ბეშთაშენის ციკლოპური ნამოსახლარი

ბეშთაშენის ციკლოპური ნამოსახლარი

ბეშთაშენის ციკლოპური ნამოსახლარი ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენში მდებარეობს. იგი მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც მოიცავს პერიოდებს მეზოლითური ხანიდან ახ.წ. XVII საუკუნის ჩათვლით. ნამოსახლარსა და სამაროვნებს 30 ჰა ფართობი უჭირავს. მდინარე გერიაკ-ჩაისა და მდინარე ბაშკოვ-სუს ხერთვისში, მაღალ კანიონებს შორის მოქცეული კონცხის ჩრდილოეთი ნაწილი გადაკეტილია მძლავრი „ციკლოპური” კედლით. Read more

ხვამლის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი

ხვამლის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი

ხვამლის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდებარეობს, ცაგერის მუნიციპალიტეტში. ტაძარი ხვამლის მთის თავზე, სამხრეთი კალთის პირას დგას. კომპლექსი შედგება XI-XIII საუკუნეების ნაეკლესიარის, 1910 წელს აგებული ტაძრის, გალავნისა და სენაკებისგან. ძველი ეკლესიისგან მხოლოდ კონტურებიღაა შემორჩენილი. Read more

გოგიჩაანთ ღელე

გოგიჩაანთ ღელის ნამოსახლარი

გოგიჩაანთ ღელის ნამოსახლარი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში, ტყით დაფარული მთის შუაწელზე მდებარეობს. ნამოსახლარი ტერასულად მიუყვება მთის მორკალურ რელიეფს და მთის წვერზე სრულდება. გოგიჩაანთ ღელის კომპლექსი მშენებლობის ორ ძირითად ეტაპს მოიცავს: წინარექრისტიანულსა და ქრისტიანულს. ნამოსახლარის ცენტრალურ მონაკვეთში, წინარექრისტიანული პერიოდის უმნიშვნელოვანესი, ძალიან კარგად შემონახული, ქვის კონუსურ-გუმბათიანი დარბაზების ჯგუფია, რომლის გარშემოც ქრისტიანულ პერიოდში შუასაუკუნეების ნამოსახლარი განვითარდა. ნამოსახლარის ცენტრალური ნაგებობა მშრალი “ციკლოპური” წყობით ნაგებ მრგვალ სადგომს წარმოადგენს. სადგომი კონუსური გუმბათით სრულდება და ღიობით (საკვამურით) გუმბათის ცენტრში. ინტერიერში, ბაზალტის ტიპის, ფორებიანი ქვის შიდა პირი შეთხელებულია, რაც სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქვების ერთმანეთში მჭიდროდ მორგების საშუალებას იძლევა. მსაგავსი სტრუქტურის ნაგებობები საქართველოს ზოგიერთ კუთხეში, განსაკუთრებით, კი სწორედ ბორჯომის ხეობაში ხშირად გვხვდება, თუმცა ჭობისხევის “დარბაზები” განსაკუთრებული მხატვრულ-კომპოზიციური მნიშვნელობისაა და თავისებური მშენებლობის ტექნიკითა და მასშტაბით გამოირჩევა. კომპლექსის კიდევ ერთი მახასიათიაბელი, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის მას, არის ძველის გამოყენება და მისი ორგანული ჩართვა ახალ სივრცით-კომპოზიციურ სტრუქტურაში. ქრისტიანული პერიოდის ნამოსახლარი შედარებით მცირე ზომის ქვების წყობითაა ნაგები. საცხოვრებელი უჯრედები ერთმანეთის გვერდით განთავსებული, საშუალო ზომის, სწორკუთხა კომპარტიმენტებისგან შედგება. ზოგან ოთახების გამაერთიანებალი ოთხკუთხა წინკარიც შეიმჩნევა. კომპლექსის ცენტრალურ მონაკვეთში ეკლესია იყო აღმართული, რომლისგანაც დღესდღეობით მხოლოდ საკურთხევლის ფრაგმენტია შემორჩენილი. საკურთხეველში ქვაში ამოკვეთილი ჯვარია დაცული. ეკლესია ნაგებია თბილი ტონალობის, მოოხრისფრო ფერის ქვიშაქვის თლილი კვადრებით, კირის ხსნარზე. გოგიჩაანთ ღელის ნამოსახლარი თავისი მასშტაბებით ცდება ჩვეულებრივი სასოფლო დასახლების ტიპს. დასახლება ტერასულია, რაც დამახასიათებელია თორის ქვეყნისათვის და რელიეფითაა განპირობებული. ტერასები სხვადასხვა სიგანისაა და ხელოვნურადაა შექმნილი. ტერასებზე, განაშენიანებულ ფართობებს შორის ცარიელი არეები გვხვდება, რომელთა ფუნქციაც ჯერჯერობით დაუდგენელია. კომპლექსი საკმაოდ დაზიანდა გასულ საუკუნეში გზის გაჭრისას, ამ დროს რამდენიმე ათეული სახლი განადგურდა. დასახლებას ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან მშრალი წყობით ნაგები ძლიერი კედელი შემოსდევდა.
სოფელ ჭობისხევში ასევე მდებარეობს X-XV საუკუნეების მაცხოვრის სახელობის ეკლესია.

 

 

სამთავროს სამაროვანი

სამთავროს სამაროვანი და ნამოსახლარი

სამთავროს სამაროვანი

სამთავროს სამაროვანი და ნამოსახლარი მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც მოიცავს პერიოდს ადრე ბრინჯაოს ხანიდან (ძვ. წ. 3500-2500წწ) განვითარებული შუა საუკუნეების ჩათვლით (მე-10 – მე-13 სს). იგი მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთაში, სამთავროს მონასტერთან ახლოს, მდ. არაგვის მარჯვება ნაპირზე. აღმოსავლეთით ესაზღვრება მდ. არაგვი, დასავლეთით – კოდმანის ვაკობი, სამხრეთით – მონასტრისხევი, ხოლო ჩრდილოეთით – ბაიათხევი. ფართობი 18 ჰა.
არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა გვიანბრინჯაო-ადრერკინის, ელინისტური, გვიან ანტიკური და ადრე შუასაუკუნეების პერიოდის ნამოსახლარები. ადრე ბრინჯაოს ხანა წარმოდგენილია დაშლილი და ადგილგადანაცვლებული კულტურული ფენების მასალით. სამთავროს მინდორი სამაროვნად ქცეულა ძვ.წ. IIათასწ. Iნახ-ში. სამარხთა უმეტეს ნაწილში ქვაწრით შემოფარგლული ფართობის ცენტრში ჩადგმულია მოკლე ქვაყუთი, რომელშიც ასვენია ხელფეხმოკეცილი მიცვალებული, მარჯვენა ან მარცხენა მხარეს. სამთავროზე გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის (ძვ.წ. XIV-VIსს.) 600-მდე სამარხი გაითხარა. მათ შორის გვიან ბრინჯაოს ადრეულსა და განვითარებულ ეტაპს (ძვ.წ. XIVს-ის IIნახ-დან XIს-ის ჩათვლით) განეკუთვნება 100-მდე სამარხი, ბრინჯაოდან რკინაზე გარდამავალ ხანას (ძვ.წ. Xს.) – 200-მდე სამარხი, ხოლო ადრე რკინის ხანის (ძვ.წ. IX-VIIსს.) დაახლოებით 300-მდე სამარხი; შედარებით მცირე ჯგუფი სამარხებისა ძვ.წ. VI-Vსს-ით თარიღდება. სამარხები მეტნაკლებად სწორკუთხა ორმოებია (1.2X0.6-2X1.8მ.; სიღრმე 1მ-ს აღწევს). ისინი ხის ძელებით ყოფილა გადახურული და მიწაყრილით მოზვინული. ზოგიერთისვის დამახასიათებელია ფსკერზე რიყის ქვის ერთპირი სწორკუთხა ან ოვალური წყობა. ორმოსამარხთა უმრავლესობა ინჰუმაციური და ინდივიდუალურია. დადასტურდა კენოტაფებიც. სამარხეული ინვენტარიდან გამოვლინდა იარაღ-საჭურველი, სამკაული და სხვადასხვა ტიპის თიხის ჭურჭელი.
სამთავროს სამაროვნის ჩრდილო-დასავლეთით, ბორცვზე დაზვერვითი სამუშაოების დროს (ხელმძღვ. ა. კალანდაძე) შესწავლილი იქნა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ნამოსახლარი -სამთავრო I. ოვალური ფორმის განმხოლოებული გორა წაგრძელებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, ორი მხრიდან მას მშრალი ხევები ესაზღვრება, ხოლო გორის აღმოსავლეთის კალთები სამთავროს ველს უერთდება. ნამოსახლარის ნაშთები ძირითადად დადასტურდა გორის კალთებზე და თხემზე. გორა ათვისებული ჩანს გვიანბრინჯაოს ხანის ადრეული ეტაპიდან. ნამოსახლარი დაზიანებულია გვიანდელი სამარხებისაგან. ნამოსახლარი ტერასულადაა განლაგებული. ნახევრადმიწური ბანურ-სახურავიანი სახლები ნაგებია ნატეხი ქვითა და თიხით. კედლები შელესილია ალიზით, იატაკი თიხატკეპნილია. შენობათა დასავლეთის, ე.ი. ზურგის, მხარე კონგლომერატშია გაჭრილი. ამ მხარეს თახჩებია, ხოლო მარცხენა კუთხეში – ნატეხი ქვითა და ალიზით ნაგები ორგანყოფილებიანი პურის საცხობი ღუმელი. ღუმელზე მიშენებულ თაროებზე სამსხვერპლო-საკურთხევლებია გამართული. ნაწილი საკურთხევლებისა დამოუკიდებელია. ზოგიერთ საკურთხეველზე თიხით ნაძერწი ანთროპომორფული ქანდაკებები დგას. სახლების ერთ ნაწილში გვხვდება სამეურნეო ორმოები და კერები.
სამთავროში გვხვდება ასევე მიცვალებულთა ქვევრში დამარხვის წესი. სამარხად გამოიყენებოდა ჰორიზონტალურად ჩაფლული სამეურნეო დანიშნულების (საღვინე) ქვევრები. ზოგიერთ მათგანში დადასტურდა თანადამარხვის შემთხვევებიც. სამთავროს ველის ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთზე გამოვლინდა ქვევრ-სამარხების თანადროული ნამოსახლარი. შენობების საძირკველი ნაგებია ნატეხი ქვით, ხოლო კედლები ალიზით. ბათქაშით შელესილ კედლებზე ოთხუკთხა პილასტრებია. შენობებს წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარისებრი კრამიტის სახურავი ჰქონია. აღნიშნული ნამოსახლარის ახლოს გამოვლინდა მარანი, რომელსაც მოკირწყლული იატაკი და კრამიტის სახურავი ჰქონია. ამავე პერიოდის ნამოსახლარები აღმოჩნდა სამთავროს სამხრეთ უბანზეც. ახ.წ. IV-V საუკუნეებში სამთავროზე გავრცელებულია შემდეგი ტიპის სამარხები: 1. ქვაყუთი (ორფერდა და ბანურსახურავიანი). 2. კრამიტსამარხები. 3. თიხისფილასამარხი (აგურფილა სამარხი). 4. ორმოსამარხი. 5. ქვათლილებით ნაგები სამარხი. 6. თიხის სარკოფაგი. 7. კომბინირებული სამარხი (სხვადასხვა მასალისაგან ნაგები). სამთავროზე ადრე შუასაუკუნეების პერიოდის (IV-VIII სს.) მარავალრიცხოვანი სამარხია აღმოჩენილი. ამ პერიოდის სამარხის ტიპებიდან ძირითადად წარმოდგენილია ქვაყუთები და ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები. ქვაყუთები განსხვავდებიან წინა ეპოქის სამარხებისაგან. ისინი უფრო მაღალია, დიდრონი ლოდებისაგანაა შედგენილი და ზედა ნაწილში შევიწროებული. სამარხები კოლექტიურ-საოჯახო საკრძალავს წარმოადგენს. მიცვალებულები დაკრძალულია გაშოტილი, ქრისტიანული წესით. ადრე შუასაუკუნეების ნამოსახლართა ნაშთები დადასტურდა სამთავროს სამხრეთ ნაწილში. შუა საუკუნეების შენობათა კონტურები გამოვლინდა ფერდის ძირშიც, სამთავროს სამხრეთ-დასავლეთ მხარეს.

 

წყარო: memkvidreoba.gov.ge