ჩაჟაშის მაცხოვრის ეკლესია X საუკუნის ძეგლია, რომელიც სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემში, სოფელ ჩაჟაშის ზედა ნაწილში, ბუნებრივ კლდოვან ბორცვზე, ჩაჟაშის ქვედა ციხის კომპლექსის დაბლა მდებარეობს. მცირე ზომის, გალავანშემოვლებული, დარბაზული ეკლესია ნაგებია ფიქლით და დასავლეთიდან ფიქალისვე, ძალიან დიდი, გვიანი მინაშენი აქვს. გეგმაში კვადრატს მიახლოვებული დარბაზი არც ისე ღრმა, ნახევარწრიული, მოზრდილ-კონქიანი აფსიდით სრულდება, რომლის ცენტრში ერთი დიდი სარკმელია გაჭრილი, ფართო, ღრმა წირთხლებით. აფსიდის კედლის სამხრეთ და ჩრდილოეთ კიდეებში მომცრო, ღრმა, სწორკუთხა ნიშებია – ჩრდილოეთისა, მოგვიანებით გაუფართოვებიათ, რის გამოც დაზიანდა კედლის ამ ნაწილში გამოსახული წმ. ანთიმოზის ფიგურა. აფსიდში შემორჩენილი თავდაპირველი, მაღალი, მასიური, ქვის ტრაპეზის წინა პირი მსხვილი ორნამენტული მოტივებითაა მოხატული. აფსიდი, დარბაზის იატაკთან შედარებით, სამი მაღალი საფეხურითაა ამაღლებული და მაღალი, სამთაღოვანი ქვის კანკელითაა გამიჯნული. ოთხკუთხა დაბალ სვეტებზე გადაყვანილი თაღები მაღალ ზდუდეს ეყდნობა. დარბაზის შიდა სივრცე საკმაოდ ძუნწადაა დანაწევრებული – ორსაფეხუროვანი, არც ისე განიერი, საბჯენი თაღი კამარას ორ, უთანაბრო ნაწილად ჰყოფს (დასავლეთისა ოდნავ უფრო გრძელია) და კაპიტელების გარეშე, პირდაპირ ორსაფეხურიანვე, მსუბუქად შვერილ პილასტრებში გადადის. გრძივ კედლებზე კედლის თაღები გადაყვანილი არ არის. პილასტრები პირდაპირ, ბაზისების გარეშე, გრძივი კედლების ძირში მოწყობილ თითო, მაღალ ჩამოსაჯდომ საფეხურს ეყრდნობა. საკურთხევლის გარდა, ერთი მოზრდილი, თაღოვანი სარკმელი, ისეთივე ფორმისა, როგორც საკურთხევლის სარკმელი, ოღონდ უფრო ღრმა წირთხლებიანი, დასავლეთ კედელშია გაჭრილი. დასავლეთ კედელშივეა მოწყობილი მინაშენიდან დარბაზში შესასვლელი მოდაბლო განიერ, ღრმა წირთხლებიანი კარი, რომელიც დარბზის მხრიდან თაღოვანია, ხოლო მინაშენის მხრიდან – სწორკუთხა. მინაშენიდან დარბაზში ასასვლელად ორი მაღალი საფეხურია, ხოლო დარბაზში ერთი საფეხურით ქვემოთ ჩავდივართ. ეკლესიას შერჩენილი აქვს ძველი, მასიური ხის კარი, ორივე მხრიდან, ლითონის სადა მოჭედილობით. დასავლეთი კედლის ზედა ნაწილს ვიწრო, ერთსაფეხუროვანი, შეკიდული თაღი შემოუყვება, კონსოლების გარეშე. ჩაჟაშის მაცხოვრის ეკლესიაში დაცული ხატებიდან გამორჩეულია ცნობილი, XI საუკუნის, დაფერილი ვერცხლის ხატი, მაცხოვრის წელსზევითი გამოსახულებით; ხატის XIII საუკუნის ჭედურ ჩარჩოზე ხადუმ სატარვანშელის სავედრებელი, რელიეფური ასომთავრული წარწერაა შემორჩენილი. ეკლესიის ინტერიერი, კანკელი და ტრაპეზის წინა პირი ერთიანად XVII საუკუნის მოხატულობითაა შემკული. თანადროული, ამჟამად დაზიანებული მხატვრობა მინაშენშიც, დარბაზში შესასვლელი კარის ორსავ მხარესაა შემორჩენილი. მინაშენი, საკუთრივ ეკლესიასთან შედარებით, ბევრად დაბალია, ზომით ამ უკანასკნელს ოდნავ ჩამოუვარდება და ცალფერდა სახურავითაა გადახურული. მის ჩრდილოეთ კედელში, ზედა ნაწილში, პატარა, საკმაოდ ღრმა თაღოვანი ნიშაა, ხოლო კედლის ქვედა ნაწილში, უკიდურეს მარჯვენა კიდეში, პირველზე დიდი, ღრმა სწორკუთხა ნიშაა. დაბალი, სწორკუთხა, ღრმა წირთხლებიანი სარკმელი მინაშენის დასავლეთ კედელშია გაჭრილი, ხოლო გარედან მინაშენში შესასვლელი დაბალი, სწორკუთხა კარი – სამხრეთ კედელშია მოწყობილი. მინაშენში შესასვლელი ხის კარი, ექსპერიერის მხრიდან, ლითონის მოჭედილობითაა შემკული. ეკლესიის ფასადები, როგორც სჩანს, შებათქაშებული იქნებოდა. ამჟამად შებათქაშება დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზეა შერჩენილი. ჩრდილოეთი ფასადის ზედა ნაწილში, მთელს სიგრძეზე, ინტერიერის მოხატულობის თანადროული, ძლიერ დაზიანებულ-ფრაგმენტირებული მხატვრობაა შემორჩენილი. ეკლესიის მშენებელი ოსტატის გარკვეული გულისყური ფასადთა მხატვრული გაფორმებისადმი ჩანს სამხრეთი ფასადის გადაწყვეტაში, რომელიც წყობის მსუბუქი შეღრმავებით მიღებული, ორი მაღალი (ფასადის სიმაღლის, დაახლოებით, 2/3-ის ტოლი), ოდნავ ბოლოებგაფართოებული, კედლის თაღითაა დეკორირებული, ხოლო აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის შირიმის მოზრდილი კვადრებით “მონიშვნაში”; გარდა ამისა, ეკლესიის მარტივი თარო-კარნიზიც შირიმის მოზრდილი კვადრებითაა ნაწყობი, რაც, ასევე, გარკვეულ მხატვრულ აქცენტად აღიქმება ერთიანად შირიმის ლოდებით ნაგებ ფასადებზე. ეკლესიაც და მინაშენიც თუნუქითაა გადახურული.
ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია (მაცხვარ)სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის სოფელ ჩვაბიანში მდებარეობს, სოფლის განაპირას, შემაღლებულ ბორცვზე. ძეგლი X საუკუნით თარიღდება. ტაძრის საკურთხეველში შემორჩენილია სამი ფრესკული წარწერა (მოხატულობის პირველი ფენა), რომლებშიც ქტიტორები – სამი ძმა ამროლეანთა გვარიდან: ბენდე, ამროლა და მიქაელი, მამასახლისი ლაზარე – იხსენიებიან, ასევე მეფე აფხაზთა და ვინმე ერისთავი, რომელთა სახელებიც აღარ იკითხება.
წარწერებიდან ირკვევა, რომ ეკლესიის საკურთხევლის მოხატულობა ნაგებობის თანადროულია. ეს უკვე არსებულ წარწერების ზევიდანაა შესრულებული, რომლებიც ზემოდან ჯერ შავი საღებავით დაიფარა. ამჟამად ქვედა ფენიდან პირვანდელი წარწერების მხოლოდ ძალიან მცირე ფრაგმენტები განირჩევა. ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია, გეგმარებით, საერთო კომპოზიციითა და საფასადო დეკორით სვანური სატაძრო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია, რომელშიც ვლინდება თავისი ეპოქისთვის სახასიათო ადგილობრივი ტენდენციები. შვერილი წახნაგოვანი აფსიდი, აზიდული პროპორციები, მინაშენებისგან მკვეთრად გამოყოფილი ცენტრალური დარბაზი, მორთულობის ლაკონურობა, კიდული დეკორატიული თაღები, ერთიან სიბრტყედ ამოწეული ან სიბრტყის შეწევით მიღებული დეკორატიული თაღები, სადა ფართო სიბრტყეთა კომპოზიციებით შექმნილი ცხოველხატულობა, ფორმათა სიცხადე და მონუმენტურობა, ის ნიშნებია, რაც IX-X საუკუნეების რიგ სვანურ ტაძრებში ძალიან სახასიათო მხატვრულ-ხუროთმოძღვრულ სახეს ქმნის. საერთო აგებულებით ჩვაბიანის ეკლესიასთან ყველაზე ახლოს დგას ნესგუნის ეკლესია, თუმცა ნესგუნში პროპორციები კიდევ უფრო მაღალია, დარბაზის სიგრძივი ღერძიც შედარებით მკვეთრი და ფასადები სრულიად მოურთველია. ჩვაბიანის ტაძარს განსაკუთრებულ მხატვრულ ღირებულებას სძენს ასევე X საუკუნის მოხატულობა (დარბაზში შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების მხატვრობა), რომელიც ბრწყინვალე შესრულებით, მაღალი ოსტატობით გამოირჩევა. მოხატულობას განსაკუთრებულ საზეიმო იერს სძენს ფონად ძვირფასი ლაჟვარდის გამოყენება, რაც ამ პერიოდის სვანეთის ძეგლებში სხვაგან არსად გვხვდება. სვანური ფერწერული სკოლის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ჩვაბიანის მხატვრობაში ჩანს, როგორც კლასიკური განსწავლულობა და ოსტატობა, ასევე ადრეული სვანული მოხატულობებისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ეკლესიაში შემორჩენილია პირვანდელი (X ს-ის) სვეტებიანი, სამი თაღით გახსნილი კანკელი.
ძეგლის აღწერა
ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია (მაცხვარ) დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს აღმოსავლეთით შვერილი, ექსტერიერში სამწახნაგა, აფსიდითა და სამმხრივი მინაშენებით. დარბაზის ნაწილი, მინაშენებთან შედარებით, მკვეთრად მაღალია და ძეგლის საერთო მოცულობაში დომინირებს. შვერილი აფსიდი უფრო დაბალია, ვიდრე დარბაზის სწორკუთხა მოცულობა. შესასვლელი ორია – დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ორივე შესასვლელი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი – თაღოვანი. ჩრდილოეთ კედელში მესამე შესასვლელიც ყოფილა, რომელიც ამჟამად ამოშენებულია. საკურთხეველი დარბაზისგან ორსაფეხურიანი მხრებითა (ორსაფეხურიანია სატრიუმფო თაღიც) და ქვის კანკელით გამოიყოფა. კანკელის განაპირა მონაკვეთებში არქიტრავული კარის ღიობებია, ცენტრალური ნაწილი კი ოთხ, გეგმაში წრიულ, სვეტზე გადაყვანილი სამი თაღითაა გახსნილი. საკურთხევლის იატაკი ორი საფეხურითაა ამაღლებული. აფსიდში სამი თაღოვანი ნიშაა, ორი – ჩრდილოეთ ნაწილში, ერთი კი – სამხრეთით. საკურთხეველში სწორკუთხა ტრაპეზის ქვა დგას. კონქის თავზე საკმაოდ მაღალი არქიტექტურული შუბლია. დარბაზი ორსაფეხურიანი პილასტრების ერთი წყვილითა და მათზე გადაყვანილი კამარის საბჯენი თაღით ორ ნაწილად იყოფა. გრძივი კედლები დანაწევრებულია ასევე პილასტრების ქვედა საფეხურზე გადაყვანილი დეკორატიული თაღებით. დასავლეთის თაღები დასავლეთით კუთხის ნახევარპილასტრებსს ეყრდნობა, აღმოსავლეთის თაღები აღმოსავლეთით კი – კონსოლებს. პილასტრების კაპიტელები თაროსა და დახრილი სიბრტყისგან შედგება. ინტერიერი ოთხი თაღოვანი სარკმლით ნათდება, ერთი სარკმელი აღმოსავლეთით აფსიდშია გაჭრილი, ორი – სამხრეთ კედელში, ერთი კი – დასავლეთით. საკურთხევლის აფსიდში შემორჩენილია X საუკუნის მხატვრობა, იგი ტაძრის აგების თანადროულადვე მოუხატავთ, დარბაზის მოხატულობა კი გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. აფსიდის მეორე რეგისტრის მხატვრობა მოგვიანებით გადაუწერიათ, საკონქო კომპოზიცია კი პირვანდელი, თუმც დაზიანებული სახითაა მოღწეული. კონქში გამოსახულია უფლის დიდების გავრცობილი, ორრეგისტირანი კომპოზიცია. ცენტრში რამდენიმეშრიან, წრიულ მანდორლაში ჩასმული ტახტზე მჯდომი მაცხოვრის ფიგურაა, მაკურთხეველი მარჯვენით და მარცხენა ხელში გადაშლილი სახარებით. კონქის საჭექში ციდან გამომავალი სხივი და მაკურთხეველი მარჯვენაა გამოსახული, აქეთ-იქედან კი – მზე და მთვარე. მანდორლის ზემოთ მფრინავ ანგელოზთა ორი წყვილია. განაპირა ნაწილებში გამოსახულია მთავარანგელოზები, მაცხოვრისა და მთავარანგელოზების ფიგურებს შორის – ექვსფრთედი (ჩრდილოეთით) და ოთხხატედის (სამხრეთით) ცეცხლოვან ეტლებზე. მეორე რეგისტრი მოციქულთა რიგს უჭირავს, ექვს-ექვსი მოციქული სარკმლის ორივე მხარეს. საკურთხევლის სარკმლის თაღში წრეში ჩასმული ჯვარია გამოსახული. სატრიუმფო თაღს ყვავილოვანი ორნამენტი გასდევს. მოხატულობის გვიანი ფენა ძალიან გაშავებულია და რთულად განირჩევა. კამარის აღმოსავლეთ მონაკვეთის ჩრდილოეთ კალთაზე გამოსახულია ქრისტეს ამაღლების კომპოზიცია (მანდორლაში მოქცეულ ქრისტეს ორი ანგელოზი აღამაღლებს), კედლებზე ჩანს სახარებისეული სცენები. კონქის თავზე არსებულ სუბლზე გამოსახულია ვედრების კომპოზიცია.
ეკლესიას სამი მხრიდან მინაშენები ეკვრის, ჩრდილოეთის მინაშენი ამჟამად თითქმის მთლიანად დანგრეულია. სამხრეთი მინაშენი თავიდან ერთიან გალერეას წარმოადგენდა, რომელიც სამ საბჟენ თაღზე დაყრდნობილი ცილინდრული კამარით იყო გადახურული. გალერეა მოგვიანებით გაუტიხრავთ და ორ ნაწილადაა გაყოფილი. მინაშენის აღმოსავლეთი ნაწილი დარბაზს უკავშირდება, დასავლეთ ნაწილი კი – ეკლესიის დასავლეთ მინაშენს. დასავლეთის მინაშენი ბრტყელი კამარითაა გადახურული. მინაშენის დასავლეთ კედელში თაღოვანი შესასვლელია გაჭრილი. შესასვლელი ჩრდილოეთ კედელშიც ყოფილა, რომელიც ამჟამად ამოშენებულია.
ეკლესია და დასავლეთ მინაშენი ნაგებია სუფთად თლილი შირიმის ქვით, ქვის წყობა მაღალი დონისაა. გრძივი მინაშენები ღიაფერის თლილი შირიმითაა ნაგები, წყობა უხეში და ტლანქია, ეტყობა შეკეთებათა კვალი. შენობის ექსტერიერი თითქმის მოურთველია, სადა და ლაკონური, დეკორირებულია მხოლოდ დასავლეთ მინაშენის დასავლეთ ფასადი. ნაგებობის მხატვრულ ეფექტს სიბრტყეთა მონაცვლეობა, ფორმათა სიცხადე და გამოხატულობა, შუქ-ჩრდილთა ერთიანი დიდი ლაქები ქმნის, რაც მონუმენტურობის შთაბეჭდილებას ახდენს. დასავლეთ მინაშენის მორთულობას ძირითადი სიბრტყიდან მკვეთრად, მთელს ფრონტონის არეზე ერთიან სიბრტყედ ამოზიდული დეკორატიული, კიდული სამთაღედი წარმოადგენს. შუა თაღი გვერდითებზე მაღალი და განიერია. სამივე თაღის პილასტრი კარის ღიობის დონეზე წყდება და მომრგვალებული დაბოლოება აქვს. თაღების გვერდითა არეებზე ფრონტონის ამოზიდული სიბრტყიდან თაღების პილასტრებზე უფრო განიერი პილასტრები ეშვება და ამასთანავე ბევრად დაბლა წყდება. განაპირა განიერ პილასტრებს დახრილი სიბრტყე აბოლოვებს. თაღოვანი კარი კედლის ძირითადი სიბრტყიდან შეწეულ სწორკუთხა არეშია გაჭრილი. იმავე ფასადზე, ხელის მტევნის ორი რელიეფური გამოსახულება გვხვდება. ეკლესიისა და მინაშენთა ფასადებს სადა, დახრილის სიბრტყის პროფილის მქონე ლავგარდანი ასრულებს. ნაგებობა გადახურულია თუნუქით.
ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესიის ეზოში, ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, ნატეხი ქვით ნაგები, გვიანი შუა საუკუნეების სამრეკლო დგას. იგი ღია ოთხი მხრივ გახსნილ ფანჩატურს წარმოადგენს. სამრეკლო განახლებულია და დაკარგული აქვს პირვანდელი სახე.
ლეხთაგის ღვთისმშობლის ეკლესია (ლეხთაგის ლამარია) XIV-XV საუკუნეების ძეგლია, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის ერთ-ერთ უბანში, ლეხთაგში მდებარეობს. იგი ორსართულიანი ნაგებობაა, რომლის ქვედა სართულიც სამ სათავსიანი სადგომია. მას შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს, საიდანაც თითქმის კვადრატულ ოთახში ვხვდებით. სწორედ ამ ოთახს ადგას თავზე ეკლესია. კვადრატული ოთახის სამხრეთ კედლიდან გავდივართ შედარებით წაგრძელებულ ოთახში. იგი კამარითაა გადახურული და მის ყველა კედელზე (ჩრდილოეთის გარდა) სარკმლებია. ეს ოთახი კი პირველი ოთახის უკან მდებარე მცირე სადგომს უკავშირდება. ამჟამად ძალზედ ძნელია ამ სამოთახიანი სათავსოს თავდაპირველი ფუნქციის განსაზღვრა. ლეხთაგის მაცხოვრის ეკლესიაში ფრაგმენტების სახით შემორჩენილია ისტორიული მნიშვნელობის, XV საუკუნის მოხატულობა. საკურთხევლის მეორე რეგისტრში გამოსახულია მარიამ ღვთისმშობელი, რომელიც ეხვევა ყრმას და მას ანგელოზები სცემენ თაყვანს. ტაძრის მოხატულობის ქვედა რეგისტრში წარმოდგენილია ტაძრის აღმშენებელი დემეტრე ჩართოლანი და პირნათელ ჯაფარიძის ოჯახი.
ჟამუშის მაცხოვრის ეკლესია (მაცხვარ)სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის სოფელ ჟამუშში მდებარეობს. იგი XI საუკუნით თარიღდება. ტაძარი კოშკებისა და საცხევრებელი სახლების კომპლექსში დგას. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია თლილი ქვით, ფასადებიცა და ინტერიერიც შელესილია. Read more →