
სნოს ციხე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ სნოში მდებარეობს, მდინარე სნოსწყლის მარჯვენა ნაპირზე, განცალკევებით მდგარ კლდოვან შემაღლებაზე. იგი XVI საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. ციხის ამგების ან მეპატრონის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. იგი ისტორიულ წყაროებში მხოლოდ ერთხელ, XVIII საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში იხსენიება. არაგვის ერისთავი ბარძიმი რუსეთში მყოფ ვახტანგ VI- ს ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობასა და ლეკთა გამუდმებულ თავდასხმებზე ატყობინებს – ერთ-ერთი შემოსევის დროს სნოსა და არშას ათი ათასი ლეკი მოადგაო. სნოს ციხე აკონტროლებდა ხევიდან მიმავალ მოკლე გზას, რომელიც გადიოდა ხევსურეთზე, ფშავსა და მთიულეთზე. Read more






