დავითის ლავრა

დავითის ლავრა

დავითის ლავრა კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი დავით გარეჯის მონასტრის პირველი კომპლექსია. დავით გარეჯის მრავალრიცხოვან მონასტრებს შორის დღესდღეობით მხოლოდ სამია მოქმედი – დავითის ლავრა, დოდოს რქა და ნათლისმცემელი. VI საუკუნეში გარეჯის უდაბნოში, თავის მოწაფესთან – ლუკიანესთან ერთად, მოვიდა ერთ-ერთი ასურელ მამათაგანი დავით გარეჯელი. დავითი და ლუკიანე პატარა ბუნებრივ მღვიმეში დაემკვიდრნენ. მალევე მათთან მრავალი ბერი შემოიკრიბა და უკვე ახალი, ხელოვნურად შექმნილი, ქვაბ-სადგომების კვეთა დაიწყო. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდეგ დავითის ლავრის სახელწოდებით გახდა ცნობილი. VI საუკუნეშივე, რუსთავის ერისთავის, ბუბაქარის, დახმარებით, კლდეში გამოკვეთეს ფერისცვალების ეკლესია, რომელიც დავითისა და ლუკიანეს განსასვენებელია. ამჟამად დავითის ლავრაშია დოდო გარეჯელის საფლავიც, რომელიც 1881 წელს, დოდოს რქის სავალალაო მდგომარეობის გამო, გადმოასვენეს. დროთა განმავლობაში მონასტერი გაიზარდა და განშტოებები წარმოქმნა. დავითის ცხოვრებაშივე შეიქმნა ორი განშტოება – დოდო გარეჯელის დაარსებული დოდოს რქა და ლუკიანეს დაარსებული ნათლისმცემელი. მონასტერმა, დაარსებიდან მოყოლებული, განვითარების გარკვეული ეტაპები გაიარა, ჩამოყალიბდა სამონასტრო ცხოვრების საკუთარი წესი, გამოქვაბულთა სახასიათო გადაწყვეტა და ა.შ. კომპლექსის უძველესი სადგომები მცირე ზომისა და არაწესიაერი ფორმისაა, ასევე ისინი მოკლებულია ყოველგვარ გაფორმებას, მოხერხებულობასაც და მკაცრად ასკეტურია. უფრო გვიანდელი სადგომების გეგმა წრესთან მიახლოებულია და კამაროვან ფორმასთან მიახლოებული გადახურვა აქვთ. სამონასტრო კომპლექსის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი IX საუკუნის გამოჩენილ ქართველ სასულიერო მოღვაწეს – ილარიონ ქართველს უკავშირდება, რომელიც 837–848 წლებში დავითის ლავრაში მოღვაწეობდა. ილარიონ ქართველმა გააფართოვა მონასტრის მთავარი ეკლესია – ფერისცვალების ეკლესია და ეკვდერიანი ეკლესიის რთული ფორმა შექმნა, რომელიც შემდეგ კანონიკური გახდა გარეჯის მონასტერთათვის. იგი ასევე დავითის ლავრის კომპლექსის ფარგლებში იგი ქმნის საფილიალო განყოფილებას (გამოქვაბულთა კომპლექსს), რომელიც ილარიონ ქართველის ფილიალის სახელითაა ცნობილი. ილარიონის ფილიალი მოიცავს ეკლესიას, სატრაპეზოსა და სხვა სადგომებს. აქ ქვაბულთა დამუშავება მკვეთრად გამორჩეულია წინა პერიოდის ნიმუშთაგან: ეკლესიაში დაცულია გეომეტრიული ფორმები და სიმეტრია, კამარა ცილინდრულია, გრძივ კედლებში დეკორატიული თაღედებია, სატრაპეზოში გამოყენებულია ორმალიანი ღრმა თაღედი, ნიშები და სხვა. XI საუკუნეში სელჯუკთა შემოსევის გამო მონასტრის განვითარება შეფერხდა, თუმცა XI საუკუნის დასასრულიდან (სელჯუკთა განდევნის შემდეგ) კომპლექსი კვლავ აღმავლობას განიცდის და ფართოვდება, XII-XIII საუკუნეებში კი განვითარება მწვერვალს აღწევს. აღმშენებლობა გრძელდება გვიან შუა საუკუნეებშიც, ამ პერიოდში კომპლექსს შეემატა კლდეში ნაკვეთი სადგომები, თავდაცვითი ნაგებობები, ეკლესიები და საცხოვრებელი ნაგებობები, რომელთა შორის გამორჩეულია კახთა მეფე ალექსანდრე II-ის კოშკები და მონასტრის კარიბჭე. ერთ-ერთი კოშკის მეორე სართულზე მოხატულობის ნაშთია შემორჩენილი. კარიბჭე შემკულია რელიეფებით, რომლებიც დავით გარეჯელტან და გარეჯის მონასტერთან დაკავშირებულ სასწაულებს ასახავს, აქ გამოსახულია ჯვრები, არწივი თევზით, ორი ყორანი ვაშლებით, ირმები ნიკრებით და ჯაჭვით დაბმული ორი ლომი. კარიბჭის შესასვლელის შეისრული ფორმის ტიმპანში წარწერაა: “განმიხვენით მე ბჭენი სიმართლისა შევიდე მას შინა და აუარო უფალსა. ესე არს ბჭე უფლისა და მართალნი შევლენ მას შინა. ქორონიკონს ტპგ”. XVII საუკუნის მიწურულიდან მონასტრის აღმშენებლობასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარმა – ონოფრე მაჭუტაძემ. დავითის ლავრა XVIII საუკუნის მიწურულამდე მოქმედი მონასტერი იყო. იგი საუკუნეთა განმავლობაში წარმოადგენდა მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კერას. XIX საუკუნეში აქ ცხოვრება შეწყდა, თუმცა დღეს კვლავ მოქმედია. დავითის ლავრა მოიცავს სხვადასხვა პერიოდის მრავალ მღვიმესა და ნაგებობას: მთავარ ფერისცვალების ეკლესიას, კლდეში ნაკვეთ ეკლესიებს, სენაკებს, სხვადასხვა დანიშნულების სადგომებს (სატრაპეზო, საჯინიბო და ა.შ.), წყალშემკრებ სისტემასა და წყალსატევს, ქვით ნაგებ ეკლესიას, სათავდაცვო და საცხოვრებელ ნაგებობებს.

 

დავითის ლავრის ფერისცვალების ეკლესია

დავითის ლავრის ფერისცავლების ეკლესია კლდეში ნაკვეთ ცალნავიან ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც ჩრდილოეთიდან სწორკუთხა მოხაზულობის მოკლე სადგომი ეკვრის. დარბაზი აღმოსავლეთით აფსიდით სრულდება. სადგომი გასასვლელებით უკავშირდება აფსიდსაც და დარბაზსაც.  ეკლესიას ერთი შესასვლელი აქვს – სამხრეთიდან. ტაძარი ორი სარკმლით ნათდება, ერთი სარკმელი აფსიდის სამხრეთ ნაწილშია, მეორე კი – სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში. დარბაზის კამარა ნახევარწრიულია, საკმაოდ სწორი მოხაზულობა აქვს, რაც გვიანი შეკეთებებისა და შელესვების შედეგია. კამარის დასავლეთ ბოლოში და შუაში ცრუ საბჯენი თაღებია გამოყვანილი. დასავლეთის თაღი კონსოლებს ეყრდნობა, მეორე თაღი კი – პილასტრებს. ეკლესიის კედლებსა და აფსიდს მცირე სიმაღლის ხარისხი შემოუყვება. საკურთხევლის შუაში ტრაპეზია, მის უკან, კედელში – ნიშა. ცნობილია, რომ თავდაპირველი ეკლესია ილარიონ ქართველმა გააფართოვა და შექმნა ეგვტერიანი ეკლესიის თავისებური ფორმა, რომელიც შემდეგ, გარეჯის მრავალმთის სამონასტრო კომპლექსთა ეკლესიების კანონიკურ ფორმად იქცა. ტაძარი მოგვიანებითაც რამდენჯერმე გადაკეთდა, დაემატა აგურის ნაწილები, ჩრდილო-აღმოსავლეთ ოთახი და ა.შ. დავითის ლავრის ფერისცვალების ეკლესიაა დავით გარეჯელისა და ლუკიანეს განსასვენებელი.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *