გარეჯის უდაბნოს მონასტერი კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, დავითის ლავრის სამხრეთ-დასავლეთით აღმართული კლდის სამხრეთ ფერდობზე. იგი დავით გარეჯის მონასტრის ერთ-ერთი კომპლექსია. უდაბნოს მონასტრის ტერიტორია ამჟამად სადავოა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. გარეჯის უდაბნოს მონასტერი ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული და მაღალმხატვრული ღირებულების მქონე ძეგლია, რომელიც აუცილებლად საჭიროებს მოვლას და სათანადო ყურადღებას. სამონასტრო კომპლექსი მოიცავს ეკლესიებს, სენაკებს, სატრაპეზოსა და სხვადასხვა დანიშნულების სათავსებს. ანსამბლის მთავარი ნაგებობა ღვთისმშობლის ეკლესიაა, რომელსაც ჩრდილოეთით სადიაკვნე ეკვრის. მონასტრის შემადგენლობაშია აგრეთვე კომპლექსის აღმოსავლეთით მდებარე, ნატეხი ქვით ნაგები აღდგომის ეკლესია (აღდგომისა წამებული) და მცირე ზომის უკარო ეკლესია. აღდგომის ტაძრის ტერიტორიაზე, აღდგომის ღამეს, შაჰ-აბასის თავდასხმისას, მოწამეობრივად აღესრულა 6000 გარეჯელი ბერი. მოწამეთა ძვლები მოგვიანებით მოაგროვეს და კომპლექსის დასავლეთ კიდეში მდებარე “მოწამეთას” ეკლესიაში დაასვენეს. შაჰ აბასის შემოსევის შემდეგ გაუკაცრიელებული უდაბნოს მონასტრის აღორძინებაზე იზრუნეს ჯერ თეიმურაზ I-მა, შემდეგ კი – არჩილ II-მ, არჩილის პერიოდშია აგებული მოწამეთას ეკლესიის გარე, ნატეხი ქვით ნაგები ნაწილი. უდაბნოს მონასტერი განსაკუთრებულ ყურადღებას უნიკალური და მრავალფეროვანი მოხატულობით იქცევს. გამოირჩევა ღვთისმშობლის ეკლესიის, სადიაკვნის, სატრაპეზოს, მოწამეთას ეკლესიის, ამაღლების ეკლესიისა და ხარების ეკლესიის ფრესკები. საინტერესოა ასევე შემორჩენილი წარწერები. ღვთისმშობლის ეკლესიაში აისახა პირველად დავით გარეჯელის ცხოვრების ციკლი. სადიაკვნეს მოხატულობის პირველი ფენა X საუკუნით თარიღდება (გამოთქმული იყო მოსაზრება პირველი ფენის IX საუკუნით დათარიღების შესახებაც), რომლისგანაც ხელუხლებლად მხოლოდ სადიაკვნის კონქში გამოსახული ვედრების კომპოზიცია დაუტოვებიათ, მეორე ფენა კი XIII საუკუნეს მიეკუთვნება. ღვთისმშობლის ეკლესიის მთავარი დარბაზის მოხატულობა XI საუკუნით თარიღდება. გარეჯის მონასტრების მთავარ ტაძართაგან უდაბნოს ღვთისმშობლის ეკლესია ერთადერთია, სადაც დაზიანებული, თუმცა სრული, მრავალნაწილიანი მხატვრობაა შემორჩენილი. საკურთხეველში აღსაყდრებული ღვთისმშობელი და მთავარანგელოზები ყოფილა გამოსახული, დასავლეთ კედელზე – განკითხვის დღე, ჩრდილოეთ კადლის ქვედა რეგისტრში – დამკვეთები, ზედა რეგისტრში კი – დავით გარეჯელის ცხოვრების სცენები, არის ასევე წმინდანთა გამოსახულებები. ფრესკები ნათელი კოლორიტითა და მონუმენტურობით ხასიათდება, ჭარბობს მწვანე, ყვითელი, მოწითალო-მოყავისფრო ტონები. აქვე აღსანიშნავია, რომ თითოეულ სცენას შინაარსობრივად შესაბამისი განწყობის შემქმნელი მხატვრული გადაწყვეტა აქვს. ღვთისმშობლის ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე ფრაგმენტულად შემორჩენილია საქტიტორო წარწერა, რომელიც გურამ აბრამიშვილმა სავარაუდო აღდგენით შემდეგნაირად წაიკითხა: “ქ. ესე აღასრულებს ბერი ლ… წმიდასა საყდარსა ქორონიკონსა სგ (983 წ)”. ქრონოლოგიურად შემდეგ ეტაპს მიეკუთვნება მცირე სამლოცველოს (XI-XII სს), მოწამეთას ეკლესიისა და სატრაპეზოს მოხატულობები. მოწამეთას ეკლესიისა და სატრაპეზოს ფრესკები სხვადასხვა ფენებს მოიცავს და XI-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება. მოწამეთას მცირე ეკლესია იმ ადგილის მომნიშვნელია, სადაც დავითს ბუბაქარი შემოხვდა. ტაძრის ერთ-ერთ კედელზე გამოსახულია ბუბაქარის ხელის გახმობა-განკურნების სასწაული. მოხატულობა ფერადოვანი, მკვეთრი კოლორიტით ხასიათდება. სატრაპეზო თავისი წყობით ძალიან საინტერესო ნაგებობაა. ქვაბული ბურჯებით სამ ნავადაა გაყოფილი, ახლავს დამხმარე სათავსიც. დარბაზში შემორჩენილია ქვის მაგიდა და დასაჯდომები. შესასვლელში წმ. მესვეტეები – სვიმეონ ალებელი და სვიმეონ სასწაულმოქმედი არიან გამოსახული, სამლოცველო ნიშსა და წინამძღვრის დასაჯდომელ ნიშში ვედრების კომპოზიციებია, გასასვლელ თაღში – დავით გარეჯელის ფიგურა, დარბაზის ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულია სტუმრობა აბრაამთან, აღმოსავლეთ კედელზე კი – საიდუმლო სერობა. მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერი მთლიანად არაა მოხატული და კომპოზიციები ერთმანეთისგან დაშორებულია, ისინი შეხამებული ფერადოვანი რიტმით ერთიანდება. XII-XIII საუკუნეებით თარიღდება წინამძღვრის სამლოცველოს, წმ. გიორგის სამლოცველოს და წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მოხატულობები. ხარების ეკლესიის მოხატულობა XIII საუკუნეს მიეკუთვნება და აქ არის შემორჩენილი დემეტრე II-ის ერთადერთი ფრესკა. ტაძრის მხატვრობა მეფის სულიერი მოძღვრის – ანჩელი ეპისკოპოსის დაკვეთითაა შესრულებული, მას შემდეგ, რაც დემეტრე II 1289 წელს მონღოლთა ყაენმა სიკვდილით დასაჯა გარეჯის მახლობლად. ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე დემეტრე მეფისა და ანჩელი ეპისკოპოსის მონუმენტური ფიგურებია გამოსახული. საკურთხევლის კონქში გამოსახული ყოფილა ღვთისმშობელი ყრმით, კედლებზე გვხვდება ხარების, შობის, მირქმის, ნათლისღების, აღდგომის, განკითხვის დღის კომპოზიციები, წმ. მხედრების გამოსახულებები და სხვა. მოხატულობა მდიდარი, დახვეწილი კოლორიტით ხასიათდება, რაც განპირობებულია ღრმა ლურჯისა და ყვითელი ოქრას შეხამებით და მკვეთრი, ფერადოვანი აქცენტებით. ფრესკების შესრულების მანერა, დეკორატიულობა საერთოს პოულობს ხელნაწერთა მინიატურებთან. XIII საუკუნით თარიღდება ამაღლების ეკლესიის მოხატულობაც, რომელიც ასევე გამორჩეულია უდაბნოს ფრესკულ ნიმუშებს შორის და ფერადი გამითა და დინამიურობით ხასიათდება.