ცხირეთის ციხე

ცხირეთის ციხე

ცხირეთის ციხე შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხავერთან ახლოს მდებარეობს. იგი X საუკუნით თარიღდება. ძეგლი ძალიან დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. კომპლექსი მოიცავს გალავანს, კარის ეკლესიას, წყალსაცავისა და საცხოვრებლების ნაშთებს. წერილობითი წყაროების თანახმად, ცხირეთის ციხე შიო-მღვიმელ მემღვიმეს – მიქაელს აუგია, მონასტრის შესაწირით – “წმინდა შიოს კუბოს შემონაყარი ოქრო-ვერცხლით”. იგი XI-XII საუკუნეებში შიომღვიმის მონასტერს ეკუთვნოდა, მოგვიანებით კი ქართლის მეფეების საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. XV-XVI საუკუნეებში ცხირეთი ჯავახიშვილების კუთვნილება იყო. 1608 წელს ქართლის მეფე ლუარსაბ II-მ იგი გიორგი სააკაძეს უბოძა. გიორგი სააკაძეს მშენებლობა უწარმოებია და ციხის ტერიტორია გაუზრდია. ცხირეთის ციხესთანაა დაკავშირებული თევდორე მღვდლის ისტორია. 1609 წელს ქართლში შემოჭრილ ოსმალებს ცხირეთის ციხის აღება და იქ მყოფი ლუარსაბ მეფის დატყვევება ჰქონდათ განზრახული. ოსმალებმა კველთელი მღვდელი თევდორე შეიპყრეს და მეგზურობა უბრძანეს. მღვდელმა თევდორემ მტერს გზა აუბნია და ცხირეთს დააშორა, რის გამოც ის წამებით მოკლეს. ამან საშუალება მისცა მეფე ლუარსაბ მეფეს მომზადებული დახვედროდა მტერს და ქართველებმა, გიორგი სააკაძის მეთაურობით, ოსმალები დაამარცხეს. ცხირეთში ხანგრძლივად იმყოფებოდა სვიმონ მეფე და აქედან ებრძოდა თურქებს. 1652 წელს, ციხე-სიმაგრე როსტომ მეფემ გიორგი სააკაძის შვილს – იოთამ სააკაძეს დაუბრუნა. ცხირეთის ციხე საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო კულტურულ-ისტორიული ძეგლია.

 

არქიტექტურა

ცხირეთის ციხე მოიცავს გალავანს, კარის ეკლესიას და წყალსაცავისა და საცხოვრებელი ნაგებობების ნაშთებს. აღმოსავლეთის მხრიდან ციხეს მაღალი კლდე აქვს და ამ მხრიდან მიუდგომელია. კლდეში გამოქვაბულია. სიმაგრის გალავანი გეგმით დატეხილგვერდებიანი ოვალის მოხაზულობისაა, გორაკის თავს გასდევს და საკმაოდ დიდი ფართობი უჭირავს. შემორჩენილი ნაშთებიდან ჩანს, რომ ციხის კედლები სამკუთხა და ნახევარწრიული კონტრფორსებით იყო გამაგრებული. ციხე შიგნიდან ორ მონაკვეთადაა გაყოფილი, რომელთაგან აღმოსავლეთის მონაკვეთი უფრო მომცრო ზომისაა. კედლებში სათოფურებია. კოშკები არ გვხვდება. გალავნის შიგნით, სამხრეთ ნაწილში მცირე ზომის დარბაზული ეკლესიის ნანგრევია, რომელსაც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. ციხის ტერიტორიაზე ასევე შემოღჩენილია წყალსაცავისა და საცხოვრებელი სახლების ნაშთები. ცხირეთის ციხე ნაგებია ნაწილობრივ დამუშავებული ქვით, რიგების ჰორიზონტალობის დაცვით.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *