სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მცხეთაში მდებარეობს და XI საუკუნით, 1010-1029 წლებით თარიღდება. ის ერთ-ერთია საქართველოს ოთხ დიდ კათედრალთაგან, რომლებიც X საუკუნის II ნახევარსა და XI საუკუნის I ნახევარში აიგო: ოშკი, ბაგრატი, ალავერდი, სვეტიცხოველი. ქართული წერილობითი წყაროების თანახმად, კათედრალი დგას ქრისტეს კვართის საფლავზე. სვეტიცხოვლის ამჟამინდელი ტაძრის ადგილას პირველი ეკლესია ჯერ კიდევ IV საუკუნეში მირიან მეფეს აუშენებია. მირიანისეული ეკლესიის მშენებლობას უკავშირდება ცხოველმყოფელი სვეტის სასწაული, საიდანაც მომდინარეობს ტაძრის სახელიც. წერილობითი წყაროების მიხედვით მირიანისეული ეკლესია ხისა ყოფილა. იმავ ადგილას V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ქვის დიდი სამნავიანი ბაზილიკა ააგო. გორგასლისეული ბაზილიკის გეგმარება გამოვლენილია არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად. გარდა ამისა, V საუკუნის ტაძრის ფრაგმენტები ჩართულია ამჟამინდელ გუმბათოვან ნაგებობაში. XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი, კიდევ უფრო დიდი ზომის გუმბათოვანი ტაძარი ააგო. მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა. სვეტიცხოვლის ტაძრის ქტიტორის — მელქისედეკ კათალიკოსის და ხუროთმოძღვრის — არსუკისძის სახელები ცნობილი ძეგლის ორი ლაპიდარული ასომთავრული წარწერით. წარწერის საფუძველზევე ივარაუდება, რომ ხუროთმოძღვარი არსუკიძე ტაძრის მშენებლობის დასრულებას ვერ მოესწრო. აღმოსავლეთ ფასადზე, შუა თაღში, მარაოსებრი დეკორის დისკოებზე მოთავსებულია წარწერა: “ადიდენ ღმერთმან ქრისტეს მიერ მელქიზედეკ ქართლისა კათალიკოზი, ამენ. აღეშენა ესე წმიდაი ეკლესიაი ხელითა გლახაკისა მონისა მათისა არსუკუსძისაითა. ღმერთმან განუსუენე სულსა მისსა”. ჩრდილოეთ ფასადზე გვხვდება გონიოიანი ხელის რელიეფური გამოსახულება, რომელსაც ახლავს ხუროთმოძღვრის წარწერა: “ხელი მონისა არსუკისძისაი. შეუნდვეთ”. XI საუკუნეს მიეკუთვნება ასევე სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში არსებული გალავნის დასავლეთ კარიბჭე და გალავნის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ჩართული საეპისკოპოსო სასახლე. კარიბჭეს შემორჩენილი აქვს წარწერა: “ქრისტე ადიდე შენ მიერ დამყარებული მეუფე ჩუენი, ქრისტეს მიერ მელქიზედეკ ქართლის კათალიკოზი, რომელმან მეორედ აღაშენა წმიდა კათოლიკე ესე სალხინებლად სულისა მათისა”. 

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის შემდგომი ხანების ისტორია ცნობილია წერილობითი წყაროებიდან. XIII საუკუნის ბოლოს ძეგლი ძლიერ მიწისძვრას დაუზიანებია. XIV საუკუნის ბოლოს ტაძარი მნიშვნელოვნად დაზარალდა თემურ-ლენგის შემოსევებისას. ამ დროს დაუნგრევიათ ინტერიერში ბურჯების ნაწილი, რამაც გუმბათისა და პატრონიკეს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილების ჩამოქცევაც გამოიწვია, შემოიძარცვა საფასადო მოპირკეთების დიდი ნაწილიც. XV საუკუნის დასაწყისში სვეტიცხოვლის ტაძარზე ზრუნვა დაუწყია ალექსანდრე I-ის ბებიას, დედოფალ რუსას, 1412 წლიდან კი (გამეფების განიდანვე) თავად ალექსანდრე I-ს. გარდა აღდგენისა, მან ტაძარს ჩრდილოეთიდან ეკვდერიც მიაშენა. 1526 წელს ჩრდილოეთიდანვე მიუშენა ნაგებობას მეორე ეკვდერი დავით VIII-მ. გუმბათის ყელზე შემონახული წარწერის მიხედვით, 1656 წელს ჩამოიქცა გუმბათი და იმავე წელს აღადგინეს როსტომ მეფემ და მარიამ დედოფალმა: “ქორონიკონსა ტმდ დაიქცა გუმბათი და აღვაშენე მეფემან როსტომ და დედოფალმან მარიამ, დადიანის ასულმან”. XVII საუკუნეში გრიგოლ გულჯავარასშვილის ხელმძღვანელობით მოიხატა სვეტიცხოვლის ტაძრის ინტერიერში აგებული ფანჩატურიანი სვეტი (“სვეტიცხოველი”). 1787 წელს ერეკლე II-ისა და ანტონ კათალიკოსის ხელმძღვანელობით ეკლესია შეაკეთეს, ასევე ეზოს შემოარტყეს ახალი გალავანი. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია XVII-XVIII საუკუნეების მოხატულობა, ადრეულ ხანას მიაკუთვნებენ საკურთხევლის მოხატულობას, რომელიც XIX საუკუნეშია განახლებული. XIX ს-ში ძველი მხატვრობის დიდი ნაწილი შელესილობით გადაფარეს და დაანგრიეს ეკვდერები. სვეტიცხოვლის ტაძრის მეცნიერული შესწავლა და რეაბილიტაცია დაიწყო XX საუკუნის 30-იან წლებში და დღემდე გრძელდება. 

 

ძეგლის აღწერა

სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვრული კომპლექსი XI საუკუნის მთავარ გუმბათოვან ტაძარს, V საუკუნის გორგასლისეული ბაზილიკის ნაშთებს, რომელიც გუმბათოვან ტაძარშია ჩართული, XI საუკუნის კარიბჭეს, მელქისედეკ კათალიკოსის სასახლეს, ანტონ კათალიკოსის სასახლესა და გალავანს. 

სვეტიცხოვლის ვახტანგ გორგასლისეული ბაზილიკა სამნავიანი ნაგებობა იყო. იგი აღმოსავლეთ საქართველოს დიდი ბაზილიკების ჯგუფს მიეკუთვნება. მთავარი ნავი აღმოსავლეთით ნახევარწრიული, შვერილი, ექსტერიერში ხუთწახნაგა აფსიდით სრულდებოდა. სვეტიცხოვლის ბაზილიკას, მსგავსად ბოლნისის სიონისა, არ ჰქონია პასტოფორიუმები. ნავები ერთმანეთისგან  ოთხი წყვილი ჯვრული ბურჯით გამოიყოფოდა. ტაძარს დასავლეთიდან, როგორც ჩანს, ნართექსი ჰქონია, რომელიც, სავარაუდოდ, სამივე ნავს დიდი თაღით უკავშირდებოდა. გვერდითა ნავების გრძივი კედლები მძლავრად შვერილი დიდი პილონებით იყო დანაწევრებული, რომლებიც ამჟამინდელ გუმბათოვან ტაძარშიც ჩანს. ნავთა გამყოფი ბურჯების ბაზისები მოჩუქურთმებული იყო. არქეოლოგიური სამუშაოებისას გამოვლენილი ბურჯების მოჩუქურთმებული ბაზისები სვეტიცხოვლის გუმბათოვან ტაძარში დღესაც ხილვადია, ისინი შუშებშია მოქცეული. სვეტიცხოვლის ბაზილიკას ჰქონია რელიეფური შემკულობაც, ბაზილიკისეული ხარის თავების ჰორელიეფური გამოსახულებები გამოყენებულია XI საუკუნის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადის დეკორად. 

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი ჩახაზული ჯვრის ხუროთმოძღვრულ ტიპს მიეკუთვნება. ნაგებობა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მკვეთრადაა წაგრძელებული. ოშკისგან, ბაგრატის ტაძრისგან და ალავერდისგან (სამი დიდი კათედრალი) განსხვავებით, სვეტიცხოველი ტრიკონქი არ არის, აქ აღმოსავლეთი მკლავი აფსიდალურია, დანარჩენი სამი მკლავი კი სწორკუთხა. საკურთხევლის აფსიდი ღრმა ბემითაა დაგრძელებული. ბემის კამარა პილასტრებზე დაყრდნობილი საბჯენი თაღითაა შემაგრებული. აფსიდის მთელს პერიმეტრზე და ბემის კედლებში გეგმაში ნახევარწრიული, თაღოვანი ნიშებია ჩამწკრივებული. აფსიდში ჩამწკრივებულ ნიშებს საქართველოში კიდევ რამდენიმე ძეგლში ვხვდებით (ხახული, ურთა, სამთავრო, სამთავისი, ურავლის აგარა). საკურთხევლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით ორ სართულად განლაგებულია დამხმარე სათავსები. სამკვეთლოცა და სადიაკვნეც აფსიდალურია. დამხმარე სათავსები საკურთხეველთან უშუალოდ არაა დაკავშირებული, ისინი დასავლეთის კარით შესაბამის ნავებს უკავშირდებიან. სათავსთა მეორე სართულები დასავლეთისკენ ორთაღედებითაა გახსნილი. სამხრეთის სათავსის ჩრდილოეთ კედელში, გარკვეულ სიმაღლეზე კარია, საიდანაც კედლის სისქეში მოწყობილი კიბე მაღლა მდებარე სივრცეებისკენ მიემართება. გუმბათი ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატი გუმბათის ყელის წრეზე აფრების საშუალებით გადადის. დასავლეთ მკლავი თავიდან დანაწევრებული იყო ორი წყვილი ბურჯით და მთავარი ნავი გვერდითა უბეებს სამ-სამი თაღით უკავშირდებოდა. XV საუკუნის გადაკეთებისას ერთი ბურჯი მოანგრიეს, მეორე ბურჯი კი გაასქელეს. მთავარი ნავის უბეების დამაკავშირებლად ორივე მხარეს ორ-ორი თაღი შეიქმნა, დასავლეთის თაღი პირვანდელი თაღისავე ზომისა, აღმოსავლეთის თაღი კი — ორჯერ დიდი. ამ რეკონსტრუქციისას პატრონიკე მხოლოდ დასავლეთით აღადგინეს. თავდაპირველად პატრონიკეები გვერდითა უბეების თავზეც არსებულა და ისინი დასავლეთ მკლავის სივრცისკენ თაღებით იხსნებოდა. პატრონიკე დასავლეთ მკლავის სივრცისკენ სვეტებზე გადაყვანილი სამი თაღით იხსნება. დასავლეთ მკლავის გვერდითა უბეების აღმოსავლეთ მონაკვეთები ჯვრული კამარებითაა გადახურული, დანარჩენი ნაწილები კი — ცილინდრული კამარებით. თავიდან ყველა მონაკვეთი ჯვრული კამარით უნდა ყოფილიყო გადახურული. დასავლეთ მკლავის გრძივი კედლები მძლავრად შვერილი პილონებითაა დანაწევრებული, რომლებიც გორგასლისეული ბაზილიკისგანაა შემორჩენილი და გუმბათოვანი ტაძრის მშენებლობისას ისინი ხუროთმოძღვარს ახალ ნაგებობაში ჩაურთავს. ერთ-ერთ პილონს შერჩენილი აქვს ასევე ბაზილიკისეული ნალისებრი თაღის ქუსლი. საკურთხევლის აფსიდში ერთი სარკმელია გაჭრილი, განივ მკლავებში  — სამ-სამი, გუმბათში კი თექვსმეტი სარკმელია. ტაძრის ინტერიერი თავიდანვე მოხატული ყოფილა, მისი დიდი ნაწილი თავიდან მოიხატა გვიან შუა საუკუნეებში. ტაძარში დგას გვიანი შუა საუკუნეების ფანჩატურიანი სვეტი XVII საუკუნის მოხატულობით და მცირე ზომის გუმბათოვანი კაპელა. სვეტიცხოვლის ინტერიერმა დიდი ცვლილებები და რეკონსტრუქციები განიცადა, თუმცა მაინც დღემდე ინარჩუნებს გრანდიოზულობას, მასშტაბურობის განცდასა და ზემოქმედების ძალას. 

მნიშვნელოვანი ცვლილებები განუცდია სვეტიცხოვლის ტაძრის ფასადებსაც, თუმცა მას შენარჩუნებული აქვს პირვანდელი აღნაგობა, ნათლად გამოხატული ფორმები და დიდწილად საფასადო დეკორის პირვანდელი სისტემაც. ნაგებობის მასები საფეხურებად ამოიზრდება და გვირგვინდება გუმბათით. ტაძრის საერთო მასები სვეტიცხოველში უფრო რთულია, ვიდრე ეს ქართულ ჩახაზული ჯვრის ტიპის ძეგლებში ვხვდებით. აღნიშნულ ხუროთმოძღვრულ ტიპში, ჩვეულებრივ, განივი მკლავები ექსტერიერში ორფერდა გაგახურვაშია მოქცეული. სვეტიცხოველში განივ მკლავებს ორსაფეხურიანი გადახურვა და, შესაბამისად, სამნავიანი ბაზილიკის აბრისი აქვთ. მსგავსი გადაწყვეტა ქართულ ხუროთმოძღვრებაში არც სხვა ხუროთმოძღვრული ტიპის ძეგლებში გხვდება. ამ მხრივ ერთადერთი გამონაკლისი ოშკის ტაძარია, სადაც განივი მკლავების სამნავიანი ბაზილიკის აბრისით გადაწყვეტა იმან განაპირობა, რომ ტრიკონქის განივ აფსიდებსაც, მსგავსად საკურთხევლისა, დამხმარე სათავსები ახლავს. სვეტიცხოვლის კიდევ ერთი თავისებურებაა დასავლეთიდან მიდგმული მოცულობა, რომელიც დასავლეთ მკლავის სიგანისაა, თუმცა უფრო დაბალი და იმეორებს დასავლეთ ფასადის მოხაზულობას. აღმოსავლეთ ფასადზე, საკურთხევლისა და პასტოფორიუმების აფსიდებს შორის არეში, ჩაჭრილია გეგმაში სამკუთხა, თაღოვანი ნიშები. ნიშების გადახურვები მარაოსებრი დეკორის თავისებური ვარიაციითაა დეკორირებული. აღმოსავლეთ ფასადი შემკულია ხუთთაღიანი დეკორატიული თაღედით. შუა მაღალი თაღის არეში მარაოსებრი დეკორია მოთავსებული, რომლის დისკოებზე შემონახულია სამშენებლო წარწერა. სვეტიცხოვლის აღმოსავლეთ ფასადზე წარმოდგენილია თაღედისა და ნიშების კომპოზიცია, რომელსაც ოშკის ტაძარი ამკვიდრებს ქართულ ხუროთმოძღვრებაში. თაღედებითაა შემკული ნაგებობის სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადებიც. დასავლეთ ფასადის შუა, მაღალ ნაწილს ერთი თაღი ამკობს. დასავლეთ მკლავის ცენტრალური ნაწილის გრძივი ფასადები ძალიან ღრმა, კედლის სისქეში ჩაკვეთილი, ნიშისებრი თაღებითაა დანაწევრებული. დასავლეთ მკლავის აღნიშნულ თაღებს კონსტრუქციული მნიშვნელობა აქვს, ისინი კედლებს ზედმეტი მასისგან ათავისუფლებენ. ოთხივე ფასადზე მთავარ აქცენტს, დომინანტს ქმნის ჩუქურთმებით მდიდრულად შემკული დიდი ზომის სარკმლები. განსაკუთრებით უხვადაა მორთული დასავლეთის სარკმელი. ფასადებს ძალიან ჟღერად აქცენტებს სძენს პოლიქრომულობის გამოყენებაც, როგორიცაა მაგალითად, აღმოსავლეთის სარკმლის წითელი მოჩარჩოება. საფასადო მორთულობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რელიეფსაც. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მაცხოვრის რელიეფი დასავლეთ ფასადის კეხში და ვაზის ხის რელიეფი იმავე ფასადზე, გვხვდება ასევე ზოომორფული გამოსახულებები. აღმოსავლეთ ფასადის დეკორში გამოყენებულია V საუკუნის ბაზილიკისეული ხარის თავები, ფასადებზე არის ასევე გვიანი შუა საუკუნეების რელიეფებიც. 

 

 

იხილეთ ჩახაზული ჯვრის ტიპის ძეგლები ⇒ 

იხილეთ საქართველოს ოთხი დიდი კათედრალი ⇒ 

იხილეთ სამნავიანი ბაზილიკები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე

 

გამოყენებული ლიტერატურა: 

 

რესურსები ინტერნეტში: 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *