული თეთრი ტაძარი Read more →
ბეთანიის მონასტერი თბილისის დასავლეთ ნაწილში, დიდგორის რაიონში მდებარეობს, მდინარე ვერეს ხეობაში. იგი ქართულ ხუროთმოძღვრებაში საეტაპო ძეგლია, ამ პერიოდის ძეგლებში (ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი…) საბოლოოდ შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ტაძრის კანონიკური სახე. ბეთანიის ღვთისმშობლის შობის ეკლესია XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. დღევანდელი ტაძრის ადგილას Read more →
ჩაჟაშის მაცხოვრის ეკლესია X საუკუნის ძეგლია, რომელიც სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემში, სოფელ ჩაჟაშის ზედა ნაწილში, ბუნებრივ კლდოვან ბორცვზე, ჩაჟაშის ქვედა ციხის კომპლექსის დაბლა მდებარეობს. მცირე ზომის, გალავანშემოვლებული, დარბაზული ეკლესია ნაგებია ფიქლით და დასავლეთიდან ფიქალისვე, ძალიან დიდი, გვიანი მინაშენი აქვს. გეგმაში კვადრატს მიახლოვებული დარბაზი არც ისე ღრმა, ნახევარწრიული, მოზრდილ-კონქიანი აფსიდით სრულდება, რომლის ცენტრში ერთი დიდი სარკმელია გაჭრილი, ფართო, ღრმა წირთხლებით. აფსიდის კედლის სამხრეთ და ჩრდილოეთ კიდეებში მომცრო, ღრმა, სწორკუთხა ნიშებია – ჩრდილოეთისა, მოგვიანებით გაუფართოვებიათ, რის გამოც დაზიანდა კედლის ამ ნაწილში გამოსახული წმ. ანთიმოზის ფიგურა. აფსიდში შემორჩენილი თავდაპირველი, მაღალი, მასიური, ქვის ტრაპეზის წინა პირი მსხვილი ორნამენტული მოტივებითაა მოხატული. აფსიდი, დარბაზის იატაკთან შედარებით, სამი მაღალი საფეხურითაა ამაღლებული და მაღალი, სამთაღოვანი ქვის კანკელითაა გამიჯნული. ოთხკუთხა დაბალ სვეტებზე გადაყვანილი თაღები მაღალ ზდუდეს ეყდნობა. დარბაზის შიდა სივრცე საკმაოდ ძუნწადაა დანაწევრებული – ორსაფეხუროვანი, არც ისე განიერი, საბჯენი თაღი კამარას ორ, უთანაბრო ნაწილად ჰყოფს (დასავლეთისა ოდნავ უფრო გრძელია) და კაპიტელების გარეშე, პირდაპირ ორსაფეხურიანვე, მსუბუქად შვერილ პილასტრებში გადადის. გრძივ კედლებზე კედლის თაღები გადაყვანილი არ არის. პილასტრები პირდაპირ, ბაზისების გარეშე, გრძივი კედლების ძირში მოწყობილ თითო, მაღალ ჩამოსაჯდომ საფეხურს ეყრდნობა. საკურთხევლის გარდა, ერთი მოზრდილი, თაღოვანი სარკმელი, ისეთივე ფორმისა, როგორც საკურთხევლის სარკმელი, ოღონდ უფრო ღრმა წირთხლებიანი, დასავლეთ კედელშია გაჭრილი. დასავლეთ კედელშივეა მოწყობილი მინაშენიდან დარბაზში შესასვლელი მოდაბლო განიერ, ღრმა წირთხლებიანი კარი, რომელიც დარბზის მხრიდან თაღოვანია, ხოლო მინაშენის მხრიდან – სწორკუთხა. მინაშენიდან დარბაზში ასასვლელად ორი მაღალი საფეხურია, ხოლო დარბაზში ერთი საფეხურით ქვემოთ ჩავდივართ. ეკლესიას შერჩენილი აქვს ძველი, მასიური ხის კარი, ორივე მხრიდან, ლითონის სადა მოჭედილობით. დასავლეთი კედლის ზედა ნაწილს ვიწრო, ერთსაფეხუროვანი, შეკიდული თაღი შემოუყვება, კონსოლების გარეშე. ჩაჟაშის მაცხოვრის ეკლესიაში დაცული ხატებიდან გამორჩეულია ცნობილი, XI საუკუნის, დაფერილი ვერცხლის ხატი, მაცხოვრის წელსზევითი გამოსახულებით; ხატის XIII საუკუნის ჭედურ ჩარჩოზე ხადუმ სატარვანშელის სავედრებელი, რელიეფური ასომთავრული წარწერაა შემორჩენილი. ეკლესიის ინტერიერი, კანკელი და ტრაპეზის წინა პირი ერთიანად XVII საუკუნის მოხატულობითაა შემკული. თანადროული, ამჟამად დაზიანებული მხატვრობა მინაშენშიც, დარბაზში შესასვლელი კარის ორსავ მხარესაა შემორჩენილი. მინაშენი, საკუთრივ ეკლესიასთან შედარებით, ბევრად დაბალია, ზომით ამ უკანასკნელს ოდნავ ჩამოუვარდება და ცალფერდა სახურავითაა გადახურული. მის ჩრდილოეთ კედელში, ზედა ნაწილში, პატარა, საკმაოდ ღრმა თაღოვანი ნიშაა, ხოლო კედლის ქვედა ნაწილში, უკიდურეს მარჯვენა კიდეში, პირველზე დიდი, ღრმა სწორკუთხა ნიშაა. დაბალი, სწორკუთხა, ღრმა წირთხლებიანი სარკმელი მინაშენის დასავლეთ კედელშია გაჭრილი, ხოლო გარედან მინაშენში შესასვლელი დაბალი, სწორკუთხა კარი – სამხრეთ კედელშია მოწყობილი. მინაშენში შესასვლელი ხის კარი, ექსპერიერის მხრიდან, ლითონის მოჭედილობითაა შემკული. ეკლესიის ფასადები, როგორც სჩანს, შებათქაშებული იქნებოდა. ამჟამად შებათქაშება დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზეა შერჩენილი. ჩრდილოეთი ფასადის ზედა ნაწილში, მთელს სიგრძეზე, ინტერიერის მოხატულობის თანადროული, ძლიერ დაზიანებულ-ფრაგმენტირებული მხატვრობაა შემორჩენილი. ეკლესიის მშენებელი ოსტატის გარკვეული გულისყური ფასადთა მხატვრული გაფორმებისადმი ჩანს სამხრეთი ფასადის გადაწყვეტაში, რომელიც წყობის მსუბუქი შეღრმავებით მიღებული, ორი მაღალი (ფასადის სიმაღლის, დაახლოებით, 2/3-ის ტოლი), ოდნავ ბოლოებგაფართოებული, კედლის თაღითაა დეკორირებული, ხოლო აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის შირიმის მოზრდილი კვადრებით “მონიშვნაში”; გარდა ამისა, ეკლესიის მარტივი თარო-კარნიზიც შირიმის მოზრდილი კვადრებითაა ნაწყობი, რაც, ასევე, გარკვეულ მხატვრულ აქცენტად აღიქმება ერთიანად შირიმის ლოდებით ნაგებ ფასადებზე. ეკლესიაც და მინაშენიც თუნუქითაა გადახურული.