გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერი ქვემო ქართლის მხარეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, საგარეჯოს საზღვართან. იგი დავით გარეჯის კომპლექსის ერთ-ერთი მონასტერია, რომელიც VI-VII საუკუნეებში დავით გარეჯელის მოწაფემ – ლუკიანემ დააარსა: „ბრძანებითავე მამისა დავითისითა აღეშენა უდაბნოჲ მრავალმთისაჲ სახელსა ზედა წმიდისა იოანე ნათლის-მცემლისასა” (დავით გარეჯელის ცხოვრება). 1698 წლის 18 მარტს, ნათლისმცემლის მონასტერში აღკვეცილა ბერად სულხან-საბა ორბელიანი: “ამის შემდგომად მონაზონ იქმნა და გარესჯის მრავალ მთის წმიდის ნათლის მცემლის მონასტერს დაადგრა, ქორანიკონს ჩქჟჱ, მარტს იჱ მონაზონ იქმნა”. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მონასტრის მთავარ ეკლესიაში შემორჩენილი ქართველ სამეფო პირთა ფრესკები, აქ გამოსახულნი არიან: ბაგრატ III, დავით აღმაშენებელი (ფრესკა ამჟამად სრულიად განადგურებულია), დემეტრე I, გიორგი III, თამარ მეფე, ლაშა-გიორგი, დავით სოსლანი. ბაგრატ III-ის ფრესკას შემორჩენილი აქვს წარწერა: “პირველი მაშენებელი ამის უდაბნოისაი”. დავით აღმაშენებლის ფრესკას შემორჩენილი ჰქონდა წარწერა (განადგურებულია): “მამაი დემეტრე მეფისაი”. დემეტრე I-ის ფრესკას შემორჩენილი აქვს წარწერის ფრაგმენტი: “მეფეთამეფე”. გიორგი III-ის ფრესკას ახლავს ფრაგმენტულად გადარჩენილი წარწერა: “მეფეთამეფე გიორგი ძე დემეტრესი”. თამარ მეფის, ლაშა-გიორგისა და დავით სოსლანის ფრესკებს ახლდა წარწერები (განადგურებულია): “მეფეთა მეფე თამარ ასული დიდისა მეფეთა მეფისა გიორგისა”, “ძე მათი ლაშა”, “მეფეთა მეფე დავით”. საყურადღებოა ასევე კომპლექსის ერთ-ერთ ეკლესიაში შემორჩენილი ოსტატის ფრესკული გამოსახულება, რომელსაც ხელში წერაქვი უჭირავს, საქართველოში ხშირად გვხვდება ოსტატთა მომცრო ზომის რელიეფები, თუმცა ფრესკებზე მათი გამოსახვა გავრცელებული არ არის.
მონასტერი გამოკვეთილია ზღვიური წარმოშობის ქვიშაქვებისაგან შედგენილი კლდის მასივში. კომპლექსი მოიცავს ეკლესიებს, საცხოვრის სამეურნეო ქვაბულებს და ქვითკირით ნაგებ სამეურნეო და საფორთიფიკაციო დანიშნულების სისტემას. კლდის თავზე, მონასტრის მაღლა კოშკი დგას, სამხრეთ-დასავლეთით კომპლექსს კონტრფორსებით გამაგრებული კოშკებიანი გალავანი გასდევს, რომელიც დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. ქვაბულები სხვადასხვა პერიოდშია გამოკვეთილი. ძეგლზე გამოიყოფა გვიან ფეოდალური და უახლესი პერიოდის (XIX ს) ფენები, ამ დროს გამოქვაბულების გადაკეთება ხდება და შემოდის აღმოსავლური მოტივები. მონასტერში ეფექტურადაა გადაჭრილი წყლის მომარაგების საკითხი, კლდის მასივში გამოკვეთილია წყალსაცავებისა და წყალმიმღები ღარების სისტემები. გარეჯის ნათლისმცემლის კომპლექსის რამდენიმე ეკლესიაში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს კომპლექსის ცენტრში მდებარე, ვრცელი და მაღალი, მთავარი ეკლესია, რომელსაც ჩრდილოეთით მცირე სათავსი ეკვრის. ინტერიერში შემორჩენილია XII ს-ის I ნახევრის ფრესკები. მოხატულობაში დომინირებს ლურჯის ნათელი ტონალობები. ფრესკები ძალიან დაზიანებულია, გაირჩევა სცენათა ფრაგმენტები და წმინდანთა და საერო პირთა გამოსახულებები, ასევე ფრაგმენტულად. აღსანიშნავია კიდევ ერთი ეკლესიის მოხატულობა (დარბაზი 13), სადაც ფრაგმენტულად შემორჩენილია ღვთისმშობელი ანგელოზებთან ერთად და ჭერზე გამოსახული ჯვრის დიდება (XIII ს). გარეჯის ფერწერული სკოლა ძალიან მრავალფეროვანია, მათ შორის ნათლისმცემლის მონასტრის მოხატულობაც ერთ-ერთი გამორჩეული და ძალიან შთამბეჭდავია. გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერში აღმოჩენილია სტელა (ამჟამად ინახება ეროვნულ მუზეუმში), წმ. ევსტათისა და ირმის რელიეფითა და ასომთავრული წარწერით. ნათლისმცემლის მონასტრის სტელა საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულად დახვეწილ და მაღალმხატვრულ ქვასვეტად მიიჩნევა. 1980-იან წლებში ნათლისმცემელში ჩატარდა არქეოლოგიური სამუშაოები, რომლის დროსაც გამოვლინდა სხვადასხვა პერიოდის მასალა, მოჭიქული, თიხის, ფაიანსისა და მინის ჭურჭელი, თამარ მეფის მონეტა, ქართული და იმპორტული კერამიკა, ლითონის ნივთები, სამკაული და სხვა.