ნინოწმინდის მონასტერი კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში მდებარეობს. კომპლექსი მოიცავს: ტაძარს, გალავანს, სამრეკლოს, საბა ტუსისშვილის სასახლესა და სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობებს. ანსამბლის მთავარი ნაგებობა VI საუკუნის ნინოწმინდის ტაძარია. მას დიდი მნიშვნელობა აქვს ევოლუციური თვალსაზრისით Read more
კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქი
მცხეთის ჯვრის მონასტერი (მცხეთის ჯვარი)
მცხეთის ჯვრის მონასტერი (მცხეთის ჯვარი) მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, კლდოვანი მთის წვერზე, მტკვრისა და არაგვის შესართავთან. იგი VI საუკუნის ბოლოთი და VII საუკუნის დასაწყისით თარიღდება და ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საეტაპო ძეგლია. მცხეთის ჯვარი შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. Read more
მარტვილის მონასტერი
მარტვილის მონასტერი (ჭყონდიდის მონასტერი) სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მარტვილში, მაღალ გორაკზე მდებარეობს. სამონასტრო ანსამბლი მოიცავს დიდ გუმბათოვან ტაძარს, მცირე ზომის ორსართულიან ეკლესიას (ჩიქოვანების ეკლესია), სვეტს, სამრეკლოს, საცხოვრებელი კოშკისა და სასახლის ნაშთებს, სასმელი წყლის ჭას, გალავანს და სხვადასხვა დანიშნულების სათავსების ნაშთებს. ჭყონდიდი დიდ მუხას ნიშნავს და, გადმოცემის თანახმად, მარტვილის ტაძარი აგებულია იმ მუხის ადგილას, რომელიც ანდრია პირველწოდებულმა მოჭრა მეგრელების გაქრისტიანებისას. მარტვილის მონასტერში ქართული ხელნაწერებისა და ჭედურობის მრავალი ნიმუში ინახებოდა, რომლებიც დღეს მუზეუმშია დაცული. ჭყონდიდის საეპისკოპოსო X საუკუნიდან საქართველოს სულიერ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა. XVI საუკუნიდან მარტვილის მონასტერი სამეგრელოს მთავართა საძვალე იყო. ჭყონდიდშია დაკრძალული საქართველოს მეფე ბაგრატ IV. კომპლექსის უძველესი და მთავარი ნაგებობა VII საუკუნის დიდი გუმბათოვანი ტაძარია, რომელიც “მცხეთის ჯვრის ტიპის” (კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქი) ძეგლთა ჯგუფს მიეკუთვნება (მცხეთის ჯვარი, ატენის სიონი, ძველი შუამთა). იგი X საუკუნეში მნიშვნელოვნად გადაუკეთებიათ, ძეგლმა ცვლილებები განიცადა XIX საუკუნეშიც. კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქის არქიტექტურული ტიპი მხოლოდ საქართველოსა და სომხეთშია (ავანი, ეჩმიაძინის რიფსიმე, თარგმანჩაცი, ადიამანი) ცნობილი. ამ არქიტექტურულ ტიპს საქართველოში ნინოწმინდის კათედრალმა დაუდო სათავე, სომხეთში კი უადრეს ნიმუშად ავანის ტაძარი მიიჩნევა. ქართული ნიმუშებისგან განსხვავებით, სომხეთში ყველა კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქის გეგმა სწორკუთხედშია ჩაწერილი, საქართველოში კი სწორკუთხედში ჩაწერილი მაგალითი არ გვხვდება.
მარტვილის დიდ ტაძარს დღეისათვის მხოლოდ ერთი, X ს-ის მიწურულით დათარიღებული, წარწერა აქვს შემორჩენილი. ის დასავლეთ ფასადის კეხშია მოთავსებული და შემდეგნაირად იკითხება: “ი(ეს)უ ქ(რისტ)ე. მე ვყო ც(ა)დ ჴელი ჩ(ე)მი, ვფუცო მ(ა)რჯ(უე)ნესა ჩ(ე)მსა და ვთქ(უ)ა: “ცხ(ოვე)ლ ვარ მე უკ(უნისამდ)ე””. ფრ. დიუბუა დე მონპერესა და მარი ბროსეს ცნობით, ეკლესიას კიდევ ორი ლაპიდარული წარწერა ჰქონია (ორივე X საუკუნისა), რომელთაგან ერთი დასავლეთ ფასადზე ყოფილა მოთავსებული, მეორე კი — ეკვდერის სარკმლის ზემოთ. ეს წარწერები XIX ს-ის შუა ხანებში ეკლესიის შეკეთებისას დაიღუპა. დასავლეთ ფასადის წარწერაში მოხსენიებული იყო მეფე ბაგრატ III: “ქ. ადიდენ ღმერთმან ბაგრატ მ(ე)ფჱ აფხაზთა [ორთავე შინ]ა ცხ(ო)რ(ე)ბ(ა)თა; აღაშენა წ(მიდა)ჲ ესე სანათლა[ვი] დ(ა)ს[აბამი]თგ(ა)ნ(თ)ა წ(ე)ლთა [ხ]ქ, ქრ(ონი)კ(ონ)სა სივ (996 წ.)”. ეკვდერის კედელზე კალატოზის წარწერა ყოფილა: “ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალ)ე მ(ი)ქ(აე)ლ გ(ა)ლ(ა)ტ(ო)ზი, ოპ(ი)ზ(ა)რი”. ეს წარწერა მოწმობაა იმისა, რომ X საუკუნეში ოსტატები საქართველოს ფარგლებში მოგზაურობდნენ და სხვადასხვა რეგიონში მუშაობდნენ. ტაძრის ინტერიერში შემონახულია XIII, XIV, XVI, XVII და XVIII საუკუნეების მოხატულობები. მარტვილის მცირე ეკლესია და სვეტი X-XI საუკუნეებშია აგებული.
ძეგლის აღწერა
მარტვილის მონასტრის მთავარი ტაძარი კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქის ტიპის ნაგებობაა. ამჟამად მისი ექსტერიერი განსხვავდება ამ ხუროთმოძღვრული ჯგუფის სხვა ნაგებობებისგან, რადგან X საუკუნეში მნიშვნელოვანი გადაკეთება განუცდია. სამხრეთ და ჩრდილოეთ ფესადებზე კედლებია მიშენებული, დასავლეთ ფასადზე კი — კარიბჭე, ამ მიშენებებმა დაფარა შვერილი აფსიდები და ნიშები. შესაბამისად, აღნიშნული ფასადები დღეისათვის ერთიან სიბრტყეებს წარმოადგენს. გარდა ამისა X საუკუნისაა, ადრეული შუა საუკუნეების ძეგლებთან შედარებით, უფრო მაღალი, 16 სარკმლიანი გუმბათიც. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს — სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან (ამ ჯგუფის სხვა ძეგლებისგან განსხვავებით, სადაც ორი შესასვლელია, მარტვილში დამატებულია დასავლეთის შესასვლელი). ნაგებობის კომპოზიციური ცენტრი გუმბათქვეშა კვადრატი და ინტერიერში წრიულ, ექსტერიერში თექვსმეტწახნაგა ყელზე დამყარებული გუმბათია. გუმბათქვეშა სივრცეს ოთხი მხრიდან აფსიდები ებმის, რომელთა შორისაც კუთხის ოთახებია მოწყობილი. გუმბათქვეშა სივრცეს კუთხის ოთახები კუთხეებში წრის 3/4 მოხაზულობის ღრმა ნიშებით უკავშირდება. აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი მცირედით უფრო გრძელია, ვიდრე სამხრეთ-ჩრდილოეთისა, რადგან საკურთხეველისა და დასავლეთი აფსიდების წინ ღრმა ბემებია, ჩრდილოეთისა და სამხრეთის აფსიდების ბემები კი ძალიან მცირე სიღრმისაა. მარტვილის ტაძრის ხუროთმოძღვარმა მცხეთის ჯვრის გეგმაში, შემადგენელ ნაწილთა თანაფარდობაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. მარტვილში აფსიდები უფრო ღრმაა, ნალისებრი მოყვანილობისა, ასევე გაზრდილია კუთხის ოთახებისა და კუთხის ნიშების ზომა. გარდა ამისა, შეცვლილია გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლის სისტემა — ტრომპების ნაცვლად აქ გამოყენებულია ერთმანეთზე გადმოკიდული (ერთმანეთის თავზე გადმოცდენით განლაგებული სამი თაღი) თაღები, რაც გ. ჩუბინაშვილს განხილული აქვს, როგორც ტრომპების დაშლა ნაწილებად. გუმბათის ყელის წრიული საფუძვლის მისაღწევად გამოყენებულია მცირე ზომის თაღების მეორე რიგიც — ორ-ორი პატარა თაღია მოთავსებული დიდი, სამთაღიანი სტრუქტურების თავზე (თითო პატარა თაღი დიდი თაღის ორივე მხარეს). აღნიშნულ სტრუქტურას გ. ჩუბინაშვილი თავდაპირველი ნაგებობის კუთვნილად მიიჩნევს, თუმცა, დ. ხოშტარიას აზრით, ის X საუკუნის რეკონსტრუქციის დროინდელი უნდა იყოს. ადრეული შუა საუკუნეების გუმბათოვანი ტაძრებისგან განსხვავებით, სადაც გუმბათის ყელი რვაწახნაგაა და წრიული საფუძველი უშუალოდ გუმბათის ნახევარსფეროს ქვეშ მიიღწევა (საფეხუროვანი სქემა), მარტვილში წრიული საფუძველი შექმნილია გუმბათის ყელის ქვეშ. ასეთ სტრუქტურას დ. ხოშტარია წრექმნადს უწოდებს და საქართველოში გარდამავალ ხანაში ჩნდება. ნაგებობის აფსიდები კონქებითაა გადახურული, ბემები — ცილინდრული კამარებით, კუთხის ოთახები კი — ჯვრული კამარებით. ინტერიერი ამჟამად ნათდება საკურთხევლის სამი, სამხრეთისა და ჩრდილოეთის თითო და გუმბათის თექვსმეტი სარკმლით. თითო სარკმელი აქვთ კუთხის სათავსებსაც. ეკლესიის ინტერიერი მთლიანად შემკულია სხვადასხვა პერიოდის კედლის მხატვრობით. დასავლეთ შესასვლელის ტიმპანში შემორჩენილია X-ის მოზაიკის ფრაგმენტი, რომელზეც გამოსახული ყოფილა ღვთისმშობელი ყრმით. საკურთხევლის ბემის მხატვრობის ნაშთები XIII საუკუნით თარიღდება. საკურთხეველსა და დასავლეთ მკლავში XIV ს-ის (ე. წ. პალეოლოგოსური) მხატვრობაა. სივრცის ძირითადი ნაწილის მხატვრობა XVI საუკუნეს მიეკუთვნება და, სტილისტური ნიშნების მხრივ, მრავალფეროვან სურათს გვაჩვენებს. ჩრდილოეთ და სამხრეთ მკლავებში მოხატულობათა ნაწილი XVII საუკუნით თარიღდება. კარიბჭეში შემონახულია XII და XVI საუკუნეების მოხატულობები. ეკლესიის ძირითად სივრცეშიც და კარიბჭეშიც მრავლად გვხვდება საქტიტორო პორტრეტები.
მარტვილის ტაძრის ექსტერიერმა, როგორც უკვე აღინიშნა, მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. თავდაპირველად, X ს-ის რეკონსტრუქციამდე, ოთხივე აფსიდი შვერილი იყო, აფსიდებსა და კუთხის ოთახებს შორის კი ნიშები იყო მოწყობილი. შესაბამისად, ნაგებობის შიდა სტრუქტურა სრულად ვლინდებოდა გარე მასებში. მარტვილის ხუროთმოძღვარმა მცხეთის ჯვრისეულ საფასადო გადაწყვეტაშიც შეიტანა ცვლილებები. აქ ოთხივე აფსიდი ექსტერიერში ხუთწახნაგაა და გაღრმავებულია საფასადო ნიშები. ღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადების ნიშები ბევრად დაბალია, ვიდრე ამ ტიპის სხვა ძეგლებში, ამიტომაც გვერდითა სიბრტყეები უფრო მეტადაა შერწყმული წახნაგოვან აფსიდთან. გარდა ამისა, სხვა მსგავს ნიმუშებთან შედარებით, შეცვლილია გვერდითა ფრთებისა და აფსიდის თანაფარდობაც, აფსიდის შვერილი აქ საგრძნობლად უფრო ვიწროა, ვიდრე კუთხის ოთახების საფასადო სიბრტყეები. ეს კომპონენტები, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ნიშების დადაბლება და შვერილი აფსიდის დავიწროვება, განაპირობებს ერთიანი, დაუნაწევრებელი საფასადო სიბრტყის როლის გაზრდას. მნიშვნელოვანია ასევე ცვლილებები საფასადო მორთულობაში, რაც, გ. ჩუბინაშვილის აზრით, ხუროთმოძღვრული დეკორის ახალ სისტემაზე გადასვლის მაგალითს წარმოადგენს. განსხვავებით მცხეთის ჯვრისგან და ატენის სიონისგან, სადაც რელიეფები ცალკეული, დამოუკიდებელი, დასრულებული კომპოზიციის სახითაა წარმოდგენილი, მარტვილში ჩნდება ორნამენტული პრინციპი. აქ რელიეფური კომპოზიციები მოთავსებულია აღმოსავლეთისა და დასავლეთის შვერილ აფსიდებზე ერთიანი ფრიზის სახით. ფიგურული რელიეფები სტილიზებული მცენარეების (ვაზის ყლორტების) დენად ხლართშია ჩართული. ფრიზებზე ძველი და ახალი აღთქმის სიუჟეტებია წარმოდგენილი. აღმოსავლეთისა და დასავლეთის აფსიდების ლავგარდნების ქვეშ რელიეფებით შემკული დახრილი სიბრტყის პროფილის მქონე კვადრებია (კრონშტეინები) მოთავსებული. ეს რელიეფებიც ლავგარდნის ნაწილად აღიქმება და ერთიან ორნამენტულ რიტმს ემორჩილება. მარტვილის ტაძრის საფასადო რელიეფები შეღებილი ყოფილა, სინგურის კვალი ჩანს დასავლეთის ფრიზზე. აღმოსავლეთ აფსიდის სამ სარკმელს ერთიანი, პროფილირებული სათაური ამკობს, რომელიც ჰორიზონტალებით ერთმანეთზე გადაბმული თაღებისგან შედგება. კიდურა ჰორიზონტალური გადანაკეცები ნიშების კედლებამდე გრძელდება. კომპოზიციურად მსგავსი თავსართები აქვთ მცხეთის ჯვრისა და ატენის სიონის აღმოსავლეთის სარკმლებსაც, თუმცა მარტვილის სარკმელთა თავსართი განსაკუთრებულ სიახლოვეს პოულობს აფხაზეთის IX-X საუკუნეების ტაძრებთან (ბზიფი, გუდაუთა, მოქვი).
ჩიქვანების (ჩიქოვანების) ორსართულიანი ეკლესია მთავარი ტაძრის ჩრდილოეთით დგას, ის გალავანშია ჩართული. ნაგებობის პირველი სართული ეზოსკენ დიდი თაღით გახსნილ, კამაროვან სამლოცველოს წარმოადგენს. აღმოსავლეთით ის კონქით გადახურული აფსიდით სრულდება. პირველი სართული ბაქანის ფუნქციას ასრულებს მეორე სართულზე დადგმული გუმბათოვანი ეკლესიისთვის. მეორე სართულზე პირველი სართულის დასავლეთ კედელზე მიშენებული კიბით ავდივართ. გუმბათოვანი ეკლესია თავისუფალი ჯვრის ტიპის ნაგებობაა. შესასვლელი ერთია, დასავლეთიდან. აღმოსავლეთის მკლავი აფსიდალურია, დანარჩენი სამი მკლავი კი — სწორკუთხა. აფსიდი კონქითაა გადახურული, მკლავები — ცილინდრული კამარებით. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ საფუძველზე გადასვლა აფრებით ხორციელდება. გუმბათის ყელი ინტერიერშიც და ექსტერიერშიც წრიულია. აღმოსავლეთის მკლავი, დანარჩენ სამ მკლავთან შედარებით, უფრო ღრმაა, ამიტომაც გუმბათი ცენტრიდან მცირედით დასავლეთითაა აღმართული. გუმბათის ასეთი განლაგება არატრადიციულია ქართული ხუროთმოძღვრებისთვის, თუმცა ერთეული ნიმუშები მაინც გვხვდება. როგორც წესი, გუმბათი ცენტრში ან ცენტრიდან აღმოსავლეთთაა აღმართული. ეკლესიის სივრცე ნათდება გუმბათის ექვსი სარკმლითა და აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავებში გაჭრილი თითო სარკმლით. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის მცირე ფრაგმენტები. ფასადები თლილი ქვითაა მოპირკეთებული. მთელს ფასადს დეკორატიული თაღედი ევლება. აღმოსავლეთის, სამხრეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის ფრონტონიან ფასადებზე სამთაღედებია მოთავსებული, ცენტრალური თაღი, კიდურა თაღებთან შედარებით, უფრო მაღალია. კედლებზე, რომლებიც მკლავებს შორის კუთხეს ქმნიან, თითო თაღია. თაღები და მათი საყრდენი პილასტრები შეწყვილებული ლილვებითაა შედგენილი. პილასტრებს არა აქვთ ბაზისები და კაპიტელები. აქ არ არის ქართული არქიტექტურისთვის სახასიათო სიბრტყის ჩაწევით მიღებული თაღები, ლილვოვანი თაღედი პირდაპირ კედლის სიბრტყეზეა გადადებული. ასეთივე თაღედითაა დეკორირებული გუმბათის ყელიც. ფასადებს ლილვითა და წრეთარგით შედგენილი პროფილის მქონე ლავგარდანი ასრულებს.
მარტვილის სვეტი კვადრატული გეგმის მქონე, კოშკური ტიპის ნაგებობაა. იგი სამი მონაკვეთისგან შედგება: პირველი ნაწილი დასავლეთ-აღმოსავლეთ ღერძზე ფართო და მაღალი თაღით გახსნილ პოსტამენტს წარმოადგენს; მეორე ნაწილი მესვეტის სენაკია, მესამე კი — ეკლესია. ექსტერიერში პოსტამენტისა და სენაკის ფასადები გაერთიანებულია და ერთ ნაწილად აღიქმება, ეკლესიის ნაწილი კი სარტყელითაა გამოყოფილი. შესაბამისად, სვეტი ექსტერიერში ორ მონაკვეთადაა დაყოფილი. სვეტი XX დასაწყისში უკვე შუაზე იყო გამსკდარი, 1922 წელს კი სამხრეთ ნახევარი ნაგებობას სრულიად მოსცილდა და ფერდობზე გადავარდა. ამჟამად ძეგლი აღდგენილია. მესვეტის სენაკს შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს და აღმოსავლეთისა და დასავლეთის თითო სარკმლით ნათდება. კედლებში ღრმა ნიშებია მოწყობილი. სენაკსა და ეკლესიას ხის გადახურვა ყოფდა, მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში იყო მოწყობილი ქვის თაღი. ეკლესია დარბაზულია. მისი ინტერიერიცა და ექსტერიერიც სუფთად თლილი ქვითაა მოპირკეთებული. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომლის წინაც ძალიან მცირე სიღრმის ბემაა. ბემა დარბაზისგან ორსაფეხურიანი მხრებითაა გამოყოფილი. გრძივი კედლები ორ-ორი დეკორატიული თაღითაა დანაწევრებული. აფსიდი კონქითაა გადახურული, დარბაზი კი — ცილინდრული კამარით. ეკლესიის ოთხივე ფასადს სიბრტყის ჩაწევით მიღებული დეკორატიული თაღედი აქვს შემოვლებული. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფრონტონიან ფასადებზე თაღების განლაგება აღმავალია. თაღების მომღარჩოებელი სარტყელის ზედაპირი მთლიანად მოჩუქურთმებულია. თაღების შიდა პირს გასდევს მძივად აწყობილი ბურთულები. ასეთივე ბურთულების მძივებითაა დეკორირებული ეკლესიის ლავგარდანიც.
იხილეთ კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქები ⇒
იხილეთ თავისუფალი ჯვრის ტიპის ტაძრები ⇒
იხილეთ სამარტომყოფლო სვეტები ⇒
ავტორი: თამთა დოლიძე.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ბერიძე, ვ. ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, ტომი I, ტომი II. თბილისი, 2014. (მიჰყევით ბმულებს: ტომი I, ტომი II).
- დადიანი, თ., ე. კვაჭატაძე, და თ. ხუნდაძე. შუა საუკუნეების ქართული ქანდაკება. თბილისი, 2017. (მიჰყევით ბმულს).
- დვალიშვილი, მ. და სხვები. მარტვილი, ღვთისმშობლის ტაძარი (VII-XVII სს.). თბილისი, 2004. (მიჰყევით ბმულს).
- ელიავა, გ. ჭყონდიდი-მარტვილი (ისტორიული მიმოხილვა). თბილისი, 1962. (მიჰყევით ბმულს).
- სილოგავა, ვ. შემდ. ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი II: დასავლეთ საქართველოს წარწერები, ნაკვ. I (IX-XIII სს.). თბილისი, 1980. (მიჰყევით ბმულს).
- ჩუბინაშვილი, გ. ქართული ხელოვნების ისტორია, ტომი I. თბილისი, 1936. (მიჰყევით ბმულს).
- ცინცაძე, ვ. “მარტვილის “სვეტი” (ძეგლზე ჩატარებული მეცნიერული დაცვის სამუშაოები)”. ძეგლის მეგობარი, N56. 1981. (მიჰყევით ბმულს).
- ხოშტარია, დ. “გუმბათქვეშა კონსტრუქციები V-X საუკუნეების ქართულ არქიტექტურაში (ტრომპი და აფრა-ტრომპი)”. არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტომი I. თბილისი, 2001. (მიჰყევით ბმულს).
რესურსები ინტერნეტში:
- მარტვილის ტაძარი. ძეგლის ბიბლიოგრაფია. nplg.gov.ge ⇒
- მარტვილის სამონასტრო ანსამბლი. dzeglebi.ge ⇒
- მარტვილის მონასტერი. saunje.ge ⇒
- მარტვილის მონასტერი. memkvidreoba.gov.ge ⇒
- მარტვილის მონასტერი. ka.wikipedia.org ⇒
ატენის სიონი
ატენის სიონი შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენში მდებარეობს, ატენის ხეობაში. იგი VII საუკუნის I ნახევრით თარიღდება. ტაძარი აგებულია მდინარე ტანას მარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზე, საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზე. ატენის სიონი ე.წ. “ჯვრის ტიპის” ძეგლების ჯგუფს მიეკუთვნება (ძველი შუამთა, მარტვილის ტაძარი), რომელსაც მცხეთის ჯვარმა დაუდო სათავე. ამ ტიპის ნაგებობათაგან მცხეთის ჯვართან ყველაზე ახლოს სწორედ ატენის სიონია. ატენის ტაძრის მშენებელი პირდაპირ იმეორებს მცხეთის ჯვრის გეგმას, ისე, რომ არ ცდილობს ფუნქციურად მოარგოს არსებულ ლანდშაფტს. გარემო აქ მცხეთის ჯვრისგან განსხვავებულია, ამიტომ ზოგიერთი დეტალი შეუსაბამობაშია, მაგალითად: ეკლესიას მისასვლელი დასავლეთიდან აქვს, ამიტომაც შესასვლელის აქედან გაკეთება ბუნებრივი იქნებოდა, ამ მხარეს ასევე არ არის ნიშებიც. მორთულობის უმეტესი ნაწილი აღმოსავლეთ ფასადზეა განლაგებული, თუმცა ამ ფასადის ნახვა მხოლოდ ძალიან ახლოდან, ძლიერი პერსპექტივითაა შესაძლებელი. ატენის სიონი არქიტექტურული თვალსაზრისით მცხეთის ჯვრისგან პროპორციებით განსხვავდება: აქ გუმბათის ყელი უფრო განიერია, რის გამოც შენობა უფრო მასიური და მძიმე ჩანს და ასევე არ გვხვდება ნაგებობის შემადგენელი მასების მკაფიო დიფერენციაცია. ატენის სიონის რელიეფებიც ბევრად ჩამოუვარდება მცხეთის ჯვრის რელიეფებს მხატვრულ-კომპოზიციური თვალსაზრისით. მიუხედავად ამ ნიუანსებისა, ეს ტაძარი ნამდვილად ახდენს შთაბეჭდილებას მნახველზე, რადგან ნაგებობის ტიპი ბოლომდე შემუშავებული და ჰარმონიულია. ატენის სიონის მთავარი ხიბლი ინტერიერია, რომელსაც XI საუკუნის უმშვენიერესი ფრესკები ამკობს. ატენის სიონის მოხატულობა ქართული მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ტაძარში IX-XI საუკუნეების მრავალი ლაპიდარული და ფრესკული წარწერაა შემონახული, რომლებიც მნიშვნელოვან ისტორიულ ცნობებს შეიცავენ და ასევე საყურადღებონი არიან ენისა და დამწერლობის თვალსაზრისითაც. ისინი მდიდარ მასალას გვაძლევენ საქართველოს ისტორიულ, კულტურულ, ენისა თუ პალეოგრაფიის მთელი რიგი საკითხების კვლევისათვის.
არქიტექტურა
ატენის სიონი ტეტრაკონქის ტიპის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარია, გეგმით იგი კუთხისოთახებიან ტეტრაკონქს წარმოადგენს. ნაგებობა ორსაფეხურიან იმპოსტზე დგას, რომლის ქვეშ ფართო და დაბალი ცოკოლია. ეკლესიის გეგმის კომპოზიციური ბირთვი გუმბათქვეშა კვადრატია, რომელზეც სფერული გუმბათის რვაწახნაგა, ოთხსარკმელიანი ყელია აღმართული. გუმბათი აფსიდების შვერილებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა სამ წყებად განლაგებული ტრომპების საშუალებით ხორციელდება. გუმბათის სფეროში რელიეფური ჯვარია გამოსახული. ჯვრის მკლავებს შორის, ყოველ კუთხეში, თითო ოთახია, რომლებიც მცირე, წრის სამი მეოთხედი მოხაზულობის სათავსებით უკავშირდებიან ტაძრის ცენტრალურ სივრცეს. საკურთხევლის აფსიდის მიმდებარე ოთახები სამკვეთლო და სადიაკვნეა, ხოლო დანარჩენი ორიდან სამხრეთ-დასავლეთისა საქალებოა. გუმბათქვეშა საბჯენი თაღები ოდნავ ნალისებრია. საკურთხეველი დარბაზთან შედარებით ორი საფეხურითაა ამაღლებული. საკურთხევლისა და დასავლეთ აფსიდის წინ ბემებია, რის გამოც შენობის აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი უფრო გრძელია, ვიდრე სამხრეთ-ჩრდილოეთისა. ტაძრის გარეგნული ფორმები ნათლად გამოხატავს შიგა სივრცის ორგანიზაციას. შენობის ძირითადი მასები გუმბათქვეშა კვადრატიდან საფეხურებად იშლება. გუმბათის ყელი მასიურია. გუმბათქვეშა კვადრატის ფუძეს საკმაოდ ამაღლებული კუთხეები აქვს. კვადრატის ყელის მეტი ნაწილი თავიდანაა ამოყვანილი და თანაც ამაღლებულია ერთი კვადრით. გუმბათის ყელი და საერთოდ მთელი შენობა სიმძიმის შთაბეჭდილებას ქმნის, თუმცა მაინც ჰარმონიულია. ტაძრის მორთულობაში მრავალფეროვანია დეკორატიული მოტივი, აქ გვხვდება მცენარეული ორნამენტები, ცხოველთა და ფრინველთა გამოსახულებები, სიუჟეტური კომპოზიციები. განსხვავებულია რელიეფების შესრულება, ისინი სხვადასხვა პერიოდს მიეკუთვნება. განსაკუთღებით მორთულია აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადები. აღმოსავლეთის ფასადის წინ ვიწრო გასასვლელია დატოვებული, რაც აძნელებს სარკმლების ზემოთ მოთავსებული სკულპტურული გამოსახულებების აღქმას. სარკმლები რელიეფური სათაურებითაა შემკული. სამხრეთის ფასადის აღმოსავლეთ ნიშში ამოკვეთილია სომხური ასომთავრული წარწერა: „მე თოდოსაკ მაშენებელი ამ წმიდა ეკლესიისა“, რომელიც მიჩნეული იყო სამშენებლო წარწერად, თუმცა დღეს მას უფრო გვიანდელად თვლიან და თოდოსაკს ტაძრის რესტავრატორად მიიჩნევენ და არა ამშენებლად. გუმბათის ყელის აღმოსავლეთ ფასადზეც რელიეფური გამოსახულება და ქართული ასომთავრული წარწერაა. გუმბათის ყელის სარკმლების სათაურებიც ორნამენტირებულია. ლავგარდნები გვიანდელი პერიოდისაა. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენებული არიან ისტორიული და სხვა პირები, მოცემულია თარიღები და ცნობები. ნაგებობას ორი შესასვლელი აქვს – სამხრეთითა და ჩრდილოეთით. ეკლესია ნაგებია მომწვანო-მონაცრისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრებით, გამოყენებუია სხვა ფერის ქვებიც.
მოხატულობა
ატენის სიონის ინტერიერში სამი სხვადასხვა პერიოდის მხატვრობაა დაცული. ბათქაშის ჩამოცვენის შედეგად, ქვის ზედაპირზე გამოვლინდა მოხატულობის ყველაზე ძველი, ტაძრის თანადროული მოხატულობის ფრაგმენტები: წითელი საღებავით შესრულებული არქიტექტურული წყობის იმიტაცია აფსიდების კონქში, თაღებში და ასეთივე საღებავით შემოხაზული რელიეფური ჯვარი გუმბათში. ტაძარში გაირჩევა აგრეთვე პირველ ფენასთან ქრონოლოგიურად ახლო მდგომი, უფრო გვიანდელი დეკორი – აფსიდის რვა შვერილზე და სამსხვერპლოს კარის ზემოთ, ნაცრისფერი ბათქაშით დაფარულ კედელზე თეთრი და წითელი საღებავებით გამოსახულია განედლებული ჯვრები. ატენის სიონის ინტერიერი XI საუკუნისის II ნახევარში მთლიანად მოიხატა. სწორედ ამ პერიოდის მოხატულობაა შემორჩენილი ყველაზე კარგად და ის ქართული ფრესკული მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. კომპოზიციათა მხატვრული გააზრების, ფორმების ნატიფი მოდელირების, მხატვრული გამომსახველობისა და ჟღერადი კოლორიტის გამო იგი ქართული მონუმენტური ფერწერის საეტაპო ნაწარმოებად ითვლება. მხატვრობის კომპოზიციები მკაცრი და მონუმენტურია. კოლორიტი აგებულია ცისფრის სხვადასხვა ტონებზე და მათ შეხამებაზე მოვერცხლისფრო მწვანესთან, წითელსა და იისფერთან. წერის მანერისა და ტექნიკური ხერხების მიხედვით რამდენიმე მხატვრის ხელი გაირჩევა. მიუხედავად რამდენიმე შემსრულებლისა, მხატვრობის იკონოგრაფიული და მხატვრული ჩანაფიქრი ერთიანია. მოხატულობის იკონოგრაფიული სქემა ძველ ქართულ ტრადიციას მისდევს და ნაწილობრივ იმითაც განისაზღვრება რომ ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა. გუმბათში გამოსახულია ჯვარი, წინასწარმეტყველები, მახარებლები, სამოთხის ოთხი მდინარის პერსონიფიკაციებია. საკურთხევლის აფსიდში გამოსახულია ღვთისმშობლის ნიკოპეა, ქრისტე ყოვლისმპყრობელი, ოთხი წინასწარმეტყველი, თორმეტი მოციქული, პატარა ჯვარი, ზიარების ორნაწილიანი სცენაა, ეკლესიის ათი მამის გამოსახულება, ორი მესვეტე, ორი დიაკვანი. სამხრეთი აფსიდში გამოსახულია მთავარანგელოზი და აპოკრიფული სცენები ღვთისმშობლის ცხოვრებიდან, ძღვენის უარყოფა, ყვედრება იოაკიმესგან ანასი, ანას ხარება, იოაკიმეს ხარება, შეხვედრა ოქროს კარიბჭესთან, ღვთისმშობლის შობა, ღვთისმშობლის შვიდი ნაბიჯი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება, ხარება, მარიამის და ელისაბედის შეხვედრა, ღვთისმშობლის წყლით მხილება, იოსების სიზმარი, შობა და ღვთისმშობლის მიძინება. ჩრდილოეთი აფსიდში გამოსახულია მთავარანგელოზი, ნათლისღება, ფერისცვალება, ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმში შესვლა, საიდუმლო სერობა, ჯვარცმა, ჯოჯოხეთის წარმოტყვენა, მენელსაცხებლე დედანი, ამაღლება, სულთმოფენობა. დასავლეთის აფსიდი მთლიანად უჭირავს განკითხვის დღის რთულ კომპოზიციას. აქ გამოსახულია ანგელოზი, რომელიც ცის კამარას ახვევს, ვედრება მოციქულებით და ანგელოზებით, ჰეტიმასია, სამოთხე წმინდანთა გუნდებით, ჯოჯოხეთის სცენების ფრაგმენები, წინასწარმეტყველები, ქტიტორთა პორტრეტები (წარწერები ძალიან დაზიანებულია და გამოსახულ პირთა ვინაობა სადაოა).