სამთავროს სამაროვანი

სამთავროს სამაროვანი და ნამოსახლარი

სამთავროს სამაროვანი

სამთავროს სამაროვანი და ნამოსახლარი მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც მოიცავს პერიოდს ადრე ბრინჯაოს ხანიდან (ძვ. წ. 3500-2500წწ) განვითარებული შუა საუკუნეების ჩათვლით (მე-10 – მე-13 სს). იგი მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთაში, სამთავროს მონასტერთან ახლოს, მდ. არაგვის მარჯვება ნაპირზე. აღმოსავლეთით ესაზღვრება მდ. არაგვი, დასავლეთით – კოდმანის ვაკობი, სამხრეთით – მონასტრისხევი, ხოლო ჩრდილოეთით – ბაიათხევი. ფართობი 18 ჰა.
არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა გვიანბრინჯაო-ადრერკინის, ელინისტური, გვიან ანტიკური და ადრე შუასაუკუნეების პერიოდის ნამოსახლარები. ადრე ბრინჯაოს ხანა წარმოდგენილია დაშლილი და ადგილგადანაცვლებული კულტურული ფენების მასალით. სამთავროს მინდორი სამაროვნად ქცეულა ძვ.წ. IIათასწ. Iნახ-ში. სამარხთა უმეტეს ნაწილში ქვაწრით შემოფარგლული ფართობის ცენტრში ჩადგმულია მოკლე ქვაყუთი, რომელშიც ასვენია ხელფეხმოკეცილი მიცვალებული, მარჯვენა ან მარცხენა მხარეს. სამთავროზე გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის (ძვ.წ. XIV-VIსს.) 600-მდე სამარხი გაითხარა. მათ შორის გვიან ბრინჯაოს ადრეულსა და განვითარებულ ეტაპს (ძვ.წ. XIVს-ის IIნახ-დან XIს-ის ჩათვლით) განეკუთვნება 100-მდე სამარხი, ბრინჯაოდან რკინაზე გარდამავალ ხანას (ძვ.წ. Xს.) – 200-მდე სამარხი, ხოლო ადრე რკინის ხანის (ძვ.წ. IX-VIIსს.) დაახლოებით 300-მდე სამარხი; შედარებით მცირე ჯგუფი სამარხებისა ძვ.წ. VI-Vსს-ით თარიღდება. სამარხები მეტნაკლებად სწორკუთხა ორმოებია (1.2X0.6-2X1.8მ.; სიღრმე 1მ-ს აღწევს). ისინი ხის ძელებით ყოფილა გადახურული და მიწაყრილით მოზვინული. ზოგიერთისვის დამახასიათებელია ფსკერზე რიყის ქვის ერთპირი სწორკუთხა ან ოვალური წყობა. ორმოსამარხთა უმრავლესობა ინჰუმაციური და ინდივიდუალურია. დადასტურდა კენოტაფებიც. სამარხეული ინვენტარიდან გამოვლინდა იარაღ-საჭურველი, სამკაული და სხვადასხვა ტიპის თიხის ჭურჭელი.
სამთავროს სამაროვნის ჩრდილო-დასავლეთით, ბორცვზე დაზვერვითი სამუშაოების დროს (ხელმძღვ. ა. კალანდაძე) შესწავლილი იქნა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ნამოსახლარი -სამთავრო I. ოვალური ფორმის განმხოლოებული გორა წაგრძელებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, ორი მხრიდან მას მშრალი ხევები ესაზღვრება, ხოლო გორის აღმოსავლეთის კალთები სამთავროს ველს უერთდება. ნამოსახლარის ნაშთები ძირითადად დადასტურდა გორის კალთებზე და თხემზე. გორა ათვისებული ჩანს გვიანბრინჯაოს ხანის ადრეული ეტაპიდან. ნამოსახლარი დაზიანებულია გვიანდელი სამარხებისაგან. ნამოსახლარი ტერასულადაა განლაგებული. ნახევრადმიწური ბანურ-სახურავიანი სახლები ნაგებია ნატეხი ქვითა და თიხით. კედლები შელესილია ალიზით, იატაკი თიხატკეპნილია. შენობათა დასავლეთის, ე.ი. ზურგის, მხარე კონგლომერატშია გაჭრილი. ამ მხარეს თახჩებია, ხოლო მარცხენა კუთხეში – ნატეხი ქვითა და ალიზით ნაგები ორგანყოფილებიანი პურის საცხობი ღუმელი. ღუმელზე მიშენებულ თაროებზე სამსხვერპლო-საკურთხევლებია გამართული. ნაწილი საკურთხევლებისა დამოუკიდებელია. ზოგიერთ საკურთხეველზე თიხით ნაძერწი ანთროპომორფული ქანდაკებები დგას. სახლების ერთ ნაწილში გვხვდება სამეურნეო ორმოები და კერები.
სამთავროში გვხვდება ასევე მიცვალებულთა ქვევრში დამარხვის წესი. სამარხად გამოიყენებოდა ჰორიზონტალურად ჩაფლული სამეურნეო დანიშნულების (საღვინე) ქვევრები. ზოგიერთ მათგანში დადასტურდა თანადამარხვის შემთხვევებიც. სამთავროს ველის ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთზე გამოვლინდა ქვევრ-სამარხების თანადროული ნამოსახლარი. შენობების საძირკველი ნაგებია ნატეხი ქვით, ხოლო კედლები ალიზით. ბათქაშით შელესილ კედლებზე ოთხუკთხა პილასტრებია. შენობებს წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარისებრი კრამიტის სახურავი ჰქონია. აღნიშნული ნამოსახლარის ახლოს გამოვლინდა მარანი, რომელსაც მოკირწყლული იატაკი და კრამიტის სახურავი ჰქონია. ამავე პერიოდის ნამოსახლარები აღმოჩნდა სამთავროს სამხრეთ უბანზეც. ახ.წ. IV-V საუკუნეებში სამთავროზე გავრცელებულია შემდეგი ტიპის სამარხები: 1. ქვაყუთი (ორფერდა და ბანურსახურავიანი). 2. კრამიტსამარხები. 3. თიხისფილასამარხი (აგურფილა სამარხი). 4. ორმოსამარხი. 5. ქვათლილებით ნაგები სამარხი. 6. თიხის სარკოფაგი. 7. კომბინირებული სამარხი (სხვადასხვა მასალისაგან ნაგები). სამთავროზე ადრე შუასაუკუნეების პერიოდის (IV-VIII სს.) მარავალრიცხოვანი სამარხია აღმოჩენილი. ამ პერიოდის სამარხის ტიპებიდან ძირითადად წარმოდგენილია ქვაყუთები და ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები. ქვაყუთები განსხვავდებიან წინა ეპოქის სამარხებისაგან. ისინი უფრო მაღალია, დიდრონი ლოდებისაგანაა შედგენილი და ზედა ნაწილში შევიწროებული. სამარხები კოლექტიურ-საოჯახო საკრძალავს წარმოადგენს. მიცვალებულები დაკრძალულია გაშოტილი, ქრისტიანული წესით. ადრე შუასაუკუნეების ნამოსახლართა ნაშთები დადასტურდა სამთავროს სამხრეთ ნაწილში. შუა საუკუნეების შენობათა კონტურები გამოვლინდა ფერდის ძირშიც, სამთავროს სამხრეთ-დასავლეთ მხარეს.

 

წყარო: memkvidreoba.gov.ge

 

თრელიგორები

თრელიგორების ნასახლარი

თრელიგორები

თრელიგორების ნასახლარი მდებარეობს თბილისში, დიღომში, აღმაშენებლის ხეივნის დასავლეთით და 1.5კმ-ზეა გადაჭიმული. ადამიანის ცხოვრების კვალი აქ აღინიშნება ჩვ.წ.მდე IV ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ადრეშუასაუკუნეების ჩათვლით. თრელიგორების პირველი მოსახლენი იყვნენ ე.წ. მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი ტომები. მეცნიერთა აზრით, თრელიგორების ნასახლარის მტკვარ-არაქსის კულტურის არქეოლოგიური ობიექტები აღნიშნული კულტურის უადრეს პლასტადაა მიჩნეული. 2015 წლის საველე კვლევის შედეგად გორის თხემზე დასტურდება ოთხი სამშენებლო პერიოდი. აღმოჩენილი კერამიკული მასალები ძვ.წ. I ათასწლეულის II ნახევრით თარიღდება. თრელიგორების ნასახლართან ახლოს თრელის სამაროვანი მდებარეობს, სადაც 200-მდე სამარხი გაითხარა. შუაბრინჯაოს ხანის სამარხებში აღმოჩენილი კერამიკა და დადასტურებული დაკრძალვის წეს-ჩვეულება ადასტურებს ამიერკავკასიის მჭიდრო უერთიერთობას წინა აზიასა და ეგეოსურ სამყაროსთან ძვ. წ. II ათასწლ. I ნახევარში. გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში (ძვ. წ. XV-VI სს) თრელიგორები კავკასიაში ყველაზე დიდი დასახლება იყო. გვიანბრინჯაოს ხანის სამარხთა შორის განსაკუთრებულია ძვ. წ. XIII ს-ის წარჩინებული მეომრის სამარხი, სადაც აღმოჩენილი ბრინჯაოს აბზინდა, ცხენზე ამხედრებული მამაკაცის გამოსახულებით, კავკასიაში მხედრის უადრესი გამოსახულებაა. ამავე სამარხში აღმოჩენილია ფოლადის დანა, რაც ჯერ კიდევ გვიანბრინჯაოს ხანაში რკინის მეტალურგიისა და ფოლადის წრთობის არსებობას ცხადყოფს. 

 

ზურტაკეთის ყორღანები

ზურტაკეთის ყორღანები

ზურტაკეთის ყორღანები

ზურტაკეთის ყორღანები  ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და თრიალეთის კულტურას მიეკუთვნება (ბრინჯაოს ხანა, ძვ. წ. მე-4-2 ათასწლეულები). თრიალეთის ყორღანულ სამარხებშია (გორასამარხები) აღმოჩენილი საქართველოს ოქროს ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილი. მდიდრული და კარგად ნაგები ყორღანები ტომთა ბელადებს და გვაროვნულ არისტოკრატიას ეკუთვნოდა, მომცრო და ღარიბი ყორღანები რიგითი მოსახლეობისა იყო. გორასამარხის ტიპებია: ორმოიანი, დასაკრძალავმოედნიანი, ქვით ნაგები დასაკრძალავდარბაზიანი, ორმოში ძელებით ნაგები აკლდამიანი, კლდეში ჩაჭრილი კამერიანი. ზურტაკეთის ყორღანებიდან (თრიალეთი) უდიდესი ქვაყრილის დიამეტრია 100 მ, სიმაღლე – 8 მ, დასაკრძალავი დარბაზის შიგა ფართობი 150 მ2 აღწევდა, კედლების სიმაღლე – 4-6 მ. XX საუკუნის 40-50-იან წლებში ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩნდა რომ დარბაზაბის კედლების ქვებზე გამოსახულია ნიშნები. ერთ ყორღანში აღმოჩნდა 60-ზე მეტი ნიშნიანი ქვა, მეორეში 117, მესამეში 78. ქვებზე ამოკაწრულია ირემი, თხა, ხარი, ფრინველი, გველი, ბადეები და სხვა გეომეტრიული ფორმები. ნიშნები სხვადასხვა სიძლიერითაა ამოკაწრული. თრიალეთის ერთ-ერთი ყორღანის გათხრისას აღმოჩნდა, რომ დარბაზის ხის სვეტები ოქროს ფურცლებით ყოფილა დაფარული. ამ გორასამარხების აგება შესაძლებელი იყო მხოლოდ გვარებისა და ტომების ერთიანი ძალით. სამარხები ინდივიდუალურია. მიცვალებულების ნეშტი (კრემაციაქმნილი ან იშვიათად ინჰუმაციური) ხშირად დასაკრძალავ ოთხთვალა ეტლზე ესვენა. ნივთებთან ერთად ატანდნენ დაკლულ საქონელს ან მის ნაწილებს, ზოგჯერ – მსხვერპლად შეწირულ მსახურს ან მონას. დღეისათვის ზურტაკეთის ყორღანები მიწითაა დაფარული და პეტროგლიფების მოძიება მხოლოდ ხელახალი გათხრების შედეგად იქნება შესაძლებელი. ალბომში შესულია XX საუკუნის არქეოლოგიური ექსპედიციის მასალები.

 

მდებარეობა

ზურტაკეთის (თრიალეთის) ყორღანები ქვემო ქართლის მხარეში, ზურტაკეთის ვულკანურ პლატოზე, სამხრეთ საქრთველოს ზეგნის აღმოსავლეთ პერიფერიაზე, მდინარე შავწყაროსწყლის (მდინარე ხრამის მარჯვენა შენაკადი) აუზში მდებარეობს. ყორღანები განლაგებულია სოფელ ყარაბულახსა და უსეინკენდს შორის, პლატოზე.

ვიზუალური მასალის წყარო: საქართველოს პეტროგლიფების დიდი კატალოგი, researchgate.net

 

 

გრაკლიანი გორა

გრაკლიანი გორა

გრაკლიანი გორა

გრაკლიანი გორა მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე, უშუალოდ თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილთან. ძეგლი მოიცავს ნამოსახლარს და სამაროვანს. აღმოჩენილი მასალა მიეკუთვნება სხვადასხვა პერიოდს პალეოლითიდან ძვ.წ. II-I საუკუნეებამდე. გრაკლიან გორაზე გამოვლენილია ძვ. წ. VII საუკუნის ტაძარი და ორი საკურთეხეველი. აქ მრავალი უნიკალური არტეფაქტია აღმოჩენილი. გრაკლიან გორაზე კავკასიაში პირველად აღმოჩნდა იურიდიული დოკუმენტების საბეჭდავები, რომლებიც სამხრეთ მესოპოტამიაში, ურუქშია დამზადებული. ეს არის 6000 წლის წინანდელი ნივთები, რომლებიც ჯერ კიდევ დამწერლობის შექმნამდე გამოიყენებოდა და მსგავსი ექსპონატები მხოლოდ მსოფლიოს უმაღლესი რანგის მუზეუმებს ამშვენებს. გრაკლიანის მხატვრული დეკორით შემკულ საკრალურ ღუმელს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. გამოვლენილი მასალებით დასტურდება, რომ აქ ცხოვრობდა კულტურულად უაღრესად დაწინაურებული საზოგადოება, რომელსაც სავაწრო და ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდა იმდროინდელი ცივილიზაციის ყველა ცენტრთან.