ატენის ღვთისმშობლის ეკლესია (ორბელიანების ეკლესია)

ატენის ღვთისმშობლის ეკლესია (ორბელიანების ეკლესია)

ატენის ღვთისმშობლის ეკლესია (ორბელიანების ეკლესია) შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში , სოფელ დიდ ატენში მდებარეობს. იგი VII-IX საუკუნეებით თარიღდება. ნაგებობა გეგმით მარტივ, თანაბარმკლავიან  “თავისუფალ ჯვარს” წარმოადგენს. ტაძრის დასავლეთ ფასადის კარის ტიმპანზე ამოკვეთილია რელიეფური კომპოზიცია და ასომთავრული წარწერა: „ქრისტე ადიდე ორსავე ცხოვრებისა აქა ხორციელებრ და წინაშე შენსა სულიელებრ რატ ერისთავი ძე იგი ლიპარიტ ერისთავისაი რომელმან აღაშენა ესე სახლი ღმრთისაი და ბჭეი ცათაი წმიდაი ეკლესიაი, სალოცველად სულისა მათისა“. საფიქრებელია, რომ რატი ერისთავმა X საუკუნეში ეკლესია განაახლა და თავისი თავი აღმშენებლად გამოაცხადა. ტაძარი ნაგებია რიყის ქვით, მხოლოდ X საუკუნეში ზოგან ჩაუსვამთ მომწვანო ტუფი და ტუფისავე თლილი კვადრებით მოუპირკეთებიათ გუმბათიც. ეს პატარა ეკლესია კოხტა პროპორციებით ხასიათდება. შესამჩნევია ფორმათა დაგრძელება, თუკი ნაგებობის სიმაღლესა და სიგანეს შევადარებთ. ეკლესიის სამი მკლავი სწორკუთხაა, მეოთხე, აღმოსავლეთისა კი აფსიდით სრულდება. ყოველ მკლავში თითო სარკმელია. გუმბათის ყელი რვაწახნაგაა, ოთხი სარკმლით. გუმბათის ყელის სიგანე, ჯვრის მკლავებთან შედარებით, ერთნახევარჯერ მეტია, რაც გუმბათქვეშა კვადრატის სივრცეს ზრდის. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა ტრომპების ორი რიგით ხორციელდება. აღმოსავლეთის ფასადზე საკურთხევლის ფანჯარა თლილ ქვაში ამოკვეთილი ნალისებრი თაღით სრულდება. სამხრეთ ფასადის ფრონტონზე, სარკმლის ორივე მხარეს, ორი საკმაოდ ღრმა, ნახევარწრიული ნიშია. კარის დეკორირებულ ტიმპანში და ნიშებში მოგვიანებით ჩაუსვამთ მომწვანო ქვები. ქვებზე ამოკვეთილი წარწერები დაზიანებულია და მათი წაკითხვა შეუძლებელია. ზოგადად, ფასადები მოკლებულია დეკორატიულ მორთულობას, მის ცხოველხატულ იერს ძირითადად რიყის ქვის წყობა ქმნის. შესასვლელი ორია – სამხრეთითა და დასავლეთით. გუმბათი გადახურულია კარგად გამოყვანილი ლორფინით.

 

ერელაანთ საყდარი

ერელაანთ საყდარი

ერელაანთ საყდარი

ერელაანთ საყდარი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ მატნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. იგი V-VI საუკუნეებით თარიღდება და საქართველოში თავისუფალი ჯვრის ტიპის ერთ-ერთი ადრეულ ნიმუშთაგანია. მას დიდი ინდივიდუალური მხატვრული ღირებულება არ გააჩნია, თუმცა მიეკუთვნება ეტაპს, რომელიც წინ უსწრებს მხატვრული აყვავების პერიოდს და საინტერესოა გუმბათოვანი თემის ევოლუციის თვალსაზრისით. ხუროთმოძღვრული განვითარების კუთხით, იმავე კატეგორიას მიეკუთვნება ასევე თავისუფალი ჯვრის ტიპის კიდევ ორი ძეგლი – იდლეთის ნათლისმცემელი და შიომღვიმის გუმბათოვანი ეკლესია. ტაძარი საკმაოდ ტლანქადაა ნაგები, რიყის ქვითა და კირქვის დიდი, ბრტყელი, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფილებით. კონსტრუქციებს, მაგ.: ტრომპებს, არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ფორმები. საფასადო მორთულობა მარტივი და მინიმალურია – ერთი თანაბარმკლავებიანი ჯვარი და ჰორიზონტალურგადანაკეცებიანი თაღოვანი სათაურები სარკმლებისა და შესასვლელის თავზე. ეკლესია გეგმით მარტივ, თავისუფალი ჯვრის მიეკუთვნება, აღმოსავლეთის აფსიდალური და სამი სწორკუთხა მკლავით. ძეგლის თავისებურებას ჩრდილოეთისა და სამხრეთის მკლავების პატარა აფსიდები წარმოადგენს, რომლებიც მკლავების აღმოსავლეთის მხარესაა განლაგებული და არა მკლავების შესაბამისი მიმართულებით, როგორც ეს ტრიკონქებში გვხვდება. დამატებითი აფსიდების დანიშნულების შესახებ ორი მოსაზრება არსებობს: შესაძლოა, აფსიდები იმიტომ გაკეთდა, რომ ცალკეულ მშენებლებს სურდათ ეკლესიაში თავთავიანთი სალოცავი კუთხე ჰქონოდათ; შესაძლოა ასევე, რომ საჭირო გახდა დღეში რამდენჯერმე წირვის ჩატარება და აქ იმავე ფუნქციას ვხვდებით, რა ვარაუდიც გ. ჩუბინაშვილმა სამეკლესიიან ბაზილიკებთან დაკავშირებით გამოთქვა. მსგავსი გეგმარებითი მოტივი (დამატებითი აფსიდები) სხვადასხვა ქვეყნის ადრექრისტიანულ ძეგლებში საკმაოდ გავრცელებულია. აფსიდები ნახევარწრიული მოხაზულობისაა. საკურთხევლის აფსიდის წინ ბემაა. აფსიდში ორი სწორკუთხა ნიშია. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე გუმბათია აღმართული. გუმბათქვეშა კვადრატიდან რვაწახნაგაზე გადასვლა განხორციელებულია ტრომპებით. გუმბათში ოთხი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. თითო სარკმელი აქვთ აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავებს, სამივე მათგანი აღმოსავლეთითაა განლაგებული, აფსიდებში. აღმოსავლეთ მკლავის სარკმელი თაღოვანია, სამხრეთისა და ჩრდილოეთისა კი – სწორკუთხა. გუმბათის სარკმლების ქვეშ, ინტერიერში, მცირე ზომის თაღებია. შესასვლელი ერთია – სამხრეთიდან, იგი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან კი თაღოვანი. აღმოსავლეთის მკლავისა და გუმბათის სარკმლები, ასევე შესასვლელი, მცირედ შვერილი, გადაკეცილბოლიანი, თაღოვანი სათაურებითაა დეკორირებული. აღმოსავლეთ ფასადზე ფრონტონის წვერში უხეშად გამოყვანილი ჯვარია მოთავსებული. ფასადები სადა, თაროსებრი ლავგარდნით სრულდება, გუმბათის კარნიზი კი ოთხსაფეხურიანია და აგურის ორი განსხვავებული წყობის მონაცვლეობითაა შექმნილი. 

ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების ძალიან დაზიანებული ე.წ. “ხალხური” რიგის მხავრობა. კონქში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით და ორი მთავარანგელოზი, საკურთხევლის მეორე რეგისტრში კი – მსხვერპლის თაყვანისცემა. საკურთხეველში გვხვდება ვინმე ლალასშვილის სულის მოსახსენიებელი ექვსსტრიქონიანი ასომთავრული დაზიანებული წარწერა. ბემის კამარაში ორი წმინდანია გამოსახული. ჩრდილოეთ მკლავის აფსიდის კონქში წმინდანი ქალის გამოსახულებაა. აფსიდის მეორე რეგისტრში გამოსახული იყო ეკლესიის ორი მამა. ჩრდილოეთ მკლავის ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთი, დასავლეთ კედელი და დასავლეთ მკლავის ქვედა რეგისტრი ისტორიულ პირთა ფიგურებს ეთმობოდა. ჩრ. მკლავის ჩრ. კედელზე შემორჩენილია წარწერა, სადაც განირჩევა სახელი “ამარინდო”. ქტიტორის გამოსახულება, საყდრის სქემატური მოდელით ხელში, გამოსახულია დასავლეთ მკლავის ჩრდილოეთ კედელზე. სამხრეთ მკლავის სამხრეთ კედელზე ფრაგმენტია შემორჩენილი – მჯდომარე ქალი ყრმით. ჩრდილო-აღმოსავლეთ ტრომპში მახარებლის წელსზევითი გამოსახულებაა. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია საფასადო მოხატულობის მცირე კვალიც, რაც სვანეთის გარეთ იშვიათია. 

 

 

იხილეთ თავისუფალი ჯვრის ტიპის ეკლესიები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

იდლეთის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

იდლეთის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

იდლეთის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია შიდა ქართლი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლეთში მდებარეობს. იგი VI საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება და საქართველოში თავისუფალი ჯვრის ტიპის გუმბათოვან ნაგებობათა ერთ-ერთი ადრეულ ნიმუშია. ხუროთმოძღვრული განვითარების კუთხით, იმავე კატეგორიას მიეკუთვნება ასევე თავისუფალი ჯვრის ტიპის კიდევ ორი ძეგლი – ერელაანთ საყდარი და შიომღვიმის გუმბათოვანი ეკლესია. იდლეთის ნათლისმცემელს, მსგავსად აღნიშნული ძეგლებისა, დიდი ინდივიდუალური მხატვრული ღირებულება არ გააჩნია, თუმცა მიეკუთვნება ეტაპს, რომელიც წინ უსწრებს მხატვრული აყვავების პერიოდს და საინტერესოა გუმბათოვანი თემის ევოლუციის თვალსაზრისით. ძეგლის უმთავრეს თავისებურებას ოთხწახნაგა გუმბათის Read more

გელათის მონასტერი

გელათის მონასტერი

გელათის მონასტერი

გელათის მონასტერი იმერეთის მხარეში მდებარეობს, ქალაქ ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე. იგი ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც დავით აღმაშენებელმა დააარსა 1106 წელს. სწორედ გელათის ტაძარის შესასვლელშია დაკრძალული საქართველოს უდიდესი მეფე. Read more