ადიშის წმ. გიორგის ეკლესია

ადიშის წმ. გიორგის ეკლესია
ადიშის წმ. გიორგის ეკლესია
ადიშის წმ. გიორგის ეკლესია
ადიშის წმ. გიორგის ეკლესია
ადიშის წმ. გიორგის ეკლესია
ადიშის წმ. გიორგის ეკლესია
ადიშის წმ. გიორგის ეკლესია
ადიშის წმ. გიორგის ეკლესია
ადიშის წმ. გიორგის ეკლესია
previous arrow
next arrow
Slider

 

ადიშის წმინდა გიორგის ეკლესია (ჯგრაგ) X საუკუნის ძეგლია. იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარის თემის სოფელ ადიშის სამხრეთ-აღმოსავლეთ განაპირას მდებარეობს, მდინარე ადიშჭალის მარჯვენა მაღალ ნაპირზე. ტაძარში დაცულია XI-XII საუკუნეების კედლის მხატვრობა. ნაგებობა დარბაზული ტიპისაა. იგი მკვეთრად იკვეთება გარემო ლანდშაფტში, რასაც ბუნებრივი ბორცვი და ნაგებობის საკმაოდ შემაღლებული საძირკველი განაპირობებს. ეკლესია ნაგებია მოყვითალო-მორუხო ფერის, თლილი შირიმის კვადრებით. კირით შელესილ ფასადებს ასრულებს სწორკუთხა ლავგარდანი, რომელიც არ გამოეყოფა კედლის დანარჩენ სიბრტყეს. ექსტერიერის ნალესობა ნაწილობრივ დაზიანებულია ისევე, როგორც ჩრდილოეთ ფასადზე დაცული ცნობილი ფრესკული მხატვრობა, რომელიც გაფერმკრთალებული და ნაკლულია. საფსადო დანაწევრება ლაკონური და სადაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძზე წაგრძელებული ეკლესია დასავლეთ კედელში დატანილი ერთადერთი შესასვლელითა და განივ ფასადებზე, სიმეტრიის ღერძზე გაჭრილი თითო სწორკუთხა სარკმლით არის წარმოდგენილი. სარკმლები შიგნიდან გაგანიერებული და თაღოვანი მოხაზულობისაა, არქიტრავული კარის სამხრეთით ვიწრო ბაქანია, რომელსაც ჩრდილოეთიდან წყობით კიბე აქვს მიდგმული. ეკლესიის სივრცე პატარაა და მთავრდება აფსიდით, რომელიც გაშლილი ნახევარწრეა. აფსიდი კამარას მაღალი შუბლით გამოეყოფა, დარბაზის იატაკზე კი ერთი საფეხურით არის ამაღლებული. საკურთხევლის თაღი სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ორსაფეხურიან კუთხის პილასტრებს ებჯინება. საკურთხევლის წინ სამთაღიანი ქვის კანკელია აღმართული, რომელიც გეგმაში მრგვალ წყვილ სვეტებზე დაბჯენილ თაღედს ქმნის. ქვის კანკელზე მხატვრობის ფრაგმენტებია შერჩენილი – ფრონტონი მცენარეული ორნამენტით არის დაფარული.

 

მხატვრობა

ადიშის წმ. გიორგის ეკლესიის ინტერიერი მთლიანად მოხატულია. ღია, ნათელი კოლორიტის მხატვრობა, რომელიც სრულად ეძღვნება წმ. გიორგის კულტს, ადგილობრივ ოსტატის მიერ არის შესრულებული. საკურთხევლის კონქში ვედრების სცენაა: ცენტრში გამოსახულია ტახტზე მჯდომარე ქრისტე კურთხევის ნიშნად აღმართული ხელით, ხოლო მის ორსავ მხარეს ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი. კედლის ქვემო ნაწილში წარმოდგენილნი არიან ეკლესიის მამანი; ასიმეტრიულად განლაგებული ფიგურებიდან მარცხენა მხარეს წმ. ბასილია, მარჯვენა მხარეს – იოანე ოქროპირი და კიდევ ერთი წმინდანი. დარბაზის კედლების ქვედა რეგისტრები წმ. გიორგის ცხოვრების ამსახველ სცენებს ეთმობა: ჩრდილოეთ კედელზე მოცემულია კომპოზიცია ,,ქალაქ ლასიას სასწაული“, რომელშიც ყურადღებას იქცევს მეფის ასულის ფიგურა, რომელსაც ცენტრალური ადგილი უჭირავს და საოცარი გრაციოზულობით გამოირჩევა; სამხრეთ კედელზე გამოსახულია – ,,სასწაული გადარჩენილი ბიჭით“. ხოლო დასავლეთ კედელზე წმ. გიორგის ამბების თხრობის დამამთავრებელი და საზეიმო განწყობის კომპოზიციაა მოცემული – ,,მაცხოვრის მიერ წმინდა მეომართა კურთხევა“: მედალიონში მოთავსებული, მკერდამდე გამოსახული ქრისტე გვირგვინით მოსავს წმინდა მეომრებს გიორგისა და თევდორეს, რომლებიც სიმეტრიულად ფლანკირებენ შესასვლელ კარს. იგივე მეომრები გამოსახულნი არიან მხედრების სახით ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადზე, რომელთა აპოტროფული დანიშნულების ფიგურებიც დასავლეთისკენ, სოფელში მიმავალი გზისკენ არის პირმიქცეული. ადიშის წმ. გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია ძალიან მაღალი მხატვრულ-ისტორიული მნიშვნელობის ეროვნული ძეგლია.
ადიშშია აღმოჩენილი ქართული მწერლობისა და ლიტერატურის ერთ ერთი უძველესი ძეგლი, ე.წ. “ადიშის ოთხთავი”, რომელიც 897 წელსაა გადაწერილი შატბერდის მონასტერში. ის ამჟამად სვანეთის მუზეუმში ინახება.

 

წყარო: memkvidreoba.gov.ge

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.