გარეჯის წამებულის მონასტერი

გარეჯის წამებულის მონასტერი ქვემო ქართლის მხარეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, საგარეჯოს საზღვართან, ნათლისმცემლის კომპლექსის დასავლეთით, ქედის გაგრძელებაზე. იგი დავით გარეჯის მონასტრის ერთ-ერთი კომპლექსია და VI-XIII საუკუნეებით თარიღდება. მონასტერი ძალიან დაზიანებულია. გარეჯის მონასტრის მიმდებარედ განლაგებული საბჭოთა სამხედრო პოლიგონი მონასტრებს სამიზნეებად იყენებდა, წამებულის მონასტრის კედლის ბზარში დღემდეა შემორჩენილი ჭურვი. მონასტრის ერთ-ერთი ქვაბის (ხარიტონის ქვაბი) წარწერის საფუძველზე – “ესე ქუაბი ხარიტუნისი იყო” – არსებობს ვარაუდი, რომ კომპლექსი წმ. ხარიტონის სახელს ატარებდა, მოგვიანებით კი სახელწოდება “წამებული” დამკვიდრდა. კომპლექსი სამიარუსიანია. დღესდღეობით მეტნაკელებად შემორჩენილია 12 გამოქვაბული, რომლებიც მოიცავს ოთხ ტაძარს, სამარტვილეს, სენაკებს და სხვა დანიშნულების სათავსებს. ყველა ეკლესია დარბაზულია. ალაგ-ალაგ შეინიშნება ფრესკების კვალი, თუმცა შედარებით უკეთ მოხატულობა მხოლოდ ერთ ტაძარშია შემონახული. აღსანიშნავია კომპლექსის დასავლეთ ნაწილში მდებარე “ხარიტონის ქვაბში” (ქვაბში შესვლა სპეციალური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია) შემონახული XI საუკუნის წარწერა, რომელიც 1089 წლის მიწისძვრის შესახებ მოგვითხრობს: “მაისსა გარდამავალსა, იძრა ქვეყანაი სამხრისა ჯამსა, დღესა ხუთშაბათსა. ეკლესიანი დაირღუეს და ციხენი დაეცნეს და ნაშენებნი და სულნი მრავალთანი გარდაიცვალნეს და დიდი შიში და ზარი დაეცა ყოელსა ხორციელსა”. მოხატული ეკლესია ნახევრამდე მიწითაა ამოვსებული. საკურთხევლის სამხრეთ ნაწილში გაჭრილია კარი, ტაძარს სამხრეთის მინაშენიც ჰქონია, თუმცა ეს მხარე თითქმის მთლიანად ჩამოქცეულია. ეკლესიაში შესვლა სწორედ საკურთხეველში გაჭრილი კარითაა შესაძლებელი, მთავარი შესასვლელი მთლიანად ამოვსებულია და მხოლოდ ტიმპანის არე ჩანს. საკურთხევლის კარის ტიმპანში რელიეფური ჯვარია გამოსახული. მხატვრობა მხოლოდ საკურთცევლის კონქშია შემორჩენილი. აქ გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე ღვთისმშობელთან, იოანე ნათლისმცემელთან და ექვსფრთედებთან ერთად (ვედრების კომპოზიცია). მოხატულობა ნათელი, თბილი კოლორიტით ხასიათდება, გადაწყვეტილია მოწითალო და ნაცრისფერ ტონალობებში. ხაზები პლასტიკური და თავისუფალია. კომპოზიციას ორნამენტული ჩარჩო საზღვრავს. მხატვრობა X-XI საუკუნეებს უნდა მიეკუთვნებოდეს. ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი დარბაზი, რომელიც სავარაუდოდ სატრაპეზო უნდა ყოფილიყო. იგი განსაკუთრებით მასშტაბურია, ამ ზომის ქვაბულები იშვიათად გვხვდება დავით გარეჯის მონასტრის კომპლექსებში. დარბაზს რამდენიმე სათავსი უკავშირდება. მოხატული ეკლესიაცა და დარბაზიც რთულად მისადგომია, ქვაბულთა უმრავლესობის მსგავსად და თანდათან უფრო მეტად იშლება. გარეჯის წამებულის მონასტერი აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *