ფარავნის ქარვასლა

ფარავნის ქარვასლა

ფარავნის ქარვასლა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარავანში მდებარეობს. იგი XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. ქარვასლა დიდ სავაჭრო-სახელოსნო Read more

დალისმთის ციკლოპური კომპლექსი და დარბაზული ეკლესია

დალისმთის ციკლოპური კომპლექსი და დარბაზული ეკლესია

დალისმთის (დალიდაღის) ციკლოპური კომპლექსი და დარბაზული ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, დალისმთაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 2265 მეტრზე. ციკლოპური კომპლექსი ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება. ნაგებობა ძალიან Read more

შაორის ციკლოპური ციხე

შაორის ციკლოპური ციხე

შაორის ციკლოპური ციხე სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ფარავნის ტბის მიმდებარედ, შაორის მთაზე, ზღვის დონიდან 2752 მეტრზე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას ქოროღლის ციხის სახელითაც იხსენიებდნენ. იგი ბრინჯაოს ხანის, ძვ.წ. II ათასწლეულის, მეგალითური ნაგებობაა, რომელიც მშრალად, ციკლოპური წყობითაა ნაგები. შაორის ციხე ბუნებრივი პირობებით, მშენებლობის ტექნიკით, სტილისტური მახასიათებლებით პატარა აბულზე მდებარე აბულის ციკლოპურ ციხეს მიემსგავსება. შაორისა და აბულის ციხეების ზუსტი დანიშნულება ჯერჯერობით დაუდგენელია. მიჩნეულია, რომ ისინი არ იყვნენ მუდმივ საცხოვრებლად განკუთვნილი. ამ ნაგებობათა მდებარეობისა და გარკვეული თავისებურებების მიხედვით, რომელსაც არქიტექტურულ აღწერაში შევეხებით, სავარაუდოა, რომ ისინი საკულტო-სარიტუალო კომპლექსებს წარმოადგენდნენ და ასევე დროებით თავშესაფრადაც იყენებდნენ შიშიანობის დროს. შაორის კომპლექსი, შესაძლოა, დიდი საკულტო ცენტრი ყოფილიყო, რომელიც აბულის ციკლოპურ კომპლექსთან ერთად აერთიანებდა გარკვეულ „ქვეყანას“ და სავარაუდოდ, მასში შემავალ სხვა, მცირე პოლიტიკურ ერთეულებს. შაორის ციხე დიდი ხანია იქცევს მკვლევართა ყურადღებას, მას იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი, მოგვიანებით ლალაიანი და გულისაშვილი, როსტომაშვილი და მელქისეთ-ბეგი კი უკვე დაწვრილებით აღწერას გვაწვდიან. უახლოეს წარსულში სიმაგრის შესახებ მიმოხილვა რამდენჯერმე აქვს გამოქვეყნებული დევი ბერძენიშვილსაც. ვახუშტი ბაგრატიონი შაორის ციხეს შემდეგნაირად აღწერს – “შაორის მთის თხემსა ზედა დგას ციხე დიდროვანის ლოდითა ნაშენი”. როგორც ჩანს, ბრინჯაოს ხანაში ეს ტერიტორია აქტირურად ყოფილა დასახლებული, მრავლად გვხვდება როგორც ციკლოპური სიმაგრეები, ასევე ნამოსახლარ-ნაქალაქარები, ყორღანები და მენჰირები. მოსახლეობას შაორის ციხე-სიმაგრე შუასაუკუნეებშიც გამოუყენებია, რაზეც აქ აღმოჩენილი ორი ქვაჯვარა მეტყველებს.

 

არქიტექტურა

შაორის ციკლოპური ციხე ორი ნაწილისაგან შედგება და მთის ორ, მაღალ და დაბალ წვერზეა განლაგებული. შაორის მთა მორენული ღვარითაა დაფარული, ასე რომ სიმაგრისთვის საჭირო საშენი მასალა ადგილზევეა მოპოვებული. კომპლექსს გალავანი ევლება, რომლის შესასვლელითაც ქვედა ციხის ტერიტორიაზე ვხვდებით. ძირითადი ნაწილი მთის ყველაზე მაღალ წერტილზე მდებარეობს და არაწესიერი ფორმის, მძლავრი კედლით შემოზღუდულ ადგილს წარმოადგენს. კედელს შიგნიდან ორ სართულად მიშენებული აქვს სათავსოები, თუმცა მეორე სართული მხოლოდ სიმაგრის ჩრდილოეთ ნაწილშია შემორჩენილი. სათავსები ქვის ფილებითაა გადახურული, პირველი სართულის გადახურვა მეორე სართულის იატაკს ქმნის. სიმაგრეს ერთი შემოსასვლელი აქვს, აღმოსავლეთის მხრიდან, რომლის სიმაღლე 1.3 მეტრს უდრის. შესასვლელს ბაზალტის დიდი ფილებით მოგებული გზა ებჯინება, რომელიც ქვედა ციხის სიახლოვეს იწყება და ზედა ციხისკენ სერპანტინისებურად მიემართება. მისი ზედაპირი ადგილ-ადგილ სწორია, ზოგან კი საფეხურებია შექმნილი. გზის გასწვრივ სამი მოედანია გამართული. გზაზე და მოედნებზე მენჰირები ყოფილა აღმართული. პირველი მოედანი გზის მეორე მკვეთრ მოსახვევთან მდებარეობს და გზასთან ვიწრო შესასვლელით უკავშირდება. მისი ნაპირები ქვის ყორეებითაა გამაგრებული, იატაკზე კი, ადგილ-ადგილ, ქვის ფილებია შემორჩენილი. მეორე მოედანი გზის მარჯვენა მხარეს, ჩრდილოეთითაა გამართული. გზას ისიც ვიწრო შესასვლელით უკავშირდება და აქაც ბაზალტის ფილებით მოგებული იატაკი გვხვდება. მის ჩრდილო – აღმოსავლეთ ნაწილში, კედელთან 2.3 მეტრის სიმაღლის მენჰირია, რომელიც დღეისათვის გადახრილია და თითქმის იატაკზე დევს. მეორე მოედნიდან გზა საფეხურებად ადის მაღლა, შემდეგ კი სწორდება. აქვე მდგარა 2.9 მეტრის სიმაღლის მენჰირი, რომელიც ამჟამად წაქცეულია. ცენტრალური კოპლექსის ჩრდილო – აღმოსავლეთით მცირე სენაკი და მესამე მოედანია გამართული. მესამე მენჰირი, რომელსაც მელიქსეთ-ბეგი მონოლით-ობელისკს უწოდებს, სიმაგრეში შესასვლელთან მდგარა. მენჰირი დღეს აღარ ჩანს, სავარაუდოდ კედლის ნანგრევებითაა დაფარული. ისეთი დეტალები, როგორიცაა სათავსების იმდენად მცირე ზომები, რომ მათი საცხოვრებლად და სამეურნეოდ გამოყენება საეჭვოა და ასევე საკულტო მოედნებისა და მენჰირების არსებობა ძეგლის საკულტო ხასიათზე შეიძლება მიუთითებდეს. ქვის ფილებით ნაგები გზაც სარიტუალო პროცესიისათვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. ამდენად, შაორის ციკლოპური ციხე შესაძლოა საკულტო კომპლექსს წარმოადგენდეს.

 

 

აბულის ციკლოპური ციხე

აბულის ციკლოპური ციხე

აბულის ციკლოპური ციხე სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მთა პატარა აბულზე, ზღვის დონიდან 2670 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. იგი ძვ.წ. II-I ათასწლეულების, მშრალად, ციკლოპური წყობით ნაგები ციხეა და ძალიან წააგავს შაორის სიმაგრეს – ერთგვარია ბუნებრივი პირობები, მშენებლობის ტექნიკა, გადაუხურავი ტალანები და მისასვლელები. მაგრამ აბულის სიმაგრე მაინც გამორჩეულია. იგი ერთი უპირველესი ცენტრთაგანი უნდა იყის უძველესი დროიდან. თვალში საცემია მისი სიდიდე, სიძლიერე, მიუვალობა, სტრატეგიული მდებარეობა: მის სამხრეთით გადის გზა ფოკა-ხოსპიო-ხერთვისისაკენ.

 

არქიტექტურა

აბულის ციკლოპური ციხე გრანდიოზული და რთული გეგმარებისაა. პატარა აბულის სამხრეთი კალთა, რომელზეც ციხე მდებარეობს, მორენებითაა დაფარული. ამით უსარგებლიათ ძველთაგანვე და ლოდების მცირე გადაადგილებით მიუღიათ დარან-სამალავები, რომლებსაც ვიწრო, დაბალი შესაძრომი აქვთ. საკმარისია ერთი ლოდის აფარება და ყველაფერი შეუმჩნეველია, ის აღარაფრით გამოირჩევა ქვიანი მასის საერთო გროვიდან. ციხე-გალავანი ამ დარნების შუაში, მაღალ ადგილზეა აგებული. ის შედგება გალავნის, შიდა-ციხისა და მის კედლებზე შიგნიდან მიშენებული სათავს-სადგომებისაგან. ზედაპირზევეა ქვაყუთის ტიპის საფლავები. მიუხედავად იმისა, რომ წყობა ყველგან მშრალია, კედლების სიმაღლე ზოგან 5 მ-მდე აღწევს, სიგანე კი 3 მ-ია. „შიდაციხე“ მოიცავს ფართობს დაახლოებით 60×40 მ. დასავლეთის ორი კუთხე მართია, აღმოსავლეთისა — მომრგვალებული. ბურჯებიდანაც ორი მრგვალია, სამი — ოთხკუთხა. შესასვლელი ორია — სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. ციხის შიგნით კედლებსა და ბურჯებზე მიშენებული 40-მდე სადგომია, ზოგან ორ-სამ სართულად. აღმოსავლეთით ტერასებად დაშვებული სამალავები, ისევე, როგორც გალავნის შიგნითა სათავსები, სხვადასხვა გეგმისანი არიან: 1. წრიული, დიამეტრით 2 მ. 2. მოგრძო დარნები, რომლებსაც ერთი ბოლო მომრგვალებული აქვთ, მეორე — სწორკუთხა, ფართობით 4×2 მ. 3. მოზრდილი, სწორკუთხა ოთახები. პირველი ორი ტიპის სადგომებს გადახურვა ერთნაირი აქვთ: ვერტიკალური კედლიდან თანდათან, ცენტრისკენ საფეხურებად გადმოწეული ბრტყელი ფილები იძლევიან ხის დარბაზების მსგავს გვირგვინს. დიდი ოთახების სახურავები ყველგან ჩაქცეულია, შესაძლოა მათ ბანური გადახურვა ჰქონდათ. აბულის სიმაგრის სამხრეთით, ქედზე წყარო გამოდის, რაც გააძლიერებდა თავდაცვისუნარიანობას.

 

წყარო: wikipedia