ბეშთაშენის ციკლოპური ნამოსახლარი ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენში მდებარეობს. იგი მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც მოიცავს პერიოდებს მეზოლითური ხანიდან ახ.წ. XVII საუკუნის ჩათვლით. ნამოსახლარსა და სამაროვნებს 30 ჰა ფართობი უჭირავს. მდინარე გერიაკ-ჩაისა და მდინარე ბაშკოვ-სუს ხერთვისში, მაღალ კანიონებს შორის მოქცეული კონცხის ჩრდილოეთი ნაწილი გადაკეტილია მძლავრი „ციკლოპური” კედლით. Read more →
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელი ვაჩნაძიანიდან 8 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსი მოიცავს VIII-IX საუკუნეების კუპელჰალეს ტიპის გუმბათოვან ტაძარს, ადრეული შუა საუკუნეების ბაზილიკას, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებისა და გალავნის ნაშთებს. ძეგლის შესახებ ისტორიულ ცნობებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ვაჩნაძიანის გუმბათოვანი ტაძარი გარდამავალი ხანის ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშთაგანია. იგი ნათლად ასახავს Read more →
გურჯაანის ყველაწმინდა (ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია) VIII საუკუნის ძეგლია, რომელიც კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ქალაქ გურჯაანიდან 2 კმ-ში მდებარეობს, კახთუბნის ხეობაში. ის გარდამავალი ხანის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია. გურჯაანის ყველაწმინდა ერთადერთი ორგუმბათიანი ტაძარია საქართველოში. Read more →
გარბნის წმინდა გიორგის ეკლესია (ოქროს ბებერი წმ. გიორგის ეკლესია) მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ გარბანში მდებარეობს (კოორდინატები: Lat: 42.609179°; Lon: 44.592381°). იგი მიეკუთვნება IX-X საუკუნეების მიჯნას. ტაძრის აღმშენებელი სავარაუდოდ ვინმე გრიგოლი უნდა იყოს, რომელიც ეკლესიის ერთ-ერთ წარწერაში იხსენიება. ადგილობრივები აღდგომის მესამე კვირას გარბანის წმ. გიორგის ხატობას აღნიშნავდნენ. ამ დღეს ხევის სიონის ეკლესიიდან გამოაბრძანებდნენ გარბანის წმ. გიორგის ჭედურ ვერცხლის ხატს და მიდიოდნენ გარბანის ეკლესიაში. დეკანოზები ხალხს დაამწყალობებდნენ: „დიდებულო გარბანის წმ. გივარგივ, შენ გაუმარჯვე ამათ ხარ-გუთანს, მოლაშქრე მონადირესო, შინ მშვიდობა მიეცი, კარს გამარჯვება. ამათ ქალ ქენ ვაჟის ზედაო და სხვა“. ამის შემდეგ კლავდნენ კურატს, შლიდნენ სუფრებს და იმართებოდა საერთო დღესასწაული. ეს ტრადიცია დღეს გამქრალია.
ტაძარი აზიდული, ჰარმონიული პროპორციებით ხასიათდება, რაც დამახასიათებელია ამ პერიოდის ძეგლებისთვის. ფასადები სადაა, მხატვრულ სახეს ნათელად გამოხატული ლაკონური ფორმები, სუფთად თლილი ქვების წყობა, კბილანა ლავგარდანი და სამთაღედით გახსნილი მინაშენი ქმნის (მინაშენისგან მცირე ნაშთებია შემორჩენილი). ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მინაშენებით. ორივე მინაშენი დღესდღეობით თითქმის სრულიად განადგურებულია. შესასვლელი ორია – სამხრეთითა და დასავლეთით, ორივე შესასვლელი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი – თაღოვანი. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომელიც გამოყოფილია მხრებით. გრძივი კედლები დანაწევრებულია ორი წყვილი პილასტრით, რომლებზეც კამარის საყრდენი თაღებია გადაყვანილი. დარბაზი გადახურულია რკინა-ბეტონის ცილინდრული კამარით. სატრიუმფო თაღი, რომლისგანაც მხოლოდ სამხრეთის იმპოსტი და თაღის ქუსლია შემორჩენილი, კონსოლებს ეყრდნობოდა. კონსოლები ტალღოვანი ზოლებითა და ვარდულებითაა დეკორირებული, ასევე გაფორმებული იმპოსტიც. ტაძარი ხუთი სარკმლით ნათდება – აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, სამხრეთისაში – ორი. დასავლეთის სარკმელი შიგნით სათაურითაა შემკული (ორ ლილვს შორის მოქცეული რელიეფური ზოლი), რაც იშვიათად გვხვდება ქართულ ხუროთმოძღვრებაში. ინტერიერი მთლიანად მოხატული ყოფილა, ამჟამად მხატვრობა სრულიად განადგურებულია. სამხრეთის მინაშენი მთელს სიგრძეზე გასდევს ეკლესიას და გეგმაში წრიულ სვეტებზე გადაყვანილი სამი თაღით იყო გახსნილი. თაღედისგან მხოლოდ საყრდენი სვეტები და დასავლეთის თაღის ქუსლია შემორჩენილი. ეკლესიის მთავარი დარბაზი ჩრდილოეთის მინაშენს კარით უკავშირდება. ორივე მინაშენი აღმოსავლეთით აფსიდალურია. ფასადები სადაა, დაუნაწევრებელი. კედლებს პატარა თაღებისგან შედგენილი კბილანა ლავგარდანი ასრულებს. ნანგრევებში ასევე აღმოჩნდა ლავგარდნის ქვები, რომლებიც შემკულია უფრო რთული დეკორატიული მოტივებით, ვარდულებით, ყურძნის მტევნებით და სხვა. აღმოსავლეთის სარკმელს გრეხილი ლილვის სათაური ამკობს, რომელსაც აზნექილი კიდეები აქვს. არმოსავლეთ ფასადზე ლაპიდარული წარწერაა: „წდი გიორგის ოქრო“. ეკლესია ნაგებია თბილი ტონალობის სუფთად ტუფით, რიგების ჰორიზონტალობის დაცვით. ტაძარს შემოვლებული ჰქონია თლილი ქვით ნაგები, ოთხკუთხა მოხაზულობის გალავანი, რომელიც ნაწილობრივ არის შემორჩენილი.