ფარავნის ეკლესია

ფარავნის ეკლესია

ფარავნის ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარავანში მდებარეობს. იგი X-XI საუკუნეებით თარიღდება. ტაძარი აზიდული პროპორციებითა Read more

მარტვილის მონასტერი

მარტვილის მონასტერი

მარტვილის მონასტერი

მარტვილის მონასტერი (ჭყონდიდის მონასტერი) სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მარტვილში, მაღალ გორაკზე მდებარეობს. სამონასტრო ანსამბლი მოიცავს დიდ გუმბათოვან ტაძარს, მცირე ზომის ორსართულიან ეკლესიას (ჩიქოვანების ეკლესია), სვეტს, სამრეკლოს, საცხოვრებელი კოშკისა და სასახლის ნაშთებს, სასმელი წყლის ჭას, გალავანს და სხვადასხვა დანიშნულების სათავსების ნაშთებს. ჭყონდიდი დიდ მუხას ნიშნავს და, გადმოცემის თანახმად, მარტვილის ტაძარი აგებულია იმ მუხის ადგილას, რომელიც ანდრია პირველწოდებულმა მოჭრა მეგრელების გაქრისტიანებისას. მარტვილის მონასტერში ქართული ხელნაწერებისა და ჭედურობის მრავალი ნიმუში ინახებოდა, რომლებიც დღეს მუზეუმშია დაცული. ჭყონდიდის საეპისკოპოსო X საუკუნიდან საქართველოს სულიერ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა. XVI საუკუნიდან მარტვილის მონასტერი სამეგრელოს მთავართა საძვალე იყო. ჭყონდიდშია დაკრძალული საქართველოს მეფე ბაგრატ IV. კომპლექსის უძველესი და მთავარი ნაგებობა VII საუკუნის დიდი გუმბათოვანი ტაძარია, რომელიც “მცხეთის ჯვრის ტიპის” (კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქი) ძეგლთა ჯგუფს მიეკუთვნება (მცხეთის ჯვარი, ატენის სიონი, ძველი შუამთა). იგი X საუკუნეში მნიშვნელოვნად გადაუკეთებიათ, ძეგლმა ცვლილებები განიცადა XIX საუკუნეშიც. კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქის არქიტექტურული ტიპი მხოლოდ საქართველოსა და სომხეთშია (ავანი, ეჩმიაძინის რიფსიმე, თარგმანჩაცი, ადიამანი) ცნობილი. ამ არქიტექტურულ ტიპს საქართველოში ნინოწმინდის კათედრალმა დაუდო სათავე, სომხეთში კი უადრეს ნიმუშად ავანის ტაძარი მიიჩნევა. ქართული ნიმუშებისგან განსხვავებით, სომხეთში ყველა კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქის გეგმა სწორკუთხედშია ჩაწერილი, საქართველოში კი სწორკუთხედში ჩაწერილი მაგალითი არ გვხვდება.
მარტვილის დიდ ტაძარს დღეისათვის მხოლოდ ერთი, X ს-ის მიწურულით დათარიღებული, წარწერა აქვს შემორჩენილი. ის დასავლეთ ფასადის კეხშია მოთავსებული და შემდეგნაირად იკითხება: “ი(ეს)უ ქ(რისტ)ე. მე ვყო ც(ა)დ ჴელი ჩ(ე)მი, ვფუცო მ(ა)რჯ(უე)ნესა ჩ(ე)მსა და ვთქ(უ)ა: “ცხ(ოვე)ლ ვარ მე უკ(უნისამდ)ე””. ფრ. დიუბუა დე მონპერესა და მარი ბროსეს ცნობით, ეკლესიას კიდევ ორი ლაპიდარული წარწერა ჰქონია (ორივე X საუკუნისა), რომელთაგან ერთი დასავლეთ ფასადზე ყოფილა მოთავსებული, მეორე კი — ეკვდერის სარკმლის ზემოთ. ეს წარწერები XIX ს-ის შუა ხანებში ეკლესიის შეკეთებისას დაიღუპა. დასავლეთ ფასადის წარწერაში მოხსენიებული იყო მეფე ბაგრატ III: “ქ. ადიდენ ღმერთმან ბაგრატ მ(ე)ფჱ აფხაზთა [ორთავე შინ]ა ცხ(ო)რ(ე)ბ(ა)თა; აღაშენა წ(მიდა)ჲ ესე სანათლა[ვი] დ(ა)ს[აბამი]თგ(ა)ნ(თ)ა წ(ე)ლთა [ხ]ქ, ქრ(ონი)კ(ონ)სა სივ (996 წ.)”. ეკვდერის კედელზე კალატოზის წარწერა ყოფილა: “ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალ)ე მ(ი)ქ(აე)ლ გ(ა)ლ(ა)ტ(ო)ზი, ოპ(ი)ზ(ა)რი”. ეს წარწერა მოწმობაა იმისა, რომ X საუკუნეში ოსტატები საქართველოს ფარგლებში მოგზაურობდნენ და სხვადასხვა რეგიონში მუშაობდნენ. ტაძრის ინტერიერში შემონახულია XIII, XIV, XVI, XVII და XVIII საუკუნეების მოხატულობები. მარტვილის მცირე ეკლესია და სვეტი X-XI საუკუნეებშია აგებული. 

 

ძეგლის აღწერა

მარტვილის მონასტრის მთავარი ტაძარი კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქის ტიპის ნაგებობაა. ამჟამად მისი ექსტერიერი განსხვავდება ამ ხუროთმოძღვრული ჯგუფის სხვა ნაგებობებისგან, რადგან X საუკუნეში მნიშვნელოვანი გადაკეთება განუცდია. სამხრეთ და ჩრდილოეთ ფესადებზე კედლებია მიშენებული, დასავლეთ ფასადზე კი — კარიბჭე, ამ მიშენებებმა დაფარა შვერილი აფსიდები და ნიშები. შესაბამისად, აღნიშნული ფასადები დღეისათვის ერთიან სიბრტყეებს წარმოადგენს. გარდა ამისა X საუკუნისაა, ადრეული შუა საუკუნეების ძეგლებთან შედარებით, უფრო მაღალი, 16 სარკმლიანი გუმბათიც. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს — სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან (ამ ჯგუფის სხვა ძეგლებისგან განსხვავებით, სადაც ორი შესასვლელია, მარტვილში დამატებულია დასავლეთის შესასვლელი).  ნაგებობის კომპოზიციური ცენტრი გუმბათქვეშა კვადრატი და ინტერიერში წრიულ, ექსტერიერში თექვსმეტწახნაგა ყელზე დამყარებული გუმბათია. გუმბათქვეშა სივრცეს ოთხი მხრიდან აფსიდები ებმის, რომელთა შორისაც კუთხის ოთახებია მოწყობილი. გუმბათქვეშა სივრცეს კუთხის ოთახები კუთხეებში წრის 3/4 მოხაზულობის ღრმა ნიშებით უკავშირდება. აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი მცირედით უფრო გრძელია, ვიდრე სამხრეთ-ჩრდილოეთისა, რადგან საკურთხეველისა და დასავლეთი აფსიდების წინ ღრმა ბემებია, ჩრდილოეთისა და სამხრეთის აფსიდების ბემები კი ძალიან მცირე სიღრმისაა. მარტვილის ტაძრის ხუროთმოძღვარმა მცხეთის ჯვრის გეგმაში, შემადგენელ ნაწილთა თანაფარდობაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. მარტვილში აფსიდები უფრო ღრმაა, ნალისებრი მოყვანილობისა, ასევე გაზრდილია კუთხის ოთახებისა და კუთხის ნიშების ზომა. გარდა ამისა, შეცვლილია გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლის სისტემა — ტრომპების ნაცვლად აქ გამოყენებულია ერთმანეთზე გადმოკიდული (ერთმანეთის თავზე გადმოცდენით განლაგებული სამი თაღი) თაღები, რაც გ. ჩუბინაშვილს განხილული აქვს, როგორც ტრომპების დაშლა ნაწილებად. გუმბათის ყელის წრიული საფუძვლის მისაღწევად გამოყენებულია მცირე ზომის თაღების მეორე რიგიც — ორ-ორი პატარა თაღია მოთავსებული დიდი, სამთაღიანი სტრუქტურების თავზე (თითო პატარა თაღი დიდი თაღის ორივე მხარეს). აღნიშნულ სტრუქტურას გ. ჩუბინაშვილი თავდაპირველი ნაგებობის კუთვნილად მიიჩნევს, თუმცა, დ. ხოშტარიას აზრით, ის X საუკუნის რეკონსტრუქციის დროინდელი უნდა იყოს. ადრეული შუა საუკუნეების გუმბათოვანი ტაძრებისგან განსხვავებით, სადაც გუმბათის ყელი რვაწახნაგაა და წრიული საფუძველი უშუალოდ გუმბათის ნახევარსფეროს ქვეშ მიიღწევა (საფეხუროვანი სქემა), მარტვილში წრიული საფუძველი შექმნილია გუმბათის ყელის ქვეშ. ასეთ სტრუქტურას დ. ხოშტარია წრექმნადს უწოდებს და საქართველოში გარდამავალ ხანაში ჩნდება. ნაგებობის აფსიდები კონქებითაა გადახურული, ბემები — ცილინდრული კამარებით, კუთხის ოთახები კი — ჯვრული კამარებით. ინტერიერი ამჟამად ნათდება საკურთხევლის სამი, სამხრეთისა და ჩრდილოეთის თითო და გუმბათის თექვსმეტი სარკმლით. თითო სარკმელი აქვთ კუთხის სათავსებსაც. ეკლესიის ინტერიერი მთლიანად შემკულია სხვადასხვა პერიოდის კედლის მხატვრობით. დასავლეთ შესასვლელის ტიმპანში შემორჩენილია X-ის მოზაიკის ფრაგმენტი, რომელზეც გამოსახული ყოფილა ღვთისმშობელი ყრმით. საკურთხევლის ბემის მხატვრობის ნაშთები XIII საუკუნით თარიღდება. საკურთხეველსა და დასავლეთ მკლავში XIV ს-ის (ე. წ. პალეოლოგოსური) მხატვრობაა. სივრცის ძირითადი ნაწილის მხატვრობა XVI საუკუნეს მიეკუთვნება და, სტილისტური ნიშნების მხრივ, მრავალფეროვან სურათს გვაჩვენებს. ჩრდილოეთ და სამხრეთ მკლავებში მოხატულობათა ნაწილი XVII საუკუნით თარიღდება. კარიბჭეში შემონახულია XII და XVI საუკუნეების მოხატულობები. ეკლესიის ძირითად სივრცეშიც და კარიბჭეშიც მრავლად გვხვდება საქტიტორო პორტრეტები. 
მარტვილის ტაძრის ექსტერიერმა, როგორც უკვე აღინიშნა, მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. თავდაპირველად, X ს-ის რეკონსტრუქციამდე, ოთხივე აფსიდი შვერილი იყო, აფსიდებსა და კუთხის ოთახებს შორის კი ნიშები იყო მოწყობილი. შესაბამისად, ნაგებობის შიდა სტრუქტურა სრულად ვლინდებოდა გარე მასებში. მარტვილის ხუროთმოძღვარმა მცხეთის ჯვრისეულ საფასადო გადაწყვეტაშიც შეიტანა ცვლილებები. აქ ოთხივე აფსიდი ექსტერიერში ხუთწახნაგაა და გაღრმავებულია საფასადო ნიშები. ღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადების ნიშები ბევრად დაბალია, ვიდრე ამ ტიპის სხვა ძეგლებში, ამიტომაც გვერდითა სიბრტყეები უფრო მეტადაა შერწყმული წახნაგოვან აფსიდთან. გარდა ამისა, სხვა მსგავს ნიმუშებთან შედარებით, შეცვლილია გვერდითა ფრთებისა და აფსიდის თანაფარდობაც, აფსიდის შვერილი აქ საგრძნობლად უფრო ვიწროა, ვიდრე კუთხის ოთახების საფასადო სიბრტყეები. ეს კომპონენტები, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ნიშების დადაბლება და შვერილი აფსიდის დავიწროვება, განაპირობებს ერთიანი, დაუნაწევრებელი საფასადო სიბრტყის როლის გაზრდას. მნიშვნელოვანია ასევე ცვლილებები საფასადო მორთულობაში, რაც, გ. ჩუბინაშვილის აზრით, ხუროთმოძღვრული დეკორის ახალ სისტემაზე გადასვლის მაგალითს წარმოადგენს. განსხვავებით მცხეთის ჯვრისგან და ატენის სიონისგან, სადაც რელიეფები ცალკეული, დამოუკიდებელი, დასრულებული კომპოზიციის სახითაა წარმოდგენილი, მარტვილში ჩნდება ორნამენტული პრინციპი. აქ რელიეფური კომპოზიციები მოთავსებულია აღმოსავლეთისა და დასავლეთის შვერილ აფსიდებზე ერთიანი ფრიზის სახით. ფიგურული რელიეფები სტილიზებული მცენარეების (ვაზის ყლორტების) დენად ხლართშია ჩართული. ფრიზებზე ძველი და ახალი აღთქმის სიუჟეტებია წარმოდგენილი. აღმოსავლეთისა და დასავლეთის აფსიდების ლავგარდნების ქვეშ რელიეფებით შემკული დახრილი სიბრტყის პროფილის მქონე კვადრებია (კრონშტეინები) მოთავსებული. ეს რელიეფებიც ლავგარდნის ნაწილად აღიქმება და ერთიან ორნამენტულ რიტმს ემორჩილება. მარტვილის ტაძრის საფასადო რელიეფები შეღებილი ყოფილა, სინგურის კვალი ჩანს დასავლეთის ფრიზზე. აღმოსავლეთ აფსიდის სამ სარკმელს ერთიანი, პროფილირებული სათაური ამკობს, რომელიც ჰორიზონტალებით ერთმანეთზე გადაბმული თაღებისგან შედგება. კიდურა ჰორიზონტალური გადანაკეცები ნიშების კედლებამდე გრძელდება. კომპოზიციურად მსგავსი თავსართები აქვთ მცხეთის ჯვრისა და ატენის სიონის აღმოსავლეთის სარკმლებსაც, თუმცა მარტვილის სარკმელთა თავსართი განსაკუთრებულ სიახლოვეს პოულობს აფხაზეთის IX-X საუკუნეების ტაძრებთან (ბზიფი, გუდაუთა, მოქვი). 

ჩიქვანების (ჩიქოვანების) ორსართულიანი ეკლესია მთავარი ტაძრის ჩრდილოეთით დგას, ის გალავანშია ჩართული. ნაგებობის პირველი სართული ეზოსკენ დიდი თაღით გახსნილ, კამაროვან სამლოცველოს წარმოადგენს. აღმოსავლეთით ის კონქით გადახურული აფსიდით სრულდება. პირველი სართული ბაქანის ფუნქციას ასრულებს მეორე სართულზე დადგმული გუმბათოვანი ეკლესიისთვის. მეორე სართულზე პირველი სართულის დასავლეთ კედელზე მიშენებული კიბით ავდივართ. გუმბათოვანი ეკლესია თავისუფალი ჯვრის ტიპის ნაგებობაა. შესასვლელი ერთია, დასავლეთიდან. აღმოსავლეთის მკლავი აფსიდალურია, დანარჩენი სამი მკლავი კი — სწორკუთხა. აფსიდი კონქითაა გადახურული, მკლავები — ცილინდრული კამარებით. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ საფუძველზე გადასვლა აფრებით ხორციელდება. გუმბათის ყელი ინტერიერშიც და ექსტერიერშიც წრიულია. აღმოსავლეთის მკლავი, დანარჩენ სამ მკლავთან შედარებით, უფრო ღრმაა, ამიტომაც გუმბათი ცენტრიდან მცირედით დასავლეთითაა აღმართული. გუმბათის ასეთი განლაგება არატრადიციულია ქართული ხუროთმოძღვრებისთვის, თუმცა ერთეული ნიმუშები მაინც გვხვდება. როგორც წესი, გუმბათი ცენტრში ან ცენტრიდან აღმოსავლეთთაა აღმართული. ეკლესიის სივრცე ნათდება გუმბათის ექვსი სარკმლითა და აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავებში გაჭრილი თითო სარკმლით. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის მცირე ფრაგმენტები. ფასადები თლილი ქვითაა მოპირკეთებული. მთელს ფასადს დეკორატიული თაღედი ევლება. აღმოსავლეთის, სამხრეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის ფრონტონიან ფასადებზე სამთაღედებია მოთავსებული, ცენტრალური თაღი, კიდურა თაღებთან შედარებით, უფრო მაღალია. კედლებზე, რომლებიც მკლავებს შორის კუთხეს ქმნიან, თითო თაღია. თაღები და მათი საყრდენი პილასტრები შეწყვილებული ლილვებითაა შედგენილი. პილასტრებს არა აქვთ ბაზისები და კაპიტელები. აქ არ არის ქართული არქიტექტურისთვის სახასიათო სიბრტყის ჩაწევით მიღებული თაღები, ლილვოვანი თაღედი პირდაპირ კედლის სიბრტყეზეა გადადებული. ასეთივე თაღედითაა დეკორირებული გუმბათის ყელიც. ფასადებს ლილვითა და წრეთარგით შედგენილი პროფილის მქონე ლავგარდანი ასრულებს. 

მარტვილის სვეტი კვადრატული გეგმის მქონე, კოშკური ტიპის ნაგებობაა. იგი სამი მონაკვეთისგან შედგება: პირველი ნაწილი დასავლეთ-აღმოსავლეთ ღერძზე ფართო და მაღალი თაღით გახსნილ პოსტამენტს წარმოადგენს; მეორე ნაწილი მესვეტის სენაკია, მესამე კი — ეკლესია. ექსტერიერში პოსტამენტისა და სენაკის ფასადები გაერთიანებულია და ერთ ნაწილად აღიქმება, ეკლესიის ნაწილი კი სარტყელითაა გამოყოფილი. შესაბამისად, სვეტი ექსტერიერში ორ მონაკვეთადაა დაყოფილი. სვეტი XX დასაწყისში უკვე შუაზე იყო გამსკდარი, 1922 წელს კი სამხრეთ ნახევარი ნაგებობას სრულიად მოსცილდა და ფერდობზე გადავარდა. ამჟამად ძეგლი აღდგენილია. მესვეტის სენაკს შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს და აღმოსავლეთისა და დასავლეთის თითო სარკმლით ნათდება. კედლებში ღრმა ნიშებია მოწყობილი. სენაკსა და ეკლესიას ხის გადახურვა ყოფდა, მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში იყო მოწყობილი ქვის თაღი. ეკლესია დარბაზულია. მისი ინტერიერიცა და ექსტერიერიც სუფთად თლილი ქვითაა მოპირკეთებული. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომლის წინაც ძალიან მცირე სიღრმის ბემაა. ბემა დარბაზისგან ორსაფეხურიანი მხრებითაა გამოყოფილი. გრძივი კედლები ორ-ორი დეკორატიული თაღითაა დანაწევრებული. აფსიდი კონქითაა გადახურული, დარბაზი კი — ცილინდრული კამარით. ეკლესიის ოთხივე ფასადს სიბრტყის ჩაწევით მიღებული დეკორატიული თაღედი აქვს შემოვლებული. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფრონტონიან ფასადებზე თაღების განლაგება აღმავალია. თაღების მომღარჩოებელი სარტყელის ზედაპირი მთლიანად მოჩუქურთმებულია. თაღების შიდა პირს გასდევს მძივად აწყობილი ბურთულები. ასეთივე ბურთულების მძივებითაა დეკორირებული ეკლესიის ლავგარდანიც. 

 

 

იხილეთ კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქები ⇒ 

იხილეთ ტეტრაკონქები ⇒ 

იხილეთ თავისუფალი ჯვრის ტიპის ტაძრები ⇒ 

იხილეთ სამარტომყოფლო სვეტები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: