ვაჩნაძიანის პალატები

ვაჩნაძიანის პალატები

ვაჩნაძიანის პალატები კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩნაძიანში მდებარეობს. იგი IX საუკუნით თარიღდება. კომპლექსი მოიცავს სასახლესა და ეკლესიას. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აქ იყო სამონასტრო სკოლა, რომლის დამთავრების შემდეგ ათონის ივერთა მონასტერში აგზავნიდნენ მოსწავლეებს. გადმოცემის თანახმად, აქ მიუღია განათლება XII-XIII საუკუნეების ქართველ პოეტს – ჩახრუხაძეს, რომელიც „თამარიანის“ ავტორად მიიჩნევა. ვაჩნაძიანის პალატები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით. კომპლექსის ეკლესია რესტავრირებულია, საკმაოდ უხეშად, სასახლე კი უმძიმეს მდგომარეობაშია, ნაწილობრივ დანგრეულია და ეკალ-ბარდებშია ჩაფლული. ძეგლი სასწრაფოდ საჭიროებს გაწმენდასა და სათანადო სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. სოფელ ვაჩნაძიანთან ახლოს ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ვაჩნაძიანის ყველაწმინდა და სამების ეკლესია.

 

არქიტექტურა

ვაჩნაძიანის პალატები სასახლესა და ეკლესიას მოიცავს. სასახლე წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის ორსართულიან ნაგებობას წარმოადგენს. მისი პირველი სართული სამომსახურო-სამეურნეო დანიშნულებისაა, მეორე სართული კი დიდ საზეიმო დარბაზს შეიცავს. ზედა სართული, ქვედასთან შედარებით, უფრო მაღალია. ორივე სართულზე სამ-სამი ოთახია განლაგებული ერთ რიგად. პირველი სართულის ოთახები დამატებით დანაწევრებული იყო. ნაგებობის ძირითადი შესასვლელები სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშია გაჭრილი. კედლები თაღებითაა დანაწევრებული. სასახლეში გვხვდება ბუხრები, რომლებსაც ნახევარწრიული ზურგი გარეთ აქვთ შვერილი კონტრფორსის მსგავსად. კედლებში ნიშებია დატანებული. მეორე სართულის კედლებში დიდი ზომის თაღოვანი ღიობებია გაჭრილი. დიდი დარბაზი ცხრა მაღალი, იატაკის დონიდან დაწყებული, განიერი, თაღოვანი სარკმლით ნათდებოდა. მეორე სართულის სამივე ოთახის კედლებში ნიშა-თაროებია მოწყობილი. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებით იყო მოწყობილი. მეორე სართულზე ასვლა სასახლის ჩრდილოეთ ფასადზე მოწყობილი ღია კიბით იყო შესაძლებელი, რომლისგანაც მცირე ნაშთებია შემორჩენილი. სასახლეს ჩრდილოეთით მცირე სათავსი ჰქონია მიშენებული. ნაგებობას ეტყობა პერიოდული გადაკეთების კვალი. სასახლე ნაგებია რიყის ქვით, წყობაში გამოყენებულია დიდი ზომის აგურებიც, გადახურული იყო ორფერდა სახურავით.

ტაძარი სამეკლესიიან ბაზილიკას წარმოადგენს, დასავლეთის კარიბჭით. იგი აგებულია IX საუკუნეში, XIX საუკუნეში კი თავად ლევან ჯანდიერს განუახლებია. დღესდღეობით ჩრდილოთ ეკლესია და კარიბჭე დანგრეულია. მთავარი ეკლესია აღმოსავლეთით ღრმა, ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. აფსიდში ნიშებია მოწყობილი. დარბაზის კამარა პილასტრებზე და კონსოლებზე გადაყვანილ თაღებს ეყრდნობა. ინტერიერი აღმოსავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთის თაღოვანი სარკმლებით ნათდება. მთავარ ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს – დასავლეთიდან და სამხრეთიდან. სამხრეთის ეკლესიას უფრო გაშლილი, ნაკლებად ღრმა აფსიდი აქვს. საკურთხეველში სწორკუთხა ნიშაა ჩართული. აღმოსავლეთითა და დასავლეთით თითო სარკმელია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. განახლებისას აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლები აუმაღლებიათ. ჩრდილო ეკლესიიდან აღმოსავლეთ კედლის ნაწილი, ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ფრაგმენტი, დასავლეთ კედლის სამხრეთ კიდე და კამარის საფუძველია შემორჩენილი. კარიბჭის კამარის კვალი შეიმჩნევა მთავარი და გვერდითი ეკლესიის კედლებზე. ნაგებობის ფასადები სადაა, მოურთველი. ეკლესია ნაგებია მოზრდილი ზომის რიყის ქვის რეგულარული წყობით, განახლებულ ნაწილებში გამოყენებულია რიყის წვრილი ქვა და აგური.

 

 

იხილეთ ე. წ. სამეკლესიიანი ბაზილიკები ⇒ 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *