თრელიგორები

თრელიგორების ნასახლარი

თრელიგორები

თრელიგორების ნასახლარი მდებარეობს თბილისში, დიღომში, აღმაშენებლის ხეივნის დასავლეთით და 1.5კმ-ზეა გადაჭიმული. ადამიანის ცხოვრების კვალი აქ აღინიშნება ჩვ.წ.მდე IV ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ადრეშუასაუკუნეების ჩათვლით. თრელიგორების პირველი მოსახლენი იყვნენ ე.წ. მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი ტომები. მეცნიერთა აზრით, თრელიგორების ნასახლარის მტკვარ-არაქსის კულტურის არქეოლოგიური ობიექტები აღნიშნული კულტურის უადრეს პლასტადაა მიჩნეული. 2015 წლის საველე კვლევის შედეგად გორის თხემზე დასტურდება ოთხი სამშენებლო პერიოდი. აღმოჩენილი კერამიკული მასალები ძვ.წ. I ათასწლეულის II ნახევრით თარიღდება. თრელიგორების ნასახლართან ახლოს თრელის სამაროვანი მდებარეობს, სადაც 200-მდე სამარხი გაითხარა. შუაბრინჯაოს ხანის სამარხებში აღმოჩენილი კერამიკა და დადასტურებული დაკრძალვის წეს-ჩვეულება ადასტურებს ამიერკავკასიის მჭიდრო უერთიერთობას წინა აზიასა და ეგეოსურ სამყაროსთან ძვ. წ. II ათასწლ. I ნახევარში. გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში (ძვ. წ. XV-VI სს) თრელიგორები კავკასიაში ყველაზე დიდი დასახლება იყო. გვიანბრინჯაოს ხანის სამარხთა შორის განსაკუთრებულია ძვ. წ. XIII ს-ის წარჩინებული მეომრის სამარხი, სადაც აღმოჩენილი ბრინჯაოს აბზინდა, ცხენზე ამხედრებული მამაკაცის გამოსახულებით, კავკასიაში მხედრის უადრესი გამოსახულებაა. ამავე სამარხში აღმოჩენილია ფოლადის დანა, რაც ჯერ კიდევ გვიანბრინჯაოს ხანაში რკინის მეტალურგიისა და ფოლადის წრთობის არსებობას ცხადყოფს. 

 

ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი

ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი

ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი

ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელის აღმოსავლეთით, კლდეში ნაკვეთ ციხე-ქალაქ უფლისციხის მოპირდაპირე მხარეს, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ანტიკურ ხანაში იგი უფლისციხის სასოფლო-სამეურნეო გარეუბანი იყო.
ქვახვრელის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი ქვიშაქვის კლდეშია გამოკვეთილი. კომპლექსში შედის კლდის სიღრმეში ნაკვეთი ეკლესია, კორიდორები, სადგომები, ასევე სამრეკლო, რომელიც გამოქვაბულის შესასვლელის თავზეა, თუმცა იგი მოგვიანებითაა მიშენებული ნატეხი ქვით. სამრეკლო უკავშირდება ბნელ კორიდორს (სიგრძე 19 მ. სიგანე 2 მ. სიმაღლე 2,5 მ.) ეს კორიდორი ძირითადია, იგი მიემართება ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, მის გარდა კიდევ ორი კორიდორია გამოქვაბულში. ძირითადი კორიდორის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი შესასვლელიდან შესაძლებელია მოვხვდეთ კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიაში.
კვირაცხოვლის სახელობის გამოქვაბულში ნაკვეთი ეკლესია სიმაღლით 7,6 მ-ია. საკურთხეველი კანკელით ყოფილა გამოყოფილი, რომელიც კლდეში ნაკვეთი მცირე ნაწილებია შემორჩენილი. ამჟამად აღდგენილია.
XVIII საუკუნეში სოფელ ქვახვრელის მიდამოებში დაიწყო სომხური მოსახლეობის მიგრაცია, რასაც მოწმობს გამოქვაბულის კედლებზე ამოკვეთილი სომხური ნიშნები. ეს წარწერები პალეოგრაფიული ნიშნებით XVIII საუკუნეს მიეკუთვნება

 

 

გრაკლიანი გორა

გრაკლიანი გორა

გრაკლიანი გორა

გრაკლიანი გორა მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლია შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე, უშუალოდ თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილთან. ძეგლი მოიცავს ნამოსახლარს და სამაროვანს. აღმოჩენილი მასალა მიეკუთვნება სხვადასხვა პერიოდს პალეოლითიდან ძვ.წ. II-I საუკუნეებამდე. გრაკლიან გორაზე გამოვლენილია ძვ. წ. VII საუკუნის ტაძარი და ორი საკურთეხეველი. აქ მრავალი უნიკალური არტეფაქტია აღმოჩენილი. გრაკლიან გორაზე კავკასიაში პირველად აღმოჩნდა იურიდიული დოკუმენტების საბეჭდავები, რომლებიც სამხრეთ მესოპოტამიაში, ურუქშია დამზადებული. ეს არის 6000 წლის წინანდელი ნივთები, რომლებიც ჯერ კიდევ დამწერლობის შექმნამდე გამოიყენებოდა და მსგავსი ექსპონატები მხოლოდ მსოფლიოს უმაღლესი რანგის მუზეუმებს ამშვენებს. გრაკლიანის მხატვრული დეკორით შემკულ საკრალურ ღუმელს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. გამოვლენილი მასალებით დასტურდება, რომ აქ ცხოვრობდა კულტურულად უაღრესად დაწინაურებული საზოგადოება, რომელსაც სავაწრო და ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდა იმდროინდელი ცივილიზაციის ყველა ცენტრთან.