აბულის ციკლოპური ციხე სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მთა პატარა აბულზე, ზღვის დონიდან 2670 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. იგი ძვ.წ. II-I ათასწლეულების, მშრალად, ციკლოპური წყობით ნაგები ციხეა და ძალიან წააგავს შაორის სიმაგრეს – ერთგვარია ბუნებრივი პირობები, მშენებლობის ტექნიკა, გადაუხურავი ტალანები და მისასვლელები. მაგრამ აბულის სიმაგრე მაინც გამორჩეულია. იგი ერთი უპირველესი ცენტრთაგანი უნდა იყის უძველესი დროიდან. თვალში საცემია მისი სიდიდე, სიძლიერე, მიუვალობა, სტრატეგიული მდებარეობა: მის სამხრეთით გადის გზა ფოკა-ხოსპიო-ხერთვისისაკენ.
არქიტექტურა
აბულის ციკლოპური ციხე გრანდიოზული და რთული გეგმარებისაა. პატარა აბულის სამხრეთი კალთა, რომელზეც ციხე მდებარეობს, მორენებითაა დაფარული. ამით უსარგებლიათ ძველთაგანვე და ლოდების მცირე გადაადგილებით მიუღიათ დარან-სამალავები, რომლებსაც ვიწრო, დაბალი შესაძრომი აქვთ. საკმარისია ერთი ლოდის აფარება და ყველაფერი შეუმჩნეველია, ის აღარაფრით გამოირჩევა ქვიანი მასის საერთო გროვიდან. ციხე-გალავანი ამ დარნების შუაში, მაღალ ადგილზეა აგებული. ის შედგება გალავნის, შიდა-ციხისა და მის კედლებზე შიგნიდან მიშენებული სათავს-სადგომებისაგან. ზედაპირზევეა ქვაყუთის ტიპის საფლავები. მიუხედავად იმისა, რომ წყობა ყველგან მშრალია, კედლების სიმაღლე ზოგან 5 მ-მდე აღწევს, სიგანე კი 3 მ-ია. „შიდაციხე“ მოიცავს ფართობს დაახლოებით 60×40 მ. დასავლეთის ორი კუთხე მართია, აღმოსავლეთისა — მომრგვალებული. ბურჯებიდანაც ორი მრგვალია, სამი — ოთხკუთხა. შესასვლელი ორია — სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. ციხის შიგნით კედლებსა და ბურჯებზე მიშენებული 40-მდე სადგომია, ზოგან ორ-სამ სართულად. აღმოსავლეთით ტერასებად დაშვებული სამალავები, ისევე, როგორც გალავნის შიგნითა სათავსები, სხვადასხვა გეგმისანი არიან: 1. წრიული, დიამეტრით 2 მ. 2. მოგრძო დარნები, რომლებსაც ერთი ბოლო მომრგვალებული აქვთ, მეორე — სწორკუთხა, ფართობით 4×2 მ. 3. მოზრდილი, სწორკუთხა ოთახები. პირველი ორი ტიპის სადგომებს გადახურვა ერთნაირი აქვთ: ვერტიკალური კედლიდან თანდათან, ცენტრისკენ საფეხურებად გადმოწეული ბრტყელი ფილები იძლევიან ხის დარბაზების მსგავს გვირგვინს. დიდი ოთახების სახურავები ყველგან ჩაქცეულია, შესაძლოა მათ ბანური გადახურვა ჰქონდათ. აბულის სიმაგრის სამხრეთით, ქედზე წყარო გამოდის, რაც გააძლიერებდა თავდაცვისუნარიანობას.
ჭიქიანის მენჰირი ძვ.წ. II-I ათასწლეულების მეგალითია. იგი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელი ნარდევანიდან ფარავნისაკენ მიმავალი სამაქანო გზისა და მარაბდა-ახალქალაქის რკინისგზის სამხრეთით, ზღვის დონიდან 2168 მეტრზე, ჭიქიანის მთასთან. მენჰირი დამზადებულია ბაზალტის მონოლოთისაგან. წვერზე გაკეთებული აქვს ღრმული. მისი სიმაღლე დაახლოებით 3 მეტრია. მონოლითის ძირი წახნაგოვანია, თუმცა ეს ნაწილი მიწაშია მოქცეული და მხოლოდ ფოტოში შეგვიძლია ნახვა. მენჰირს დიდი ვარაუდით ჰქონდა საკულტო დანიშნულება (ნაყოფიერების კულტი). მის მიმდებარე ტერიტორიებზე არის ყორღანები და ნამოსახლარები. იქვეა თავფარავნის ობსიდიანის საბადოც და მწვანე მინდორში მიმოფანტული მოელვარე შავი ქვები ძალიან ლამაზ სანახაობას ქმნის.
ფოტო-კოლაჟისთვის გამოყენებული ფოტოების წყარო: memkvidreoba.gov.ge
საფარის მონასტერი (საფარის სამონასტრო კომპლექსი)სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელთან ახლოს მდებარეობს. კომპლექსი მოიცავს X საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს, XIII-XIV საუკუნეების წმ. საბას გუმბათოვან ტაძარს და სამრეკლოს, XIV-XVI საუკუნეების დარბაზულ ეკლესიებს, ჯაყელთა სასახლეს, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებს და ციხე-გალავანს. საფარის მონასტრის შესახებ ისტორიულ წყაროებში ინფორმაცია ძალიან მწირია, ძირითად ცნობებს კომპლექსის მთავარი ტაძრის წარწერები გვაწვდის. წერილობით წყაროებში მოხსენიებულნი არიან X-XII საუკუნეების საფარელი მოღვაწეები (ივანე საფარელი, ოქრომჭედელი გაბრიელ საფარელი, საქართველოს კათალიკოსი გაბრიელ საფარელი, იოანე მტბევარ-საფარელი), აქედან ჩანს, რომ სახელწოდება „საფარა“ X-XII საუკუნეებში უკვე არსებობს. X საუკუნით თარიღდება კომპლექსის დღემდე მოღწეული ყველაზე ადრეული ნაგებობაც – ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. ცნობილია XI საუკუნეში მოღვაწე საფარის დეკანოზი იოვანე, რაც ნიშნავს, რომ ამ დროისთვის საფარის მონასტერი უკვე ნამდვილად არსებობს. XIII საუკუნის ბოლოს საფარა სამცხის ათაბაგთა ერთ-ერთ გამაგრებულ რეზიდენციად იქცა. საფარის კომპლექსის შესახებ ღირებული ცნობების შემცველია წმ. საბას ტაძრის ფრესკული და ლაპიდარული წარწერები. ეკლესიის სამხრეთ კედელზე ოთხი პიროვნებაა გამოსახული (ფრესკებს ახლავს შესაბამისი წარწერები) – სასულიერო პირი შავი მოსასხამით – საბა ათაბაგი (იგივე სარგის ათაბაგი, რომელიც ბერად აღიკვეცა საბას სახელით), ბექა მანდატურთუხუცესი (ბექა I ჯაყელი) ეკლესიის მოდელით ხელში, სამცხის სპასალარი სარგისი და უწვერული ახალგაზრდა (წარწერა წაშლილია. სავარაუდოდ ეს ბექას მეორე ვაჟი – ყვარყვარა უნდა იყოს). აღნიშნულ ფრესკას სამშენებლო წარწერა ახლავს, რომელიც ნაწილობრივაა შემორჩენილი: „მამაო მამათაო საბა და უდაბნო… …ეგე მრავალთა სულთა მიუძღვიგზად ღმრთისა… თანა მე ბექასა მანდატურთუხუცესსა… სარგის სამცხისა სპასალარს… აღვაშენე და შევამკე ეკლესია… …ველთა სულიერთა და ხორციელთა ს…“. ირკვევა, რომ ტაძარი აუგია და მოუხატავს ბექა მანდატურთუხუცესს XIII საუკუნის 80-იან წლებში. წმ. საბას ეკლესიის კარიბჭის დასავლეთ სარკმლის წარწერის მიხედვით, ტაძრის ხუროთმოძღვარი ვინმე ფარეზის ძე ყოფილა: „სრულ იქნა საყდარი ესე საძირკველითვე ყოვლითა ფერითა ხელითა ფარეზას ძისათა, შეუნდვენ ღმერთმან“. ეკლესიის ლავგარდნის კეხზე რელიეფი იყო მოთავსებული (ამჟამად ეს რელიეფი სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმშია დაცული), მშენებლის ფიგურა გონიოთი და ჩაქუჩით, რომელსაც ახლავს წარწერა: „ფარეზს შეუნდვენ ღმერთმან“. მიიჩნევა, რომ რელიეფზე ტაძრის ხუროთმოძღვრის მამაა გამოსახული, რომელიც, სავარაუდოდ, შვილთან ერთად მუშაობდა ეკლესიის მშენებლობაზე. XIV საუკუნეში ბექა აღბუღას სამართალში იხსენიება საფარა და საფარის მოძღვარი პაფნოტე, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ დროისთვის საფარა მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული მდგომარეობის მონასტერი ყოფილა. სამცხეში თურქების დამკვიდრების შემდეგ, საფარა თანდათან დაცარიელებულა და მონასტრიდან ხატები და სხვა განძეულობა გაუხიზნავთ, მათ შორის მონასტრის უმთავრესი, წმ. საბას, ხატიც. მეფე თეიმურაზ I-ის, 1630 წლით დათარიღებული, არსენ საფარელისადმი ბოძებული სიგელის თანახმად, საფარის წინამძღვარი არსენ ავალიშვილი იმ ხანებში გამოუძევებიათ მონასტრიდან, დაცარიელებულ საფარაში დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი კი ქართლში, არადეთში დაუსახლებიათ: „დაღაცათუ საყდრით შენით ექსორია გყუეს… …უღმრთოთა მაჰმადიანთა მიერ მონასტერი ყოვლად დიდებული მოოხრებულიყო, პატიოსანი ხატი წასუენებულიყო, მამულნი სოფელნი, დაბანი წახდომილყუნეს. ხოლო ვინც დარჩა მონასტრის ყმათაგანი, მოვაგროეთ და დავასახლეთ სანახებსა ქართლისასა არადეთისა ბოლოს, სადაც ადრევე გამოხიზნულნი მესხნი ცხოვრობდნენ“. ვახუშტი ბაგრატიონის საფარის შესახებ წერს: „ამ ხევზედ არს საფარას მონასტერი, შვენიერად დიდშენი, გუნბათიანი, ყოვლად-წმიდისა. ეს იყო შემკული ყოვლითა საეკლესიოსა და წმიდათა ნაწილებითა, და დაეფლოდნენ ათაბაგნი, და აწ არს ხუცის ამარ“. საფარელი მღვდელი გიორგი მოხსენიებულია ზედა თმოგვის 1773 წლის წარწერასა და ვაჩიანის წარწერაში. 1891-1892 წლებში საფარაში ზედაზნის მონასტრის მღვდელ-მონაზონი მამა ათანასე გაამწესეს სამ მორჩილთან ერთად. 1893 წელს კი ქართველი ბერი და მორჩილები მონასტრიდან გამოუშვეს, მათ მაგივრად კი რუსი არქიმანდრიტი პაისი გაამწესეს მღვდელ-მონაზვნებთან და მორჩილებთან ერთად. რუსმა ბერებმა დიდი ზიანი მიაყენეს ძეგლს და დაამახინჯეს მისი პირვანდელ სახე, ზოგი რამ სრულიადაც დაიღუპა, ეკლესია-სამლოცველოები გარკვეულწილად გადააკეთეს, წმიდა საბას ტაძარსა და სამრეკლოს რუსული ტიპის გუმბათები დაადგეს, ზოგი ეკლესია შელესეს და შეათეთრეს, მიძინების ეკლესია, რომელშიც მოხატულობის ფრაგმენტები იყო შემორჩენილი, ზეთის საღებავებით შეღებეს. XX საუკუნის I ნახევარში ძეგლს შეძლებისდაგვარად თავდაპირველი სახე დაუბრუნდა. საფარაში დღეს მოქმედი მამათა მონასტერია.
ძეგლის აღწერა
საფარის სამონასტრო კომპლექსი მთის კალთაზე, სხვადასხვა სიმაღლეზეა განლაგებული. ხუროთმოძღვრული ანსამბლი მოიცავს X საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს, XIII-XIV საუკუნეების წმ. საბას გუმბათოვან ტაძარს და სამრეკლოს, XIV-XVI საუკუნეების დარბაზულ ეკლესიებს, ჯაყელთა სასახლეს, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებს და ციხე-გალავანს. დღემდე მოღწეულ ნაგებობათაგან უძველესია X საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. მონასტრის თავზე, დასავლეთით, შემორჩენილია ციხის ნანგრევები, საიდანაც დიდი გალავანი იწყება და ჩრდილო-დასავლეთის მხარეს ტყეში იკარგება. ჩრდილოეთით გალავანი ციცაბო კლდეს ჩამოუყვება ხევში ეშვება. გალავნის შესასვლელთან ახლოს წმ. სტეფანეს მცირე ზომის სამლოცველო დგას. მთავარი ტაძრისკენ მიმავალ გზაზე გვხვდება კამაროვანი სადგომები (სავარაუდოდ საჯინიბო). ცოტა მოშორებით თლილი ქვით ნაგები საერო შენობის ნანგრევია, რომელიც ჯაყელების სასახლედაა მიჩნეული. ანსამბლის ცენტრში რამდენიმე ნაგებობაა შეჯგუფებული: წმ. საბას ტაძარი, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, პეტრე-პავლეს სამლოცველო, წმ. დიმიტრის სამლოცველო, წმ. გიორგის სამლოცველო, იოანე ოქროპირის სამლოცველო, წმ. გიორგის ეკლესია, სამრეკლო და იოანე ნათლისმცემლის ეკლესია. გარდა მიძინების ეკლესიის, წმ. საბას ეკლესიისა და სამრეკლოსი, ყველა საეკლესიო ნაგებობა XIV-XVI საუკუნეთა ფარგლებშია აგებული.
ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, დასავლეთის მინაშენით. ეკლესიის აგების შესახებ ცნობები არ მოიპოვება, სტილისტური ნიშნებით იგი X საუკუნით თარიღდება. ტაძრის ლავგარდანში ჩართული ოსტატის რელიეფის წარწერის მიხედვით, ცნობილია მშენებელი ოსტატის სახელი – ვაჩე. შესასვლელი ორია – დასავლეთითა და ჩრდილოეთით (წმ. საბას ეკლესიიდან). დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. საკურთხეველი გამოყოფილი იყო მოჩუქურთმებული, ოსტატურად შესრულებული, დიდი მხატვრული ღირებულების მქონე, XI საუკუნის კანკელით, რომლის გადარჩენილი ნაწილები ამჟამად თბილისის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. დარბაზის დასავლეთ ნაწილში პატრონიკეა მოწყობილი, რომელიც დაყრდნობილია ორ წრიული გეგმის მქონე ბურჯსა და მათზე გადაყვანილ სამ თაღზე. ეკლესია ოთხი სარკმლით ნათდება, თითო სარკმელი აღმოსავლეთითა და დასავლეთითაა გაჭრილი, ორი კი – სამხრეთით, ერთი სარკმელი ჩრდილოეთის კედელშიც იყო, თუმცა წმ. საბას ეკლესიის აგების შემდეგ ეს სარკმელი გაუქმდა. გრძივი ფასადები ორსაფეხურიანი პილასტრებითა და მათ ქვედა საფეხურზე გადაყვანილი დეკორატიული თაღებითაა დანაწევრებული. პილასტრების ზედა საფეხურზებზე კამარის საბჯენი თაღებია გადაყვანილი. ინტერიერი მთლიანად მოუხატავთ XIV საუკუნეში, ბექა ათაბაგის შვილებს. ფრესკების ფრაგმენტები შემორჩენილია საკურთხეველში და პატრონიკეს ქვეშ, შუა თაღზე. მინაშენის სამხრეთ ნაწილში ლუნეტია, ადრე აქაც შესასვლელი ყოფილა, რომელიც რუს ბერებს თაღის ქუსლამდე ამოუშენებიათ. სამხრეთის ფასადს 3.5 მ-ის სიმაღლეზე თარო გასდევს, როგორც ჩანს, ამ მხარეს მინაშენი იყო გათვალისწინებული, რომლის კამარის საბჯენიც ეს თარო უნდა ყოფილიყო. ტაძრის საპერანგე წყობაში ორი ფენა გაირჩევა, არმოსავლეთის ფასადისა და სამხრეთის ფასადის ნაწილის პერანგი თავდაპირველია, დანარჩენი კი განახლებულია წმ. საბას ტაძრის აგების პერიოდში. პირვანდელი მორთულობა მხოლოდ აღმოსავლეთ ფასადზეა შემორჩენილი. ლავგარდნის წყობაში ჩასმულია რელიეფი მუხლმოდრეკილი ოსტატის – ვაჩეს გამოსახულებით და სარკმლის სათაური. დასავლეთ ფასადზე განახლების პერიოდის რელიეფებია – რვაქიმიანი ვარსკვლავი და ფრთოსანი ფიგურები. დასავლეთის მინაშენი მცენარეული და ზოომორფული მოტივებითაა შემკული. დასავლეთის კედელზე ჩასმულია ჯვრის ამაღლების რელიეფი, რომელიც სხვა ადგილიდანაა გადმოტანილი.
წმ. საბას ტაძარი XIII-XIV საუკუნეთა მიჯნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. იგი ძირითადი ხუროთმოძღვრული ელემენტებითა და მორთულობით გარდამავალ ძეგლს წარმოადგენს, რომელშიც პირველად იკვეთება მკაფიოდ გარკვეული გარდატეხა XII-XIII საუკუნეების ხუროთმოძღვრებასთან შედარებით. გარკვეული ნიშნებით იგი ტრადიციას აგრძელებს, თუმცა ვლინდება ტენდენციები, რომლებიც ახალი ეპოქის დასაწყისზე მიანიშნებს. ეკლესია საგანგებოდ შექმნილ ბაქანზე დგას და ჩრდილოეთიდან ნაწილობრივ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს ეკვრის. შესასვლელი სამი ყოფილა – სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან, სამხრეთის შესასვლელი მოხატვისას ამოუშენებიათ. ტაძარში მოხვედრა შეიძლება ასევე ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიიდან. ეკლესია ჩახაზული ჯვრის ტიპის გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. აღმოსავლეთის მკლავი აფსიდით სრულდება, დანარჩენი სამი მკლავი სწორკუთხაა. აფსიდის წინ ღრმა ბემაა. ბემის კამარა, აფსიდის კონქი და ჯვრის მკლავების კამარები შეისრული ფორმისაა. აფსიდში, სარკმლის ქვეშ, სამღვდელმთავრო ჩამოსაჯდომი ნიშაა. საკურთხევლის ორივე მხარეს აფსიდალური პასტოფორიუმია (სადიაკვნე და სამკვეთლო). გვერდითა სათავსები, აღმოსავლეთის მკლავთან შედარებით, უფრო მოკლეა, ამიტომაც საკურთხევლის ნაწილი ექსტერიერში შვერილია. პასტოფორიუმების თავზე სამალავებია მოწყობილი. სადიაკვნეს ქვეშ კამაროვანი კრიპტაა. სამკვეთლო საკურთხეველსაც უკავშირდება კარით, სადიაკვნეს მხოლოდ დასავლეთით აქვს შესასვლელი. გუმბათი დასავლეთის ორ თავისუფლად მდგომ ბურჯსა და საკურთხევლის კუთხეებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრებით ხორციელდება. ტაძრის დასავლეთ ნაწილში თაღებით გახსნილი პატრონიკეებია მოწყობილი. ეკლესიის შიდა სივრცე გუმბათის რვა სარკმლითა და თითოეულ მკლავში გაჭრილი თითო სარკმლით ნათდება. თითო სარკმელი აქვთ პასტოფორიუმებსაც. გუმბათქვეშა საყრდენები და სამღვდელმთავრო ნიშა ლილვოვანი პილასტრებითაა შემკული, რომლებსაც სადა კაპიტელები და ბაზისები აქვთ. ტაძარს დასავლეთიდან სტოა-კარიბჭე ეკვრის, რომლის დასავლეთ კედელი სამი შეისრული თაღიდაა გახსნილი. კარიბჭე სამ ნაწილადაა დაყოფილი, ორი ნაწილი ვარსკვლავისებური კამარითაა გადახურული, ერთი კი – ჯვროვანი კამარით. ეკლესიას ჩრდილოეთიდანაც კარიბჭე ჰქონია მიშენებულია, თუმცა მისგან დღესდღეობით, მხოლოდ კამარის საყრდენი კრონშტეინებია შემორჩენილი. წმ. საბას ტაძრის ფასადები მოზომილადაა დეკორირებული, დატვირთული არცერთი ფასადი არ არის. ძირითად მორთულობას სარკმლებისა და შესასვლელების ჩუქურთმიანი მოჩარჩოება ქმნის. განსაკუთრებით საინტერესოა აღმოსავლეთ ფასადის კომპოზიცია, რომელსაც ზუსტი ანალოგი არ მოეპოვება – ცენტრალურ, შვერილ ნაწილზე სამი სარკმელია განლაგებული, რომელთაგან ერთი მაღალი, მოზრდილი სარკმელი ცენტრშია გაჭრილი, დანარჩენი ორი კი – ფრონტონის განაპირა არეებში. ფრონტონის სარკმლები ძალიან მცირე ზომისაა და მათ „ხარისთვალა“ სარკმლებსაც უწოდებენ.
წმ. საბას ეკლესიის ინტერიერი ჯერ კიდევ ბექა I-ის დროს მოიხატა, თუმცა ამ პერიოდის ფრესკები შემორჩენილი არ არის. ამჟამინდელი მოხატულობა შესრულებულია XIV საუკუნის I ნახევარში, სხვადასხვა ოსტატის მიერ. ფრესკები ამჟღავნებს პალეოლოგოსთა ხანისთვის დამახასიათებელ ნიშნებს – ფორმის მოცულობითი ძერწვა, სწორად აგებული ნახატი, არქიტექტურული და პეიზაჟური ფონები, დინამიურობა. წმ. საბას ტაძრის მოხატულობა თავისი პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია. საკურთხევლის აფსიდის კონქში გამოსახულია ვედრების კომპოზიცია, მეორე რეგისტრში – მოციქულთა ზიარება, მესამე რეგისტრში კი – ეკლესიის მამები. ბემის კამარაში გამოსახულია მედალიონში ჩასმული ჯვარი და მთავარანგელოზები. გუმბათში მოცემულია მაცხოვრის ამაღლების კომპოზიცია, გუმბათის ყელის ქვედა რეგისტრში – წინასწარმეტყველები, გუმბათქვეშა აფრებზე – მახარებლები. გუმბათქვეშა ბურჯებზე წმ. მხედართა გამოსახულებებია. სამხრეთის მკლავში გამოსახულია: ნათლისღება, ფერისცვალება, ლაზარეს აღდგინება, გარდამოხსნა, ქრისტეს დატირება, მენელსაცხებლე დედები, ჯოჯოხეთის წარტყვევნა და ქტიტორთა ჯგუფური პორტრეტი. ჩრდილოეთ მკლავში გამოსახულია: ხარება, შობა, იერუსალიმში შესვლა, იუდას ამბორი, სული წმინდის მოფენა, ღვთისმშობლის მიძინება და წმ. მხედარი. დასავლეთის მკლავში გამოსახულია: ქრისტეს მიერ ავადმყოფთა განკურნება, წმ. ევსტათე პლაკიდას სასწაული, განკითხვის დღე და იესეს ხე.
საფარის კომპლექსის სამრეკლო წმ. საბას ეკლესიის დასავლეთით, კლდეზე დგას. იგი წმ. საბას ტაძრის თანადროულია. სამრეკლო ორსართულიანი ნაგებობაა, რომელიც საგანგებოდ ნაგებ საყრდენ მოცულობაზეა დაშენებული. პირველი სართული დახურული კუბური მოცულობაა, რომელიც ლასურისძეთა საგვარეულო აკლდამას და წმ. მარინეს სახელობის სამლოცველოს წარმოადგენს, მეორე სართული კი ვიწრო თაღებით გახსნილი რვაწახნაგა ფანჩატურია და ზარებისთვისაა განკუთვნილი. შესასვლელი დასავლეთიდანაა, რომლის ზემოთ მცირე ზომის ლუნეტია. სამხრეთისა და აღმოსავლეთის კედლებში სარკმლებია გაჭრილი. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულია სამი ხელაპყრობილი ფიგურა (ლასურისძეთა პორტრეტები) – ლასურ მსახურთუხუცესი, სასულერო პირი ნიკოლოზი და სუმბატი (პორტრეტებს ახლავს შესაბამისი წარწერები). აღნიშნული ფრესკის თავზე შემორჩენილია წარწერა: „მეუფეო ქრისტე ღმერთო, რომელი ადიდებ მადიდებელთა შენთა, ადიდე ორთავე სუფევათა შინა პატრონი ჩვენი მანდატურთა უხუცესი ბექაი და ძენი მისნი, რომელმან უღირსნი მიწობისა მათისნი ღირსგუყვნა და გუიბოძა საფლავნი ლასურისძესა ლასურს და ძმათა მისთა საუკუნოდ“. ლასურისძენი ჯაყელთა ქვეშემრდომები იყვნენ, ლასურ ლასურისძე კი – ბექა ჯაყელის მსახურთუხუცესი. ფასადები სრულიად სადაა, მოურთველი. სამრეკლო ნაგებია სუფთად თლილი ქვით.
წმ. გიორგის ეკლესია მიძინების ტაძრის სამხრეთით, მისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით დგას. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით. შესასვლელი ერთია – დასავლეთიდან. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. ინტერიერი განათებულია სამი სარკმლით, თითო სარკმელია გაჭრილი აღმოსავლეთის, სამხრეთისა და დასავლეთის კედლებში. მორთულია მხოლოდ დასავლეთის ფასადი, რომლის ფრონტონის არეში, კეხქვეშ, წმ. გიორგის რელიეფია მოთავსებული, მის ქვემოთ კი – განედლებული ჯვარი ფოთლებითა და მტევნებით. ჯვრის ქვედა მკლავშია გაჭრილი დასავლეთის სარკმელი. შესასვლელის არქიტრავზე რელიეფური ტოლმკლავა ჯვარია გამოსახული. დასავლეთ ფასადზე გვხვდება ტაძრის ამშენებლის, ვინმე გრიგოლ ნაფშუენის ძის, ვრცელი წარწერა: „ქ. სახელითა ღვთისაითა, მე საფარისა მოძღუარმან გრიგოლ ნაფშუენის ძემან, აქა დამკვიდრებულთა წმიდათა მამათა მცირედი ესე ეგუტერი სახსენებელად ცოდვილისა სულისა ჩემისა, რათა ღმერთმან მეოხებითა წმიდისა და უდაბნოთა განმანათლებელისა საბასითა, დღესა მას დიდსა განკითხვისსა მიხსნას მარცხენეთგან და მარჯუენეთა მათ მისთა თანა აღმრიცხოს“. კეხზე ეკლესიის მოდელი დგას. ფასადებს ლილვისა და წრეთარგისგან შედგენილი ლავგარდანი ასრულებს. ეკლესია ნაგებია სუფთად თლილი ქვით. ეკლესიის ქვეშ ორი კამაროვანი სათავსია, რომლებიც ან აკლდამები უნდა ყოფილიყო, ან სამალავები. წმ. გიორგის ეკლესია კარით უკავშირდება ჩრდილოეთიდან მიშენებულ, ტლანქად ნაგებ სამლოცველოს, რომელიც „იოანე ნათლისმცემლის პარაკლისის“ სახელითაა ცნობილი.
სასახლე წმ. საბას ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 50 მ-ის დაშორებით მდებარეობს. შენობის ნაშთი ათაბაგთა საცხოვრებელ სადგომადაა მიჩნეული. ნაგებობა ორი სწორკუთხა სადგომისგან შედგება. სასახლის კედლები ერთ სართულზე ნაკლებ სიმაღლეზეა შემორჩენილი და მისი პირვანდელი სახის წარმოდგენა რთულია. სავარაუდოდ მას მეორე სართულიც უნდა ჰქონოდა. უკეთაა შემორჩენილი ჩრდილოეთის სადგომი. ორივე დარბაზს მცირე ზომის სარკმლები აქვს. შესასვლელსა და სარკმლებს ალათებისა და სადგულების ჩასასმელი ბუდეები აქვს. სასახლის კედლები, როგორც გარედან, ასევე შიგნიდან, მოპირკეთებულია თლილი ქვით.
ვარძია XII-XIII საუკუნეების კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლია, რომელიც სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის რაიონში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. იგი ქართული კულტურის გამორჩეული ძეგლია ისტორიული, კულტურული და მხატვრული მნიშვნელობით. ვარძიის წიგნთსაცავიდან შემორჩენილია ვარძიის ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი (XII ს). ვარძიის მონასტრის წინამძღვრის სახელი ტრადიციულად საწოლის მწიგნობარი იყო, იგი ეკლესია-მონასტრების საქმიანობას ხელმძღვანელობდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა. 1203 წელს მონასტერმა თამარ მეფე და საქართველოს ყველა კუთხიდან შეკრებილი მრავალრიცხოვანი ლაშქარი მიიღო. ვარძიიდან საომრად გასულმა ქართველებმა სძლიეს მუსლიმთა კოალიციის ლაშქარი ბასიანის ბრძოლაში. მემატიანეს ცნობით ვარძიის სახელს და ვარძიის ღვთისმშობელს უკავშირდება ყველა ძლევამოსილი ომი, რომელსაც იმ ეპოქაში აწარმოებდა საქართველო მაჰმადიანთა ექსპანსიის წინააღმდეგ. ამგვარად, XII – XIII საუკუნეთა მიჯნაზე, ვარძია მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ცენტრი იყო.
მშენებლობის ეტაპები
1970-1971 ვარძიაში ჩატარებული გათხრების შედეგად სამი კულტურული ფენა გამოვლინდა. მშენებლობის პირველი ეტაპია გიორგი III (1156–1184) მეფობის წლები, ჩანაფიქრი და მშენებლობის გეგმის შემუშავება მის სახელთანაა დაკავშირებული. იმავე დროსაა გამოკვეთილი პირველი საცხოვრებელი სახლები წყაროს მახლობლად. მშენებლობის მეორე ეტაპი თავსდება გიორგი III სიკვდილისა და თამარ მეფის ქორწინებას შორის (1184–1186). თამარ მეფის მითითებით თავდაპირველი გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა. წყაროსთან, უკვე იქ არსებულ გამოქვაბულთა ადგილზე, შეიქმნა მონასტრის ცენტრი – კლდეში გამოკვეთილი ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი, მოხატული ქართლის ერისთავის რატი სურამელის ინიციატივითა და სახსრებით. მშენებლობის მესამე ეტაპი მოიცავს წლებს ტაძრის მოხატვას და ბასიანის ბრძოლას შორის (1186–1208). მთავრდება ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გარშემო მონაზონთა კლდის სახლების, თავდაცვითი სამალავის და რთულ საირიგაციო ნაგებობათა გამოკვეთა. 1283 წელს მომხდარმა მიწისძვრამ დიდი ზიანი მიაყენა ვარძიას. ამ სტიქიური უბედურების შემდეგ მონასტრის ნაწილობრივ აღდგენას უკავშირდება მშენებლობის მეოთხე ეტაპი, ათაბაგ ბექა ჯაყელ-ციხისჯვარელის დროს (1285 – 1306).
არქიტექტურა
ვარძიის კომპლექსი გამოკვეთილია ერუშეთის მთის კალთაზე ტუფბრექიჩიების შერეულ კლდეში. ვარძიის ხუროთმოძღვრება დაფუძნებულია წინასწარ შემუშავებულ კომპოზიციურ იდეაზე — მრავალსართულად გამოკვეთილი ანსამბლი განლაგებულია კლდის უბის სიღრმეში ჩასმული ცენტრის — ტაძრის გარშემო. ვარძიის ქვაბულები გრძივად დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, 500 მ-იანი ფრონტითაა გადაშლილი. ქვაბულები განთავსებულია იარუსებად. ცალკეულ მონაკვეთებში გვხვდება ხუთი, ექვსი და შვიდი იარუსი. აღმოსავლეთ ნაწილში ქვაბულთა 13 იარუსი დასტურდება. ერთიანი სისტემით აქ 19 იარუსია. ვარძიაში დღეისათვის დადასტურებულია 641 კლდეში ნაკვეთი სათავსო. ვარძიაში შემორჩენილია 15 კლდოვანი ეკლესია. კომპლექსი არ გამოირჩევა მდიდრული მორთულობით, ერთადერთი სამკაული სამლოცველოთა კედლის მხატვრობაა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისა და კარიბჭის მოხატულობა (1184-1186), სადაც ქრისტეს ცხოვრების ამსახველ სცენებთან ერთად გამოსახულია გიორგი III-ისა და თამარ მეფის პორტრეტები, აგრეთვე ქართლის ერისთავი რატი სურამელი. აღსანიშნავია, რომ ჩვენამდე მოღწეულ თამარ მეფის პორტრეტებს შორის ვარძიისა ყველაზე ადრეულია. აქ იგი გვირგვინით, მაგრამ გათხოვილი ქალის თავსაბურავის გარეშეა და თან ხელთ ნაგებობა უპყრია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ვარძიის მანასტრის მშენებლობა და მასზე ზრუნვა გათხოვებამდე დაუწყია. გვირაბი ვარძიის ცენტრალურ ნაწილში დაკავშირებულია წყლით მომარაგებასთან. იგი შედის წყალგამტარ ფენაში, მისი სიგრძე 16 მ-ია. გვირაბები, რომლებიც ტაძრის ჩრდილოეთ მხრიდან იწყება, მიემართება მონასტრის სალაროსაკენ, მათი სიგრძე — 64 მეტრია. სამონასტრო ანსამბლის აღმოსავლეთ ნაწილში გვირაბით შექმნილია „გასასვლელი“, კლდეში გაჭრილი მაგისტრალი 220 მ-ის სიგრძისაა. ვარძიაში ოთახების კედლებში გამოკვეთილია ფართო ნიშები — საწოლად, ლოგინის დასალაგებლად, მცირე ნიშები — ჭურჭლისათვის, წიგნებისა და ჭრაქისათვის, მერხები, კერა და სხვა. ნიშები მეტწილად თაღოვანია და შემკულია მარტივი ჩაჭრილი საპირეებით. კლდის სიბრტყეები მთავარ სათავსებში დამუშავებულია ხორკლიანი ფაქტურით. წყალსადენი გამოყვანილია სოფელ ზედა ვარძიიდან. 3,5 კმ-ის სიგრძის ტერასის ერთი მესამედი, კლდეში გაკაფულ გვირაბებშია გამართული, კერამიკული მილებისათვის საგანგებო „საწოლებია“ შექმნილი. ტრასის შუალედურ მონაკვეთში, კერამიკული, საკონტროლო რეზერვუარებია. წყლის დებეტი დღე-ღამეში 166000 ლიტრი უნდა ყოფილიყო, რაც დაახლოებით 50000 ადამიანს დააკმაყოფილებდა. რეზერვუარი ვარძიის დასავლეთ ნაწილშია ამოკაფული. იტევდა დაახლოებით 630000 ლიტრ წყალს. ბუნებრივი წყარო ღვთისმშობლის ეკლესიის სიახლოვესაა მის ჩრდილოეთ მხარეს, კლდის სიღრმეში. მისი აუზი 8 მ³ წყალს შეიცავს. მისი მუდმივი ტემპერატურა 11°-ია. ვარძიაში 28 მარანია შემორჩენილი (6 დარბაზი, 22 სათავსო). მარნები მთლიანობაში 235 ქვევრს მოიცავდა. მისი საერთო ტევადობა 100000 ლიტრია.