ატენის ღვთისმშობლის ეკლესია (ორბელიანების ეკლესია)

ატენის ღვთისმშობლის ეკლესია (ორბელიანების ეკლესია)

ატენის ღვთისმშობლის ეკლესია (ორბელიანების ეკლესია) შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში , სოფელ დიდ ატენში მდებარეობს. იგი VII-IX საუკუნეებით თარიღდება. ნაგებობა გეგმით მარტივ, თანაბარმკლავიან  “თავისუფალ ჯვარს” წარმოადგენს. ტაძრის დასავლეთ ფასადის კარის ტიმპანზე ამოკვეთილია რელიეფური კომპოზიცია და ასომთავრული წარწერა: „ქრისტე ადიდე ორსავე ცხოვრებისა აქა ხორციელებრ და წინაშე შენსა სულიელებრ რატ ერისთავი ძე იგი ლიპარიტ ერისთავისაი რომელმან აღაშენა ესე სახლი ღმრთისაი და ბჭეი ცათაი წმიდაი ეკლესიაი, სალოცველად სულისა მათისა“. საფიქრებელია, რომ რატი ერისთავმა X საუკუნეში ეკლესია განაახლა და თავისი თავი აღმშენებლად გამოაცხადა. ტაძარი ნაგებია რიყის ქვით, მხოლოდ X საუკუნეში ზოგან ჩაუსვამთ მომწვანო ტუფი და ტუფისავე თლილი კვადრებით მოუპირკეთებიათ გუმბათიც. ეს პატარა ეკლესია კოხტა პროპორციებით ხასიათდება. შესამჩნევია ფორმათა დაგრძელება, თუკი ნაგებობის სიმაღლესა და სიგანეს შევადარებთ. ეკლესიის სამი მკლავი სწორკუთხაა, მეოთხე, აღმოსავლეთისა კი აფსიდით სრულდება. ყოველ მკლავში თითო სარკმელია. გუმბათის ყელი რვაწახნაგაა, ოთხი სარკმლით. გუმბათის ყელის სიგანე, ჯვრის მკლავებთან შედარებით, ერთნახევარჯერ მეტია, რაც გუმბათქვეშა კვადრატის სივრცეს ზრდის. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა ტრომპების ორი რიგით ხორციელდება. აღმოსავლეთის ფასადზე საკურთხევლის ფანჯარა თლილ ქვაში ამოკვეთილი ნალისებრი თაღით სრულდება. სამხრეთ ფასადის ფრონტონზე, სარკმლის ორივე მხარეს, ორი საკმაოდ ღრმა, ნახევარწრიული ნიშია. კარის დეკორირებულ ტიმპანში და ნიშებში მოგვიანებით ჩაუსვამთ მომწვანო ქვები. ქვებზე ამოკვეთილი წარწერები დაზიანებულია და მათი წაკითხვა შეუძლებელია. ზოგადად, ფასადები მოკლებულია დეკორატიულ მორთულობას, მის ცხოველხატულ იერს ძირითადად რიყის ქვის წყობა ქმნის. შესასვლელი ორია – სამხრეთითა და დასავლეთით. გუმბათი გადახურულია კარგად გამოყვანილი ლორფინით.

 

რუისის ფერისცვალების ტაძარი

რუისის ფერისცვალების ტაძარი

რუისის ფერისცვალების ტაძარი შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში მდებარეობს. ეკლესიის თავდაპირველი ნაგებობა VII-IX საუკუნეებით თარიღდება, თუმცა მისგან მხოლოდ გეგმის ძირითადი მონახაზი და შენობის აღმოსავლეთის ნაწილია შემორჩენილი. X საუკუნეში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ. XI საუკუნეში კი გიორგი ეპისკოპოსს იგი კვლავ განუახლებია და მდიდრულად მოურთავს. რუისის საეპისკოპოსო ფეოდალური საქართველოს მძლავრ კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. რუისს უკავშირდება ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორიცაა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება. ასევე აქ ეკურთხა მეფედ გიორგი II. გადმოცემით, ამ ადგილას პირველი ტაძარი ვახტანგ გორგასალს აუგია, თუმცა მაშინდელი ნაგებობა შემორჩენილი არ არის. რუისის ტაძარს დიდი წიგნთსაცავი ჰქონდა, სადაც სადაც მრავალი ხელნაწერი ინახებოდა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია XI საუკუნის რუისის სახარება. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი რამდენჯერმეა შეკეთებული და გადაკეთებული, იგი მაინც ახდენს შთაბეჭდილებას მნახველზე ლამაზი, მაღალი გუმბათით, საინტერესო დეკორატიული დეტალებითა და მოყვითალო და ღვინისფერი კვადრების მონაცვლეობით შექმნილი ცხოველხატული ფასადებით.

 

არქიტექტურა

რუისის ფერისცვალების ტაძარი ჩახაზული ჯვრის ტიპის ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. პირვანდელი ნაგებობისგან გეგმის ძირითადი მონახაზი და შენობის აღმოსავლეთის ნაწილია შემორჩენილი. ეკლესიის თორმეტწახნაგა მაღალი გუმბათი ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. გუმბათის ყელი XI საუკუნეში აუმაღლებიათ და მოურთავთ. ტაძარი ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ნაგებობის ძირითადი მასა გუმბათის ყელთან შედარებით დაბალია. შესავლელი სამია – დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით. XI საუკუნეში ტაძარს სამხრეთითა და ჩრდილოეთით კარიბჭე-ეგვტერები მიაშენეს. პირვანდელი სახით ჩრდილოეთის ეგვტერი შემორჩა, რომელიც რვასხივიანი ორნამენტირებული გუმბათით გადახურულ კვადრატულ სივრცეს წარმოადგენს. ეგვტერების აგების დროს ჩრდილოეთისა და სამხრეთის შესასვლელები კედლების ცენტრალური ნაწილიდან დასავლეთ მონაკვეთებში გადაუტანიათ. დასავლეთის შესასვლელზე XV საუკუნეში კარიბჭე მიუშენებიათ, რომელიც სამ მხრივ თაღებითაა გახსნილი. ეგვტერს დასავლეთით ჯვაროვანი კამარით გადახურული სათავსი – კარიბჭე ეკვროდა. კამარის საყრდენი იმპოსტები მოჩუქურთმებულია. სათავსს ჩრდილოეთით მოჩუქურთმებულ იმპოსტებზე დაყრდნობილი ფართო თაღოვანი შესასვლელი ღიობი ჰქონდა, რომლისგანაც დაბალი, ორნამენტირებული ფრონტონის ნაწილია შემორჩენილი. სამხრეთის კარიბჭე XV საუკუნეში ძირეულად გადაკეთებულა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადები მორთულია დიდი ზომის მოჩუქურთმებული საფასადო ჯვრებით, რომლებიც ორნამენტირებულ სარკმლებს ეყრდნობიან. იმავე ფასადების გვერდითა ნაწილებში გაჭრილია თითო თაღოვანი სარკმელი, ეს სარკმლებიც მოჩუქურთმებულ ჩარჩოშია ჩასმული. გუმბათი თორმეტსარკმლიანია. სარკმლების მრავალფეროვანი ორნამენტით მორთულ საპირეებს შეწყვილებული ლილვების დეკორატიული თაღები და ნახევარსვეტები ევლება. ფასადებზე მიმოფანტულია X-XI საუკუნეების საინტერესო ორნამენტირებული ფრაგმენტები. გუმბათიცა და ფასადებიც ლილვისა და მეოთხედი წრეთარგისაგან შედგენილი ლავგარდნით სრულდება. რუისის ფერისცვალების ეკლესია თავდაპირველად ნაგები ყოფილა კარგად გათლილი, თანაბარი ზომის მოყვითალო-მომწვანო და ღვინისფერი ქვიშაქვის კვადრებით. აღდგენა-შეკეთებისას გამოყენებულია მონაცისფრო-მოშავო ბალასტის კვადრები, შირიმი და აგური.

კომპლექსს რიყის ქვით ნაგები გალავანი აქვს შემოვლებული. იგი გვიანდელი ფეოდალური ხანით თარიღდება. კედლის მაქსიმალური სიმაღლე 1,5 მეტრს არ აღემატება. რელიეფის შესაბამისად გალავანი ბევრგან საფეხურებადაა დანაწევრებული და ზოგან შეტეხილია. კომპლექსში შემორჩენილია გალავანზე მიშენებულ ნაგებობათა ნაშთები. ტაძრის დასავლეთით გვიანი შუასაუკუნეების კოშკი-სამრეკლო მდებარეობს, რომელიც გალავანშია ჩაშენებული. ნაგებობა სამსართულიანია. პირველი სართული კომპლექსის კარიბჭის ფუნქციას ითავსებს და მთელ სიგანეზეა გახსნილი. იგი გადახურულია ნახევარწრიულიკამარით. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე მიშენებულია მასიური კონტრფორსები. მეორე სართული საცხოვრებელია, მის კედელში ბუხარი და თახჩა ნიშებია. დასავლეთით და ჩრდილოეთით თითო კარია. მესამე სართული თაღებით გახსნილ სამრეკლოს წარმოადგენს. დასავლეთითა და აღმოსავლეთით იგი წყვილ-წყვილი თაღით იხსნება, სამხრეთითა და ჩრდილოეთით კი თითო თაღი აქვს. მისი გადახურვა დეფორმირებული ნახევარსფეროსებრია. კოშკი -სამრეკლო ნაგებია ქვიშაქვისა და შირიმის კვადრებითა და აგურით.

 

 

ატენის ციხე

ატენის ციხე

ატენის ციხე შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ატენში მდებარეობს, მდინარე ტანას მარცხენა ნაპირზე, მაღალი მთის ქიმზე. იგი შიდა ქართლიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალ გზას იცავდა. ციხის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ X საუკუნეში ის უკვე არსებობდა. ციხე X საუკუნისთვის კლდეკარის ერისთავებს ეკუთვნოდათ. რატი ერისთავმა გაერთიანებისთვის მებრძოლ ბაგრატ III-ს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა, ციხე მეფისათვის გადაეცა. შემდგომ პერიოდებში ატენის ციხე ქართველ მეფეთა საკუთრება იყო. ატენის სიონის კედელზე შემორჩენილ XI საუკუნის წარწერაში მოხსენიებულია ატენის ციხისთავი. ციხე კარგად ყოფილა გამაგრებული, მისი აუღებლობის შესახებ შემონახულია ცნობები. ატენის ციხე მრავალი ბრძოლის მოწმე გამხდარა, ის ვერ აუღიათ ლიპარიტ ბაღვაშს XI საუკუნეში და კახეთის მეფე ავგიორგის XVI საუკუნეში. ციხე დაეცა XVI საუკუნის მეორე ნახევარში შაჰ-თამაზის ლაშქრობისას, ღალატის შედეგად. ატენის ციხემ XVII საუკუნის ოცდაათიან წლებში გამანადგურებელი დარტყმა მიიღო. ქართლის მეფე როსტომის წინააღმდეგ აჯანყდნენ კახეთის მეფე თეიმურაზი და მისი მომხრე თავადები. ერთ-ერთმა შეთქმულმა ნოდარ ციციშვილმა ატენის ციხეს შეაფარა თავი. როსტომს ციხე ძალიან დაუნგრევია. შემდგომ პერიოდებში მას დიდი მეპატრონე აღარ ჰყოლია. მომდევნო საუკუნეებში იგი მაინც იხსენიება, თუმცა თვალსაჩინო ციხე უკვე აღარაა. გარდა ბრძოლებისა, სიმაგრე დააზიანა 1920 წლის მიწისძვრამ, ამიტომაც მისი გეგმის და მასების თავდაპირველი სახით დადგენა შეუძლებელია. ნაგებობა ძირითადად ორი მონაკვეთისგან შედგება – ჩრდილოეთის მონაკვეთი შედარებით პატარაა, დიდი, მთავარი მონაკვეთი კი სამხრეთით მდებარეობს. შესასვლელი ჩრდილოეთითაა. ბურჯებით გამაგრებული გალავნის შიგნით მეციხოვნეთა სადგომები, წყალსაცავი და სხვა ნაგებობებია განლაგებული.

 

 

ქაჩალაურის ციხე-კომპლექსი

ქაჩალაურის ციხე-კომპლექსი

ქაჩალაურის ციხე-კომპლექსი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხევისჭალის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. იგი VIII-IX საუკუნეებით თარიღდება და გალავანს, გალავანში ჩართულ ციხე-სახლებსა და ეკლესიას მოიცავს.
ქაჩალაურის ეკლესია ორნავიანი ნაგებობაა. გვერდითა ნავი მთავარ ნავზე ოდნავ მოკლეა და ორჯერ უფრო ვიწრო. ვიწროა მთავარი ვავიც და ის აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდით სრულდება. აფსიდი წესიერი ფორმის კონქითაა გადახურული. აფსიდის კანკელის მცირე ნაწილია შემორჩენილი. ნავები ერთმანეთისგან თაღედითაა გამიჯნული. ორივე თაღის ქუსლებთან გამოყოფილია თაროსებრი იმპოსტები. სამხრეთ კედელზე ორსაფეხურიანი ყრუ თაღედია. თაღები ნალისებრი ფორმისაა და მათ შორის მოქცეულ ორსაფეხურიან პილასტრს ეყრდნობა. აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია. გვერდითა ნავის აღმოსავლეთ კედელში ერთი პატარა ნიშია, ჩრდილოეთისაში – ორი პატარა სარკმელი. ტაძრის ინტერიერი შელესილია. ნაგებობის ჩრდილოეთ ფასადზე ნატეხი ქვის ორსაფეხურიანი ლავგარდანია შემორჩენილი. ნაგებობის კამარა შეკიდულ პილასტრებზე დაბჟებილ თაღებს ეყრდნობა. ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვით და გადახურულია ცალკალთა სახურავით. ტაძარს ჩრდილოეთიდან ნატეხი ქვით ნაგები, გეგმით სწორკუთხა სათავსი ეკვრის. სწორედ ამ სათავსის გავლით შეიძლება ეკლესიაში მოხვედრა, მათ თაღოვანი გასასვლელი აკავშირებთ. სათავსის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია. ნაგებობის ინტერიერი შელესილი და მოხატული ყოფილა, ამჟამად ფრესკებიძალიან დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. მოხატულობა გვიან შუასაუკუნეებს მიეკუთვნება. კედლებზე გაირჩევა ღვთისმშობლისა და ყრმის, მარტვილი ქალის, ნათლისღების, ცხენოსანი წმინდა მეომრის, წმინდანების, მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტების ფრაგმენტები. მოხატულობა ნათელი, თბილი კოლორიტითა და სახეების უშუალო გამომსახველობით ხასიათდება. შესასვლელი ერთია – დასავლეთით. სათავსს კრამიტის ორფერდა სახურავი აქვს.

ქაჩალაურის ციხე ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. იგი სწორკუთხა ფორმისაა. ციხის კუთხეებში სხვადასხვა ნაგებობებია ჩართული. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ჩართულია ნაწილობრივ გალავნის გარეთ გაზიდული კოშკი. კოშკის აღმოსავლეთი კედელი ნახევარწრიული კონტრფორსითაა გამაგრებული. ასეთივე კოშკია სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ნახევარწრიული კონტრფორსითაა გამაგრებული. კოშკების სართულშორისი გადახურვები ხის ძეგლებისა ყოფილა. ციხის ეზო კედლით ორნაწილად ყოფილა გაყოფილი: დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად. დასავლეთ ნაწილში საერო ნაგებობები და ღია მარანია მოქცეული. აღმოსავლეთ ნაწილში ეკლესია დგას. ეკლესიის აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებზე სიმაგრის კედლებია შემოშენებული, ეკლესიის მინაშენსა და ციხეს შორის დარჩენილი სივრცე კოშკადაა გადაკეთებული. ციხის დასავლეთით, გორის ფერდზე ნაგებობის ნაშთია. ამ ნაგებობის ძირში ქვევრია, რომელშიც მოგვიანებით უფრო პატარა ქვევრი ჩაუდგამთ.