ლეხთაგის ღვთისმშობლის ეკლესია

ლეხთაგის ღვთისმშობლის ეკლესია (ლამარია)

ლეხთაგის ღვთისმშობლის ეკლესია

ლეხთაგის ღვთისმშობლის ეკლესია (ლეხთაგის ლამარია) XIV-XV საუკუნეების ძეგლია, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის ერთ-ერთ უბანში, ლეხთაგში მდებარეობს. იგი ორსართულიანი ნაგებობაა, რომლის ქვედა სართულიც სამ სათავსიანი სადგომია. მას შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს, საიდანაც თითქმის კვადრატულ ოთახში ვხვდებით. სწორედ ამ ოთახს ადგას თავზე ეკლესია. კვადრატული ოთახის სამხრეთ კედლიდან გავდივართ შედარებით წაგრძელებულ ოთახში. იგი კამარითაა გადახურული და მის ყველა კედელზე (ჩრდილოეთის გარდა) სარკმლებია. ეს ოთახი კი პირველი ოთახის უკან მდებარე მცირე სადგომს უკავშირდება. ამჟამად ძალზედ ძნელია ამ სამოთახიანი სათავსოს თავდაპირველი ფუნქციის განსაზღვრა. ლეხთაგის მაცხოვრის ეკლესიაში ფრაგმენტების სახით შემორჩენილია ისტორიული მნიშვნელობის, XV საუკუნის მოხატულობა. საკურთხევლის მეორე რეგისტრში გამოსახულია მარიამ ღვთისმშობელი, რომელიც ეხვევა ყრმას და მას ანგელოზები სცემენ თაყვანს. ტაძრის მოხატულობის ქვედა რეგისტრში წარმოდგენილია ტაძრის აღმშენებელი დემეტრე ჩართოლანი და პირნათელ ჯაფარიძის ოჯახი.

 

 

ლაღამის მაცხოვრის ეკლესია

ლაღამის მაცხოვრის ეკლესია

ლაღამის მაცხოვრის ეკლესია

ლაღამის მაცხოვრის ეკლესია განვითარებული შუასაუკუნეების ტაძარია, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის ერთ-ერთ ძველ უბანში, ლაღამში მდებარეობს. იგი გამორჩეული ძეგლია როგორც არქიტექტურული, ისე ფრესკული მხატვრობის თვალსაზრისით. ეკლესია ორსართულიანი, კრიპტიანი ნაგებობაა. პირველი სართული VIII- IX საუკუნეებშია აგებული, XIII საუკუნეში მეორე სართული დაუშენებიათ, მშენებლობის მესამე ეტაპი კი დასავლეთის მინაშენია. ქვედა ეკლესია ძალზე მცირე ზომის დარბაზული ეკლესიაა, მარტივი, სადა ინტერიერით და ბრტყელი საკურთხევლით. ქვედა ეკლესიას მოგვიანებით გაკეთებული მინაშენი აქვს, რაც ზედა ეკლესიის მშენებლობით აიხსნება. ზედა ეკლესია, უფრო მოზრდილი, დარბაზული ნაგებობაა, რომლის ინტერიერი პილასტრებზე დაყრდნობილი კედლის თაღებით და კამარის ორ თანაბარ ნაწილად გამყოფი საბჯენი თაღით არის დანაწევრებული. დასავლეთი მხრიდან მასაც მინაშენი ახლავს. ტაძრის ფასადებზე სარკმლებია, რომლებიც სადა, ლილვოვანი საპირეებითაა მორთული. როგორც ქვედა, ისე ზედა ეკლესიები და ზედა ეკლესიის სამი ფასადი მოხატულია. პირველი სართული ნატეხი კლდის ქვით, მეორე სართული კი შირიმის კარგად ნათალი კვადრებითაა ნაშენი. მინაშენში ნატეხი კლდის ქვაა გამოყენებული, მხოლოდ კონსტრუქციული ნაწილებია შირიმის ქვაში გამოთლილი.

ლაღამის მაცხოვრის ეკლესიის ინტერიერის მოხატულობაში შემორჩენილი საქტიტორო წარწერებიდან ვგებულობთ, რომ ლაღამის ზედა ეკლესიის მაშენებელი შალვა ქირქიშლიანი იყო, ხოლო მოხატულობის მომგებელი – მისი ძმა, ნექე. ტაძარში თავმოყრილია სხვადასხვა პერიოდის, განსხვავებული სტილის ფრესკები. გარდა ამისა აქ დაცულია ისტორიულ პირთა, ადგილობრივ აზნაურთა – ქირქიშლიანების – საერო პორტრეტები. ლაღამის ზედა ეკლესიის მოხატულობა სვანეთში შემორჩენილი ე.წ. “პალეოლოგოსთა ხანის” მხატვრობის მნიშვნელოვანი ნიმუშებია (პალეოლოგოსთა სტილი XIII საუკუნის ქრისტიანულ ხელოვნებაში გავრცელებული ახალი მიმდინარეობაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ინტერესი ანტიკურობისადმი, მეტი თავისუფლება და დინამიკურობა, ფერწერულობა და ემოციურობა). ფრესკები ძალიან მრავალფეროვანია და შეიცავს ძველი და ახალი აღთქმის სცენებს, წმინდანთა გამოსახულებებს და “სამების” ძალიან იშვიათ იკონოგრაფიულ სქემას (ისეთივეს, როგორიც უბისის ტაძარში გვხვდება).
ლაღამის ეკლესიიდან 250 მეტრში მდებარეობს საოცარი ქართველი მთამსვლელის, მიხეილ ხერგიანის სახლმუზეუმი, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ თუკი მესტიას ესტუმრებით.

 

ზედა ეკლესიის მოხატულობის რეპერტუარი

სცენები: “სამება”, ადამ და ევას ისტორია, ხარება, შობა, მირქმა, ნათლისღება, ფერისცვალება, ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმად შესვლა, ჯვარცმა, მენელსაცხებლე დედანი უფლის საფლავთან, ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა, ამაღლება.
ციური ძალნი: ანგელოზი, ქერობინი, მთავარანგელოზები.
წინასწარმეტყველები: წმ. დავით, წმ. სოლომონ, ესაია, დანიელი.
მოციქულნი: წმ. პეტრე, წმ. პავლე.
ეკლესიის მამები: წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ბასილი დიდი.
დიაკვნები: წმ. სტეფანე პირველმოწამე, წმ. გერმანე.
წმინდანები: წმ. გიორგი, წმ. მარინე, წმ. დემეტრე, წმ. ირინე, წმ. ეკატერინე, წმ. ბარბალე, წმ. კვირიკე, წმ. ივლიტა, წმ. ქრისტინე, წმ. თეკლა.
სიმბოლური გამოსახულებები: გოლგოთის ჯვარი, განედლებული ჯვარი.
საერო პირები: მთავრები, ერისთავები, ფეოდალები, შალვა ქირქიშლიანი.
ორნამენტები: კიბისებური, ყვავილოვანი, სტილიზებური ყლორტი.

 

 

უშგულის ლამარია (ჟიბიანის ლამარია)

უშგულის ლამარია (ჟიბიანის ლამარია)

უშგულის ლამარია

უშგულის ლამარია (ჟიბიანის ლამარია, ჟიბიანის ღვთისმშობლის ეკლესია) სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში უშგულის თემის სოფელ ჟიბიანში, სოფლის ჩრდილოეთით, ამაღლებულ ბორცვზე მდებარეობს. ძეგლი IX-X საუკუნეებით თარიღდება. ტაძრის კომპლექსი მოიცავს ღვთისმშობლის ეკლესიას (ლამარია), კოშკს, ორ მაჩუბს და გალავანს. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, ექსტერიერში სამწახნაგაში ჩაწერილი, ნახევარწრიული (მცირედით უსწორმასწორო მოხაზულობის) შვერილი აფსიდით და სამხრეთიდან და დასავლეთიდან გარშემოსავლელით. ნაგებია სუფთად თლილი შირიმის ქვით. გარშემოსავლელში სამხრეთიდან შევდივართ, ეკლესიას კი შესასვლელი დასავლეთიდან აქვს მოწყობილი. კარის ღიობი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან კი – თაღოვანი. საკურთხეველი, დარბაზის იატაკის დონესთან შედარებით, სამი საფეხურითაა ამაღლებული და გამოყოფილია მხრებით. სატრიუმფო თაღი ხერხულა ორნამენტით დეკორირებულ კაპიტელებს ეყრდნობა. საკურთხეველი დარბაზისგან სამთაღიანი კანკელით გამოიყოფა. დარბაზის ცილინდრულ კამარას საბჯენი თაღი ორ ნაწილად ყოფს. თაღი კონსოლებს ეყრდნობა და გრძივი კედლები პილასტრებით არ არის დანაწევრებული. დარბაზის კედლებს ჩამოსაჯდომი შემოსდევს. ეკლესია ორი თაღოვანი სარკმლით ნათდება, ერთი სარკმელი აფსიდშია გაჭრილი, მეორე კი – დასავლეთ კედელში. ტაძრის ინტერიერში შემორჩენილია მოსახულობის რამდენიმე ფენა. მხატვრობის ფრაგმენტები შემორჩენილია გარშემოსავლელშიც. ორი სარკმლით ნათდება გარშემოსავლელიც, დასავლეთ ნაწილს სარკმელი დასავლეთ კედელში აქვს, სამხრეთის ნაწილს კი – აღმოსავლეთ კედელში. სამხრეთის მინაშენი სრული კამარითაა გადახურული, დასავლეთისა კი – ნახევარკამარით. ეკლესიაში შესასვლელის თავზე რელიეფური ჯვარია გამოსახული. საფასადო დეკორი სადაა, თუმცა მონუმენტური და დასრულებული მხატვრული სახისა. სამწახნაგა შვერილი აფსიდის სამივე წახნაგზე წყობის შეღრმავებით შექმნილი დეკორატიული თაღია. თაღების საყრდენო ორი ცენტრალური კაპიტელი ხერხულა ორნამენტითაა მორთული, ინტერიერის მსგავსად, განაპირა კაპიტელებს კი ფოთლოვანი და სპირალების მოტივები ამკობს. ცენტრალური პილასტრები ფასადის ძირამდე ჩამოდის, გვერდითები კი, ძირიდან საკმაოდ მაღლა, დაბოლოების მომრგვალებით სრულდება. სამხრეთ მინაშენის შესასვლელის ტიმპანში სადა, რელიეფური ჯვრის გამოსახულებაა მოთავსებული. დასავლეთ სარკმელს ჰორიზონტალურ გადანაკეცებიანი, თაღოვანი ორმაგი წარბი ამკობს, სათაურის ზემოთ გრაფიკული ორნამენტია ამოკვეთილი. ამ ფილის ზევით განედლებული ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა ჩასმული. დეკორირებული ფილების ჩრდილოეთით წარწერიანი ფილაა, წარწერა XI საუკუნით თარიღდება: “ქ წმიდაო ღმრთისმშობელო შეიწყალე გუარანდუხტ”. ეკლესიაში შემორჩენილია ასევე სხვადასხვა პერიოდში ასომთავრულით, ნუსხურით, გარდამავალი მხედრულით და მხედრულით შესრულებული, მომლოცველთა დატოვებული გრაფიტები. უშგულის ლამარია (ჟიბიანის ლამარია) ატარებს სვანური თავისი ეპოქის სატაძრო ხუროთმოძღვრებისთვის სახასიათო ნიშნებს, შვერილი წახნაგოვანი აფსიდი, ლაკონური მორთულობა, მონუმენტურობა, და სიბრტყეთა გადათამაშებით შექმნილი შუქ-ჩრდილის დინამიკა, სიბრტყის შეწევით შექმნილი თაღები, დაკიდული თაღები (შეგვიძლია გავიხსენოთ ჩვაბიანის ეკლესიის დასავლეთ ფასადის მორთულობა და სხვ.). თავისი მხატვრული გადაწყვეტით უშგულის ლამარია სვანური ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ დახვეწილ და ღირებულ ნიმუშს წარმოადგენს. 

 

მხატვრობა

უშგულის ლამარიას (ჟიბიანის ლამარიას) ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის რამდენიმე ფენა. თავდაპირველად, IX-X საუკუნეებში მოუხატავთ მხოლოდ კანკელი. მხატვრობა ანიკონურია და სტილისტურად ე.წ. “ხალხური მხატვრობის” ჯგუფში ექცევა. კანკელის შუა თაღის ცენტრში გამოსახულია ტოლმკლავა ჯვარი, სვეტების კაპიტელები, თაღები და არქიტრავი სინგურით შესრულებული ორნამენტული მოტივებითაა მოხატული. მოგვიანებით უკვე ეკლესიის ინტერიერი მოიხატა, ეს შრე ფრაგმენტულად მოჩანს მომდევნო ფენის მოხატულობის ქვეშ (ამის შემდეგ სტატიაში პირველი და მეორე ფენის სახელით მოვიხსენიებთ კედლების მოხატულობის ფენებს). პირველი ფენის დათარიღებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს – X ს, X-XI საუკუნეთა მიჯნა, XI ს. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ვედრება, კამარის ჩრდილოეთ ფერდის ქვედა ნაწილში – ჯვარცმა და ფერისცვალება, სამხრეთ ფერდზე – წმ. მხედრები, გაირცევა ასევე ცალკეულ წმინდანთა გამოსახულებები, თუმცა მოხატულობის სრული პროგრამის აღდგენა ვერ ხერხდება. ეკლესია ახლიდან მოუხატავთ XIII ს-ში. მოხატულობის მეორე ფენის პროგრამა შემდეგნაირად გამოიყურება: კონქში გამოსახულია ვედრება, აფსიდის კედელზე – წმ. მამათა რიგი, კამარის ჩრდილოეთ ფერდზე – ხარება და ფერისცვალება, სამხრეთ ფერდზე – შობა და ამაღლება, დასავლეთ კედლის ზედა რეგისტრში – ლაზარეს აღდგინება, შუა რეგისტრში – წმ. მხედრები, დასავლეთ სარკმლის წირთხლებზე – წმ. მკურნალნი, ჩრდილოეთ კედელზე – ჯვარცმა და მიძინება, სამხრეთ კედელზე – იერუსალიმად შესვლა და ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა. რეგისტრები კიბისებური ორნამენტის ჰორიზონტალური ზოლებით გამოიყოფა, გვერდიგვერდ განთავსებულ სცენებს შორის კი ვერტიკალური გამყოფები არსადაა გამოყენებული. კამარის მოხატულობის დანაწევრება არქიტექტურას მიყვება. მთლიანობაში მხატვრობა ტექტონიკურია და ფერწერის ქვეშ არ ქრება არქიტექტურული ფორმა. ასეთი მიდგომა დამახასიათებელია, როგორც ჟიბიანის პირველი ფენისთვის, ასევე ზოგადად სვანური ადრეული მოხატულობებისთვის. მეორე ფენის მხატვართან შეინიშნება სხვა მაარქაიზებელი ნიშნებიც, როგორიცაა მაგ.: ყვავილოვანი დაჩითვა, მომარგალიტებული შარავანდები და მონუმენტალიზმი. მონუმენტურ-არქიტექტონიკურ პრინციპებთან ერთად შეინიშნება დინამიკურ-დეკორატიული ნიშნების შემოსვლაც. მსგავსი მახასიათებლები (არქაული მიდგომებისა და თანადროული ტენდენციების ერთობლიობა) ჩანს სვანეთის იმავე ეპოქის სხვა ნიმუშებშიც (ტვიბი, მუწდი და სხვ.). 

 

 

იხილეთ დარბაზული ეკლესიები ⇒ 

 

ავტორი: თამთა დოლიძე. 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

რესურსები ინტერნეტში:

 

ჩაჟაში

ჩაჟაში

ჩაჟაში

ჩაჟაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემში მდებარე სოფელია. სახელი ჩაჟაში სვანურად ნიშნავს ცხენების სადგომს (ჩაჟ „ცხენი“). ლეგენდის თანახმად, უშგულში ასული თამარ მეფე ცხენებს ამ სოფელში აჩერებდა. სოფელი სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან, ზღვის დონიდან 2160 მეტრზე მდებარეობს. ამჟამად ჩაჟაში მუზეუმადაა გამოცხადებული. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დაცული კომპლექსი აერთიანებს 13 კოშკს, 4 ციხე-სახლს, 21 მაჩუბს, 11 ხალხურ საცხოვრებელსა და 1 ათეულზე მეტ დამხმარე ნაგებობას. უშგულის თემის სოფლებიდან ყველაზე მეტი სვანური კოშკი ჩაჟაშშია შემორჩენილი. სოფელში არის უშგულის არქეოლოგიური მუზეუმი. სოფლის სამხრეთით, მთაზე დგას XII-XIII საუკუნეების ჩაჟაშის ქვედა ციხის კომპლექსი, რომელიც შედგება გალავნისა და სამი კოშკისაგან. მათგან ორი სანახევროდ დანგრეულია, ხოლო ერთი თითქმის პირვანდელი სახითაა შემონახული. ციხე უშგულის ოთხივე სოფელს გადაჰყურებს. გადმოცემის თანახმად, ეს თამარ მეფის საზამთრო რეზიდენცია იყო. სოფლის ახლოს დგას ასევე შუა საუკუნეების კოშკი, რომელსაც თამარ მეფის საზაფხულო კოშკს უწოდებენ. რეზიდენცია მოიცავდა მეორე კოშკსაც, რომლის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი და ეკლესია. ეკლესია X საუკუნისაა და წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. გეგმით მართკუთხა ქვის მცირე ზომის ნაგებობაა, ინტერიერში ქვისავე კანკელია. სოფელში დგას მაცხოვრის XI-XII საუკუნეების ეკლესია, რომელსაც შემორტყმული აქვს გალავანი. ნაშენია ქვით და აქვს ქვისავე კანკელი. დასავლეთის მხრიდან მიშენებული აქვს სტოა. სტოაში შესასვლელი სამხრეთის მხრიდანაა. ჩაჟაშის ეკლესიას აქვს ფრესკა გარე ფასადზე, რაც საქართველოში მხოლოდ სვანეთშია დაფიქსირებული. ფრესკაზე ასახულია მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანის“ სცენები. ეკლესია მოხატულია, საკურთხევლის კონქში გამოსახული არის ვედრების სცენა და მთავარანგელოზები, ჩრდილოეთ კედელზე — ჯვარცმა, ხარება, ღვთისმშობლის მიძინება, სამხრეთ კედელზე — ამაღლება, ფერისცვალება და სხვ.