გარეჯის საბერეების კომპლექსი

გარეჯის საბერეების კომპლექსი კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. კომპლექსი IX-X საუკუნეებით თარიღდება. საბერეების კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას მოიცავს და შემორჩენილია ერთმანეთის მიმდებარედ ჯგუფებად განლაგებული ქვაბულების სახით. აქ გვხვდება კლდეში ნაკვეთი გუმბათოვანი და დარბაზული ეკლესიები, სამლოცველოები, სატრაპეზოები და სხვა დანიშნულების სათავსები. დღესდღეობით ქვაბულთა ნაწილში შესვლა შეუძლებელია. საბერეების მონასტრის შესახებ წერილობით წყაროებში არანაირი ინფორმაცია არ გვხვდება. იგი XX საუკუნის 60-იან წლებამდე მივიწყებული იყო. XIX საუკუნის ქართველი ისტორიკოსი – პლატონ იოსელიანი საბერეებს “მაღაზანას” და “მღვიმეს” უწოდებს (იქვე განმარტავს, რომ მაღაზანა და მღვიმე ერთი და იგივეა). სახელწოდება საბერეები უფრო მოგვიანებით დამკვიდრდა. გარეჯის საბერეები განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს IX და X საუკუნეების მოხატულობებით. საბერეების ფრესკები ერთ-ერთი უძველესია საქართველოს მონუმენტური მხატვრობის ნიმუშებს შორის და ის, როგორც გარეჯის ფერწერული სკოლის, ასევე ქართული ფერწერული სკოლის ჩამოყალიბების პირველ ეტაპს მიეკუთვნება. ფრესკები ამჟამად მხოლოდ რამდენიმე კლდეში ნაკვეთ ეკლესიაშია შემორჩენილი. საბერეების მხატვრობაში ორი ძირითადი მიმართულებაა წარმოდგენილი, ერთი, მონუმენტური ხელოვნების პრინციპებზე დაყრდნობით შექმნილი და მეორე, მინიატურების ხასიათის მქონე ფრესკები. მოხატულობა თბილი ტონალობით, საინტერესო მხატვრული გადაწყვეტებით და სხვადასხვა უნიკალური თავისებურებებით ხასიათდება, რომლებსაც ქვემოთ შევეხებით. გარეჯის საბერეების კომპლექსი, მთლიანად დავით გარეჯის მონასტერთან ერთად, ქართული კულტურის ერთ-ერთი ბრწყინვალე და უმნიშვნელოვანესი ნიმუშია.

 

მოხატულობა

მოხატულ ეკლესიათაგან ერთი დარბაზულია, სამი კი გუმბათოვანი. დარბაზული ეკლესიის მხატვრობა IX საუკუნით თარიღდება და თბილი კოლორიტით ხასიათდება. აქ საკურთხეველში ვარსკვლავიანი ცის ფონზე გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე მთავარანგელოზებთან ერთად. საკურთხევლის ქვედა ნაწილში გამოსახულნი ყოფილან მოციქულები და დიაკვნები. ეკლესია სამხრეთით სამლოცველოს უკავშირდებოდა, რომლისგანაც ძალიან მცირე ნაწილია დარჩენილი. განსაკუთრებულად საყურედღებოა სამლოცველოს ნიშის კომპოზიცია, აქ გამოსახულია ჯვარცმის სცენა. ქრისტე გამოსახულია გრძელი პერანგით, რაც ადრეული შუა საუკუნეებისთვისაა დამახასიათებელი. ეს ფრესკა უნიკალურია, აქ გვხვდება ავაზაკთა წარწერები ავაზაკთა სახელებით – დოვიმაქსი და გესტოსი (დღემდე ცნობილ წყაროებში გვხვდება სახელები დისმასი და გესტასი). როგორც ცნობილია, ქრისტესთან ერთად ჯვარცმული ავაზაკების სახელები მხოლოდ ნიკოდიმოსის სახარებაშია დაცული (აპოკრიფული სახარება, რომლის უძველესი ხელნაწერი IV საუკუნით თარიღდება). მომდევნო (VI) ეკლესიის მოხატულობისგან უმცირესი ფრაგმენტებია დარჩენილი, გაირჩევა, რომ საკურთხეველში აქაც ტახტზე მჯდომი ქრისტე ყოფილა გამოსახული ანგელოზებთან ერთად, მაცხოვრის ქვემოთ კი – ღვთისმშობელი მოციქულების თანხლებით. ჩრდილოეთ კედელზე ჯვარცმის სცენა იყო, რომელიც თითქმის აღარ იკითხება. ეკლესიის სამხრეთით მდებარე სამლოცველოს აფსიდში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით მთავარანგელოზებთან ერთად. ეს ფრესკა დამოუკიდებელი სამლოცველოს საკურთხეველში ღვთისმშობლისა და მთავარანგელოზების გამოსახვის პირველ ნიმუშად ითვლება. საყურადღებოა ისიც, რომ აქ მთავარანანგელოზებად არიან არა მიქაელი და გაბრიელი, როგორც ტრადიციულად გვხვდება, არამედ სორიელი და ურიელი (შემორჩენილია წარწერები). ამ მთავარანგელოზთა სახელები მხოლოდ ძველი აღქმის არაკანონიკურ თხზულებებში ჩანს. კვეთის დახვეწილობითა და მოხატულობით ყურადღებას იქცევს VII ეკლესია (თარიღდება X საუკუნით). ძალიან შთამბეჭდავია ნატიფად გამოყვანილი მკვეთრი ფორმები. საკურთხეველში ტახტზე მჯდომი მაცხოვრის ფიგურაა, რომელსაც მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები აღამაღლებენ. ჩრდილოეთ კედელზე ჯვარცმის მრავალფიგურიანი, უნიკალური კომპლოზიციაა, ქრისტე გრძელი პერანგით, ავაზაკები, რომლებსაც რომაელი ჯარისკაცები ფეხებს თოკებით უკრავენ. ქრისტეს მარცხნივ გვირგვინოსანი ქალია, რომელიც ეკლესიას განასახიერებს. აქვეა რომაელი ასისთავი ლონგინოზი შუბით ხელში. ნიშის კამარაზე მოცემულია სიმბოლიზებული მზე, მთვარე, ჰელიოსისა და არტემიოსის, იერუსალიმელ ასულთა და ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის გამოსახულებები. ავაზაკთა სახელები ამ ფრესკაზეც გვხვდება, თუმცა ამჯერად ბერძნულად. ამ ტაძრის მოხატულობას, ქართულთან ერთად, ახლავს ბერძნული და სომხური განმარტებითი წარწერებიც. მეცნიერთა აზრით, აქ ქართველებთან ერთად მოღვაწეობდნენ იმ პერიოდში სომხეთში მომხდარი რელიგიური დაპირისპირების შედეგად დევნილი სომეხი დიოფიზიტი ბერებიც, რომლებიც მცირე აზიის (მხატვრობა ამჟღავნებს კავშირს მცირე აზიის მხატვრულ ტრადიციებთან) ქართული სავანებიდან მოსულ ბერებს უნდა შემოჰყოლოდნენ. VIII ეკლესიის საკურთხევლის კომპოზიციაც ტახტზე მჯდომი მაცხოვარია მთავარანგელოზებთან ერთად, ფერხთით ხარისა და ლომის ფიგურებით (სავარაუდოდ ლუკა და მარკოზ მახარებლებს უნდა განასახიერებდეს). საყურადღებოა ფარშევანგის გამოსახულებები (ქრისტიანულ სიმბოლიკაში აღდგომის, განახლების სიმბოლო), რომელთა გამოსახვა ადრექრისტიანული პერიოდის ქართულ ძეგლებზე იშვიათიარაა. თუმცა, შუა საუკუნეების ქართულ ფერწერაში ის მხოლოდ ორგან, ზემო კრიხსა და საბერეებში გვხვდება.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.