სვეტიცხოველი

სვეტიცხოველი

სვეტიცხოველი

სვეტიცხოველი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მცხეთაში მდებარეობს. იგი XI საუკუნის ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, ერთ-ერთი მწვერვალი თავისი მხატვრული ღირებულებით. სვეტიცხოველი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია. ის ერთ-ერთია საქართველოს ოთხ დიდ კათედრალთაგან: ოშკი, ბაგრატი, ალავერდი, სვეტიცხოველი. ტაძარი საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს აზიდული პროპორციებით, ნათლად გამოხატული აგებულებით, გრანდიოზული შიდა სივრცით და პლასტიკურობით. ნაგებობის ყოველი მომდევნო საფეხური ორგანულადაა ამოზრდილი წინა საფეხურისგან. მიუხედავად გვიანი აღდგენა-გადაკეთებებისა, რამაც ძეგლის მხატვრული მთლიანობა გარკვეულწილად დაარღვია, მისი გადაწყვეტა, პოლიქრომულობით შექმნილი აქცენტები და მდიდრული შემკულობა დიდებულების ამაღელვებელ განცდას ქმნის. სვეტიცხოველი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. 1970-1971 წლებში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლის კვალი. ასევე მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც აქვე ააშენა ვახტანგ გორგასალმა, წმ. ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ, V საუკუნის II ნახევარში. XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსუკისძე მიიწვია. მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა. აღმოსავლეთ ფასადის წარწერის მიხედვით, არსუკიძე, როგორც ჩანს, ტაძრის დასრულებას ვერ მოესწრო, წარწერა მთავრდება შემდეგნაირად: “ღმერთმან განუსუენე სულსა მისსა”. არსუკიძის სახელი ასევე იხსენიება გონიოიანი ხელის რელიეფური გამოსახულების გვერდით არსებულ წარწერაში: “ხელი მონისა არსუკისძისაი. შეუნდვეთ”. ამ რელიეფმა სათავე დაუდო თქმულებას, რომ სვეტიცხოვლის მშენებელს, რომელმაც ოსტატობით თავის მასწავლებელს გადააჭარბა, მარჯვენა მოჰკვეთეს (ტაძარს კიდევ რამდენიმე ლეგენდა უკავშირდება):

“ხეკორძულას წყალი მისვამს,
მცხეთა ისე ამიგია,
დამიჭირეს, ხელი მომჭრეს,
რატომ კარგი აგიგია”.

სვეტიცხოველი მრავალგზის დაზიანებულა და აღუდგენიათ. XIII საუკუნის ბოლოს გუმბათი მიწისძვრამ დაანგრია. იგი გიორგი ბრწყინვალეს აღუდგენია, თუმცა თემურ-ლენგის შემოსევებისას ხელმოერედ ჩამოინგრა, ასევე ჩამოცვივდა პერანგის ნაწილი, დაზიანდა ინტერიერის დასავლეთი მხარე, ბოძების ნაწილი და პატრონიკე. XV საუკუნის I ნახევარში ტაძარი სრულიად აღადგინა გაერთიანებული საქართველოს უკანასკნელმა მეფემ – ალექსანდრე I-მა. გუმბათის სფერო და სახურავი კიდევ ერთხელ აღადგინეს 1656 წელს, ასევე ზოგი რამ შეაკეთეს და ინტერიერი მოხატეს XVIII ს-ის ბოლოს. XIX ს-ში ძველი მხატვრობის დიდი ნაწილი შელესილობით გადაფარეს, გარეთ კი ააფეთქეს ის სამლოცველოები და ექვტერები, რომლებიც დროთა განმავლობაში ტაძრის აშენდა. 1968-1971 წლებში ჩატარდა დიდი სამუშაოები ინტერიერში ძველი ნაწილების გასაწმენდად და გამოსავლენად. ინტერიერში შემორჩენილია XI საუკუნის ფრესკების ფრაგმენტები და გვიანი შუა საუკუნეების მოხატულობა.

არქიტექტურა და მორთულობა

სვეტიცხოვლის ტაძარი გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ძლიერ წაგრძელებული სწორკუთხედია. ჯვრის სახე სივრცეშია შექმნილი გუმბათის ოთხივე მხარეს გაწვდილი ოთხი მკლავით. მკლავები სწორკუთხაა, გარდა აღმოსავლეთის მკლავისა, რომელიც საკურთხევლის აფსიდით არის დაბოლოებული. საკურთხევლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით ორ სართულად განლაგებულია სათავსოები. გუმბათი ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა, გუმბათის ყელში 16 სარკმელია. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარმა მრავალი ცვლილება განიცადა, ძველი ფრესკების დიდი ნაწილი დაიღუპა, ხოლო კედლების შეთეთრებამ ინტერიერს გამოაკლო მისი მხატვრული მთლიანობისათვის აუცილებელი სხვა ორგანული ელემენტებიც, იგი დღესაც დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ტაძრის გარეგანი ფორმებისა და მასების განაწილება, პროპორციები ექვემდებარება შუაში აღმართულ მაღალ გუმბათს, რომლის ქვეშაც ორფერდა სახურავებით გადახურული ჯვრის მკლავებია, ხოლო მკლავებს შორის დაბალი ცალფერდა სახურავით გადახურული სადგომები. ფასადების მორთულობაში ძირითადად გამოყენებულია კედლის დეკორატიული თაღედებისა და შეწყვილებული პილასტრების განვითარებული სისტემა, აგრეთვე სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები. ჩუქურთმები მდიდარი და მრავალფეროვანია (მოაღწია მხოლოდ ნაწილმა). ტაძრის დეკორატიულ მორთულობაში დიდი ადგილი უჭირავს რელიეფსაც. აღსანიშნავია აღმოსავლეთის ფასადის მორთულობა, რომლის საფუძვლად 5 დეკორატიული თაღისაგან შეკრული სისტემა წარმოადგენს. თაღებში ჩართულია მაღალი სამკუთხა ნიშები, ხოლო შუა მაღალი თაღის შიდა სიბრტყეზე, მარაოსებრ გაშლილი სხივების ბოლოებში, მოთავსებულია დისკოები ერთ-ერთი სამშენებლო წარწერით. ოსტატურად არის გამოყენებული პოლიქრომული ეფექტიც. ძირითადი ქვიშისფერი კედლების ფონზე გამოიყოფა საკურთხევლის სარკმლის კაშკაშა წითელი ფერის ქვით აწყობილი მოჩუქურთმებული საპირე, რომელიც ზემოდან გამოყოფილია მდიდრულად მორთული ჰორიზონტალური სარტყლით.
გვერდის ფასადების შუა ნაწილებშიც მთავარია მზარდი თაღების რიტმი. დასავლეთის ფასადზე ერთი დიდი სარკმელია, რომლის მდიდრულ მორთულობას კედლის მთელი არე უჭირავს. ფასადის კომპოზიცია დასრულებულია სამფიგურიანი რელიეფით – ტახტზე მჯდომი მაცხოვარი და 2 ანგელოზი აქეთ-იქით. სვეტიცხოველი განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების სტილის ერთ-ერთი ფუძემდებელი ძეგლია.
XI საუკუნეში ტაძარი მთლიანად მოხატული იყო. ამ ხანის მხატვრობის მცირე ფრაგმენტები შემორჩენილია: ტაძრის დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელზე, სარკმლის სამხრეთით – სცენა სახარებიდან: ქრისტე და სამარიტელი ქალი, შუა ნავის სამხრეთ-დასავლეთ თაღზე -მცენარეული ორნამენტი და სამხრეთი ნავის კამარაში – გაურკვეველი სცენის ნაშთები. დანარჩენი მხატვრობა გვიანდელია. საკურთხეველში შემორჩენილია მხატვრობის ზედა ორი რეგისტრი. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე გადაშლილი სახარებით ხელში და ცეცხლოვან ბორბლებზე შემდგარი ორი ქერუბიმი. ბემის კამარაში თაყვანისცემის პოზაში გამოსახულია ოთხი ანგელოზი, კედლებზე კი ორი მთავარანგელოზი. ახლანდელი მოხატულობა XVI, XVII და შესაძლოა XVIII საუკუნეებისაც იყოს. განახლებულია XIX საუკუნეში. უფრო საინტერესოა ტაძრის შიგნით, საკუთრივ “სვეტის” (კოშკისებური ნაგებობის) XVII საუკუნის მიწურულს მხატვრობა, რომელშიც ქართლის მოქცევის ეპიზოდებია გადმოცემული. გარედანაც ბევრი რამ არის შეცვლილი: გუმბათის ყელი და ფასადთა პერანგის ნაწილი (რომელიც მწვანე ქვით არის მოპირქეთებული) XV საუკუნის I ნახევარს მიეკუთვნება, ზოგი რელიეფური გამოსახულება გადაადგილებულია, არის XVII საუკუნის ჩანართებიც, მაგრამ ამ რესტავრაციებს არ დაურღვევია შენობის ძირითადი ფორმები და პროპორციები.