ვაზისუბნის დავითიანი (ორმოც მოწამეთა ეკლესია)

ვაზისუბნის დავითიანი (ორმოც მოწამეთა ეკლესია)

ვაზისუბნის დავითიანი (ორმოც მოწამეთა ეკლესია) კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მდებარეობს. იგი VI-VII საუკუნეებით თარიღდება. ტაძარი ინდივიდუალური გადაწყვეტით გამოირჩევა და ადრეული შუა საუკუნეების ერთ-ერთი უნიკალური ძეგლია. ეკლესია გეგმით რვაწახნაგაში ჩაწერილ ჯვარს წარმოადგენს. ჯვრის აღმოსავლეთ მკლავი აფსიდალურია, დანარჩენი კი – სწორკუთხა. ასეთი გეგმარებით საქართველოში კიდევ ერთი ტაძარი გვხვდება – ამიდასტურის სვეტიცხოვლის ეკლესია. ვაზისუბნის ეკლესიას უსარკმლო გუმბათი აქვს, რაც საქართველოში სხვაგან არ გვხვდება, გარდა დამალულგუმბათიანი ეკლესიებისა (ზეგაანის წმ. მარინე, წირქოლის ეკლესია და სხვა). ნაგებობას ორი შესასვლელი აქვს – სამხრეთითა და ჩრდილოეთით, ორივე მათგანი სწორკუთხაა. გუმბათი ინტერირშიც და ექტერიერშიც რვაწახნაგაა. ის კედლების კუთხეებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან რვაწახნაგაზე გადასვლა ტრომპებით ხორციელდება. წახნაგები ტრომპებიდან იწყება და გუმბათის კამარის ქუსლის ზემოთაც გრძელდება, ამიტომაც შეკრულ კამარას ქმნის. გუმბათქვეშა თაღები შირიმის სადა კაპიტელებს ეყრდნობა. საკურთხევლის იატაკი, დარბაზის იატაკთან შედარებით, ერთი მაღალი საფეხურითაა შემაღლებული და ასასვლელად ერთი საფეხურია ჩაჭრილი. აფსიდის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილში თითო სწორკუთხა ნიშაა. გუმბათი უსარკმლოა. ინტერიერს აღმოსავლეთის ერთი სწორკუთხა სარკმელი ანათებს. ფასადები სადაა, მოურთველი და საფეხუროვანი ლავგარდნით სრულდება. ეკლესია ნაგებია რიყის ქვით კირიხსნარხე, გარე კუთხეებში გამოყენებულია შირიმის თლილი ქვები. ვაზისუბნის დავითიანი (ორმოც მოწამეთა ეკლესია) 1984 წელს აღადგინეს. ეკლესიის ჩრდილოეთით, 50 მ-ის დაშორებით, ძალიან დაზიანებული, რიყის ქვითა და კირის ხსნარით ნაშენი ნაგებობის ნაშთია, რომლიც გეგმა არ იკითხება. ამ შენობის სამხრეთით შესამჩნევია გალავნის კვალი. ეკლესიის ირგვლივ გამოვლინდა ქვის ფილებით შედგენილი სამარხები. ტაძრის ჩრდილოეთით ნასოფლარია, რომელსაც დაახლოებით 1 ჰა ფართობი უჭირავს.

 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *